გამოცემა Vox გვთავაზობს 8 მთავარ კითხვას კორონავირუსის შესახებ და მათზე პასუხს:
1)რა არის ახალი კორონავირუსი და რა სიმპტომები ახასიათებს მას?
კორონავირუსი, ვირუსების დიდი ოჯახია, რომელიც ძირითადად სასუნთქ სისტემას აზიანებს. სიტყვა ლათინურიდან მოდის – corona (გვირგვინი) და ვირუსის აგებულებას გამოხატავს. მათი უმეტესობა ცხოველებში გვხვდება – კატებში, ღამურებსა და ჩიტებში. ვირუსის მხოლოდ შვიდი სახეობით ინფიცირდება ადამიანი, მათ შორისაა: 2019-nCov, SARS, MERS.
მიჩნეულია, რომ ჩინეთში SARS სახეობა ღამურებიდან კატებზე გავრცელდა, კატებიდან კი – ადამიანებზე. MERS სახეობა ღამურებიდან აქლემებზე გადადის, აქლემებიდან კი – ადამიანებზე. დღემდე არავინ იცის, 2019-nCov საიდან გაჩნდა. ამ დროისათვის ნავარაუდევია, რომ ჩინეთის 11-მილიონიან ქალაქში, ვუჰანში, ვირუსის ეს სახეობა ცხოველებიდან გავრცელდა ადამიანებზე, თუმცა მეცნიერები ამ წუთამდე ცდილობენ მისი რეალური წარმომავლობის გამოკვლევას.
რაც შეეხება სიმპტომებს: ადამიანებისთვის დამახასიათებელი ვირუსის 7 სახეობიდან 2 – SARS და MERS იწვევს მწვავე პნევმონიას და 10%-ზე მეტ (SARS) და 30%-ზე მეტ (MERS) შემთხვევაში – სიკვდილსაც კი, თუმცა დანარჩენები უფრო სუსტი სიმპტომებით ხასიათდებიან. ამ დროისათვის ცნობილია, რომ 2019-nCov სახეობაც მომაკვდინებელია, თუმცა უცნობია, სხვა სახეობებთან შედარებით, რამხელაა სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, პაციენტთა უმეტესობას თავდაპირველად სიცხე, ხველება და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნება. ადრეული ცნობა, რომელიც The Lancet-ში გამოქვეყნდა, ვუჰანში 2019-nCov ვირუსით ინფიცირებულ პირველ 41 პაციენტზე დაკვირვებით, სიმპტომების უფრო დეტალურ აღწერას გვთავაზობს. ყველაზე საერთო სიმპტომები მოიცავდა სიცხეს, ხველებას, კუნთების ტკივილსა და გადაღლილობას. უფრო მცირე ნაწილს აღენიშნებოდა თავის ტკივილი, დიარეა და ლორწოსა და სისხლის ნახველი. ყველა მათგანს აღენიშნებოდა პნევმონია და ფილტვის პათოლოგიები. რაც შეეხება დაავადების სიმძიმეს – 13 პაციენტი გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. აქედან 6 გარდაიცვალა. 22 იანვრისთვის პაციენტთა უმეტესობა (68%) გაწერეს საავადმყოფოდან.
გერმანიაში აღმოჩნდა ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად სუსტი სიმპტომების მქონე პაციენტებშიც. ასევე, არსებობს ცნობები ასიმპტომატური შემთხვევების შესახებ. ვირუსის შესახებ უფრო მეტის გაგების პარალელურად შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ვირუსი სიმპტომატურად გრიპისგან მნიშვნელოვნად არც განსხვავდება. როგორც წესი, ინფექციური დაავადების თავიდან აღმოჩენის დროს პაციენტების უმრავლესობას რთული სიმპტომები ახასიათებს, ვინაიდან მხოლოდ მწვავე შემთხვევებში მიმართავენ საავადმყოფოებს. ჯერჯერობით, შეგვიძლია, დადასტურებით ვთქვათ, რომ 2019-nCov სახეობა SERS-ისა და MERS-ისგან განსხვავებით, ნაკლებად მომაკვდინებელია.
2)როგორ ვრცელდება კორონავირუსი?
ჯერჯერობით, ზუსტად არ ვიცით, როგორ ვრცელდება 2019-nCov სახეობა, თუმცა გვაქვს მრავალი მონაცემი, თუ როგორ ვრცელდება MERS, SARS და სხვა რესპირატორული ვირუსები. ვირუსი, ძირითადად, ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, ცემინებისა და ხველების შედეგად.
როდესაც ინფიცირებული ადამიანის ხველებისა და ცემინების შედეგად წარმოქმნილი შხეფები ხვდება სხვა ადამიანის ცხვირში, თვალში ან პირში, ხდება ადამიანის ინფიცირება. იშვიათ შემთხვევებში ვირუსის გავრცელება აშეიძლება რაპირდაპირი გზითაც – ზედაპირზე შხეფებთან ხელით შეხების შემდეგ ხელის თვალში, ცხვირში ან პირში ლორწოვან გარსზე შეხებით. ამიტომ არის ხელის ხშირი დაბანა მნიშვნელოვანი და ეფექტიანი, განსაკუთრებით ეპიდემიის დროს.
3)მიზანშეწონილია თუ არა ეპიდემიის დროს მოგზაურობა?
ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდეს ჩინეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ. ვირუსის გავრცელების საფრთხე ერთადერთი მიზეზი არ არის საამისოდ. ვირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით მრავალი ავიარეისი უქმდება, მათ შორის, მოთხოვნის არარსებობის გამო. თავისთავად, არსებობს საფრთხე, რომ მოგზაური ჩინეთიდან დიდხანს ვერ დაბრუნდეს, დაბრუნების შემთხვევაში კი სპეციალური სკრინინგის გავლა მოუწევს.
თუმცა ინფიცირების შემთხვევების 99 პროცენტი ჩინეთში დაფიქსირდა. ექსპერტების განცხადებით, ჩინეთს გარეთ ინფიცირების რისკი მინიმალურია. მათი თქმით, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც არასოდეს ყოფილა ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში და ამავდროულად ვირუსით ინფიცირებულია, უკიდურესად მცირეა. „ასე რომ, თუ ადამიანები მოგზაურობენ ჩინეთს გარეთ, ინფიცირების რისკი თითქმის ნულის ტოლია“ – აცხადებს ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი ისააკ ბოგოჩი.
თუმცა რა მოხდება, თუკი დაავადებული ადამიანის გვერდით გვიწევს თვითმფრინავით მგზავრობა? ბოგოჩი აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არც ამ შემთხვევაში გვაქვს. „რესპირატორული ინფექციის აკიდების რისკი თვითმფრინავით მგზავრობისას წარმოუდგენლად მცირეა“ – ამბობს ის.
4)რა უნდა გავაკეთო თავდაცვის მიზნით?
Vox-ის მიერ გამოკითხულ ჯანმრთელობის ექსპერტთა შეფასებით, იმ ქვეყნებში, სადაც ინფიცირების რამდენიმე ან არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მოსახლეობისთვის არსებული რისკი უკიდურესად დაბალია. მათი აზრით, არ არსებობს ნიღბის ტარების აუცილებლობა.
ნიღბის ტარება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუკი პირი თავად არის ინფიცირებული ან მუშაობს კლინიკაში, სადაც უშუალო შეხება აქვს ინფიცირებულ პაციენტებთან.
მთავარი, რისი გაკეთებაც მოსახლეობას შეუძლია, არის ხელების ხშირი დაბანა, ხველების დროს პირზე ხელის აფარება და იმ ინფორმაციისთვის თვალყურის დევნება, რომელსაც ჯანმრთელობის ექსპერტები ასაჯაროებენ.
5)რა ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც ინფიცირებულ ადამიანებს სიმპტომები არ აღენიშნებათ? რამდენად დიდია ამ შემთხვევაში ვირუსის გავრცელების რისკი?
სიმპტომების გარეშე ვირუსით ინფიცირებულთა 4 შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაში. 27 იავნარს ბავარიაში გერმანელ ბიზნესმენს შანხაიდან ჩამოსულ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ აღმოაჩნდა ვირუსი, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის მატარებელ კოლეგას სიმპტომები გერმანიიდან გამგზავრების შემდეგ გამოუვლინდა. 28 იანვარს გერმანელი ბიზნესმენის სამ თანამშრომელსაც აღმოაჩნდა ვირუსი. სავარაუდოდ, შანხაიდან ჩამოსული კოლეგისგან გადმოდებული ვირუსი გერმანელმა ბიზნესმენმა სამ სხვა თანამშრომელსაც გადასდო. ასიმპტომატური ინფიცირების შემთხვევების გამო, ექსპერტებს, სავარაუდოდ, ვირუსის გავრცელების დინამიკის გადაფასება მოუწევთ.
თუმცა ინფიცირების ეს შემთხვევები საკმაოდ სუსტ ფორმებში გამოვლინდა. თანაც ბოლომდე მაინც გაურკვეველი რჩება შანხაიდან ჩასულ კოლეგას ჰქონდა თუ არა სიმპტომები გერმანიიდან გამგზავრებამდე. „მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ვირუსის ასიმპტომატური გავრცელების შემთხვევების არსებობა, ისინი უკიდურესი იშვიათობაა და ეპიდემიას ვერ გამოიწვევს“ – აცხადებს ისააკ ბოგოჩი.
6)ნიშნავს თუ არა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადება, რომ კორონავირუსი მსოფლიო ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციაა იმას, რომ ვირუსი მომაკვდინებელ პანდემიად შეიძლება გადაიქცეს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ მომაკვდინებელ პანდემიასთან გვაქვს საქმე. ეს განცხადება გამიზნულია იმისათვის, რომ მსოფლიო საზოგადოება მზად იყოს ვირუსთან გასამკლავებლად, რესურსების მოსამარაგებლად, რათა ქვეყნებს ჰქონდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია ვირუსის შესახებ და მზად იყვნენ ვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს აბჰანომ გებრეიესუსმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ ორგანიზაციის განცხადება წინასწარი ზომების მისაღებად იყო გამიზნული. ორგანიზაცია ღელავს იმ ზიანის გამო, რომელიც ვირუსმა სუსტი ჯანდაცვის სისტემების მქონე ქვეყნებს შეიძლება მოუტანოს და, შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისაკენ მოუწოდა. ორგანიზაცია მკაფიოდ აღნიშნავს, რომ ვირუსის უმეტესი შემთხვევები ჩინეთშია ლოკალიზებული და რომ ჩინეთი აკეთებს ყველაფერს ეპიდემიის გასაკონტროლებლად.
თუმცა, თუკი ვირუსის გავრცელება გაგრძელდება, ის შეიძლება, პანდემიად გადაიქცეს: დაავადებად, რომელიც გლობალურად ვრცელდება და ეპიდემიას მრავალ ქვეყანაში იწვევს. პანდემიის თავიდან ასაცილებლად გლობალური ჯანდაცვის ორგანიზაციები დღემდე აქტიურად განაგრძობენ მუშაობას.
დღეის მდგომარეობით, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვითარებას ვირუსის აფეთქებად აფასებენ. მალე ექსპერტებმა შეიძლება, მიიჩნიონ, რომ ინფიცირების საკმარისი შემთხვევა არსებობს საიმისოდ, რომ ეპიდემია დაერქვას.
დღესდღეობით არ ვიცით, სიკვდილიანობის რა მაჩვენებელი ახასიათებს დაავადებას. აქამდე აღმოჩენილი შემთხვევების მიხედვით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2%-ს არ აღემატება. დროთა განმავლობაში, რაც უფრო მეტი ასიმპტომატური ან სუსტი ფორმის შემთხვევა გამოვლინდება, ვირუსიც უფრო ნაკლებ მწვავედ შეფასდება.
7) არის თუ არა ჩემი ქალაქი ვირუსის აფეთქების საფრთხის ქვეშ?
ერთ-ერთი საუკეთესო გამოკვლევა ამ საკითხის შესახებ ისააკ ბოგოჩსა და მის კოლეგებს ეკუთვნით. მათ გამოიკვლიეს, თუ რომელი ქალაქები არიან ყველაზე მეტად რისკის ქვეშ, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით.
გამოკვლევის მიხედვით, რისკის ქვეშ ყველაზე მეტად აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები არიან. ოქსფორდისა და ტორონტოს უნივერსიტეტებმა, ასევე ლონდონის მედიცინისა და ტროპიკული ჰიგიენის სკოლამ 2019 წლის მონაცემების მიხედვით შეისწავლეს ქალაქები, რომლებმაც 100 000-ზე მეტი მგზავრი მიიღეს ვუჰანიდან, თებერვლიდან აპრილის ჩათვლით.
შემდგომ მათ გამოიკვლიეს, როგორ შეიძლებოდა გავრცელებულიყო ვირუსი ლოკალური აფეთქების შემთხვევაში. ცხრილის სათავეში მოხვდნენ: ტაიბეი, ბანგკოკი, ტოკიო, სეული, სინგაპური, ოსაკა, კუალა ლუმპური, მანილა,ფუკეტი, ლონდონი, სიდნეი, მაკაო, დენსაპარი, კაოჰსიუნგი და ხოშიმინი.
„ექსპორტირებული ინფექციის რაოდენობით მოწინავე ადგილები აღმოსავლეთ აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ცენტრებში იქნება“, – განაცხადა ბოგოჩმა.
8)როდის დამთავრდება ეს ყველაფერი ?
არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც ეს ყველაფერი შეიძლება დასრულდეს. როგორც Vox-ის ჟურნალისტი ბრაიან რესნიკი აცხადებს, სავარაუდოდ, ინფიცირების შემთხვევების სწრაფი იდენტიფიკაცია და ინფიცირებულ პაციენტთა ეფექტიანი იზოლაცია შეწყვეტდა ვირუსის გავრცელებას (სწორედ ასე შეაჩერეს SARS-ის გავრცელება 2003 წელს).
ვინაიდან დაავადება ზოონოზურია და ადამიანსაც ცხოველისგან გადაედო, დაავადების კერის პოვნა და მისი ლიკვიდაციაც დაეხმარებოდა ამ პროცესს. შესაძლოა, მალევე შეიქმნას ვაქცინა, რაც ხელს შეუშლიდა ეპიდემიის გავრცელებას.
საბოლოოდ არსებობს შესაძლებლობა, რომ ვირუსი თანდათანობით მოკვდეს. „დაავადებების აფეთქება ცეცხლს ჰგავს. ვირუსი არის ალი, დაავადებული ადამიანები კი – ნავთი. თანდათანობით ცეცხლი ქრება, თუკი ის გაღვივებას შეწყვეტს. ვირუსიც თანდათანობით მოკვდება, თუკი ის ინფიცირებად ადამიანებს ვეღარ იპოვის“, – აცხადებს რესნიკი. არსებობს ასევე შესაძლებლობა, რომ ის ცირკულაციაში მყოფ ვირუსად გადაიქცეს, რომელიც დროგამოშვებით ემართებათ ხოლმე ადამიანებს. რამდენად იმსახურებს ეს ფაქტი ღელვას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად საშიში აღმოჩნდება კორონავირუსის 2019-nCov სახეობა.