გერმანიაში უკრაინული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყება

პუბლიკა

გერმანული კომპანია Wingcopter-ი და უკრაინული Shadow Flytech-ი ერთობლივ საწარმოს ქმნიან, რომელიც გერმანიაში კიევისთვის განკუთვნილ „ბაბკას“ ტიპის სადაზვერვო დრონებს ააწყობს. საწარმოო სიმძლავრეების შესაქმნელად ბერლინი დაახლოებით 34 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

გერმანია საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინული სადაზვერვო დრონების, „ბაბკას“, წარმოებას დაიწყებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბერლინში უკრაინელ კოლეგასთან ევგენი ხმარასთან  შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გამოცემის ცნობით, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გერმანიის ბუნდესვერის მიერ უკრაინული საბრძოლო მართვის სისტემა Delta-ს გამოყენებას ითვალისწინებს. როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, სისტემა ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა. პისტორიუსის განცხადებით, გასულ თვეში გერმანიის სახმელეთო ძალებმა ეს სისტემა უკრაინელ სამხედროებთან ერთად უკვე გამოსცადეს. ახლა იგეგმება მისი შემდგომი განვითარება და ბუნდესვერის მიერ გამოყენებისთვის მომზადება.

როგორც გამოცემა წერს, ევგენი ხმარმა გერმანიასთან თავდაცვის სფეროში ექვსი ერთობლივი პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელთა ინვესტიციების მოცულობა 1 მილიარდ ევროს აღემატება. მან ასევე განაცხადა ახალი კონტრაქტის შესახებ, რომელიც IRIS-T-ის ტიპის 1 000 რაკეტის წარმოებას ითვალისწინებს.

ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანია მომავალ წელს უკრაინის მხარდაჭერისთვის 11,6 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. უპირველეს ყოვლისა, ეს თანხები ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება.