7 ივლისს დასავლეთ საქართველოში მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა 42 გრადუსს მიაღწიოს - სააგენტო

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივლისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. მათივე განცხადებით, 7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40-42, მთიან რაიონებში 35-37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33-35 გრადუსს მიაღწიოს.

„აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34-39, მთიან რაიონებში კი 29-34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 8 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება. დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტო.