9 აპრილი გაგვითენდა სულ სხვა, საგანგებო მდგომარეობისა და შინ დარჩენის – პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად უდიდესი გამარჯვების დღეა.

„დღეს 9 აპრილი გაგვითენდა სულ სხვა, საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენის, კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება ამ 9 აპრილს ხვდება სხვა განწყობით. ბევრი ვერ მივიდა მემორიალთან. მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგანაც დიდი ნაწილი საზოგადოებისა ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება. არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი. ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდევაც სახლში უფრო გავიაზროთ, რაც ნიშნავს, ეს დღეს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოსთვის თუ რამდენად მძიმე და ამავე დროს სიმბოლური დღე არის დღეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამავე ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებსა და კორონავირუსის წინააღმდეგ გაერთიანებული ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვიდეომიმართვა პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზეა გამოქვეყნებული.