სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას სუროგაციის სრულად აკრძალვასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეს იქნება „ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით“.
„დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან და ზეიმობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, პირველი პირები…
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი კმაყოფილებით გამოვეხმაურო ახალ ინიციატივას – ეს ეხება სუროგაციის აკრძალვას საქართველოში.
ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით.
და დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ძალიან მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, რომ ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ.
ამას წინ უსწრებდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობაც, ერთმანეთთან საუბარი ამ პრობლემის თაობაზე და სხვა კიდევ მიმდინარე პრობლემების თაობაზე და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ თქვენ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების და დანერგვის თვალსაზრისით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, – თქვა შიო მესამემ.
„ქართული ოცნება” სუროგაციის სრულად აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ 22 ნოემბერს განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვთ საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიციირდება.
„გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით“, – თქვა კირცხალიამ.
კირცხალიას თქმით, 98% ადამიანებისა, ვინც ამ სერვისით სარგებლობს, საქართველოს მოქალაქე არ არის, რაც შეეხება იმ დარჩენილ 2%-ს, ეს ნაწილი უმრავლესობის ლიდერის თქმით – „გაგებით მოეკიდება”.
„როდესაც ასეთ რისკებთან გვაქვს საქმე, დამერწმუნეთ, ის საზოგადოება ვართ, იმ მენტალობის ქვეყანა ვართ, იმ რწმენის და შეხედულებების ქვეყანა ვართ, ის 2%-იც თუ 1.5%-იც ძალიან გაგებით მოეკიდება იმ რისკებს, რომელი რისკებიც ჩვენ აქ ჩამოვთვალეთ”, – დასძინა კირცხალიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, სულ 5-6 ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრციდან დარჩენილი, მათ შორის, საქართველო, სადაც ჯერ კიდევ დგას სუროგაციის საკითხი. მისივე თქმით, 2023 წლიდან სუროგაციის „ბაზარზე” მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია.
„ევროკავშრიის წევრი ქვეყნებიც რომ ავიღოთ, აკრძალულია სუროგაცია, ძალიან მკაცრად არის დარეგულირებული, მაგრამ რაც შეეხება კომერციალიაზციას, გვახსოვს ეს საკითხი 2023 წელსაც იდგა, 2023 წლის ვითარება რომ შეადაროთ ამ ბაზარზე, სამწუხაროდ, ამ სიტყვას ვამბობ, როცა კომერციალიზაციაზე ვსაუბრობ და დღევანდელი ციფრები კოლოსალურად არის [სხვაობა].
ფაქტობრივად 100-100%-ით იზრდებოდა ყოველი წლის მანძილზე და ეს წარმოშობს იმ რისკებს, რომელი რისკებიც ჩამოვთვალეთ”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
კირცხალიამ ასევე აღნიშნა, რომ სუროგაციის სრულად აკრძალვის მიუხედავად, ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურას შეზღუდვები არ შეეხება და ის კვლავ მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება.