პენსიონრები სხვა პენსიონერების სამსახურში — რატომ ვერ ბრუნდებიან ქალები ემიგრაციიდან

სოფო აფრიამაშვილი

“ხანდახან ისეთი ბრაზი მერევა ხოლმე, როცა სევდა მაჯობებს, ძალას მართმევს. მერე ვფიქრობ რომ მე ძალა მჭირდება, დასუსტებული, გულაჩუყებული ვერაფერს გავაკეთებ და ვაგრძელებ მუშაობას”, — გვეუბნება ელისო ვადაჭკორია, რომელიც თავად საპენსიო ასაკშია თუმცა იტალიაში სხვა პენსიონერი მოხუცების დამხმარედ მუშაობს.

ელისოს მსგავსად ხანდაზმული იტალიელების ოჯახებში დამხმარედ მუშაობს ნინოც, უკვე 9 წელია. თავადაც საპენსიო ასაკი ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქში შეუსრულდა, თუმცა იქ დიდხანს დარჩენა აღარ სურს, “ველოდები, რომ ცოტა შევამსუბუქო ბანკის ვალი და წამოვიდე, თორემ ჩემი ასაკის ქალი აქ აღარ უნდა იყოს”, — გვეუბნება ის.  

მაგრამ აქვე გვიყვება, რომ მის ქალაქში მისი და უფროსი თაობის ბევრ ქალს შევხვდებით, რომლებიც საკუთარი პენსიონრობის მიუხედავად იტალიელ ხანდაზმულებთან მუშაობას არ ან/და ვერ ასრულებენ და სამშობლოშიც ვერ ბრუნდებიან, რადგან აქაური პენსიით არა ოჯახის, არამედ საკუთარი თავის უზრუნველყოფასაც ვერ შეძლებენ. “ზოგი თვითონაც ისეთ ასაკშია მიკვირს ხოლმე რომ ვუყურებ და ჩემს თავს ვეჩხუბები, მალე დაბრუნდი მეთქი საქართველოში”, — გვეუბნება ნინო და ცდილობს მოასწროს საუბარი, სანამ მისი ზრუნვის ქვეშ მყოფი 84 წლის მოხუცი გაიღვიძებს.

“ჩემი შვილი სულ მეუბნება წამოდიო. ბევრჯერ უთქვამს, შენ ჩვენთვის რამდენ რამეს აკეთებ მაგრამ მრცხვენია მანდ რომ ხარ, ამხელა კაცი ვარ და შენ მანდ რატომ უნდა იყოო. 

თვითონაც დასვენება არ აქვს სახლში თუ გარეთ, ძალიან ბევრს მუშაობს, ერთი წუთით არ ჩერდება მაგრამ რამდენი უნდა გააკეთოს ახლა ერთმა ადამიანმა სოფელში, რომ ცოლ-შვილი შეინახოს, პლიუს მშობლების წამლები და პლიუს ბანკის ვალი გადაიხადოს”, — გვეუბნება 62 წლის ნინოც. მან საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა.

ნინოს ისტორია გამონაკლისი არ არის. იტალიაში არაერთი ქართველი ქალია, რომელიც საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც აგრძელებს მუშაობას და სხვა ქვეყნის ხანდაზმულებზე ზრუნავს. მათი შრომით მიღებული შემოსავალი კი ხშირად საქართველოში დარჩენილი შვილებისა და შვილიშვილების კეთილდღეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ექსპერტების შეფასებით, უმეტესად ესაა მიზეზი იმისა, რომ თავად პენსიონერი, ზოგჯერ 70 წელს გადაცილებული ქალებიც კი ასაკის მიუხედავად სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობენ.

ეს საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი უკრაინისთვის, რუმინეთისთვის და მოლდოვისთვის.

“პუბლიკა” ესაუბრა რამდენიმე ქალს საქართველოსა და მოლდოვაში. მათი ისტორიები ერთმანეთის მსგავსია. მსგავსია არდაბრუნების მიზეზიც.

 

რას ჰყვებიან ემიგრანტები

“რაც წამოსული ვარ სახლ-კარს ვაკეთებთ, ვარემონტებთ. ყველას სჭირდება ახლა ჩემი დახმარება, ერთ შვილსაც ვჭირდები, მეორესაც, ქმარსაც ვჭირდები, ჩემ თავსაც ვჭირდები და ვერ მოვახერხე მოგროვება”, — უყვება “პუბლიკას” 63 წლის პენსიონერი, პროფესიით პედაგოგი, ემიგრანტი, ელისო ვადაჭკორია. 

მან საქართველო 15 წლის წინ დატოვა და დაბრუნებას ახლო მომავალშიც არ გეგმავს. გვიყვება, რომ როგორც ბევრი სხვა ქართველი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ 1992 წელს, ჯერ მისი მეუღლე წავიდა ემიგრაციაში, მაგრამ როდესაც კაცს ჯანმრთელობა აღარ უწყობდა ხელს, 48 წლის ქალმა თავად გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება ოჯახის დასახმარებლად. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი მაშინ საკუთარი 23 წლის შვილის გვერდში დგომა იყო, რომელსაც ქმარი გარდაეცვალა და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მარტო დარჩა. 

ახლა ელისოს შვილიც და შვილიშვილიც ემიგრანტები არიან, თუმცა სხვა ქვეყანაში.

თავად ელისო კი ამ პერიოდის განმავლობაში იტალიის სხვადასხვა ქალაქში მოხუცების დამხმარედ მუშაობს, ამჟამად 88 წლის ცოლ-ქმარს უვლის.

იტალიური მედიის ცნობით, 2023 წელს იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა — 82.4% სწორედ მოხუცის მომვლელად მუშაობდა. 

“უხილავი გოლგოთა, წარმოუდგენელი ქარტეხილი”, — ასე აღწერს ის იტალიაში გატარებულ პირველ წლებს, თუმცა აქვე გვეუბნება, რომ იქაურობა დროსთან ერთად მისთვის და ბევრი ემიგრანტისთვის მეორე სამშობლოდ იქცა, რადგან იქ შრომის და ღირსეული ანაზღარუების შესაძლებლობა მიეცათ, რაც საქართველოში თითქმის 25-წლიანი პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად არც ერთხელ ჰქონია. 

“წარმოგიდგენიათ, მაშინ ასე ვფიქრობდი. ღმერთო, აი 500 ევრო რომ მექნება ხელფასი, გადავიანგარიშე, გადავთვალე… მინდოდა ჩემს შვილს დავხმარებოდი, თავისი ჭერი ჰქონოდა… მის მერე მიდის და მიდის წლები და პრობლემები კი არ მომიგვარდა, თითქოს ნიშანი მივეცი და ერთიანად იხუვლეს… მაგრამ ვერ ვიწუწუნებ, მადლობა ღმერთს, როცა შრომა შეგიძლია და ქვეყანაში ხარ, სადაც შრომის შანსი გეძლევა, შრომის ანაზღაურების შანსი გეძლევა, რაც არ უნდა დაღლილი იყო წამოდგები და გზას გააგრძელებ. ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არის ბედნიერება”, — ამბობს ის. 

თუმცა ჩვენს შეკითხვაზე ამდენწლიანმა ემიგრაციამ და 24-საათიანმა სამუშაო გრაფიკმა თუ დაღალა, ჯერ უარს ამბობს, რამდენიმე წამში კი თავადვე განაგრძობს საუბარს და გვეუბნება:

“იცით რა არის, ადამიანი იღლება, როგორ არ იღლება, მაგრამ ის ყოფა რაც მე საქართველოდან მელოდება, მაიძულებს რომ თავს არ გავუმხილო დაღლა. დაღლა ფუფუნება ყოფილა”. 

რატომ ვერ/არ ბრუნდებიან ქალები ემიგრაციიდან

ემიგრაციაში მომვლელად მუშაობის სირთულეს კარგად ასახავს ტერმინი “იტალიის სინდრომი”, რომელიც პირველად 2005 წელს უკრაინელმა ფსიქიატრმა ანდრეი კისელიოვმა გამოიყენა, შემდეგ კი ექიმებში ფართოდ დამკვიდრდა, როგორც მდგომარეობა, რომელიც იტალიაში მომვლელად მომუშავე ქალებს აერთიანებს.

“ორი ქალი, რომელიც უკრაინაში კლინიკას ესტუმრნენ “რაღაცით განსხვავდებოდნენ ყველა სხვა პაციენტისგან”, — იხსენებს ფსიქიატრი ანდრეი კისელიოვი The New York Times-თან “იტალიის სინდრომზე” საუბრისას სტატიაში, სადაც საუბარია, თუ როგორ აზიანებს აღმოსავლეთ ევროპიდან ემიგრაციაში წასული ქალების ჯანმრთელობას იტალიაში მუშაობა. სტატიაში რუმინელ და უკრაინელ ქალებთან ერთად ნახსენები არიან ქართველებიც. 

თუმცა სირთულეების მიუხედავად, რომელიც მენტალურ, ხანდახან კი ჯანრმთელობის სხვა პრობლემებსაც იწვევს, ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას არც ასაკის და არც საკუთარი ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ ჩქარობენ.

„ბევრ ქალს საპენსიო ასაკი სწორედ ემიგრაციაში შეუსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ფიზიკური მდგომარეობის გამო უკვე ჰქონოდათ სამშობლოში დაბრუნების საჭიროება, ოჯახებში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევს.

ამ ქალებთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასვლისას თითქმის არავინ მოელოდა, რომ იქ ათწლეულების განმავლობაში დარჩენა მოუწევდათ. მათი თავდაპირველი გეგმა კონკრეტული საჭიროებების მოგვარება და საქართველოში, ოჯახებთან დაბრუნება იყო, თუმცა აქ დარჩენილი ოჯახების საჭიროებები მუდმივად იზრდება. ხშირად იზრდება თავად ოჯახებიც, რაც დამატებით ფინანსურ საჭიროებებს აჩენს“, — გვიხსნის მკვლევარი მეკო ჩაჩავა, თანაავტორი 2024 წელს გამოქვეყნებული კვლევისა “ქართველი შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა”.

ჩაჩავა ასევე განმარტავს, რომ პრობლემა არა მხოლოდ დაბალ პენსიაში, არამედ ახალგაზრდებისთვის დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობებსა და დაბალ ანაზღაურებაშიც არის, რის გამოც ამ ქალებს უმეტესად სწორედ მომავალი თაობებისთვის უწევთ სამუშაოდ წასვლაც და წლები დარჩენაც. 

მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენი პენსიონერი ცხოვრობს უცხოეთში ან მათ შორის რამდენია ყოველდღიურ შრომაში ჩართული საქართველო არ აწარმოებს. 

თუმცა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს თანახმად, ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყოველწლიურად ტოვებს 15-19 ათასამდე ემიგრანტი, რომელთა ასაკიც 50-დან 80 წლამდეა. მათ შორის კი ყოველწლიურად რამდენიმე ათასია საპენსიო ასაკს გადაცილებული ქალების რიცხვი. მაგალითად გასულ წელს საქართველო 60 წელს გადაცილებულმა 4 886-მა დატოვა. 

თუმცა ეს მონაცემი ვერ ასახავს რეალურ მასშტაბს, თუ რამდენი პენსიონერი შეიძლება ცხოვრობდეს უცხოეთში და იძლევა მხოლოდ გარკვეულ სურათს. 

შენიშვნა: საქსტატი ემიგრანტს უწოდებს ადამიანს, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამასთანავე, საქართველო მანამდე მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა იყო, ამიტომ ამ მონაცემებში ქართველებთან ერთად საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც შედის, თუმცა საქსტატი მოქალაქეობის და ასაკის მიხედვით საერთო სტატისტიკას არ აწარმოებს. 

ემიგრაციის მასშტაბის სანახავად კი კიდევ ერთი გზა ფულადი გზავნილების რაოდენობის დათვლაა. ამ მონაცემს ეროვნული ბანკი ყოველთვიურად აქვეყნებს.

ამ მხრივ, ბოლო წლებში ლიდერი ქვეყნების სამეული ასეთია: ამერიკის შეერთებული შტატები, იტალია და რუსეთი.

იტალია ბოლო სამი წელია აშშ-ს შემდეგ ლიდერია საქართველოში გაკეთებული ფულადი გზავნილების ოდენობით. გადმორიცხვების რაოდენობა კი ყოველწლიურად იმატებს. 

Tuttitalia-ს მიერ გამოქვეყნებული იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის [ISTAT] მიხედვით, 2024 წლის ბოლოს იტალიაში ოფიციალურად 36,490 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდა, მათ შორის 30 ათასზე მეტი ქალი იყო. თუმცა, იტალიაში მცხოვრები ქართველების რეალური რაოდენობა შესაძლოა მეტი იყოს, რადგან აღრიცხვაში არ ხვდებიან არალეგალურად ან რეგისტრაციის გარეშე მყოფი მოქალაქეები. 

“ემიგრანტი ქალები საკუთარი თავისთვის შემოსავლის მინიმუმს იტოვებენ და ცდილობენ მაქსიმუმი გამოაგზავნონ ოჯახებში, რაც ხშირ შემთხვევაში, საქართველოში დატოვებული თუ გაფართოებული ოჯახის ყოველდღიურ საჭიროებებს და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას ხმარდება. 

საგულისხმოა, რომ ოჯახების მაღალი დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე, ერთი მხრივ, ახანგრძლივებს ქალების ემიგრაციაში ყოფნას, მეორე მხრივ კი, არ აძლევს მათ შესაძლებლობას გააკეთონ დანაზოგი სამომავლო ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მდგრადობისთვის”, — წერია კვლევაში ემიგრანტი ქალების შესახებ.

დანაზოგის გაკეთების ფაქტობრივ შეუძლებლობას ასახელებს “პუბლიკასთან” ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი იმის მიზეზად, რომ მრავალწლიანი 24-საათიანი შრომის მიუხედავად ქართველი ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას ვერც საპენსიო ასაკში ახერხებენ:

“სხვა თანაბარ პირობებში, წესით უცხო ქვეყანაში მომუშავე ადამიანებს დანაზოგის გაკეთება და საპენსიო ასაკში საქართველოში დაბრუნების მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ მათთვის, ვინც ვერ გააკეთებს დანაზოგს, თუნდაც 70 წლის ასაკში სამშობლოში დაბრუნება სერიოზული ფინანსური კრიზისის საწინდარი ხდება და ეჭვი მაქვს, ასეთი ადამიანები კიდევ უფრო დიდხანს რჩებიან უცხოეთში”, — ამბობს ის.

 

ქალები იტალიაში მოხუცების დამხმარედ საქართველოდან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან უკვე ათწლეულებია მიდიან. 2024 წელს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც იტალიის სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტის (INPS) მონაცემებს ეყრდნობა, აჩვენებს, რომ იტალიაში მომვლელებისა და შინამოსამსახურეებს შორის 10-დან 7 უცხოეთის მოქალაქეა. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი უკრაინის, რუმინეთისა და პერუს მოქალაქეები არიან.

საქართველო კი ერთადერთი ქვეყანაა, რომელთა მოქალაქეების 80%-ზე მეტი იტალიაში მომვლელად მუშაობს. ამასთან, იგივე მონაცემების თანახმად, 2023 წელს საქართველო ასევე ერთადერთი ქვეყანა იყო, რომლის მოქალაქე მომვლელთა წილიც წინა წელთან შედარებით გაიზარდა. 

იტალიაში მცხოვრებ სხვადასხვა ქვეყნის დიასპორებს შორის, საქართველოს მსგავსად გამორჩეულად მაღალი იყო მოხუცთა დამხმარედ მომუშავეთა წილი მოლდოველებშიც. 

ოფიციალურად იტალიაში 2025 წლის მონაცემებით 94.141 მოლდოველი იყო რეგისტრირებული, თუმცა როგორც მოდლოვაში, ასევე იტალიაშიც აღნიშნავენ, რომ ეს რიცხვი გაცილებით მეტი შეიძლება იყოს. როგორც ქართველები, ასევე მოლდოველებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უმეტესად ეკონომიკური სტაბილურობის საძიებლად წავიდნენ იტალიაში. 

ბოლო 20 წლის განმავლობაში ემიგრაციაში წასული მოლდოველების რიცხვი 37%-ით გაიზარდა, მათ შორის კი ყველაზე მეტი სწორედ იტალიაში მიდის. იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს შორის 68% ქალია, დასაქმების ყველაზე დიდი წილი კი მოხუცთა მოვლაზე მოდის.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია 2014 წლის შემდეგ, როდესაც ყოველი მეორე მოლდოველი სწორედ ამ სექტორში მუშაობდა, მათი 95.6% კი ქალი იყო. 

“წამოვედი, რომ ჩემი სიცოცხლე და ჩემი შვილების მომავალი გადამერჩინა”, — ეუბნება “პუბლიკას” 64 წლის მოლდოველი ემიგრანტი, ფეოდორა. 

მისი ემიგრაციის ისტორიაც ბევრი ქართველისას ჰგავს: 2006 წელს ქალი მოძალადე ქმარს და სიღარიბეს გაექცა, 4 500 ევრო ისესხა ბანკიდან და იტალიაში ჩასულმა პირველი წლები

უცხო ხალხში, ენის უცოდინარმა მუხლჩაუხრელ შრომასა და შვილების მონატრებაში გაატარა. დროთა განმავლობაში შრომისა და მონდომების წყალობით იქ ადგილის დაკმვიდრება შეძლო, ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო ასაკშია, უკან მოლდოვაში დაბრუნება აღარ სურს, მუშაობის გაგრძელებას კი კვლავ მოხუცის დამხამრედ აპირებს:

„მინდა, სიბერეში უფრო მარტივი სამსახური ვიპოვო, მაგრამ ახლა ვინ რაზე დამასაქმებს?! ვფიქრობ, თუ ჩემს მოხუცს მოხუცთა თავშესაფარში გადაიყვანენ, სხვა სამსახურის მოძებნა მომიწევს და ისევ მომვლელად, ოფიციალური შრომითი ხელშეკრულებით უნდა დავიწყო მუშაობა, რადგან მოქალაქეობის მიღება მინდა.

აქაური (იტალიის) მოქალაქეობა ნიშნავს, რომ გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადს ნახევარს ვიხდი და უფრო მაღალი პენსიაც მეკუთვნის. გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ საკვების დახმარებასაც იღებ. თუ ახლოს შვილები არ მეყოლება, სახელმწიფო მზა საკვებს პირდაპირ სახლში მომიტანს. სახელმწიფო სხვა შეღავათებსაც გვთავაზობს: 400 ევროს ხარჯების დასაფარად და 200 ევროს დამატებითი საჭიროებებისთვის“ — ამბობს ის. 

“პუბლიკის” ქართველი რესპონდენტების მსგავსად ისიც გვეუბნება, რომ სურვილის მიუხედავად მისი ქვეყანაც არ სთავაზობს არც დასაქმების შესაძლებლობებს და სიბერეში არც ღირსეულ პენსიას.

მოლდოვასთან დაკავშირებით მეტი კონტექსტის მოსაყოლად ჩვენ იქაურ მკვლევარს, ალექსანდ მაკუჰის დავუკავშირდით. ის “პუბლიკასთან” საუბრისას განმარტავს, რომ როგორც საქართველოში, ასევე მოლდოვაშიც ადამიანებს, უმეტესად სწორედ ეკონომიკური ფაქტორების გამო არ სურთ დაბრუნება მათ შორის საპენსიო ასაკშიც და “ხშირად რაციონალური გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ემოციურ ფაქტორებს”. 

“ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში უცხოეთში მუშაობდნენ, დაბრუნების მცდელობისას ხშირად აცნობიერებენ, რომ მათი სამშობლოც მნიშვნელოვნად შეიცვალა და ამ ცვლილებებთან შეგუება ყოველთვის მარტივი არ არის”, — გვიხსნის ის. 

ამასთან, მაკუჰი გვიყვება, რომ მოლდოვასა და იტალიას შორის სოციალური უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც გასული წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა.

მოლდოვასა და იტალიას შორის სოციალური უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად დასაქმებულ პირებს საშუალებას აძლევს, ორივე ქვეყანაში დაგროვილი სადაზღვევო პერიოდები გააერთიანონ და შესაბამისი საპენსიო უფლებები მოიპოვონ, იმის მიუხედავად, დარჩებიან იტალიაში თუ დაბრუნდებიან მოლდოვაში, რაც ერთი მხრივ კარგი წინგადადგმული ნაბიჯია ბევრი მოლდოველისთვის, თუმცა მაკუჰის თქმით, იქ ქალები ხშირად არაოფიციალურად მუშაობენ, რაც მათ მდგომარეობას მნიშვნელოვნად ართულებს და ამ სქემის გარეთ ტოვებს.

ქართული და იტალიური პენსია და ანაზღაურება — რაზე საუბრობენ ქართველი ემიგრანტები, როდესაც ღირსეულ ანაზღაურებაზე საუბრობენ

“წამოსვლა 2005 წელს გადავწყვიტე. წამოსვლის გადაწყვეტილებაც როდის მივიღე მახსოვს. ძვირფასი სტუმარი მოვიდა ჩვენთან, ისეთი პერიოდი იყო სახლში აღარაფერი მქონდა და ვერ გავუმასპინძლდი ისე, როგორც საჭირო იყო. ისე შემრცხვა, ეს სირცხვილი დღესაც მაწუხებს რომ გამახსენდება. მაშინ ვთქვი აქ გაჩერება არ ღირს, ვერაფერს შევქმნი აქ მეთქი და გადავწყვიტე და წამოვედი”, — უყვება 71 წლის პენსიონერი ემიგრანტი ეთერ ჩინჩალაძე “პუბლიკას”, რომელიც იტალიაში გამგზავრებამდე ფოთის სტატისტიკის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.

წასვლიდან ძალიან მალე ძმა გარდაეცვალა, თუმცა ნათესავებმა რამდენიმე თვე არ შეატყობინეს, რადგან იცოდნენ იტალიიდან დაბრუნება მისთვის მარტივი არ იქნებოდა. 2 წლის წინ კი ქმარი დაკარგა, ისევ ემიგრაციაში ყოფნისას.

“ჩემი მეუღლისთვის 20 წელი ხელი არ ჩამიკიდია. აქაური პენსიონრები ლაღობენ, ხელჩაკიდებულები დადიან. რომ დავინახავ ხოლმე მიხარია, ხანდახან ამეტირება მეც” — გვეუბნება ეთერი და იხსენებს, რომ საქართველოში იმ სახლში, სადაც მისი მეუღლე ცხოვრობდა დიდხანს ვეღარ გაჩერდა, რადგან ყველაფერი მის თავს ახსენებდა.  

21-წლიანი ემიგრაციის შედეგად ეთერმა გარკვეული დანაზოგის გაკეთება მოახერხა, შეიძინა სახლიც მშობლიურ მხარეში, ბინაც გაარემონტა ფოთში, რაც საშუალებას აძლევს, რომ რამდენიმე წელში საქართველოში დაბრუნდეს, თუმცა იტალიას მაინც მეორე სამშობლოდ ხედავს.

“ყველაფერი მომცა იტალიამ, მაგრამ დრო წამართვა. საუკეთესო წლები აქ მუშაობაში გავლიე, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ აქაურობის, რომ არა ესენი არც სახლი მექნებოდა, არც ბინა, ვერც შვილიშვილის უნივერსიტეტის ფულს გადავიხდიდი”, — გვიყვება ის. 

მან ინტერვიუ კვირა დღეს ჩაგვინიშნა. უმეტესად სწორედ ამ დღეს ისვენებენ იტალიაში ქალები, რომლებიც მოხუცის დამხმარეებად მუშაობენ. ზოგიერთ მათგანს მხოლოდ რამდენიმე საათი აქვს თავისუფალი კვირაში, ზოგი კი ამ გრაფიკს თავად ირჩევს, რადგან მეტის დაგროვება მოახერხოს, რაც სამშობლოში ადრე დაბრუნების იმედს უძლიერებს. 

ეთერი გვეუბნება, რომ უქმე დღეებში სახლში დარჩენა და დასვენება ურჩევნია, რადგან მეორე დღისთვის ენერგიაც სჭირდება. თან, მიუხედავად იმისა, რომ 21 წელია ერთ ქალაქში, ერთ უბანში მუშაობს გარშემო ბევრი მეგობარი აღარ დარჩა: “ზოგი აღარ არის ცოცხალი, ზოგი სამხრეთში წავიდა”, — ამბობს ის და გვიყვება თავის მეგობარ ნინოზე, რომელიც სწორედ ემიგრაციაში ყოფნისას გარდაიცვალა:

“დილით ნახეს გარდაცვლილი, მე საშუალებაც არ მქონდა რომ გავსულიყავი სამუშაოს გამო”, — გვეუბნება ის. 

ეთერიც და სხვა რესპონდენტებიც გვიყვებიან, რომ მათ გარშემო არაერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა, ბევრი კი მუშაობას 75 წელს ზემოთაც კი აგრძელებს. 

დარჩენის მიზეზი ზოგისთვის ისაა, რომ სწორედ ემიგრაციაში შეიგრძნეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, თუმცა როგორც კვლევები გვეუბნება, უმეტესობისთვის დარჩენის მთავარი ფაქტორი მაინც ეკონომიკურია. 

“მეოცე საუკუნე ქალებისთვის იყო, როგორც ვირჯინია ვულფი ეძახის, საკუთარი ოთახის მოპოვებისთვის ბრძოლა, თუმცა ახლა ჩვენ ვხედავთ როგორ იქცა საკუთარი ოთახის მოპოვების ეს ისტორიული ბრძოლა და პროცესი სახლში დაბრუნების ოცნებად ამ პენსიონერი ქალებისთვის”, — ეუბნება “პუბლიკას” მკვლევარი და და პარტია “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” წარმომადგენელი, მაია ბარქაია. 

ის გვიხსნის, რომ ემიგრაციის პროცესი მხოლოდ ერთ ჭრილში, “ცალსახად პოზიტიურ ან ცალსახად ნეგატიურში” არ უნდა განვიხილოთ. კერძოდ, მისი თქმით, ერთი მხრივ დგას სახელმწიფოს უუნარობა, რომ ვერ უქმნის ამ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში თვითგანხორციელების შესაძლებლობას, რათა აქვე იგრძნოს თავი დაცულად და იყოს დამოუკიდებელი, მეორე მხრივ კი ემიგრაციის ნაბიჯში ჩანს ამ ქალების “მოქმედების ძალა და მათი უნარი, იპოვონ გამოსავალი გამოუვალ მდგომარეობაში”. 

“ერთი მხრივ სტრუქტურა გაიძულებს წასვლას, თუმცა არც მხოლოდ იძულებით ფაქტორზე უნდა ფოკუსირდე, უნდა დაინახო ქალების უნარი, გამძლეობა და სიძლეირე იმაში, როგორ ზრუნავენ საკუთარ ოჯახზე იმ პორობებში, როდესაც სახელმწიფო ვერ სთავაზობს შესაბამის დასაქმების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ შესაძლებლობებს. ვერც მათ და ვერც მათ ოჯახის წევრებს”, — ამბობს ის.

 

საქართველოს პენსია VS იტალიის პენსია

“პუბლიკის” ემიგრანტი რესპონდენტები, რომელთაც მრავალი წლის განმავლობაში არაერთ მოხუცთან იმუშავეს, გვეუბნებიან, რომ იტალიელი პენსიონრები ხელფასს მათ საკუთარი პენსიიდან უხდიან. ამასთან ახერხებენ კომუნალურების დაფარვას და საკვებსაც თავად ყიდულობენ. რაც შეეხება წამლებს, ამ მხრივაც ქვეყანაში მოქმედებს შეღავათები — ოჯახის ექიმის რეცეპტით უფასოა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, ხოლო სხვა პრეპარატებზე, ასაკისა და შემოსავლის გათვალისწინებით, რიგ რეგიონებში მნიშვნელოვანი შეღავათებია.

“რა არის იცით, ჩვენ ისეთ ადამიანეთან გვიხდება ურთიერთობა, რომლებიც უკვე ღრმა ასაკში არიან, იმუშავეს იცხოვრეს, რაღაც შექმნეს და ამ შედეგით ტკბებიან ახლა. ამას რომ უყურებ და შენი ბუნდოვანი მომავალი იქიდან გიმზერს, ძალიან ძნელია.

უბრალოდ ხვდები, რომ თურმე შესაძლებელია, გქონდეს ქვეყანა, სადაც სისტემა ადამიანზეა ორიენტირებული და ღირსეული სიბერეა მერე ამის შედეგიც…”, — 63 წლის ემიგრანტი, ელისო ვადაჭკორია.

იტალიაში პენსიის ოდენობა ინდივიდუალურად, სამუშაო პერიოდში გადახდილი საპენსიო შენატანების მიხედვით განისაზღვრება. INPS-ის მონაცემებით, 2026 წელს ასაკობრივი პენსიის საშუალო ოდენობა თვეში 1 717 ევროა. დაბალი პენსიის მქონე პირებისთვის კი მოქმედებს მინიმუმამდე შევსების მექანიზმი — 2026 წელს მინიმალური პენსიის საბაზისო ოდენობა 611.85 ევროა.

თუმცა გარკვეულ შემთხვევებში პენსია 2 000 ევროსაც სცდება,  მაგალითად სტაჟის შესაბამისად პენსიაზე ადრე გასული პირებისთვის საშუალო ანაზღაურება 2 088 ევროა, ყოფილი საჯარო მოხელეების კი 2 280 ევრომდეა. 

ამასთან, იგივე INPS-ის თანახმად, 1500 ევროზე მეტს 9 მილიონზე მეტი პენსიონერი იღებს ყოველთვიურად, რაც პენსიონერთა საერთო რაოდენობის 55%-ია. 

საქართველოში პენსიის სტაჟის მიხედვით გაცემის მოდელი არაა, თუმცა 2019 წლიდან მოქმედებს დაგროვებითი პენსია, როდესაც საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად ხელფასის 6% გროვდება.

ამჟამად ქართველი პენსიონრები ასაკისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსხვავებულ ანაზღაურებას იღებენ.

კერძოდ, ქალაქში მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერის ანაზღაურება 370 ლარია, 70 წელს ზემოთ 495, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის ეს თანხები იგივე ასაკში 20%-ით იმატებს და პირველ შემთხვევაში 444 ლარს, ხოლო მეორე შემთხვევაში 594 ლარს შეადგენს. 

გასული წლის მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანას 888 518 პენსიონერი ჰყავდა. ეს საქართველოს მოსახლეობის თითქმის მეოთხედია. 

საქართველოსა და იტალიაში პენსიონერების მსყიდველუნარიანობის შესადარებლად რვა ძირითადი საკვები პროდუქტისგან შემდგარი დღიური კალათა შევადგინეთ. Numbeo-ს მონაცემებით, მისი ღირებულება საქართველოში 17.22 ლარია, იტალიაში კი — 9.32 ევრო. საშუალო პენსიით იტალიელ პენსიონერს თვეში დაახლოებით 152 ასეთი კალათის შეძენა შეუძლია, ქართველ პენსიონერს კი — მხოლოდ 25-ის.

განსხვავება ჩანს არა მხოლოდ პენსიაში, არამედ მომვლელების ანაზღაურებაშიც. იტალიაში 24-საათიან რეჟიმში მომუშავე ქართველი მომვლელის საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება დაახლოებით 1 000 ევროა. ეს თანხა იტალიაში დაახლოებით 107 დღიური სასურსათო კალათის ღირებულებას უტოლდება — ოთხჯერ მეტს, ვიდრე საქართველოში მცხოვრები პენსიონერის პენსიის მსყიდველუნარიანობა.

რას ნიშნავს ღირსეული პენსია

თითქმის ერთი თვის წინ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს მთავრობამ გვამცნო, რომ მომავალი წლიდან პენსია ასაკის მიხედვით 45 და 60 ლარით გაიზრდება. ეს თანხა იტალიაში მცხოვრები ხანდაზმულების მომვლელი ქართველი ქალების ნახევარი დღის საშუალო ანაზღაურების ტოლია, საქართველოში მცხოვრები პენსიონერისთვის კი სამნახევარი დღის პენსიის ექვივალენტია. 

ღირსეული პენსიის შეფასება მხოლოდ სუბიექტური მსჯელობის საკითხი არ არის. ამის ერთ-ერთი ეკონომიკური საზომია ჩანაცვლების კოეფიციენტი, რომელიც აჩვენებს, ადამიანის ბოლო ხელფასის რამდენ პროცენტს შეადგენს მისი პენსია. ქვეყნის დონეზე კი ეს მაჩვენებელი საშუალო პენსიისა და საშუალო ხელფასის თანაფარდობით გამოითვლება. საქართველოში ჩანაცვლების კოეფიციენტი ამჟამად დაახლოებით 15%-ია — ევროპის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლები.

ღირსეული პენსიის შეფასება მხოლოდ სუბიექტური მსჯელობის საკითხი არ არის. ამის ერთ-ერთი ეკონომიკური საზომია ჩანაცვლების კოეფიციენტი, რომელიც აჩვენებს, ადამიანის ბოლო ხელფასის რამდენ პროცენტს შეადგენს მისი პენსია. ქვეყნის დონეზე კი ეს მაჩვენებელი საშუალო პენსიისა და საშუალო ხელფასის თანაფარდობით გამოითვლება. საქართველოში ჩანაცვლების კოეფიციენტი ამჟამად დაახლოებით 15%-ია — ევროპის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლები.

“საქართველოს ჩანაცვლების კეოფიციენტი პირდაპირ გვეუბნება, რომ არსებული პენსია არ არის საკმარისი ღირსეული ცხოვრებისთვის”, — გვეუბნება ეკონომისტი, გიორგი ხიშტოვანი და გვიხსნის, რომ, თავისთავად ეს მაჩვენებელი კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში განსხვავებულია, და ასევე განსხვავდება საცხოვრებელი ადგილის მიხედვითაც:

“შეიძლება ჩანაცვლების კოეფიციენტი თბილისში იყოს ძალიან დაბალი მაგრამ რეგიონში, პირობითად გურიაში იყოს ძალიან მაღალი, იმაზე მაღალიც კი ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებშია”, — ამბობს ხიშტოვანი და განმარტავს რომ ამ სხვაობას მხოლოდ და მხოლოდ რეგიონებში არსებული დაბალი ხელფასები განაპირობებს და არა პენსიის სიუხვე. 

თუმცა ეს მაჩვენებელი ინდივიდუალურ დონეზე მნიშვნელოვნად დაბალია უცხოეთში მომუშავე ქართველებისთვის, როდესაც მათი რეალური შემოსავალი საპენსიო ასაკთან მიახლოების მიუხედავად საქართველოს საშუალო ხელფასზე მაღალია. აქ დადგენილი საშუალო ხელფასი კი, როგორც ხიშტოვანი ამბობს, რეალურად საპენსიო ასაკთან მიახლოებული ადამიანების დიდ ნაწილს არც აქვს. 

“წარმოიდგინეთ ადამიანი, ვინც პირობითად 1000-2000 ევროს ან დოლარს აკეთებს თვეში უცხოეთში და საქართველოში 200 დოლარამდე ჩამოდის მისი პენსია, კარგ შემთხვევაში, მისი ჩანაცვლების კოეფიციენტი ჩამოდის 10%-ზე დაბლა და შესაბამისად მათთვის საპენსიო ასაკში დაბრუნება არის სერიოზული ფინანსური კრიზისის საწინდარი”, — განმარტავს ის.

ხიშტოვანის თქმით, საქართველოში პრობლემა პენსიებთან დაკავშირებით სამომავლოდაც ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოგვარდეს. ამის მიზეზს კი ის ამჟამად საქართველოში არსებული პენსიის მოდელში ხედავს. მართალია, 2019 წლიდან ქვეყანაში დაგროვებითი პენსია არსებობს, რაც ერთი მხრივ ნიშნავს, რომ პენსიაზე გასვლისას მომავალი თაობები უფრო მეტი დანაზოგით შეხვდებიან საპენსიო ასაკს, თუმცა ეს მოდელიც არ ეხმარება მოქალაქეებს

საკმარისი თანხის დაგროვებაში, განსაკუთრებით საშუალო და დაბალი ხელფასის მქონე ადამიანებისთვის. 

მაგალითად, PMCG-ის თანახმად, 2026 წლის სექტემბრის მონაცემებით, ოფიციალურად 600 ლარზე ნაკლები ხელფასი 113 809 ადამიანს ჰქონდა. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველთვიურად მათი საპენსიო შენატანი მაქსიმუმ 36 ლარის ტოლი იქნებოდა, ხოლო, 600-დან 1200 ლარამდე ანაზღაურება 172 744 ადამიანს აქვს, ანუ ყოველთვიურად ეს ადამიანები მაქსიმუ 72 ლარს აგროვებენ სიბერისთვის.

“6% არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოქალაქეს მნიშვნელოვნად გაეზარდოს ჩანაცვლების კოეფიციენტი, განსაკუთრებით კი მათ, ვინც კარიერის მეორე ან მესამე ეტაპზეა, რადგან საკმარისი თანხის დაგროვებას ვერ ასწრებენ.

ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ვინც ასაკშია და პენსიის ასაკთან ახლოსაა, მათი უმეტესობის ხელფასი არ იქნება საშუალოზე მაღალი, შესაბამისად ისინი ვერ ახერხებენ დიდხანს დაგროვებას, ვერც ბევრის დაგროვებას და ჩემი ვარაუდით ამ ადამიანებისთვის 10-15 წელიწადში პენსიაზე გასვლის შემდეგ მათი ჩანაცვლების კოეფიციენტი მნიშვნელოვნად მაღალი ვერ იქნება.

რაც შეეხება გრძელვადიან საკითხს, აქაც ვიტყოდი, რომ ეს მინიმალურ შვებას აძლევს ადამიანებს, ამით იხეირებენ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები, დღეს ვისაც 4-5-6 ათასი ან მეტი აქვს, თუმცა ეს არის მოსახლეობის აბსოლუტური უმცირესობა ამიტომაც ზოგად პრობლემას ევრ მოაგვარებს”, — გვიხსნის ის. 

ხანდაზმულებზე ზრუნვა და სახელმწიფოს როლი

“მე პირადად ჩემს სახელმწიფოს ვდებ ბრალს იმაში, რომ ემიგრანტებს ყველანაირი უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი აქვთ.

ამას სადღეგრძელოები არ უშველის, სჭირდება სწორი პოლიტიკა. უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ სისტემა შეიცვლება და იცვლება ადამიანების მდგომარეობაც”, — გვეუბნება ელისო ვადაჭკორია.

ამასთან, ექსპერტების შეფასებით, ამჟამინდელი პენსიის დაგროვების სისტემა უთანასწორო ვითარებაში აყენებს ქალებსა და კაცებს, რადგან ქალებს როგორც წესი უფრო დაბალი ხელფასები აქვთ ვიდრე კაცებს შესაბამისად ნაკლები საპენსიო დანაზოგიც უგროვდებათ. მაგალითად 2026 წლის გაეროს ქალთა ფონდის კვლევის თანახმად, ქალების საშუალო ხელფასი კაცებისას 32%-ით ჩამორჩებოდა 2024 წელს.

“ხანდაზმულობის ასაკში ზრუნვაზე ხელმისაწვდომობა არის სამართლიანობის საკითხი და არა სახელმწიფოს კეთილი ნება. თუკი ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სახელმწიფოს სრულად გამოცლილი აქვს ეს ვალდებულება, სოციალური უფლებების, ზრუნვის და სხავდასხვა სოციალური რისკებისგან დაზღვევის ფუქნცია არ აქვს, მთელი ეს პასუხისმგებლობა გადადის ინდივიდზე, რიგით მოქალაქეზე, რომელსაც არანაირი შესაძლებლობობებს არ აძლევს დასაქმების თვალსაზრისით ეს ქვეყანა და თუ აძლვეს ეს არის დაბალანაზღაურებადი და ნაკლებკვალიფიციური”, — გვეუბნება მკვლევარი და პარტია “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” წევრი, მაია ბარქაია.

ის გვიხსნის, რომ რაც უფრო განვითარებულია სახელმწიფო მით მეტია ასეთი გარანტიებიც, როგორც მაგალითად იტალიის შემთხვევაში. თუმცა როდესაც სახელმწიფოს არ შეუძლია მოქალაქეების ცხადი რისკებისგან დაცვა, როგორც საქართველოსა და მოლდოვაში, იზრდება ოჯახის წევრების როლიც, “ასეთ დროს ოჯახია ვინც ზრუნავს ადამიანებზე, ვისი წყალობითაც უნდა გადარჩე”, — ამბობს ბარქაია.

სწორედ ოჯახის წევრების დასახმარებლად, ზოგჯერ კი გადასარჩენად მიდიან უკვე ათწლეულებია ქალები ემიგრაციაში, ქვეყნებში, სადაც მათი შრომა ფასობს რადგან, როგორც თავად ჩვენი რესპონდენტები გვეუბნებიან, სამშობლოში რომ ჰქონოდათ ამის შესაძლებლობა, არასდროს წავიდოდნენ უცხოეთში, იქ სადაც ენის ცოდნისა და ხშირად ყოველგვარი დახმარების გარეშე, ოჯახის წევრებისა და სახლისგან შორს წლებს ატარებენ. 

“თუ გინდა ადამიანი დაწყევლო, ემიგრაცია უნდა უსურვო”, — ასე აჯამებს 62 წლის ნინო საკუთარ 9-წლიან ემიგრაციას “პუბლიკასთან”.

“სიმართლე გითხრათ საკუთარ სიბერესა და მომავალზე ვერც კი ვფიქრობ, როგორც კი ეს გამახსენდება, შიში მიპყრობს”, — გვეუბნება ელისო.