ექთანმა ნონა ზანდარაშვილმა დამსაქმებელთან დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო

პუბლიკა

„სოლიდარობის ქსელის“ ცნობით, ექთანმა ნონა ზანდარაშვილმა დამსაქმებელთან დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ ექთან ნონა ზანდარაშვილის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რაც შემდეგ „ევექსის კორპორაციამ“ გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება კვლავ ექთნის სასარგებლოდ მიიღო.

„ეს ისტორიული გამარჯვება „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ ჰოსპიტალურ სექტორში თითქმის 4 წლიანი ბრძოლის შედეგია. 2017 წელს „ევექსის კორპორაციამ“ თბილისის იაშვილის სახელობის კლინიკიდან ნონასთან ერთად 90-მდე მედმუშაკი გაათავისუფლა სამსახურიდან. ნონას 11 წელი მუშაობდა ამ კლინიკაში. როდესაც „ევექსის კორპორაციამ“ შეიძინა თბილისის იაშვილის სახელობის კლინიკა, კლინიკაში შეიცვალა მმართველობის ფორმა და დამოკიდებულება მედმუშაკებთან“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს ნონა არის „ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროკავშირის – სოლიდარობის ქსელის“ მედმუშაკების გაერთიანების თავმჯდომარე და აქტიურად იბრძვის ჯანდაცვის სფეროში მემუშაკების შრომის პირობების გამოსწორებისა და ხელფასების გაზრდისთვის. მისი მთავარი მოწოდებაა, რომ ექთნები გაერთიანდნენ „სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირში და საჯაროდ ისაუბრონ ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ უსამართლო შრომის პოლიტიკასა და კატასტორფულ სიტუაციაზე.