ავტორი: ნეიტ ოსტილერი
დემოკრატების დამაჯერებელმა გამარჯვებამ შესაძლოა გააცოცხლოს „MEGOBARI Act“, ყურადღების ცენტრში მოაქციოს „ტრამპის მარშრუტი“ და ვაშინგტონის ყურადღების ცენტრში დააბრუნოს ადამიანის უფლებები.
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში „ლურჯმა ცუნამიმ“ უკვე შეცვალა შესაძლებლობების საზღვრები შიდა პოლიტიკაში. თუმცა, თავად ქვეყნისთვის მოსალოდნელი შედეგების მიღმა, ამერიკის არჩევნებს აქვს უნიკალური უნარი, გამოიწვიოს გამოძახილი მთელ მსოფლიოში, მათ შორის კავკასიაშიც.
არჩევნებიდან მხოლოდ რამდენიმე დღეა გასული და ჯერ არაფერია გარკვეული, თუმცა OC Media გვთავაზობს შეფასებას, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს დემოკრატების დამაჯერებელ გამარჯვებას რეგიონზე.
გამარჯვებულები და დამარცხებულები
კავკასია აშშ-ის დღის წესრიგში იშვიათად იკავებს წამყვან ადგილს, თუმცა გასული წლის განმავლობაში ვითარება გარკვეულწილად შეიცვალა, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადმა ჩართულობამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში განაპირობა.
მიუხედავად ამისა, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას ჰყავს შესაბამისი ჯგუფები კონგრესში, რომელთა წევრების უმრავლესობაც ხელახლა იქნა არჩეული.
გარდა ამისა, კონგრესში არიან ცალკეული პირებიც, რომელთა საქმიანობამ კავკასიასთან მიმართებით, დადებითი თუ უარყოფითი თვალსაზრისით, როგორც აშშ-ში, ისე რეგიონში მიიპყრო ყურადღება.
შესაძლოა, აშშ-ის არც ერთი სხვა პოლიტიკოსი არ იყოს საქართველოსთან ისე მჭიდროდ ასოცირებული, როგორც რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც დიდი ხანია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მოწინააღმდეგეა.

უილსონმა არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მისი შედეგი ყველაზე უარესია მას შემდეგ, რაც 2001 წელს კონგრესში შევიდა. უილსონს გადამწყვეტი როლი ჰქონდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივის, მათ შორის „მეგობარი აქტის“ (MEGOBARI Act) მომზადებაში.
კიდევ ერთი ფიგურა, რომელსაც კავკასიასთან წინააღმდეგობრივი კავშირები აქვს, დემოკრატი კონგრესმენი ჰენრი კუელარი – ხელახლა იქნა არჩეული. კუელარს 2024 წელს ბრალი წარუდგინეს აზერბაიჯანისა და სხვა პირებისგან სავარაუდოდ 600 000 დოლარის ქრთამის მიღებისთვის, მათ შორის აზერბაიჯანის ინტერესების ლობირების სანაცვლოდ. თუმცა ის ტრამპმა შეიწყალა 2025 წელს, სასამართლო პროცესების დაწყებამდე.
მესამე ფიგურა ყოფილი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ სანუნუა, რომელმაც სენატში დაბრუნება კიდევ ერთხელ სცადა, თუმცა დამარცხდა. დიდი ხანია, სომხურ დიასპორასთან დაპირისპირების მიზეზია სანუნუს კავშირები აზერბაიჯანთან, მათ შორის მისი ფინანსური წილი სამთო-მომპოვებელ კომპანიაში, რომელიც მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიებზე საქმიანობს, რომლებიც ადრე სომხეთის კონტროლქვეშ იყო. დიასპორამ მნიშვნელოვანი დრო და ფინანსური რესურსი დახარჯა იმისთვის, რომ სანუნუა არჩევნებში დამარცხებულიყო.
„მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act)
შუალედური არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები შედეგი შესაძლოა საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტი“ გახდეს.
კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ 2025 წელს მიიღო, თუმცა სენატში კენჭისყრამდე ვერ მივიდა, „ქართულ ოცნებას“ სანქციებს დაუწესებდა და აშშ-ის მთავრობას საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად დისტანცირების შესაძლებლობას მისცემდა, ვიდრე ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება. ამასთან, კანონპროექტი საქართველოსთვის გარკვეულ წამახალისებელ ზომებსაც ითვალისწინებს, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ვითარება შეიცვლება.
თუ უილსონი კანონპროექტს ხელახლა წარადგენს, ის ინსტიტუციური დაბრკოლებები, რომლებმაც 2025 და 2026 წლებში მისი კენჭისყრაზე გატანა შეაფერხა, სულ მცირე, ფორმალურა აღარ იარსებებს.
მანამდე კანონპროექტის მიმართ წინააღმდეგობა რესპუბლიკელ სენატორ მარკვეინ მალინს უკავშირდებოდა, რომელიც 2026 წლიდან შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობას იკავებს. გავრცელებული ინფორმაციით, მასზე გავლენას ახდენდა ბიზნესმენი სტივ ნიკანდროსი, ნავთობკომპანია Frontera-ს აღმასრულებელი დირექტორი. გავრცელებული ცნობებით, მალინის ზეწოლის შედეგად, სენატის მოქმედმა უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნმა კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანაზე უარი თქვა.

დემოკრატების მიერ კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატა და სენატი, სავარაუდოდ, უფრო მეტად იქნება მზად, კანონპროექტი კენჭისყრაზე მაინც გაიტანოს. 2025 წელს „მეგობარი აქტი“ წარმომადგენელთა პალატამ ორივე პარტიის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღო და არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ მას შემდეგ რომელიმე პარტიაში განწყობები შეიცვალა.
თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, კანონპროექტი დამტკიცდება და კანონად იქცევა. საბოლოოდ გაყინოს ურთიერთობები აშშ-სა და „ქართულ ოცნებას“ შორის და წაშალოს თბილისში დარჩენილი ყოველგვარი იმედი იმისა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გადარჩენა არსებული მთავრობის პირობებში შესაძლებელია. თუმცა, რამდენად პრიორიტეტული იქნება ეს საკითხი დემოკრატებისთვის, ჯერჯერობით უცნობია.
„ტრამპის მარშრუტი“
2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონში გამართული სამიტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ტრამპი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ბოლო წლების განმავლობაში კავკასიაში აშშ-ის დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დემონსტრირება იყო.

მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის სამშვიდობო ხელშეკრულება ჯერაც ხელმოუწერელია, გაფორმდა შეთანხმება „ტრამპის მარშრუტის“ შექმნის შესახებ. პროექტი აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას მის ექსკლავ ნახიჩევანთან სომხეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს. „ტრამპის მარშრუტის“ განხორციელების გეგმა აშშ-ის მნიშვნელოვან ჩართულობას ითვალისწინებს.
დემოკრატიული პარტია, სავარაუდოდ, შეეცდება, ბოლო ორი წლის განმავლობაში ტრამპის მიერ განხორციელებული პოლიტიკის დიდი ნაწილი გააუქმოს, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, იმდენად შორს წავიდნენ, რომ „ტრამპის მარშრუტის“ განხორციელებას მხოლოდ იმიტომ შეუშალონ ხელი, რომ პროექტს პრეზიდენტის სახელი ჰქვია.
თუმცა პროექტს შესაძლოა სხვა დაბრკოლებები და გართულებები შეექმნას. კერძოდ, დემოკრატები კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოძიების ნებისმიერ შესაძლებლობას გამოიყენებენ.
„ტრამპის მარშრუტი“ და მასთან დაკავშირებული ფონდი თავიდანვე იქცა ფულისა და პოლიტიკის შესაძლო საეჭვო გადაკვეთის თემად. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ფონდს რუსეთში დაბადებული ბიზნესმენი კონსტანტინ სოკოლოვი უხელმძღვანელებდა.
მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, სოკოლოვს ტრამპის თეთრი სახლის სამეჯლისო დარბაზის პროექტისთვის თანხა ჰქონდა შეწირული, რამაც გააჩინა ეჭვები შესაძლო გარიგების შესახებ, რომლის მიხედვითაც ფინანსური მხარდაჭერა პოლიტიკური ან სხვა სახის სარგებლის მიღებას უკავშირდებოდა.
სოკოლოვს ასევე აქვს ფართო ბიზნესინტერესები სომხეთში. ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მას ნებართვა მისცა, გვერდი აევლო სანქცირებულ რუსულ ბანკ VTB-სთან ბიზნესსაქმიანობის შეზღუდვებისთვის.
საერთო ჯამში, ეს დემოკრატებისთვის მარტივი სამიზნეა. თუ ისინი საკითხის გამოძიებას გადაწყვეტენ, ეს თითქმის უდავოდ შეაფერხებს პროექტს და შესაძლოა, მისი სრულად ჩაშლაც კი გამოიწვიოს. მშენებლობის დაწყება ამჟამად 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.
ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა
უფრო ზოგადი თვალსაზრისით, როგორც ჩანს, ამომრჩევლებმა ტრამპის საგარეო პოლიტიკა უარყვეს. ამ უკმაყოფილების მთავარი მიზეზი, თითქმის უდავოდ, ირანთან კატასტროფული ომია, თუმცა, როგორც ჩანს, არსებობს უფრო ღრმა უთანხმოებაც იმის გამო, რომ საგარეო პოლიტიკაში საერთო ღირებულებების საკითხი თითქმის სრულად იქნა მოხსნილი დღის წესრიგიდან.
აშშ ხშირად თვალს ხუჭავდა ავტორიტარულ ქვეყნებთან ალიანსების ჩამოყალიბებისას, როდესაც ამას ვაშინგტონის ინტერესები მოითხოვდა. თუმცა, საზღვარგარეთ დემოკრატიის მხარდაჭერის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგიდან სრულად ამოღება განსაკუთრებით თვალსაჩინო ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გახდა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მიუთითებს, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა ასეთ მიდგომას არ ეთანხმება. მხოლოდ ამომრჩეველთა ძალიან მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვას ან მცირე ქვეყნებისთვის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას მნიშვნელობა არ აქვს.

დემოკრატების მიერ კონტროლირებადი კონგრესის პირობებში ადამიანის უფლებებზე ყურადღების ხელახლა გამახვილებამ შესაძლოა შეცვალოს აშშ-ის მიდგომა როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს მიმართ. ორივე ქვეყანაში ავტორიტარიზმთან დაკავშირებული შეშფოთება წარსულში ორმხრივ ურთიერთობებს ზღუდავდა.
2028 წელი და შემდგომი პერიოდი
შუალედური არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ წინ არის და, სავარაუდოდ, მხოლოდ 2028 წლის მომდევნო არჩევნებამდე არ გახდება ნათელი.
თეთრ სახლს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის მნიშვნელოვანი უფლებამოსილება აქვს, მათ შორის სამხედრო მოქმედებების დაწყების მიმართულებითაც (მიუხედავად იმ შეზღუდვებისა, რომლებზეც კონგრესმა უარი თქვა). შესაბამისად, გასულ კვირას ჩატარებული არჩევნები, სავარაუდოდ, არსებითად არ შეცვლის ამჟამინდელ დღის წესრიგს.
მიუხედავად ამისა, დემოკრატიული პარტია ახლა გაცილებით უკეთეს პოზიციაშია იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სენატზე კონტროლი და, თუ არჩევნები ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის საქმიანობის შეფასებად აღიქმება, საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვოს.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.