რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე სპეცრაზმმა აქციის – „არა რუსულ კანონს” მონაწილეები ძალადობრივად დაშალა.
ისინი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებდნენ წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზს. გამოყვანილი იყო ე.წ. რობოკოპები.
ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებმა ამოაყირავეს და დაწვეს პოლიციის მანქანა. ნაგვის ყუთებისგან და სხვა ინფრასტრუქტურული ნივთებისგან გზის სავალ ნაწილზე ბარიკადიც აღმართეს.
აქციის ამ საშუალებებით დაშლის პარალელურად პოლიციამ მონაწილეთა დაკავება დაიწყო [05:30]. ამ პროცესში პოლიცია ფიზიკურად დაუპირისპირდა „პუბლიკის” ორ ჟურნალისტს.
აქციის მონაწილეთა ნაწილი მელიქიშვილის ქუჩაზე გადავიდა, სადაც მათ ნაგვის ურნაც დაწვეს. ვითარების ოდნავ დასტაბილურების შემდეგ ახალგაზრდების ნაწილი უკან, რუსთაველისკენ გამოემართა შეძახილებით: „გაიღვიძე საქართველო”, „გამოდით”, „არა რუსულ კანონს”.
საბოლოოდ, მათ პოლიციელთა დანაყოფი დაედევნა, ნაწილი მათგანი დაიჭირეს. აქცია ამის შემდგომ დაიშალა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით სახელმწიფო საპოლიციო ძალას უკანონოდ და არაპროპორციულად იყენებდა.
მათი თქმით, დაახლოებით 01:45 საათიდან მნიშვნელოვნად ინტენსიური გახდა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება.
„როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, საშუალებების გამოყენება ხდება წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ამასთან, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენება ერთმანეთის პარალელურად, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს”, – აცხადებდა საია.
„არა რუსულ კანონს” – უკვე მესამე დღეა თბილისში, რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია იმართება. სპეცრაზმი აქციებს ძალის გამოყენებით შლის, აკავებენ ათობით ადამიანს, იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლს.