8 აგვისტოს დაიწყო ომი, 7 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი - კობახიძე

პუბლიკა

„რუსეთ საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2008 წლის ომზე საუბრისას. ირაკლი კობახიძემ გაიმეორა რუსული მხარის პოზიცია, რომ 8 აგვისტოს წინ უძღოდა „სააკაშვილის მიერ ცხინვალის დაბომბვა“.

„8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა მაშინდელმა რუსეთის პრეზიდენტმა, შემოვიდა ჯარი და 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო ომი. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის წამოწყებული ომის დროს დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მისაგებად იყო მისული.

კობახიძის მტკიცების საპირისპიროდ, ქართულმა მხარემ საერთაშორისო საზოგადოებას 2008 წელსვე წარუდგინა მტკიცებულებები, მაგალითად ოსი ე.წ. მესაზღვრის, გასიევის სატელეფონო ზარის ჩანაწერი, რომელშიც ის 7 აგვისტოს დილით ზემდგომებს ატყობინებს, რომ რუსულმა სამხედრო კოლონამ როკის გვირაბი გადმოკვეთა.

ცხინვალის რეგიონში 7 აგვისტოს რუსი სამხედროების ყოფნაზე მიუთითებს თავად სამხედროების და მათი ოჯახის წევრების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული კომენტარები.

ქართული მხარის პოზიციაა, რომ 2008 წლის 7 აგვისტომდე დღეებით ადრე, ქართული სოფლებისა და სამშვიდობოების პოზიციების მიმართულებით მასირებულად ხსნიდნენ ცეცხლს, ამას მოჰყვა 7 აგვისტოს ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოს საზღვართან ახლოს დაბანაკებული რუსული ჯარის შემოსვლა, რის შემდეგაც ქართულმა მხარემ 7 აგვისტოს ღამით საპასუხო ცეცხლი გახსნა და დაბომბა ცხინვალის გარშემო არსებული სამხედრო პოზიციები.

რუსული მხარის მტკიცებით კი, პირველმა ქართულმა მხარემ გახსნა ცეცხლი, 7 აგვისტოს ღამით ცხინვალი დაბომბა (რასაც იმეორებს კობახიძე) და საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს „მშვიდობისკენ იძულება“ გადაწყვიტა.

ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის სასაფლაოზე რუსეთი გააკრიტიკა ოკუპაციის გამო, მაგრამ ჟურნალისტებთან საუბრისას ომის დაწყებაში მკაფიოდ დაადანაშაულა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება.

„ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს… სწორედ ამაშია საქმე, რომ მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას. ჩვენი გმირები შეეწირნენ სწორედ იმას, რომ ჩვენი ე.წ. მთავარსარდალი იყო მოღალატე, უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებდა უცხო ძალების დაკვეთით.

რაც შეეხება რუსეთს, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რა თქმა უნდა, სააკაშვილის, მისი რეჟიმის და ნაცმოძრაობის ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს. ეს იყო, რა თქმა უნდა, დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს წინაშე, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ჯარისკაცების წინაშე. ოკუპაცია არის, რა თქმა უნდა, დანაშაული. სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს ოკუპაციას. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა რუსეთის ფედერაციამ და რაც არის, ყველამ კარგად ვიცით, შემდგარი ფაქტი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთ მხარეს იყო სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი, მეორე მხარეს იყო – ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ჩვენ მთავარია, რომ ორივე ფაქტს მივცეთ სათანადო შეფასება.

სააკაშვილის რეჟიმის მიერ ომის დაწყებას მოჰყვა კონკრეტული გაგრძელება – გაგრძელება იყო ოკუპაცია და გაგრძელება იყო ე.წ. აღიარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.