7 მაისს გუმათში კარვებით პროტესტის შემაჯამებელი აქცია გაიმართება - „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“

პუბლიკა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აცხადებს, რომ 7 მაისს, 14:00 საათზე, გუმათში გაიმართება კარვებით პროტესტის შემაჯამებელი აქცია. მოძრაობის განცხადებით, კომპანია „ენკა“ ნამოხვანის ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ტოვებს რიონის ხეობას – „ჩვენი პროტესტის კარვების ეტაპიც დასასრულს უახლოვდება“. განცხადებაში მოძრაობა საზოგადოებას მადლობას უხდის.

„ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლება, ასევე მთელი პოლიტიკური სპექტრი არ ცვლის მიწის, წყლის და სხვა რესურსების არაეროვნული და არასახელმწიფოებრივი განკარგვის პოლიტიკას, ცდილობს, დოკუმენტალურად, უკვე პარლამენტის გავლით შეინარჩუნოს ისეთი გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი პროექტები, როგორიც ნამოხვანია და ასე აცოცხლოს დღეს არსებული ძარცვის პოლიტიკა.

ჩვენ არჩევანი არ გვაქვს – თუ მოვდუნდებით, ყველაფერი, რაც მიღწეულია, გაბათილდება. ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა ყველა ის სისტემური პრობლემა, რაც ნამოხვანის პროტესტმა ცხადყო, საფუძველშივე აღმოიფხვრას.

7 მაისს, 14:00 საათზე, გუმათში გაიმართება კარვებით პროტესტის შემაჯამებელი აქცია, გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი ემოციები და თქვენთან ერთად დავსახოთ მომავალი მოქმედების გეგმა. არ არსებობს სხვა ძალა, გარდა ხალხისა! მოუთმენლად გელით, გვქონდეს ერთმანეთის იმედი!“, – წერია განცხადებაში.


25 მარტს მოძრაობის ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ კარვების აღეების შემდეგ სურს პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანი მიიწვიოს გამარჯვების აღსანიშნავად და იმისთვის, რომ სამომავლო ბრძოლის გეგმა დასახონ.

„ვინაიდან ამით არ ამოიწურება ეს საკითხები. უმნიშვნელოვანესი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ გვაქვს“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, კვლავ არის უამრავი შეკითხვა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. მათ შორისაა მიწის დაბრუნების საკითხი. ასევე, მოითხოვს დებატებს ეკონომიკის მინისტრთან.