თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დღეს, 23 თებერვალს სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც Reuters წერს, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონი აღიარა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რუს კოლეგას განუცხადა, რომ თურქეთი არ ცნობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს.
პუტინმა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა, რომ უკრაინის ოკუპირებული რეგიონები – დონეცკი და ლუჰანსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა. ამასთან ერთად, მისივე თქმით, გაფორმდება რუსეთსა და ახალ რესპუბლიკებს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება.
როგორც Reuters წერს, ნატოს წევრი თურქეთი, რომელიც უკრაინისა და რუსეთის მეზობელია და კარგი ურთიერთობა აქვს ორივე ქვეყანასთან, პრინციპულად ეწინააღმდეგება სანქციებს.
ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს კრიზისში შუამდგომლობაც შესთავაზა და ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მიღწეული იყოს შეთანხმება მინსკის შეთანხმებაზე დაყრდნობით.
სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა პუტინს უთხრა ისიც, რომ რეგიონში სამხედრო კონფლიქტი სარგებელს არავის მოუტანს და აღნიშნა, რომ ის აფასებს პუტინის მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონულ საკითხებზე და სურს ამის გაგრძელებაც.
გუშინ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ორი რეგიონის აღიარება „მიუღებელია“.
„მიგვაჩნია, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია. ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, პატივი სცენ საღ აზრსა და საერთაშორისო სამართალს“, – აღნიშნა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბარში.