ფაშინიანმა სომხეთის „მეოთხე რესპუბლიკა“ გამოაცხადა და მთავრობის ხუთწლიანი გეგმა წარადგინა

პუბლიკა

ავტორი: ანი ღულინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 24 აგვისტოს პარლამენტში განაცხადა, რომ სომხეთი „მეოთხე რესპუბლიკის“ ეპოქაში შევიდა. ფაშინიანმა წარადგინა მთავრობის 2026–2031 წლების პროგრამა, რომელიც ეფუძნება „რეალური სომხეთის“ იდეოლოგიას და სახელმწიფოს მთავარ ფუნქციად საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას განსაზღვრავს.

სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანმა მთავრობის პრიორიტეტები წარმოადგინა. პროგრამა მოიცავს მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის ეკლესიასთან მის კონფლიქტს, აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესს, ევროკავშირში გაწევრებას, „ტრამპის მარშრუტს“, არმიაში არასაბრძოლო ვითარებაში გაზრდილ სიკვდილიანობას, ეკონომიკურ სირთულეებს, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და სხვა, ასევე სომხეთის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე.

ფაშინიანმა საგარეო პოლიტიკის მიმართულების ცვლილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სომხეთი შორდება „ყარაბაღის მოძრაობას“, რომელიც გასული ათწლეულების განმავლობაში მის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავდა. მისი თქმით, ქვეყანა ახლა პრიორიტეტს ანიჭებს აზერბაიჯანთან მშვიდობასა და აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელებული „ტრამპის მარშრუტის“ პროექტს – მრავალფუნქციურ სატრანზიტო გზას, რომელიც აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიის გავლით მის ექსკლავ ნახიჭევანთან დააკავშირებს.

ფაშინიანის მტკიცებით, ივნისში ჩატარებულ არჩევნებზე ამომრჩევლებმა კვლავ მისცეს ხმა „სამოქალაქო შეთანხმებას“, რაც, მისი თქმით, ნიშნავს, რომ ისინი ეთანხმებიან ახალ დოქტრინას, რომელსაც ქვეყანას მისი მთავრობა სთავაზობს. მან განაცხადა, რომ 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც სომხური სახელმწიფოს მიზნად „ისტორიული სამართლიანობის“ აღდგენას მიიჩნევდა, ახალ კონსტიტუციაში აღარ იქნება მოხსენიებული. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის, ფაშინიანმა თქვა, რომ ის უახლოეს თვეებში გამოქვეყნდება.

ფაშინიანს პარლამენტში არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც კონსტიტუციის შესაცვლელად რეფერენდუმის დანიშვნისთვის არის საჭირო. თუმცა, ის და „სამოქალაქო შეთანხმების“ სხვა წევრები თავიანთ გამოსვლებში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე აქტიურად საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანმა არაერთხელ თქვა, რომ ცვლილებები თავად სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარეობს, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კონსტიტუციის შეცვლა აზერბაიჯანის მოთხოვნა და ჯერ კიდევ ხელმოუწერელი სამშვიდობო შეთანხმების წინაპირობაა.

ფაშინიანმა „ტრამპის მარშრუტზე“ უფრო ფართო – „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის კონტექსტში ისაუბრა. აშშ-სა და სომხეთის ერთობლივი საწარმო სომხეთის სიუნიქის რეგიონში სარკინიგზო ხაზების, გზების, მილსადენებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას გეგმავს, რაც აზერბაიჯანს მის ექსკლავ ნახიჭევანთან დააკავშირებს. კომპანიაში, რომელიც „ტრამპის მარშრუტს“ მართავს, სომხეთს 26%-იანი წილი აქვს, ხოლო დარჩენილი აქციები აშშ-ს ეკუთვნის. შეთანხმება 49 წლის ვადით მოქმედებს, რის შემდეგაც სომხეთს თავისი წილის 49%-მდე გაზრდისა და პარტნიორობის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება.

ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ პროექტი არ ითვალისწინებს რაიმე უცხოურ სამხედრო ან შეიარაღებულ ყოფნას და რომ ის სომხეთს რუსეთთან და ცენტრალურ აზიასთან ისტორიული, საბჭოთა პერიოდის სარკინიგზო ქსელების საშუალებით დააკავშირებს. ამასთან, პროექტი გახსნის ახალ სარკინიგზო დერეფანს სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის, ირანის, ნახიჩევანის, სომხეთისა და საქართველოს გავლით.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საბჭოთა ეპოქის სარკინიგზო ხაზის საკითხზე, რომელიც ერევნის ერასხის თემზე გადის. რკინიგზა იურიდიულად სომხეთის საკუთრებაა, თუმცა მას „რუსეთის რკინიგზა“ მართავს. ფაშინიანის თქმით, ეს სომხეთისთვის დაბრკოლებაა საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვის პროცესში, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი დასავლური სანქციების გამო. ფაშინიანმა მოსკოვს მიმართა, მიჰყიდოს კონცესია „მესამე ქვეყანას, რომელიც მისაღებია როგორც სომხეთისთვის, ასევე რუსეთისთვის“ და გააფრთხილა, რომ ამ საკითხის მოუგვარებლობა ნიშნავს, რომ სომხეთი ხელიდან გაუშვებს „ტრამპის მარშრუტის“ ეკონომიკურ სარგებელს.

ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მალე ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს შეიტანს, რაც აუცილებელი ნაბიჯია მანამ, სანამ ქვეყანა ბლოკში გაწევრიანების საკითხზე ეროვნულ რეფერენდუმს ჩაატარებს. 24 აგვისტოს რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სომხეთის ევროკავშირული მისწრაფებები „არარეალისტურად“ შეაფასა და თქვა, რომ ამ მიზნისკენ სწრაფვა სომხეთის ურთიერთობებს რუსეთთან და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან დააზიანებს.

ფაშინიანმა ასევე ისაუბრა სომხეთის სამოციქულო ეკლესიასთან მიმდინარე კონფლიქტზე და დააანონსა ანგარიში იმის შესახებ, რასაც მან ინსტიტუციაში არსებული „ღრმა სისტემური კრიზისი“ უწოდა. ფაშინიანმა კათოლიკოსი გარეგინ II მისი საერო სახელით, კტრიჩ ნერსისიანით მოიხსენია და დაადანაშაულა იგი იმაში, რომ სასულიერო პირებს საეკლესიო მსახურებების დროს „არცახის რესპუბლიკის“ პოპულარიზაციას ავალებდა, ასევე იმაში, რომ ქალიშვილი ჰყავს. ყოველ ჯერზე, როდესაც ფაშინიანი კათოლიკოსს საერო სახელით მიმართავდა, ოპოზიციის წევრები მაგიდებზე ხელებს ურტყამდნენ.

გარეგინ II და ეკლესიის კიდევ ექვსი მაღალი რანგის წარმომადგენელი სასამართლოს წინაშე წარსდგება სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის განზრახ ხელის შეშლის ბრალდებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მათ ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ეკლესიასა და ფაშინიანის მთავრობას შორის ურთიერთობა 2025 წლის მაისში დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა ეკლესიის ხელმძღვანელობა ქვეყნის მასშტაბით ეკლესიების სათანადოდ მოუვლელობის გამო გააკრიტიკა. ეკლესიისა და კონკრეტულად გარეგინ II-ის წინააღმდეგ ბრალდებების მატებასთან ერთად, ფაშინიანმა თანდათან ცხადყო, რომ კათოლიკოსის თანამდებობიდან ჩამოშორებას ცდილობდა და ეს გეგმა საბოლოოდ მის სამთავრობო პროგრამაშიც აისახა.

25 აგვისტოს პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამა 63 ხმით 24-ის წინააღმდეგ. თავი არავის შეუკავებია.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.