კვირის დაიჯესტი - ამბები მოკლედ (09/11/26 - 15/11/26)

პუბლიკა

გასული კვირა საკმაოდ დატვირთული იყო გახმაურებულ საქმეებზე განაჩენების გამოცხადებითა და ახალი ბრალდებებით. პატიმარ დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე 7 პირს ბრალი წარედგინა, 5 კრიმინალურ ავტორიტეტს, მათ შორის „კაწროსა“ და ძმებ ყიფიანებს პატიმრობა, ხოლო პენიტენციური სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი პატარიძესა და N8 ციხის ყოფილ უფროსს, რამაზ ფირცხალავას 10 000-10 000 ლარიანიგირაოშეეფარდათ.

სპეცრაზმელებს 5-5 წელი მიესაჯათ

აქციებზე ძალადობისთვის სპეცრაზმელებს 5-5 წელი მიესაჯათ, საქმეები ზვიად მაისაშვილზე, გურამ როგავასა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმებს ეხება. ჟურნალისტი გურამ როგავა განაჩენს ფორმალურ გარიგებას უწოდებს და ამბობს, რომ ბრალდებული პირი რეალური თავდამსხმელი არ არის.

ისაკო დევიძე ციხეში შიმშილობს

აქტივისტ ისაკო დევიძის დის ინფორმაციით, მისი ძმა პატიმრობაში შიმშილობს და კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. დის განმარტებით, მას ჯანმრთელობის პრობლემები და მუცელში ძლიერი ტკივილები აქვს, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ამ დრომდე უშედეგოდ მოითხოვს.

„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ პოლიტიკურ პარტიად დაფუძნდა

15 ნოემბერს „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ პოლიტიკური პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე პარტიის წესდება დაამტკიცეს, სარევიზიო კომისია და 16-წევრიანი მმართველი ორგანო აირჩიეს. ახალი პოლიტიკური პარტია ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე სოციალურად და ეკონომიკურად სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობას ისახავს მიზნად.

სოფო ბათილაშვილი „ოლე–ოლას“ შესრულების გამო 3 000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, სადაც ის „ოლე ოლას“ მღერის, 3 000 ლარით დააჯარიმა. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქტი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სიმღერის გამო სასამართლოში დაიბარეს.

ირაკლი კობახიძემ დუბლინში „გლობალური ომის პარტიასა“ და „მეორე ფრონტზე“ კონსპირაციებზე ისაუბრა

დუბლინში საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2008 წლისა და უკრაინის ომების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუმცა „ზოგიერთ გავლენიან ადამიანს“ ეს არ სურდა. მისი თქმით, მაღალი სტატუსის მქონე პირმა, „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენელმა საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნა პირდაპირ მოსთხოვა, თუმცა „სახიფათო“ გარემოებების გამო კობახიძემ მისი ვინაობა არ დაასახელა. მისი განმარტებით, საქართველოს ომში ჩართვას ევროკავშირი ან აშშ არ ცდილობდა და ეს მოთხოვნა მათზე გავლენის მქონე კონკრეტული ძალისგან მოდიოდა.

„ოცნების“ ხელისუფლება მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა გააკრიტიკეს

გასულ კვირას, მიტროპოლიტმა იობმა ხელისუფლების მიერ ეკლესიის დაფინანსების პრაქტიკა გააკრიტიკა და თქვა, რომ სასულიერო პირების დიდი ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ ხმას ვეღარ იმაღლებს. მისი თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა.

მიტროპოლიტის ამ განცხადებას მმართველი გუნდის წევრებისგან კრიტიკა მოჰყვა, ხოლო პროპაგანდისტმა ლაშა ნაცვლიშვილმა მიტროპოლიტს აგინა, რის გამოც მის წინააღმდეგ ადმინისტრაცილი სამართალწარმოება დაიწყო.

მიტროპოლიტ იობს სხვა მაღალი იერარქის სასულიერო პირებმა გამოუცხადეს მხარდაჭერა, ხოლო მიტროპოლიტმა ილარიონმა ვრცელი წერილით გაავრცელა, სადაც ხელისუფლება მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობისა და უკანონო თვალთვალის გამო გააკრიტიკა.

„ჩვენ ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, რომ უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის, უკვე გამოჩნდა“ – თქვა მიტროპოლიტმა იობმა კვირას, 15 ნოემბერს ახალ ქადაგებაში.

ევროპის 40-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უსაფრთხოების ახალ დეკლარაციას მოაწერა ხელი

დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, საფრანგეთის მიერ მომზადებულ ევროპის უსაფრთხოების დეკლარაციას 40-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ მოაწერა ხელი.

დოკუმენტი ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიების მხარდაჭერას, ასევე იმას, რომ ევროპის უსაფრთხოებასა და უკრაინაში მშვიდობაზე გადაწყვეტილებები უკრაინისა და ევროპელების მონაწილეობით უნდა მიიღებოდეს. ამასთან, ქვეყნები თავდაცვის გაძლიერებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვაზე თანხმდებიან.

სხვა სიახლეები

  • 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე 2 წლის შემდეგ დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს 3 პოლიციელს. გამოძიების ვერსიით, 2024 წლის 25 აგვისტოს ხადურმა ავტომანქანებს ქვები დაუშინა, მათ შორის პოლიციის ავტომობილს, რის შემდეგაც პოლიციელები მას დაედევნნენ და ჰაერში სამჯერ გაისროლეს, თუმცა დაკავება ვერ შეძლეს,  28 აგვისტოს კი მისი ცხედარი მდინარეში იპოვეს. ოჯახის წევრების მტკიცებით  თემურ ხადური სამართალდამცველებმა მოკლეს.
  • თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად, ევროპული ქალაქების მსგავსად, შესაძლოა კენტი და ლუწი სანომრე ნიშნებით მოძრაობის შეზღუდვა ან კონკრეტულ უბნებში ფასიანი შესვლის სისტემა დაინერგოს.
  • ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინის მხარეს ბრძოლის გამო საქართველოს მოქალაქეს, გურამ ჭიჭინაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ვასილ მაღლაფერიძის ინიციატივით ნოემბრის ჰონორარები გაიზარდა და ერთჯერადი „მე-13 ხელფასების“ გაცემაც დაამტკიცა. გადაწყვეტილების მიხედვით, თავად მაღლაფერიძის გაზრდილი ჰონორარი 10 898 ლარი იქნება, დანამატი კი 8 817 ლარი; ასევე გაიზარდა მოადგილისა და საბჭოს სხვა წევრების ანაზღაურებაც.
  • 21 წლის ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში გამართულ ტურნირზე MMA-ის ამერიკელი ვეტერანი ურაია ფეიბერი დაამარცხა. მან შეჯიბრებაზე უმარ ნურმაგომედოვი ჩაანაცვლა. ამავე ტურნიზე მერაბ დვალიშვილმა ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. ტურნირს წინ უსწრებდა აბუ-დაბის სასტუმროში მომხდარი დაპირისპირება, სადაც დვალიშვილსა და ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ, რის გამოც ადგილობრივმა სასამართლომ 6 მათგანს 6 თვით თავისუფლების აღკევთა მიუსაჯა.
  • 28 ნოემბერს თბილისში საპროტესტო მარში გაიმართება. ამ დღეს ორი წელი სრულდება, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებდა.

უცხოეთი

ზელენსკი: ამერიკელებმა NATO-ს სანაცვლოდ დონბასის დათმობის საკითხი დააყენეს

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ–ის წარმომადგენლებმა დააყენეს საკითხი, უკრაინის NATO-ში გაწევრების სანაცვლოდ, გაიყვანს თუ არა უკრაინა ჯარს დონბასის დარჩენილი ნაწილიდან. ზელენსკი ეწინააღმდეგება ტერიტორიების დათმობას და ოკუპირებული მიწების რუსეთისადმი აღიარებას, თუმცა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების კომპლექსური პაკეტის შემთხვევაში მზად იქნება, ეს საკითხი საზოგადოებასთან ერთად რეფერენდუმზე განიხილოს.

უკრაინაში Starshield-ის ინტერნეტზე ისევ პრობლემა შეიქმნა

ბოლო ერთ თვეში უკვე მეორედ უკრაინას SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტზე Starshield–ზე წვდომა შეუფერხდა. 12 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფრონტის მთელ ხაზზე Starshield-ის სიჩქარე სისტემურად შეიზღუდა, რამაც უკრაინულ ძალებს რუსული დრონების მოგერიება თავდაცვის შესაძლებლობა გაურთულა.

უკრაინა რუსეთის ომი

  • 14 ნოემბერს უკრაინულმა ძალებმა სამარას ოლქში კრიტიკულად მნიშვნელოვან ნავთობსადენის სადგური დაბომბეს;
  • უკრაინელებმა რუსეთის ასტრახანის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს დაარტყეს, რის შედეგადაც ადგილზე მინიმუმ 30 აფეთქება დაფიქსირდა.
  • მხოლოდ 14 ნოემბერს რუსეთმა ზაპოროჟიეზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმებით 7 ადამიანი მოკლა. 80 დაშავდა, მათ შორისაა 8 ბავშვი.
  • 13 ნოემბერს მოსკოვში მომხდარი ავტომობილის აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა უკრაინის ყოფილი პრემიერის, მიკოლა აზაროვის ყოფილი პრესსმდივანი სერგეი ზავოროტნი, რომელიც 2014 წლიდან რუსეთში ცხოვრობდა და პროკრემლისტურ საქმიანობას ეწეოდა

ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი სამმხრივ შეხვედრას გამართავენ

19 ნოემბერს, ჩინეთში დაგეგმილი APEC-ის სამიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი სამმხრივ შეხვედრას გამართავენ. თეთრი სახლის ცნობით, შეხვედრაზე ბირთვული იარაღის შემცირებისა და ირანის საკითხებს განიხილავენ და უკრაინის თემა დღის წესრიგში არ იქნება. ოფიციალური პირების განცხადებით, შეხვედრის შედეგად რაიმე კონკრეტული შეთანხმების მიღწევა მოსალოდნელი არ არის.

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშავეს

„რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროს ხელმძღვანელის, ​რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის ელჩები რუსეთის მიმართ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ, რომელსაც საბოლოოდ 16 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრები დაამტკიცებენ. სასანქციო სიას 100-ზე მეტი პირი და ორგანიზაცია ემატება, შეზღუდვები კი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, ჰიბრიდულ თავდასხმებსა და კიბერშეტევებს უკავშირდება.

უცხოეთის სხვა ამბები

  • ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით აშშ–ის არმიის ოფიცერი 41 წლის ოფიცერი, ბრენდონ ტაინერი დააკავეს.
  • უნგრეთში ორბანის მთავრობის ყოფილ მინისტრს მიკლოშ შესტაკს 20 მილიონზე მეტი დოლარი უპოვეს, ფულის ნაწილი ტყეში იყო დამარხული.
  • 13 ნოემბერს ბრიტანეთში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე უცნობი დრონები გამოჩნდა.
  • დიდმა ბრიტანეთმა და აზერბაიჯანმა დუბლინში სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღმავებას თავდაცვის, უსაფრთხოების, ვაჭრობის და ტექნოლოგიების მიმართულებით.

ჩვენი რეკომენდაცია:

რა სოციალურ ძალებს, იდეოლოგიასა და განწყობებს ეფუძნება „ქართული ოცნება“

“ხანძრები” გაუქმებული თეატრის მიღმა

2008 წლის ომიდან „პუტინის გზამდე“ – რა გეოპოლიტიკური შედეგი შეიძლება მოჰყვეს პარტიების აკრძალვას?