რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარე უბისის მონასტრის დაზიანებული ფრესკების ფოტოსურათები. კულტურულოგი და გიდი ნანა ზარდიაშვილი წერს, რომ ფოტოებს შორის სხვაობა სამი კვირაა და „ყოველდღიურად იშლება და ნადგურდება უბისის ფრესკები“.
როგორც მან „პუბლიკას“ უთხრა, ის, როგორც გიდი, უბისის მონასტერში თითქმის ყოველ კვირას დადის და თავისი თვალით ხედავს კედლის მხატვრობის დაზიანების პროცესს.
„მე ვარ პროფესიით კულტუროლოგი, გიდად მუშაობა დავიწყე 2010 წელს. ფრესკებზე დაზიანების გაჩენა, ობის მსგავი ნაცრისფერი ნადები შევნიშნე ალბათ 2015 წელს, ზუსტად არ მახსოვს. ის ვიცი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ გაწმინდეს ნადები, ანუ კი, ჩატარდა სამუშაოები, მაგრამ დაზიანება ისევ გავრცელდა.
ამ დროიდან მოყოლებული დღემდე, მთლიანად წაიშალა დასავლეთის კედელი და დღეს დაზიანება მისულია თითქმის აბსიდამდე. ჩრდილოეთის და სამხრეთის მხარესაც“, – ამბობს ის.
ნანა ზარდიაშვილის თქმით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები 11 ოქტომბერსა და 1 ნოემბერსაა გადაღებული.
„11 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს, რომ ნადები გავრცელებულია ზოლის სახით, გუშინწინ ადგილზე მისულმა გადავიღე იგივე ადგილი, სადაც თვალითაც ჩანს, რომ 25 სმ-იანი ზოლი, გახდა 50 სმ“, – დაწერა მან 3 ნოემბერს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
როგორც სააგენტო წერს, უბისის მონასტრის კედლის მხატვრობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სისტემატურად ამოწმებენ, მონასტერი შეამოწმეს ფოტოების გავრცელების შემდეგაც.
„შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კედლის მხატვრობაზე უკვე არსებული დაზიანებების გარდა, დაზიანების ახალი კვალი არ ფიქსირდება“, – ამბობს სააგენტო.
მათი ინფორმაციით, უბისის კედლის მხატვრობის შესასწავლად საქართველოში იტალიელი ექსპერტები იყვნენ ჩამოსული და დასკვნა მოამზადეს.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი სტანდარტების დაცვით სრულყოფილი საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების უზრუნველყოფის გეგმაზე“, – წერს სააგენტო.
უბისის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი პაისი კუკულავა კი TV პირველთან ინტერვიუში აცხადებს, რომ დაზიანებული ფრესკები თანდათანობით შესამჩნევად თეთრდება. მისი თქმით, ამის შეჩერება მათ ძალებს აღემატება და ეს კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საკითხია.
წინამძღვრის თქმით, 2-3 თვეში ერთხელ მონასტერში ჩადიან და კედლის მხატვრობას ამოწმებენ. მისი თქმით, სხვა მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან მონასტერს სათანადო ყურადღება არ ექცევა.
„არქიტექტორი ჩამოდის 2-3 თვეში ერთხელ და აპარატურა აქვს და ამოწმებს. სხვა არაფერი […] მაგათგან არ არის. რამდენი სააგენტოს უფროსი შეიცვალა, რამდენი მინისტრი შეიცვალა, არც ერთისგან ყურადღება არ არის. ისეთ ადამიანებთანაც მქონდა კონტაქტი, რომლებიც ყოფილი თანამშრომლები არიან. ისინი ამბობენ, დაგვიძახონ, აქ ვინც მუშაობდა, გეტყვით ყველაფერს, რაც არის გასაკეთებელიო. როგორც ისინი ამბობენ, როგორც ჩანს, ეს არის ფინანსურ საკითხთან დაკავშირებული. ფინანსებია გამოსაყოფი, რომ გაიმართოს კვლევა და სამუშაო, რომელიც არის ჩასატარებელი“, – ეუბნება წინამძღვარი TV პირველს.