9 მაისს მოსკოვში სრულად გაითიშება მობილური ინტერნეტი და SMS შეტყობინებები, რათა „გამარჯვების დღის დღესასწაულმა უსაფრთხოდ ჩაიაროს“.
ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული უწყების თანახმად, ინტერნეტის გათიშვა შეეხება ვებასიტების „თეთრ სიასაც“ – ეს აუცილებელია „9 მაისს გამარჯვების დღის სადღესასწაულო ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
7-8 მაისს რუსეთის დედაქალაქში მობილური ინტერნეტის გათიშვა ან შეზღუდვა არ იგეგმება.
29 აპრილს ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და გამოთქვა მზადყოფნა 9 მაისს „ზავის” გამოცხადების შესახებ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის წინადადებას „უპატიოსნო“ და „ცინიკური“ უწოდა.
4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცალმხრივად გამოაცხადა „ზავი” 8-9 მაისს, ხოლო 9 მაისს მოსკოვში აღლუმის „ჩაშლის” შემთხვევაში კიევის ცენტრზე მასირებული სარაკეტო დარტყმით დაიმუქრა.
4 მაისს ზელენსკიმ გამოაცხადა „სიჩუმის რეჟიმი”, რომელიც 6 მაისს, ზუსტად 00:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.
რუსეთმა ეს ზავი პირველივე წუთებში დაარღვია.
„რუსეთს არ შეუწყვეტია არცერთი სახის სამხედრო აქტივობა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინა რუსეთის ქმედებებს „სარკისებურად“ უპასუხებს და „სრულად გამართლებულ რეაქციას“ 7 მაისის განმავლობაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე განსაზღვრავს.
7 მაისს რუსეთში განაცხადეს რიგ რეგიონებსა და კერძოდ დედაქალაქ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული შეტევის შესახებ. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ საჰაერო თავდაცვამ 317 დრონი გაანადგურა. იმის შესახებ, თუ რამდენმა უპილოტო დრონმა მიაღწია მიზნამდე, რუსეთის ხელისუფლება დუმს.