სომხეთში ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოქვეყნდა — ოპოზიციამ მას „ფიურერის კონსტიტუცია“ უწოდა

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

23 ნოემბერს სომხეთის ხელისუფლებამ ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ახალი კონსტიტუცია მეოთხე რესპუბლიკის ჩამოყალიბებას დაედება საფუძვლად. როგორც მანამდე იყო დაანონსებული, პროექტში სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია ნახსენები არ არის. სხვა ცვლილებებთან ერთად, დოკუმენტი ნაფიც მსაჯულთა სისტემის შემოღებასაც ითვალისწინებს. თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ აპირებს ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის მიღებას, რადგან პარლამენტში ამისთვის საჭირო უმრავლესობა არ აქვს.

სომხეთის კონსტიტუციის შეცვლა აზერბაიჯანის ერთ-ერთი წინაპირობაა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად. ბაქო ამტკიცებს, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში მოხსენიებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერიტორიულ პრეტენზიებს შეიცავს. ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის პარაფირება 2025 წლის აგვისტოში მოხდა, თუმცა მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი ჯერ არ მოუწერიათ.

სომხეთის კონსტიტუცია ეყრდნობა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომელშიც, თავის მხრივ, ნათქვამია, რომ დეკლარაცია ეფუძნებოდა საბჭოთა სომხეთის უზენაესი საბჭოსა და მთიანი ყარაბაღის ეროვნული საბჭოს ერთობლივ გადაწყვეტილებას ორი ტერიტორიის „გაერთიანების“ შესახებ. სწორედ ამ ჩანაწერის ამოღებას მოითხოვს აზერბაიჯანი.

კონსტიტუციის პროექტი სპეციალურად შექმნილ ინტერაქციულ ვებგვერდზე, სახელწოდებით „შენი კონსტიტუცია“ გამოქვეყნდა. ვებგვერდზე გამოყოფილია 13 ძირითადი ცვლილება და განმარტებულია, რატომ მიიჩნევა ახალი კონსტიტუციის მიღება საჭიროდ. ასევე აღწერილია მისი დამტკიცებისთვის აუცილებელი პროცედურები.

პროექტის ვებგვერდის მთავარ ილუსტრაციაზე, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული გამოსახულებაა წარმოდგენილი. მასზე ჩანს ბედნიერი, მომღიმარი ოჯახი, რომელიც ახალი კონსტიტუციისკენ იყურება. მათ ზემოთ კი მტრედი ზეთისხილის რტოთი დაფრინავს.

ვებგვერდზე ასევე განთავსებულია განყოფილება „შექმენი საკუთარი კონსტიტუცია“, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს პროექტთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებების წარდგენა შეუძლიათ.

სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტი სპეციალურად შექმნილ ინტერაქციულ ვებგვერდზე „შენი კონსტიტუცია“. ფოტო: ვებგვერდის სქრინშოტი.

მოქალაქეებისთვის საკუთარი წინადადებების წარდგენის შესაძლებლობის მიცემა ფაშინიანის ადრინდელ განცხადებებს ეხმიანება. სომხეთის პრემიერი მანამდე ამბობდა, რომ მოქალაქეები მოქმედ კონსტიტუციას საკუთარ დოკუმენტად არ მიიჩნევენ. მას არაერთხელ დაუყენებია ეჭვქვეშ რეფერენდუმების ლეგიტიმურობა, რომელთა შედეგადაც კონსტიტუცია მიიღეს. ფაშინიანის თქმით, „საზოგადოების ფართო აღქმით, ამ რეფერენდუმების შედეგები გაყალბებული იყო“.

თუმცა, საზოგადოებრივი აზრის კვლევები სომხეთში კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთგვაროვან დამოკიდებულებას აჩვენებს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევითი ცენტრის მიერ 2024 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 52% კონსტიტუციურ რეფორმებს მხარს არ უჭერდა.

კონსტიტუციის პროექტის გამოქვეყნებიდან მალევე, 23 ნოემბრის დილით ფაშინიანმა განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ახალი კონსტიტუციის პროექტის მომზადების უფლება და მანდატი მოქალაქეებისგან 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიიღო. მან ახალი კონსტიტუციის მიღება პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ მთავარ პუნქტად დაასახელა.

თუმცა კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა წლების წინ, ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

ფაშინიანის განცხადებით, ახალი დოკუმენტი სახელმწიფოებრიობის სრულიად ახალ მოდელს გვთავაზობს, რომელსაც „მეოთხე რესპუბლიკას“ უწოდებენ. პრემიერის განმარტებით, მესამე რესპუბლიკისგან მას კონფლიქტის არარსებობა განასხვავებს.

ფაშინიანის მტკიცებით, მესამე რესპუბლიკა „კონფლიქტის მიზნით, თავად კონფლიქტისთვის“ შეიქმნა. მისი თქმით, ეს ლოგიკა 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციაშიც აისახა. ამის საპირისპიროდ, ახალი კონსტიტუციის პროექტში ნათქვამია, რომ „სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მიზანი მშვიდობის უზრუნველყოფაა“.

ფაშინიანმა უარყო მოსაზრება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები აზერბაიჯანის ზეწოლის შედეგად ხორციელდება. ბაქომ კონსტიტუციის შეცვლა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის წინაპირობად დააყენა. ამ მოთხოვნის საფუძველზე ოპოზიციამ პროექტს ჯერ კიდევ გამოქვეყნებამდე „ალიევის კონსტიტუცია“ უწოდა და მის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო.

„არასოდეს, არასოდეს აჰყვეთ ცდუნებას და არ იფიქროთ, რომ ამას გარე ზეწოლის გამო ან სხვისთვის ვაკეთებთ. ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ სიცოცხლე შევძინოთ ჩვენს ხედვას სახელმწიფოებრიობის უწყვეტობის შესახებ და სომხეთის რესპუბლიკა ისე წარმოვაჩინოთ, რომ მან ფორპოსტად ყოფნის ლოგიკა დაძლიოს“, – განაცხადა ფაშინიანმა 23 ნოემბერს.

რეფერენდუმის დასანიშნად მმართველ პარტიას საკმარისი ხმები არ აქვს

მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ივნისის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მას კონსტიტუციური რეფერენდუმის დასანიშნად საჭირო ხმების ორი მესამედი არ აქვს. შესაბამისად, ინიციატივის დასაწყებად მინიმუმ ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. სომხეთში კონსტიტუციაში ჩანაწერის შეცვლას რეფერენდუმი სჭირდება.

ოპოზიციამ პირობა დადო, რომ წინააღმდეგობას გაუწევს ინიციატივას და რეფერენდუმის ჩატარებას ხელს არ შეუწყობს.

ჩიხური ვითარებიდან გამოსვლის მიზნით ფაშინიანმა ოპოზიციას „პოლიტიკური შეთავაზება“ გაუკეთა. მან განაცხადა, რომ რეფერენდუმის ჩატარების მხარდაჭერის სანაცვლოდ, ახალი კონსტიტუციის მიუღებლობის შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებს. ამასთან, ფაშინიანის თქმით, თუ ახალი კონსტიტუცია დამტკიცდება, ის საკუთარ პოლიტიკურ მისიას შესრულებულად ჩათვლის და მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

მან ასევე აღნიშნა და მათ შორის 23 ნოემბრის განცხადებაშიც გაიმეორა, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებას საკუთარ პოლიტიკურ მომავალს უკავშირებს. მისი მიზანია აზერბაიჯანთან „შეუქცევადი“ და „ინსტიტუციური“ მშვიდობის დამყარება.

20 ნოემბერს რუსეთ-სომხური წარმოშობის ბიზნესმენმა და ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა, სამველ კარაპეტიანმა, ფაშინიანის შეთავაზება უარყო. მისი თქმით, ოპოზიცია პრემიერის გადაყენებას შეეცდება, მიუხედავად იმისა, აპირებს თუ არა ხელისუფლება კონსტიტუციის შეცვლას და იმის მიუხედავადაც, რომ ფაშინიანი ახალი პროექტის მიღების შემთხვევაში თანამდებობიდან გადადგომას ჰპირდება.

არა „ალიევის“, არამედ „ფიურერის კონსტიტუცია“

კონსტიტუციის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს ოპოზიციის წარმომადგენლებისგან უკვე მოჰყვა კრიტიკა.

პარტია „სომხეთის ალიანსის“ დეპუტატმა ქრისტინე ვარდანიანმა Facebook-ზე დაწერა, რომ პროექტი ხალხისთვის მნიშვნელოვან და დადებით რეფორმებს არ ითვალისწინებს.

მან ასევე გააკრიტიკა დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითების ამოღება და განაცხადა, რომ ამას სომეხთა გენოციდის ხსოვნის აღნიშვნის საკითხის კონსტიტუციიდან ამოღებაც მოჰყვება.

„მოკლედ, ფაშინიანი მართალი იყო: ეს მხოლოდ ალიევის კონსტიტუცია კი არა, თითქმის ფიურერის კონსტიტუციაა, რომელშიც ალიევისა და ფაშინიანის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა“, – დაწერა ვარდანიანმა და კონსტიტუციის პროექტით გათვალისწინებულ სხვა ცვლილებებსაც შეეხო.

ნოემბრის შუა რიცხვებში ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას პარლამენტის ოპოზიციის პოზიციის მიუხედავად გააგრძელებდა. მან ოპოზიციური ძალები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი „მშვიდობის დამყარების მთავარ დაბრკოლებად პოზიციონირებენ“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რეფერენდუმის ჩასატარებლად საჭირო ხმების მოპოვების ორი შესაძლო სცენარი დაასახელა და ისინი თანმიმდევრულ ნაბიჯებად წარმოადგინა.

პირველი სცენარი გულისხმობს საზოგადოებრივი ზეწოლის გაძლიერებას, რათა ოპოზიციამ წინააღმდეგობაზე უარი თქვას. მეორე კი ისეთ პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება, რომელთა შედეგადაც ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში წარმომადგენლობას დაკარგავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანს მეორე სცენარი დეტალურად არ განუმარტავს, მისი განცხადებები მიანიშნებდა, რომ ის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობასაც განიხილავდა. ამ ვარიანტზე მას ადრეც ჰქონდა საუბარი.

23 ნოემბერს, კონსტიტუციის პროექტის გამოქვეყნების საპასუხოდ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და საკითხს სომხეთის „შიდა საქმე“ უწოდა.

თუმცა, მისი თქმით, ბაქოსთვის „ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი“ ის არის, რომ ახალ კონსტიტუციაში აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არ იყოს ასახული.

„გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, ამჟამად მსგავსი პრეტენზიები არ არსებობს. ჩვენ ამას მაღალ შეფასებას ვაძლევთ“, – განაცხადა ბაირამოვმა.