ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა
ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები MMA-ის მწვრთნელი გენადი კაძოევი, რომელსაც არასრულწლოვანი მოსწავლეების სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, ციხიდან გათავისუფლდა და უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მხარეს საბრძოლველად ომში წავიდა. სექსუალურ შევიწროების საქმეზე გამოძიება ჯერაც მიმდინარეობს.
64 წლის კაძოვი ჩრდილოეთ ოსეთის კარატეს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ვლადიკავკაზში MMA კლუბ „არსის“ დამფუძნებელია. ის 2026 წლის აპრილში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სულ მცირე ოთხმა, 14-დან 18 წლამდე ასაკის გოგომ იჩივლა.
მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია პროექტმა „თავისუფლება უკვე ახლოსაა“ (Svoboda (ne) za gorami) გაავრცელა. გამოცემა 19 ნოემბერს საკუთარ წყაროებს დაეყრდნო.
პროექტის ცნობით, გოგოების მშობლებმა, რომლებიც კაძოვს შევიწროებაში ადანაშაულებენ, ოქტომბერში შეიტყვეს, რომ მწვრთნელი წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფებოდა. იმ დროისთვის მათ არ იცოდნენ, სად იყო ის. მოგვიანებით გამოცემის წყარომ დაადასტურა, რომ კაძოვი ფრონტზე წავიდა ისე, რომ გამოძიების დასრულებასა და სასამართლო პროცესს არ დალოდებია.
კაძოვის დაკავების შემდეგ რამდენიმე გოგომ განაცხადა, რომ მწვრთნელი ჯგუფურ ვარჯიშებს დილით ადრე ნიშნავდა, თუმცა დარბაზში მისვლისას იქ სხვა მოსწავლეები არ ხვდებოდნენ. გოგოების თქმით, მათთან მარტო დარჩენილი მწვრთნელი ინტიმურ თემებზე ესაუბრებოდა და შეუსაბამოდ ეხებოდა. მათ ასევე განაცხადეს, რომ კაძოვი ემუქრებოდა, თუ მომხდარის შესახებ ისაუბრებდნენ, ადგილობრივ ონლაინჯგუფებში მათ შესახებ შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს გამოაქვეყნებდა და „მეძავებს“ უწოდებდა.
მისი დაკავების შემდეგ კლუბის ზოგიერთი მოსწავლის მშობელი კაძოვის მხარდასაჭერად გამოვიდა. მათ ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომელშიც წაყენებულ ბრალდებებს ცილისწამება უწოდეს და მწვრთნელის მიმართ ნდობა გამოხატეს.
მშობლების განცხადებით, მათ ვითარება „შიგნიდან“ იცოდნენ და გამოძიების პროცესში მათი პოზიციის გათვალისწინებას მოითხოვდნენ. ამასთან, საზოგადოებას ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ.
მათი თქმით, მწვრთნელს სრულად ენდობოდნენ, რადგან მათი შვილები კლუბში წლების განმავლობაში ვარჯიშობდნენ და მსგავსი შემთხვევების მომსწრე არასდროს გამხდარან.
პროექტ „თავისუფლება უკვე ახლოსაა“ მიერ ციტირებული საგამოძიებო კომიტეტის შეტყობინების თანახმად, კაძოვს არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედებების ჩადენის 10 ეპიზოდი ედება ბრალად. მათგან შვიდი 14-15 წლის გოგოებს ეხება, დანარჩენი სამი კი – 12-13 წლის მოსწავლეებს. მას ასევე ბრალი ედება 16 წლამდე ასაკის პირთან სქესობრივ კავშირში.
კაძოვი ბრალდებებს უარყოფს. მან ჩვენების მიცემასა და პოლიგრაფიულ ტესტირებაზე უარი განაცხადა.
თუმცა, ერთ-ერთმა მომჩივანმა გოგომ პოლიგრაფიული ტესტირება გაიარა. ტესტის ჩამტარებელი სპეციალისტის განცხადებით, გოგოს მწვრთნელის ქმედებების შესახებ მონათხრობი არ დაუმახინჯებია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიიდან ადამიანები უკრაინაში საბრძოლველად გამოძიების მიმდინარეობისას ან დანაშაულისთვის მსჯავრდების შემდეგ მიდიან.
2025 წლის თებერვალში ჩეჩნეთის სოფელ ბაჩი-იურტის მკვიდრი, 46 წლის რუსლან უმაევი უკრაინაში საბრძოლველად წავიდა. ამ დროს მას საკუთარი 22 წლის რძლის, კრისტინა კოკოვას მკვლელობაში ედებოდა ბრალი.
გავრცელებული ინფორმაციით, უმაევმა აღიარა, რომ რძალს ძილის დროს დაახრჩო, შემდეგ კი მისი ცხედრის დაწვა სცადა. მკვლელობის მოტივად მან კოკოვას „ამორალური ქცევა“ დაასახელა. მოკლულის დედა სასამართლოს სთხოვდა, უმაევის ფრონტზე გაგზავნისთვის ნებართვა არ მიეცა.
კიდევ ერთი შემთხვევა უკავშირდება ნალჩიკის 24 წლის მკვიდრ რუსტამ ნოგმოვს, რომელიც მანამდე უკრაინაში იბრძოდა. მას ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ 86 წლის ნინა სელეზნიოვას მკვლელობაში დასდეს ბრალი.
გამომძიებლების ინფორმაციით, 2025 წლის 30 იანვარს ნოგმოვმა ქალი სასიკვდილოდ სცემა, შემდეგ კი მისი ცხედარი შეურაცხყო.
2026 წლის თებერვალში ყაბარდო-ბალყარეთის უზენაესმა სასამართლომ ნოგმოვს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა განაჩენის გამოტანის შემდეგ ნოგმოვმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და უკრაინაში საბრძოლველად დაბრუნდა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.