ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს კანონი – პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვიდეომიმართვაში ის საუბრობს 9 აპრილის მნიშვნელობაზე და ასევე –კორონავირუსთან ბრძოლის დროს რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა და რეკომენდაციების გათვალისწინება.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რელიგიურ დღესასწაულებს ეკლესიაში ვერ აღნიშნავს, ვინაიდან პრეზიდენტი ვერ დაარღვევს კანონს.

3 დღეში ბზობაა, 10 დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს „ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როდესაც არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება.

თუმცა ამ წელს სხვა ვითარებაა. ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში. ვერ მივალ მე აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს.

ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ. დარწმუნებული ვარ ამაში, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ის იქნება ჩვენი, ასევე ჩვენი რწმენის გამარჯვება. ეს ერთიანობა, რომელიც არის მთავარი იარაღი ჩვენი, რომელშიც ვართ ჩვენ ჩართული. ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ, ხელისუფლებამ, მოქალაქეებმა ძალიან დიდი მაგალითი მოგვცა ამ დღეებში, როგორ შეიძლება მოვიქცეთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.