პუტინმა გადაწყვიტა, აღიაროს დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ უკრაინის ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს. ამასთან ერთად, მისი თქმით, გაფორმდება რუსეთსა და ახალ რესპუბლიკებს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, უკრაინას კი მოუწოდა, შეწყვიტოს „სისხლისღვრა“ დონბასში. ამის შესახებ მან რუსი ხალხისადმი სპეციალური მიმართვისას განაცხადა.

პუტინმა აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ სათათბირო საბჭოს დოკუმენტი რატიფიცირებისთვის დაუყოვნებლივ გადაეგზავნება.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დონეცკისა და ლუჰანსკის, ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ უშიშროების საბჭოს სხდომაც გამართა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განაცხადეს, რომ შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი, სწორედ ამ ორი „რესპუბლიკის“ აღიარება იქნებოდა.

ასევე დღეს გავრცელდა პრორუს სეპარატისტების, დონეცკისა და ლუჰანსკის, ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ლიდერების მიმართვა ვლადიმერ პუტინისადმი, რომ რუსეთს ეღიარებინა მათი „რესპუბლიკები“.

თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა პუტინს ასევე სთხოვეს, რომ აღიარებასთან ერთად რუსეთმა ამ ორ რესპუბლიკასთან გააფორმოს თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება და გახდნენ მოკავშირეები, მათ შორის, თავდაცვის სფეროში.

ხოლო 15 თებერვალს ვლადიმერ პუტინს ამ რეგიონების აღიარების თხოვნით რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ, სახელმწიფო დუმამ მიმართა.