ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა
ბავშვთა ფსიქოლოგს ვლადიკავკაზში, ანტონ შიშენკოს, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით. მიუხედავად იმისა, რომ შიშენკომ 50-ზე მეტი დანაშაული აღიარა, მსჯავრი მას მხოლოდ ორ ეპიზოდთან დაკავშირებით დაედო.
ვლადიკავკაზის საბჭოთა რაიონულმა სასამართლომ 27 ივლისს დაადგინა, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ შიშენკოს 20 წლის განმავლობაში ბავშვებთან მუშაობაც აეკრძალება.
სასამართლომ მას დამატებით დაუნიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობაც.
სისხლის სამართლის საქმე მარტის ბოლოს აღიძრა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პაციენტის მშობლებმა სამართალდამცავებს მიმართეს. პროკურორების თქმით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბავშვმა სექსუალური შინაარსის ნახატები დახატა. გამოძიების მსვლელობის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი სავარაუდო დაზარალებულები და გაიზარდა სავარაუდო დანაშაულების რაოდენობაც.
ადგილობრივი Telegram არხების ცნობით, გამოძიების საწყის ეტაპზე შიშენკომ ბრალდებები ნაწილობრივ აღიარა და გამომძიებლებს რამდენიმე ათეული – 50-მდე მსხვერპლი ბავშვის შესახებ უამბო. მშობლების თქმით, ის თერაპიის სესიების დროს უფროსებს სისტემატურად სთხოვდა გარეთ დალოდებას იმ საბაბით, რომ ბავშვებს მასთან ინდივიდუალურად მუშაობა სჭირდებოდათ. მშობლები ასევე აცხადებენ, რომ ის ბავშვებს ემუქრებოდა – ეუბნებოდა, რომ მომხდარის შესახებ მშობლებისთვის თქმის შემთხვევაში მათ ბავშვთა სახლში გაგზავნიდნენ.
შიშენკო თითქმის 30 წლის განმავლობაში მუშაობდა განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებთან, მათ შორის აუტიზმის სპექტრისა და დაუნის სინდრომის მქონე პირებთან. ის პაციენტებს ვლადიკავკაზში, თავის კერძო სარეაბილიტაციო ცენტრში, „მომავალ კოსმონავტთა სკოლაში“ იღებდა. მის კლინიკაში ოჯახები ჩადიოდნენ არა მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთიდან, არამედ რუსეთის სხვა რეგიონებიდანაც. ბევრი მშობელი მას რესპუბლიკაში ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად მიიჩნევდა.
„მას ყველა იცნობდა. სპეციალური საჭიროების მქონე ნებისმიერი ბავშვის დედა რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ: „იცით ანტონ შიშენკო?“, გიპასუხებდნენ, „დიახ, ვიცნობთო“, – ამბობს ალანა ჩერჩესოვა, ერთ-ერთი დედა, რომელიც აცხადებს, რომ მისი შვილიც ძალადობის მსხვერპლია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების შემდეგ შიშენკომ საგამოძიებო იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა. ციხის თანამშრომლებმა მისი სიცოცხლე გადაარჩინეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში ჯერ არ შესულა და მისი გასაჩივრება შესაძლებელია.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.