ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს შეფასებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე კვლავ პირდაპირ აისახება მყიფე უსაფრთხოების გარემო.
ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ახალ ნახევლიურ კონსოლიდირებულ ანგარიშში, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს 18 ნოემბერს წარედგინა და 2026 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს მიმოიხილავს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ფუნდამენტური მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა.
დოკუმენტში დეტალურად არის განხილული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება უსაფრთხოების, გადაადგილების თავისუფლების, ჰუმანიტარული მდგომარეობის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული ენის, როგორც მშობლიური ენის, სწავლებასა და ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას.
ანგარიშის თანახმად, რუსეთისა და ადგილობრივი უსაფრთხოების სტრუქტურების მიერ რეგულარულად ჩატარებული სხვადასხვა მასშტაბის უკანონო სამხედრო წვრთნები, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ფრენები და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერება სისტემური მილიტარიზაციის ტენდენციაზე მიუთითებს, ეს პროცესები კი ადგილობრივ მოსახლეობაში დაუცველობის განცდას აძლიერებს.
კერძოდ, ევროპის საბჭოს ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის აპრილიდან სექტემბრამდე საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 35 უკანონო სამხედრო წვრთნისა და საჰაერო სივრცის დარღვევის 18 შემთხვევის შესახებ განაცხადა. ეს უკანასკნელი ვერტმფრენებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს უკავშირდებოდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აფხაზეთის მიმართულებით დრონების სამი და ვერტმფრენების ოთხი შემთხვევა უშუალოდ დააფიქსირა, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ კი დრონების ფრენების ზრდა შენიშნა. ანგარიშში ასევე საუბარია ორივე რეგიონში სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე.
ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ ანგარიშში წერია, რომ 2026 წლის აპრილიდან სექტემბრამდე: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) უშუალოდ დააფიქსირა დრონების ფრენის სამი შემთხვევა; ვერტმფრენებთან დაკავშირებული ოთხი შემთხვევა; ზოგიერთი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობითაც გადაიცა. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საოკუპაციო ხაზის მეორე მხრიდან დრონების ფრენების ზრდა შენიშნა.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშში ასვეე აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა ცალმხრივი შეზღუდვები კვლავ გრძელდება. ევროსაბჭო წერს, რომ ეს პრაქტიკა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ადამიანის უფლებებით სარგებლობაზე ახდენს გავლენას, მათ შორის, ზღუდავს საბაზისო უფლებებზე, მომსახურებებსა და საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობას.
დოკუმენტში ასევე საუბარია ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმაზე. მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვაზე. ანგარიშის შეფასებით, ეს პრაქტიკა კიდევ უფრო აღრმავებს მოსახლეობის გაუცხოებას და იძულებითი გადაადგილების ახალი ტალღის რისკს ზრდის.
გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს ორივე რეგიონში არსებულ შეშფოთებაზეც, რომელიც ქართული რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის გაუარესებასა და დამახინჯებას უკავშირდება.
კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, არაერთი რელიგიური ძეგლი და მონუმენტი შეცვლილია, უგულებელყოფილია ან მათი ისტორიული წარმომავლობა ისეა წარმოჩენილი, რომ იკარგება მათი თავდაპირველი ქართული ხასიათი.
ანგარიშის თანახმად, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების მიმართულებით პროგრესი არ დაფიქსირებულა. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ დაბრუნების უფლების რეალიზება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება.
დოკუმენტი ასევე მოიცავს მინისტრთა კომიტეტის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობას, რომლებიც საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ სახელმწიფოთაშორის საქმეებს შეეხება. კერძოდ, 2026 წლის სექტემბერში პირველად განიხილეს საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც ე.წ. ბორდერიზაციის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, გენერალური მდივანი საქართველოს კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშებს 2010 წლიდან ამზადებს. ეს დოკუმენტები ეფუძნება წინა კონსოლიდირებულ ანგარიშებს, მინისტრთა კომიტეტის შესაბამის გადაწყვეტილებებსა და 2026 წლის სექტემბერში თბილისში განხორციელებული ფაქტების დამდგენი ვიზიტის შედეგებს.