სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო 1 იანვრიდან გაუქმდება. შესაბამის დადგენილებას ირაკლი კობახიძემ ხელი 24 ნოემბერს მოაწერა.
გრანტების სააგენტოს გაუქმების შესახებ კობახიძემ ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა. მისი თქმით „ენჯეო ხელოვნური ფენომენია უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის“ და „ენჯეოების მოგონება და მათი დაფინანსება არასწორია“.
სააგენტოს ლიკვიდაციისთვის შეიქმნება კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან:
ა) ზვიად ბარქაია − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თათია ნანეიშვილი − სსიპ − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − კომისიის წევრი;
გ) ზურაბ თოლორდავა − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშგებისა და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი − კომისიის წევრი;
დ) ივანე ჯაფარიძე − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი;
ე) ლევან ერიქაშვილი − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი.
კომისია უზრუნველყოფს სააგენტოს გასაუქმებლად და საჭიროების შემთხვევაში მისი ფუნქცია-ვალდებულებების სხვა სამსახურებისთვის გადასაცემად მომზადებას.
„ქართულმა ოცნებამ“ გრანტების მართვის სააგენტო 2025 წლის გაზაფხულზე „სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით“ შექმნა – მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ მიიღო რეპრესიული კანონები, რომლებიც სამოქალაქო ორგანიზაციებს და მედიებს მიემართებოდა, განაცხადა, რომ NGO-ებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებდა.
პარალელურად „ოცნებამ“ აკრძალა გრანტების მიღება მთავრობის ნებართვის გარეშე.
გრანტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად თავდაპირველად თამარ ზოდელავა დაინიშნა, რომელიც 2026 წლის იანვრიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.