თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 7 მაისს, გაიმართა აქციების ფარგლებში დაკავებული 8 პირის სხდომა, რომელზეც პროკურატურის 5 მოწმე გამოიკითხა.
საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.
საქმეზე ბრალდებულები არიან ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე და ინსაფ ალიევი.
დღეს გამოკითხული სამი მოწმე, გივი წიქორიძე, გიორგი ზაბახიძე და ვასილ ბასილაძე დაზარალებულად არიან ცნობილი.
სამივემ ისაუბრა მათთვის ნასროლ ნივთებზე, თუმცა აღნიშნეს, რომ არ დაუნახავთ, ვინ ესროლა ეს ნივთები მათ. მოწმეებმა ვერ დაადასტურეს ვერც ამ ქმედებების შესაძლო ორგანიზება და ვერც ის თქვეს დანამდვილებით, რომ აქციის მონაწილეები ესროდნენ მათ ნივთებს და არა – ე.წ. პროვოკატორები.
პირველი მოწმე, დაზარალებული პოლიციელი გივი წიქორიძე 28 ნოემბერს მომხდარს შემდეგნაირად აღწერს:
„28 ნოემბერს ვიდექით ჭიჭინაძის და რუსთაველის კუთხეში, სადაც იყვნენ აქციის მონაწილეები საკმაოდ ბევრი რაოდენობით. სადაც იყო დიდი აგრესია პოლიციელების მიმართ. იყო პიროტექნიკის სროლა, წყლის ბოთლები სავსე იყო ქვიშით, კვერცხებს ისროდნენ ჩვენი მიმართულებით, ქვებსაც აყოლებდნენ მათ შორის კვერცხებს. იყო ბუშტები, რომლებიც „კრასკით“ იყო სავსე, რომლებიც რომ მოხვედროდა ნებისმიერს, ყველას დააზიანებდა. იყო ისეთი ქმედებები, პოლიციის მიმართ უხეშად მოპყრობა, ძალადობრივი ქმედება მიმდინარეობდა ერთი საათის განმავლობაში.
მე მომხვდა პიროტექნიკა, რომელიც ფერად ნივთიერებებს უშვებდა, რომელიც გააქტიურებული იყო. მომხვდა მარცხენა თვალის არეში. დამიზიანა“, – თქვა მან ჩვენების დასაწყისში.
ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის შეკითხვაზე, ხომ არ იცის ზუსტად ვინ ესროლა ფეიერვერკი, მოწმე ამბობს, რომ ზუსტად არ იცის.
შეკითხვაზე, დაინახა თუ არა, უშუალოდ მას ვინც ესროლა ფეიერვერკი, მოწმე ამბობს, რომ ვერ დაინახა.
ადვოკატი დავით ჭიკაიძე დაინტერესდა, ხომ არ ახსენდება ვინმე, ვინც აქციის მონაწილეებს კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდებდა, მოწმე პასუხობს, რომ კონკრეტული პირი არ ახსენდება.
ადვოკატმა მას კონკრეტულად ზვიად ცეცხლაძის შესახებაც ჰკითხა, თუმცა მოწმემ თქვა:
„არ დამინახავს იქ და არ ვიცი, შესაძლებელია იქ იყო და ვერ დავინახე, ვერ ვიხსენებ“.
„ზუსტად იცით თუ არა, რომ ზვიად ცეცხლაძეს რასაც ედავება ბრალდება, ორგანიზებას, რომ მის მიერ დაორგანიზებულ ქმედებას მოჰყვა შედეგად თქვენთვის ზიანის მიყენება, ეს ზუსტად იცით თუ არა?“, – მიმართა მას ადვოკატმა, რაზეც წიქორიძემ თქვა, რომ ზუსტად არ იცის.
ვეფხია კასრაძის ადვოკატი კახა კოჟორიძე დაინტერესდა, კოლეგებისგან მაინც ხომ არ მოუსმენია, რომ დაინახეს, როგორ აორგანიზებდა კასრაძე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ან რომელიმე სხვა სახელისა და გვარის ადამიანი როგორ ისროდა პიროტექნიკას, რაზეც მოწმემ განაცხადა, რომ „ნამდვილად არა“.
მოწმეს არ ახსოვდა, კონკრეტულად რის გამო დაიწყო სპონტანური აქცია 28 ნოემბერს. მან თქვა, რომ ეს უკავშირდებოდა რუსულ კანონს.
28 ნოემბერს მოქალაქეების სპონტანური შეკრება ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა.
გივი წიქორიძის გამოკითხვის დროს გაირკვა, რომ 28 ნოემბერს სხეულის დაზიანების ფაქტზე ის დაზარალებულად ცნობილი სხვა საქმეშიცაა.
წიქორიძემ ვერ დაასახელა ვერც ერთი კოლეგა, რომელიც დაზიანების მიყენების დროს მის გვერდით იყო. ამის შემდეგ ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მას აქციაზე ყოფნის მტკიცებულება, მაგალითად, ვიდეომასალა, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ არ აქვს.
ადვოკატების შეკითხვების დასრულების შემდეგ მოწმეს შეკითხვები ბრალდებულებმაც დაუსვეს.
ზვიად ცეცხლაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის შეკითხვების საპასუხოდ წიქორიძემ თქვა, რომ არც რუსთაველზე განლაგებული სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა შეუმჩნევია და არც სხვა პოლიციელების მხირდან აქციის მონაწილეების გინება და შეურაცხყოფა მოუსმენია.
შემდეგი დაზარალებული, რომელიც სასამართლოს წინაშე დაიკითხა პოლიციელი გიორგი ზაბახიძეა. ზაბახიძე ამბობს, რომ მას მარჯვენა თვალში მოხვდა ქვა, შედეგად მხედველობა თითქმის სრულად დაკარგა.
ზაბახიძის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველად 16 აპრილს გაავრცელა. ამ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყებას დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ ჰყავს. შსს-ს ცნობით, პოლიციელს თბილისსა და თურქეთში უმკურნალეს, თუმცა ექიმებმა დაასკვნეს, რომ მხედველობის აღდგენა შეუძლებელია.
„თვალის არეში მომხვდა ქვა, რითაც მივიღე დაზიანება. მიმიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანასთან, გადამიყვანეს „კავკასიის მედიცინის ცენტრში“. 6 ნაკერი დამადეს და ასევე შემდეგ გამიწმინდეს სისხლჩაქცევები… მარჯვენა თვალი დამიზიანდა. სამწუხაროდ, თითქმის ვეღარ ვხედავ ამ თვალიდან“, – თქვა მან.
ზაბახიძის თქმით, თვალზე ოპერაცია არ გაუკეთეს, რადგან „აზრი არ აქვს, ოპერაცია არ შველის ამას“.
ადვოკატის შეკითხვაზე, დაინახა თუ არა, ვინ ესროლა მას ქვა და ცნობს თუ არა ბრალდებულთაგან რომელიმეს, მოწმე პასუხობს რომ არ დაუნახავს და არ ახსოვს, ეს პირები იყვნენ თუ არა იქ და რამე საგანს თუ ისროდნენ, რადგან აქციაზე ბევრი ადამიანი იმყოფებოდა.
ადვოკატ დავით ჭიკაიძის შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის, რომ, მაგალითად, ზვიად ცეცხლაძის ქმედებებიდან გამომდინარე დაზარალდა, ზაბახიძემ აღნიშნა, რომ ამას ვერ იტყვის, რადგან პიროვნება, ვინც ესროლა, არ დაუნახავს.
მესამე დაზარალებული ვასილ ბასილაძეა, რომელმაც ასევე არ იცის, ვისგან ნასროლი ქვით დაუზიანდა მარცხენა საფეთქლის მხარე. ის დაზარალებული სხვა საქმეშიცაა.
„მომხვდა საღებავი, კვერცხები მომხვდა, რამდენჯერმე შევძელი ქვის აცილება… შემდეგ ვერ შევძელი ქვის აცილება და მომხვდა თავში, ამ ნაწილში მეტყობა მარცხენა საფეთქლის ნაწილში მცირე შრამი. მივიღე დაზიანება ჭრილობის სახით, წამომივიდა სისხლი… გადამიყვანეს საავადმყოფოში. სამი ნაკერი დამადეს.
უშუალოდ ვინ მესროლა არ დამინავს, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან იყო“, – თქვა მან.
ადვოკატის შეკითხვის საპასუხოდ მოწმემ ასევე განაცხადა, რომ უწევდა თუ არ ამ ქმედებებს ვინმე ორგანიზებას, არ შესწრებია. ის ასევე ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს, რომ ბრალდებულები აქციაზე იყვნენ და ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ.
შემდეგმა მოწმემ, გელა გულორდავამ ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილის დაკავებასა და სახლის ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობა.
მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებები სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარდა და მიმინოშვილის პირადი ჩხრეკისას არაფერი ამოუღიათ.
„სახლში რომ მოხვედით ჩემთან, რამე კანონსაწინააღმდეგო ხომ არ გაგიკეთებიათ თქვენ კონკრეტულად?“, – მიმართა მოწმეს ბრალდებულმა ირაკლი მიმინოშვილმა, რომელმაც სასამართლოს მისი დაკავების დროს მომხდარზე უამბო:
„სახლში რომ მოხვედით, კარები მე გაგიღეთ და ამ ყველაფრის შემდგომ ერთი ნახევარი საათი გეხვეწებოდით საპირფარეშოში გასვლას. იყო თუ არა ასე?გეხვეწეთ, რასაც ქვია. კბილების გახეხვაზეც გეხვეწეთ.
თქვენ რომ შემობრძანდით, პირველი რაც მოხდა, ჩემი და იღებდა ვიდეოს და რომელიღაც თქვენგანი მივარდა ჩემს დასთან და ეუბნებდა, ნუ იღებო და ლამის გააგდებინა. ამ მომენტში მე დავიყვირე, ხელი არ დააკაროთ-მეთქი და ვიღაცა თქვენი თანამშრომელი ნეკნებში მაწვებოდა. იყო თუ არა ასე?“, – ჰკითხა მან მოწმეს, რომელმაც თქვა, რომ ეს არ დაუნახავს.
მეხუთე მოწმე კი მიხეილ მჭედლიშვილი იყო, რომელმაც ბრალდებულ გიორგი გორგაძის პირადი და სახლის ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკის დროს ამოიღეს გორგაძის მობილური. ასევე გაირკვა, რომ მჭედლიშვილი ნიკოლოზ ჯავახიშვილს წინასწარი მოთავსების იზოლატორში შეხვდა.
8 პირის მომდევნო პროცესი 14 მაისს, 11:00-ზე ჩაინიშნა. სხდომაზე კვლავ მოწმეები დაიკითხებიან.
ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, დანარჩენ მათგანს კი მასში მონაწილეობას.
დაცვის მხარის ადვოკატების თქმით, პროკურატურას საქმეში არ აქვს წარმოდგენილი ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც ბრალდებულების ორგანიზებასა და ჯგუფურად მოქმედებას დაადასტურებდა. მათი თქმით, ბრალდება მათ მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსახურება.