7 მაისს კრემლში პუტინის ინაუგურაცია გაიმართება

პუბლიკა

დღეს, 7 მაისს, მოსკოვის კრემლში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება. Reuters წერს, რომ ცერემონია ემსახურება „კანონიერების ილუზიის შექმნას იმ პიროვნებისთვის, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე სურს ძალაუფლების შენარჩუნება, რომელმაც რუსეთის ფედერაცია აგრესორად აქცია, ხოლო მმართველი რეჟიმი – დიქტატურად“.

Reuters-ის ინფორმაციით, კრემლის თქმით, მოსკოვში პუტინის ინაუგურაციაზე დასასწრებად ყველა უცხოელი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი მიიწვიეს.

Reuters-ის ცნობით, შეერთებული შტატები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა პუტინის ინაუგურაციას ბოიკოტს გამოუცხადებენ და მოსკოვში წარმომადგენლებს არ გააგზავნიან.

წარმომადგენლების გაგზავნაზე ასევე უარი განაცხადეს ბრიტანეთმა და კანადამ.

Reuters-ის ცნობით, ინაუგურაციას საფრანგეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლები დაესწრებიან.

რუსეთში 15-17 მარტს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით პუტინმა ხმების 87,28% მიიღო.