2.5-წლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია

პუბლიკა

2.5-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია – ის შეწყალებულთა სიაშია.

მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს.

მარკეტინგულ სფეროში მომუშავე რეჟისორი და პროდიუსერი, გიორგი ოკმელაშვილი 2024 წლის 15 მაისს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, 13 მაისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

პოლიციელს, რომელზე „თავდასხმასაც“ მას ედავებოდნენ, იდაყვის დარტყმით ტუჩთან სისხლნაჟღენთი ჰქონდა.

„სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად“ – წერია დაზარალებულის ექსპერტიზის დასკვნაში.

ოკმელაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.

2025 წლის 3 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოკმელაშვილი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და სასჯელი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საჩივარი განსახილველად არ მიიღო.