მაშინ, როცა ირაკლი კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის“ სამიტზე იმედს გამოთქვამდა, რომ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა შეიცვლება და ევროპელი ბიუროკრატები საქართველოს მიმართ პოზიციას გადახედავდნენ, ევროკომიასიამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველომ ვიზების შეჩერების მექანიზმის რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა და მისი ევროკავშირში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
კობახიძის ვიზიტი ბრიუსელში
„ევრონიუსის“ ჟურნალისტის კითხვებზე, რომელიც დემოკრატიულ უკუსვლასა და შეუსრულებელ რეკომენდაციებს ეხებოდა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკომისიის ანგარიშები პოლიტიკურად მოტივირებულია და „ქართული ოცნების“ ნაბიჯები ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვას ემსახურება.
ევროკომისიის ანგარიში
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია საქართველოში მმართველი პარტიის მიერ დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ოპოზიციაზე თავდასხმების გამო. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ ვიზების შეჩერების მექანიზმის რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა.
კაია კალასი მთავრობის წევრების სანქცირებაზე
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირს სურდა „ოცნების“ მთავრობის სანქცირება, თუმცა, მაშინ ამ ინიციატივას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა არ ჰქონდა. მისი თქმით, იანვარში საქართველოს შესახებ უფრო სიღრმისეული განხილვაა დაგეგმილი.
რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
მოსკოვმა „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადების მიზეზად პარტიის ანტისაოკუპაციო პოზიცია და უკრაინის მხარდაჭერა დაასახელა, რასაც „დროამ“ განცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ რუსეთის ბრალდებები პარტიისთვის პატივია.
ცხოველთა სამარხების კადრებზე გამოძიება დაიწყო
გასულ კვირას „TV პირველის“ ეთერით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები იყო ასახული. უფლებადამცველებმა ივარაუდეს, რომ შესაძლოა, ცხოველები მიზანმიმართულად დახოცეს. მოქალაქეებმა პეტიციითა და აქციით გამოძიების დაწყება და ცხოველების დაღუპვის მიზეზის დადგენა მოითხოვეს. შსს–მ გამოძიება დაიწყო.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ და თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრალდებები უარყვეს. კალაძის თქმით, სააგენტო გამჭვირვალედ მუშაობს, აქციის მონაწილეების ნაწილს კი „არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანები“ უწოდა და თქვა, რომ „5-6 ადამიანი დასაძინებელია“.
საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები იგეგმება
ISFED, საია და TI საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები საარჩევნო პროცესის კონტროლის მექანიზმებს კიდევ უფრო შეასუსტებს.
რა იცვლება? – საკანონმდებლო პაკეტით უქმდება ბიულეტენების სავალდებულო გადათვლა; სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციაზე, თუ აქამდე საარჩევნო კომისია იღებდა გადაწყვეტილებას, ახლა ის ცესკოს თავმჯდომარის კომპეტენცია ხდება; ოქმების გასაჩივრება მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეცდომების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
საქართველოში მიმდინარე სხვა კვირის ამბები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ
- ოკუპირებულ ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა მარატ კამბოლოვმა ე.წ. ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი, დმიტრი გლადსკი დანიშნა.
- საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ზურაბ ჭავჭანიძემ და ირაკლი ჩხვირკიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.
- ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებლების” 33-წევრიან სიაშია. სიის ავტორია ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.
- „ოლე–ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ.
- ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მანამდე ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის მიმართ მტკიცებით ფორმაში ისმის უსაფუძვლო ბრალდებები „ქოლცენტრების“ მფარველობაზე, რასაც სამართლებრივად გასცემს პასუხს.
- გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.
- ენმ–ის წევრის, ანა წითლიძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური ალიანსიდან გარიცხეს.
უცხოეთის ამბები
აშშ-ის არჩევნებში დემოკრატებმა კონგრესზე სრული კონტროლი მოიპოვეს
„დემოკრატიულმა პარტიამ“ კონგრესის ორივე, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაზე სრული კონტროლი მოიპოვა. ბოლო მონაცემებით, „დემოკრატებს“ სენატში 54 სენატორი ჰყავთ, „რესპუბლიკელებს“ კი – 44, გამოსაქვეყნებელია კიდევ 4 ვაკანტური ადგილის მონაცემები. დემოკრატებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს ტრადიციულად რესპუბლიკურ შტატებშიც, მათ შორის ტეხასში, სადაც სენატორის მანდატთან ერთად გუბერნატორის არჩევნებიც მოიგეს.
დონალდ ტრამპის ამბობს, რომ დემოკრატებთან ითანამშრომლებს
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რესპუბლიკური პარტიის მარცხის მიზეზია ის, რომ ბიულეტენზე ტრამპის სახელი არ იყო. აშშ–ის პრეზიდენტის თქმით, ის დემოკრატებთან ითანამშრომლებს, თუმცა არჩევნების დღემდე აცხადებდა, რომ „მისტერ ვეტო“ გახდებოდა და დემოკრატების ყველა ინიციატივას დაბლოკავდა.
პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ბრალდებით 6 პირი დააკავა. შიდა უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, დაკავებულები უკანონოდ აწვდიდნენ რუსეთს შეიარაღების წარმოებისთვის საჭირო მასალებს.
არეულობა კიევის ოლქში
2 ნოემბერს კიევის ოლქში, ბორშჩაგივციში, ერთ–ერთ სახლთან ათეულობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი აცხადებდნენ, რომ სახლში დაკავებულ სამხედროებს აწამებდნენ. აქცია მალე არეულობაში გადაიზარდა. ეროვნული გვარდიის თქმით, სახლს „აზოვის“ მოსამსახურეთა სამხედრო პუნქტად იყენებდნენ. უკრაინის პროკურატურამ გამოძიება სამხედროების მიერ შესაძლო უფლებების გადამატებაზე დაიწყო. პროკურატურამ აქციის მონაწილე ორ ქალი დააკავა და ბრალად თავდაცვის ძალების საქმიანობისთვის ხელის შეშლა და სამხედრო ქვედანაყოფის ადგილმდებარეობაზე ინფორმაციის გავრცელება დასდო. ალენტინა მოლოდას და ტატიანა კირეევას სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება დავით არახამიას წინააღმდეგ
უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დაავალა, გამოძიება დაეწყო მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას წინააღმდეგ, რომელიც სავარაუდოდ პარლამენტში დეპუტატებს „კონვერტებით“ ურიგებდა ფულს. არახამია ბრალდებებს უარყოფს.
ევროკავშირის ფინანსური დახმარება უკრაინას
ევროკავშირმა უკრაინას 4.36 მილიარდი ევროს დახმარება გამოუყო, რაც 90-მილიარდიანი სესხის პაკეტის ნაწილია.
რა მოხდა უკრაინა-რუსეთის ომში ამ კვირაში
- რუსეთმა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახა დაბომბა. მათ შორის სკოლა, სადაც ხალხი ჰუმანიტარული დახმარების ასაღებად იყო შეკრებილი. დაიღუპა 43 ადამიანი, 33 კი დაკარგულად ითვლება.
- 3 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ნემიშლიანსკის რაიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს, რის შედეგადაც 62 ადამიანი დაშავდა, ხოლო 226 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი.
- უკრაინამ რუსეთში რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა, რაც ხანძრისა და ელექტროენეგიის გათიშვის მიზეზი გახდა.
- 3 ნოემბერს უკრაინელებმა უპილოტო აპარატებით შეუტიეს რუსეთის კომპანია „სლავნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რამაც ობიექტზე ხანძარი გამოიწვია.
ჩვენი რეკომენდაცია:
რა უნდა ვიცოდეთ უფასო სასკოლო კვების კანონპროექტზე
რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება თუ არჩევანის შემცირება?