„9-საათიან სამუშაო დღეში 33 ლარს გვიხდიან" - რიკოთზე დასაქმებული სატვირთოს მძღოლები გაიფიცნენ

პუბლიკა

რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული სატვირთო ავტომობილების მძღოლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდასა და შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

„9-საათიან სამუშაო დღეში გვიხდიან 33 ლარს, რასაც არ ვეთანხმებით და გვინდა 50 ლარი 8 საათში, რაც გვეკუთვნის შრომის კოდექსით (8 საათიანი სამუშაო დღე). 14 მანქანა ჰყავს კომპანიას, გაჩერებული ვართ ყველა…”, – ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული „მთავარ არხთან”.

მათივე ცნობით, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმებიც არაა დაცული – „12-ტონიანი მანქანებია და დაგვაქვს დაახლოებით  50 ტონამდე ტვირთი”.

„ტვირთის წონა აღემატება იმას, რაც დასაშვებია. რთულ პრობლემებში ვართ. სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ვიქნებით ასე”, – ამბობს მეორე დასაქმებული.

მედიასთან საუბრისას ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი პირი ამბობს, რომ „უნდა დაველაპარაკოთ ერთ მხარეს, მეორე მხარესაც, და გავერკვეთ”.


მოგვიანებით, „ჩინეთის სამშენებლო კორპორაცია“ დასაქმებულთა პროტესტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წამოყენებულ მოთხოვნებს განიხილავს და მათ შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს.

„გვინდა გამოვეხმაუროთ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დასაქმებული მძღოლების პროტესტის შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას.

ჩვენი კომპანია, China State Construction Engineering Corporation Limited-ი, რომელიც აშენებს რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთს, დასაქმებულებს საქართველოს შრომით კანონმდებლობასთან შესაფერის პირობებს უქმნის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ დასაქმებულებისთვის მისაღები და უსაფრთხო შრომის პირობები.

ჩვენი შრომითი ურთიერთობა დასაქმებულებთან რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებებით, სადაც განსაზღვრულია როგორც სამუშაო დრო, ასევე ანაზღაურება, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

ამასთანავე, ყოველდღიურად ვზრუნავთ, რომ შრომის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული, ამისთვის დაქირავებული გვყავს შრომის უსაფრთხოების ექსპერტებიც, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ მონიტორინგს და გასცემენ რეკომენდაციებს შრომის უსაფრთხოების პირობების გასაუმჯობესებლად, რომლებსაც მუდმივად ვითვალისწინებთ.

ჩვენს კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს კი მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი მოთხოვნა თუ პრეტენზია წარმოადგინონ კომპანიის მენეჯმენტთან, ნაცვლად მედიასაშუალებებთან დაუსაბუთებელი და კომპანიის მადისკრედიტირებელი განცხადებებისა.

კომპანია, აუცილებლად განიხილავს დასაქმებულების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს, რათა მივიდეთ ორივე მხარისთვის მისაღებ შეთანხმებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.