სომხეთმა და აშშ-მა ოფიციალურად დაიწყეს „ტრამპის მარშრუტის“ პროექტი

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ ვიდეომიმართვაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ტრამპის მარშრუტის“ (Trump Route) პროექტის დაწყების შესახებ გამოაცხადა. პროექტი სომხეთისა და აშშ-ის მთავრობების ერთობლივი მონაწილეობით განხორციელდება. იმავე ტელეარხზე გავრცელებულ ცალკე ვიდეომიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი დაწყება „წარმოუდგენლად ამაღელვებელ მოვლენად“ შეაფასა.

„ტრამპის მარშრუტი“, ასევე ცნობილი როგორც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP), დაგეგმილი მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურული პროექტია. მისი მიზანია აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან სომხეთის ტერიტორიის გავლით დაკავშირება. აშშ-სა და სომხეთს შორის გაფორმებულ ორმხრივ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მარშრუტი „მოსალოდნელია, ორმხრივი სარგებელი მოუტანოს სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო და შიდა დაკავშირებადობას“.

სომხეთი, აზერბაიჯანი და აშშ პროექტის განვითარებაზე 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონის სამიტზე შეთანხმდნენ. სამიტზე ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტს პარაფირება გაუკეთეს, თუმცა დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ.

23 იანვარს გავრცელებულ მიმართვაში ფაშინიანმა პროექტის დაწყებას სომხეთის თანამედროვე ისტორიაში „ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა“ უწოდა.

„ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთში ყველაზე მასშტაბურ ეკონომიკურ პროექტზე მუშაობას ვიწყებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე შეფასებით, მარშრუტი ვაშინგტონის სამიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა და მას „უდიდესი რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობა ექნება, დამატებით იმპულსს მისცემს ტრანსკასპიურ სავაჭრო მარშრუტსა და დასავლეთ-აღმოსავლეთის დაკავშირებადობას“.

ფაშინიანის თქმით, პროექტი არა მხოლოდ „განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სომხეთის ეკონომიკური განვითარებისთვის“, არამედ „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაშიც“.

„ძვირფასო თანამემამულეებო, მიმდინარე მოვლენები ადასტურებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის დღის წესრიგის სიცოცხლისუნარიანობას, რომელიც მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის დამყარებას, პროექტს „მშვიდობის გზაჯვარედინი“ და უფრო აყვავებული და ურთიერთდაკავშირებული სომხეთის მშენებლობის ხედვას ითვალისწინებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

„მშვიდობის გზაჯვარედინი“ რეგიონული სატრანსპორტო ინიციატივაა, რომელიც ფაშინიანმა 2023 წელს წარადგინა. მისი მიზანი სომხეთის მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო მარშრუტების გახსნაა.

ფაშინიანის მიმართვის შემდეგ ეთერში დონალდ ტრამპის ვიდეომიმართვა გავიდა. მან პროექტის დაწყებას „წარმოუდგენლად ამაღელვებელი მოვლენა“ უწოდა და დასძინა, რომ ამით „ძალიან ამაყობს“.

ტრამპმა კონფლიქტის მოგვარებაში საკუთარ როლზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების მცდელობის მიუხედავად, „ბევრი ცდილობდა გამოსავლის პოვნას, მაგრამ ვერ შეძლო“.

„აშშ-სა და სომხეთს შორის ეს პარტნიორობა შექმნის ახალ სავაჭრო მარშრუტებს, რომელთა საშუალებითაც რეგიონში საქონლის, ენერგიისა და მგზავრების გადაადგილება იქნება შესაძლებელი. ჩვენ ვალდებულნი ვართ, უზრუნველვყოთ ამ პროექტის უდიდესი წარმატება“, – განაცხადა ტრამპმა.

მან ფაშინიანი 2027 წლის თებერვალში თეთრ სახლში, ლოცვის ეროვნული საუზმის ღონისძიებაზე მიიწვია.

„მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას. ის გამორჩეული ადამიანია და შესანიშნავი მეგობარი“, – მიმართა ტრამპმა ფაშინიანს. მისივე თქმით, „ერთად შეგვიძლია ნაყოფიერი საუბარი გვქონდეს იმაზე, თუ როგორ წავახალისოთ რეგიონში მშვიდობა და გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები“.

ორი ლიდერის მიმართვების შემდეგ სომხეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამშენებლო სამუშაოების ამსახველი კადრები გაავრცელა. ეთერში ასევე გავიდა სიუნიქის გუბერნატორის, რობერტ ღუკასიანის განცხადება, რომელმაც პროექტს „ისტორიული მოვლენა“ უწოდა. მარშრუტი სწორედ სიუნიქის პროვინციაზე გაივლის.

გუბერნატორის განცხადებით, ამ ეტაპზე რამდენიმე მონაკვეთზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, მათ შორის – ქვების მოცილება და მიწის მოსწორება. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები ამ პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება.

ფაშინიანისა და ტრამპის ვიდეომიმართვების გავრცელებამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი მარკვეინ მალინი ბაქოში იმყოფებოდა, სადაც ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რეგიონში მშვიდობის დამყარების მცდელობისთვის ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა.

„ტრამპის მარშრუტთან“ დაკავშირებით გარკვეული წინსვლა ოქტომბერშიც იყო – სომხეთის პარლამენტმა მოახდინა აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც „ტრამპის მარშრუტს“ ეხება.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.