სომხეთი ღაზიდან ჩაყვანილ სამ პალესტინელ ბავშვს მკურნალობს

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

ღაზის სექტორიდან სომხეთში ჩაიყვანეს სამი პალესტინელი ბავშვი, რომლებსაც გადაუდებელი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პალესტინელი ბავშვები სამკურნალოდ სომხეთში ჩაიყვანეს. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, შესაძლოა, მომავალში სომხეთმა მკურნალობა სხვა პალესტინელ ბავშვებსაც შესთავაზოს.

აგვისტოში სომხეთის მთავრობამ 16.7 მილიონი დრამი (43 000 აშშ დოლარი) გამოყო სამი ბავშვის ტრანსპორტირებისა და მკურნალობის ხარჯების დასაფარად. ბავშვებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ ღაზიდან ბავშვები სამკურნალოდ სომხეთში პირველად ჩაიყვანეს, ქვეყანას ღაზისთვის დახმარება ადრეც გაუწევია. 2024 წლის მარტში სომხეთმა ღაზაში დაახლოებით 30 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა, იმავე წლის ივნისში კი პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა.

20 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სომხეთის ოფისი აღნიშნავს, რომ ქვეყანამ სამი ბავშვი და მათი თანმხლები პირები მიიღო „აუცილებელი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების“ გასაწევად.

WHO-ს ინფორმაციით, ორ ბავშვს კარდიოლოგიურ კლინიკაში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა, მესამე კი სომხეთში სამედიცინო ცენტრში ტრანსპლანტაციის შემდგომი სპეციალიზებული მკურნალობის მისაღებად ჩაიყვანეს. მას მანამდე თირკმლისა და ღვიძლის გადანერგვის ოპერაციები ჰქონდა ჩატარებული.

„მას შემდეგ, რაც ყველა ბავშვს კლინიკიდან გაწერენ, სომხეთი მისიის შედეგებს შეაფასებს და ინიციატივის გაგრძელების შესაძლებლობას განიხილავს, რათა სიცოცხლე კიდევ უფრო მეტ გაჭირვებულ ბავშვს შეუნარჩუნოს“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის განმარტებით, ბავშვების სომხეთში ჩაყვანა სომხეთის ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის შედეგია.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.