3-წლიანი ბრძოლის ამბავი | ექთნის გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია

სალომე გორგოძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექთნის, ნონა ზანდარაშვილის გათავისუფლება იაშვილის სახელობის კლინიკიდან უკანონოდ მიიჩნია და მოპასუხე მხარეს მისთვის 18 თვის განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

ნონა ზანდარაშვილი იაშვილის სახელობის კლინიკაში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. თავდაპირველად ექთნის პოზიციაზე, მერე უფროსი ექთნის თანაშემწედ, ბოლოს კი ნეიროქირურგიის დეპარტამენტის სუპერვაიზერი იყო. 2017 წელს კი კლინიკაში გამოცხადებული რეორგანიზაციისას ის გათავისუფლებულთა სიაში აღმოჩნდა.

„ამ ათი წლის განმავლობაში ყოველთვის წარჩინებულ თანამშრომლად ვითვლებოდი, ამიტომ სრულიად მოულოდნელი და დაუსაბუთებელი იყო კლინიკის მხრიდან ჩემი სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება“, – გვიყვება ნონა ზანდარაშვილი და ამბობს, რომ მისი გათავისუფლება დეპარტამენტის მენეჯერთან პირადი უთანხმოების გამო მოხდა,- გადაწყვეტილების მიღებისას იყვნენ სუბიექტური და არ არსებობდა ობიექტური მიზეზი, რომლის გამოც სამსახურიდან გაუშვებდნენ.

„სამუშაო საათების ბოლოს ადმინისტრაციაში დამიბარეს, მომაჩეჩეს გათავისუფლების ბრძანება და მითხრეს, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიდიხარ სამსახურიდან და ხელი მოაწერეო. ამაზე გავგიჟდი, რას ჰქვია ურთიერთშეთანხმებით წასვლა, როცა იმ წუთას შევიტყვე, რომ სამსახურიდან მიშვებდნენ. ამაზე პასუხად მივიღე, რომ პირად საქმეს გამიფუჭებდნენ და კომპანსაციასაც ვერ მივიღებდი.

ძალიან შეურაცხყოფილი და დამცირებული დავრჩი. მე არ ვიყავი ცუდი თანამშრომელი, ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი, მაგრამ ასე დამიფასეს.

რეორგანიზაციის ფარგლებში დაახლოებით 87 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ყველა სათითაოდ დაიბარეს და ერთი და იმავე ტექსტით ბრძანებაზე ხელის მოწერა სთხოვეს. უმეტესობამ კომპენსაციის დაკარგვის შიშით ხელი მოაწერა, მხოლოდ ორმა გადავწყვიტეთ სასამართლოს გზით წასვლა“, – გვიყვება ნონა.

ნონა ზანდარაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 3 წლის შემდეგ,  2 ოქტომბერს გამოიტანა. სასამართლომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია და მოპასუხე მხარეს, სააქციო საზოგადოება „ევექსის ჰოსპიტლებს“ (როგორც იაშვილის სახელობის კლინიკის უფლებამონაცვლეს) 18 თვის განაცდურის კომპენსაცია დააკისრა.

„სოლიდარობის ქსელის“ იურისტი, დავით ომსარაშვილი, რომელიც სასამართლოში ნონა ზანდარაშვილის უფლებებს იცავდა, მიიჩნევს, რომ კლინიკაში რეორგანიზაცია, შტატების შემცირება არაკანონიერად მოხდა და არ იყო არგუმენტირებული ნონა ზანდარაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები.

„რეორგანიზაციის პროცესისას უპირველესად – უნდა დადასტურდეს კადრების შემცირების აუცილებლობა, შემდეგ – თუ ასეთ აუცილებლობას დაადასტურებს კომპანია, მან ასევე უნდა დაასაბუთოს, რატომ გამოარჩია კონკრეტული ადამიანი გასათავისუფლებლად; რომ ეს მოხდა კანონიერად, კეთილსინდისიერად. ჩვენი კითხვა იყო მოპასუხე მხარისადმი – რის საფუძველზე მოხდა ნონა ზანდარაშვილის გამორჩევა? – რა იყო მიზეზი – ნაკლები კვალიფიკაცია ჰქონდა? ცუდად ან ნაკლებს მუშაობდა? შეცდომებს უშვებდა? თუ სხვა რამ. ეს ვერ დაასაბუთეს – რატომ გათავისუფლდა ნონა და არა მაგალითად ვინმე სხვა. მისი გამორჩევა მოხდა სუბიექტური გადაწყვეტილებით და არა ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით. კომპანიას გასაჩივრების უფლება აქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში და მზად ვართ ვიბრძოლოთ ნებისმიერ ინსტანციაში“, – ამბობს იურისტი.

იმის გასარკვევად გაასაჩივრებენ თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, „პუბლიკა“ სააქციო საზოგადოება „ევექსის ჰოსპიტლების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

დღეს ნონა ზანდარაშვილი „ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირის – სოლიდარობის ქსელის“ მედმუშაკების გაერთიანების თავმჯდომარეა. ფიქრობს, რომ მისი ამბავი მოტივაცია უნდა იყოს იმ ექთნებისთვის, რომლებსაც შრომითი პირობების გაუმჯობესება სურთ; არ უნდა შეეშინდეთ, თუკი დამსაქმებლები მათ უფლებებს დაარღვევენ,- მართალია, მისი გათავისუფლებიდან რამდენიმე წელი გავიდა, „მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“.

„მე უკვე მივიღე კომპენსაცია, ჩემთვის ფულადი კომპენსაცია არაფერს ნიშნავს, მეორეხარისხოვანია. მთავარი ისაა, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ღირსება დავიბრუნე“, – უთხრა „პუბლიკას“ ნონა ზანდარაშვილმა.