8 ახალი ინფიცირებულიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 – ბოლნისიდან – ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, 8 ახალი ინფიცირებულიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო ორი – ბოლნისიდან.

თბილისის ინფექციურში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი შევიდა. ჯამში საავადმყოფოში წევს 40 ინფიცირებული და ერთი სავარაუდოდ ინფიცირებული, რომელსაც პისიარტესტი დღის განმავლობაში ჩაუტარდება.

8 ახალი პაციენტიდან, ეზუგბაიას განცხადებით, ხანდაზმული არც ერთი არაა, ერთი 16 წლის მოზარდია. მათი მდგომარეობა, ექიმის ცნობით, პირველადი კვლევებით, საშუალო სიმძიმედ ფასდება.

„მძიმე პაციენტებთან დაკავშირებით გვაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, 3 მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. დანარჩენი საშუალო და მსუბუქი მდგომარეობის არიან”, – განაცხადა ეზუგაიამ.