ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ერთ-ერთმა ვაჟმა, ზელიმხანმა (ელი) სერბეთის მოქალაქეობა ალი მუსაევის სახელით მიიღო. ამის შესახებ სამშაბათს ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებულმა ანტიკორუფციულმა ფონდმა (FBK) გაავრცელა. ორგანიზაციის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი სერბეთის ოფიციალურ ჩანაწერებში აღმოაჩინეს.
საჯარო დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის 10 ივლისს სერბეთის მთავრობამ 18 წლის ალი მუსაევისთვის მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტში მითითებულია, რომ ალი მუსაევი 2006 წლის 14 დეკემბერს ჩეჩნეთის სოფელ ცენტოროიში დაიბადა. გადაწყვეტილებას ხელი სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ჯურო მაკუტმა მოაწერა. მოქალაქეობა მას ქვეყნის წინაშე „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ გათვალისწინებული სპეციალური პროცედურით მიენიჭა.
FBK ამტკიცებს, რომ ამ სახელისა და გვარის მქონე პირი არ არსებობს და დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი და ადგილი რამზან კადიროვის მეორე ვაჟის, ზელიმხანის მონაცემებს ემთხვევა.
რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Agentstvo-ს („სააგენტო“) მიერ მოპოვებული გაჟონილი მონაცემთა ბაზების თანახმად, ზელიმხან კადიროვმა გვარი 2025 წლის იანვარში, ჩეჩნეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მეშვეობით შეიცვალა. მისი ძველი პასპორტი გაუქმებულად გამოცხადდა, ამჟამად კი ის ალი მუსაევის სახელით სარგებლობს.
გვარი მუსაევი კადიროვების ოჯახთან დაკავშირებით ადრეც გამოჩენილა. ამ გვარით ზელიმხან კადიროვი საზღვარგარეთ 100-ზე მეტჯერ იმყოფებოდა, უმეტესად დუბაიში. თითქმის ყველა მოგზაურობისთვის ის კერძო თვითმფრინავებს იყენებდა. FBK-ის ცნობით, მუსაევის გვარზე გაცემული დოკუმენტებით ჩეჩნეთის ლიდერის ოჯახის სხვა წევრებიც სარგებლობენ, მათ შორის არიან კადიროვის ცოლი მედნი, ვაჟები – ადამი და ახმატი, ასევე ქალიშვილი ტაბარიკი.
მიუხედავად იმისა, რომ ზელიმხან კადიროვი სანქცირებული არ არის, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზის მიღება მნიშვნელოვნად გართულდა. ბალტიისპირეთის ზოგიერთმა ქვეყანამ კი რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემა საერთოდ შეაჩერა. თუმცა სერბეთის პასპორტის მფლობელებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ.
FBK-მ სერბეთის ხელისუფლებას მოუწოდა, გააუქმოს კადიროვის ვაჟისთვის მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილება და მისი პასპორტი ბათილად გამოაცხადოს.
ფონდმა ყურადღება გაამახვილა სხვა რუსებზეც, რომლებმაც სერბეთის მოქალაქეობა სპეციალური პროცედურით მიიღეს. მათ შორის არიან ჩეჩენი ბიზნესმენის, მუსა ბაზჰაევის ნათესავები და რუსეთის პოლიტიკური და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩეჩნეთის ლიდერის ნათესავს სერბეთის მოქალაქეობა მიანიჭეს. 2026 წლის აპრილში სერბეთის ხელისუფლებამ პასპორტი კადიროვის ძმისშვილს, იაკუბ ზაქრიევს მისცა, რომელიც ჩეჩნეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და კომპანია Danone Russia-ს გენერალური დირექტორია. თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა, სერბეთის მთავრობამ გადაწყვეტილება ოთხი დღის შემდეგ გააუქმა.
2025 წლის აპრილში გამოცემებმა iStories-მა და სერბულმა საგამოძიებო მედია KRIK-მა გამოაქვეყნეს ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, 2022 წლიდან სერბეთის ხელისუფლებამ 204 რუსს გასცა პასპორტი იმ მოტივით, რომ ეს „რესპუბლიკის ინტერესებში“ შედიოდა.
სერბეთის ახალი მოქალაქეები იყვნენ როგორც რამზან კადიროვის გარემოცვის წევრები, ისე რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან წასული პირები, კომპანია Yandex-ის მაღალი თანამდებობის პირები და სახელმწიფო კორპორაცია „როსტეკთან“ („რუსული ტექნოლოგიები“) დაკავშირებული პირები.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.