ფრიდრიხ მერცმა შეცდომა უწოდა 2008 წელს უკრაინის NATO-ში გაწევრებაზე უარის თქმას

პუბლიკა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის თავიდან აცილება, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნებოდა, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, NATO-ს წევრ ქვეყნებს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე თანხმობა რომ მიეცათ.

განცხადება მერცმა ბერლინში, NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მერცმა 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, არ მიეღოთ უკრაინა NATO-ში, „შეცდომა“ უწოდა. მაშინ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების წინადადება აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა წამოაყენა, თუმცა NATO-ს წევრი ქვეყნები ამ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრების შემთხვევაში, ომი, სავარაუდოდ, თავიდან იქნებოდა აცილებული.

„ვფიქრობ, დღეს ყველა ვხედავთ, თუ რამდენად დიდი შეცდომა იყო, 2008 წელს, ბუქარესტის NATO-ს სამიტზე, ამერიკული წინადადების მხარდაჭერაზე უარის თქმა“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

ამ კონტექსტში ფრიდრიხ მერცს არ უხსენებია საქართველო.

2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებოდნენ ალიანსის წევრები, ხოლო გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) საკითხი 2008 წლის დეკემბერში უნდა განეხილათ. სამიტიდან რამდენიმე თვეში – 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთი საქართველოში შემოიჭრა.

შეხვედრა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე გაიმართა. მარკ რუტე ბერლინში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

უკრაინის NATO-ში გაწევრების პერსპექტივაზე საუბრისას რუტემ უფრო ფრთხილი პოზიცია დაიკავა. მისი განცხადებით, პირველ რიგში, წარმატებული სამშვიდობო მოლაპარაკებებია საჭირო. რუტეს კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ალიანსში უკრაინის წევრობის საკითხზე დისკუსიის განახლების მოწოდება გააკეთა.

უკრაინის NATO-ს შესაძლო გაწევვრება ომის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმების ერთ-ერთ საკითხად კვლავ აქტუალური გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში ომის დასრულებისთვის მზად იქნება, თუ ნატო 1997 წლის მდგომარეობას დაუბრუნდება. ეს გულისხმობს ალიანსის შემდგომი გაფართოების ფაქტობრივად გაუქმებას და იმ ქვეყნების წევრობის შეწყვეტას, რომლებიც ალიანსში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაწევრდნენ.

რუტეს განცხადებით, უკრაინის NATO-ში გაწევრება ჯერჯერობით შორეულ პერსპექტივად რჩება. მისი თქმით, ალიანსის ხანგრძლივი პოზიციის მიუხედავად, რომ უკრაინა NATO-ს წევრი უნდა გახდეს, წევრ ქვეყნებს შორის მის გაწევრიანებაზე ერთსულოვანი შეთანხმება არ არსებობს.

ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა უარყო მოსაზრება, რომ ალიანსის გაფართოების საკითხზე კრემლს რაიმე გავლენა შეიძლება ჰქონდეს.

„დაუშვებელია, რომ იძულებული გავხდეთ, ნატო 1997 წლის საზღვრებს დავუბრუნოთ. მხოლოდ ნატოს 32 მოკავშირე წყვეტს, ვინ იქნება ალიანსის წევრი და ვინ – არა“, – თქვა რუტემ.

პრესკონფერენციაზე რუტე ასევე შეეხო ევროპაში რუსეთის მხრიდან გახშირებულ ჰიბრიდულ თავდასხმებს, მათ შორის პოლონეთში გასულ კვირას მომხდარ ინციდენტს. პოლონელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ორი რუსული ფრთოსანი რაკეტა და დრონი ჩამოვარდა.

რუტემ რუსეთის აგრესიის გაძლიერება უკრაინის ფრონტზე მზარდ დანაკარგებს დაუკავშირა. მისი მტკიცებით, რუსეთის ძალები უკრაინაში ყოველთვიურად 50 000-მდე ჯარისკაცს კარგავენ. მან ეს მაჩვენებელი ავღანეთის ომში საბჭოთა კავშირის დანაკარგებსა და ვიეტნამის ომში აშშ-ის სამხედრო დანაკარგებს შეადარა.

„უკრაინა ფრონტის ხაზს რუსეთის მიმართულებით უკან წევს და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ურტყამს“, – განაცხადა რუტემ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ალიანსის პოზიციას, რომ რუსეთის მხრიდან მზარდ ჰიბრიდულ თავდასხმებთან გამკლავების საუკეთესო გზა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაა.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ“, – თქვა მარკ რუტემ.