2026 წელს 1.3 მილიარდი ლარის სატენდერო ხელშეკრულებები კონკურენციის გარეშე გაფორმდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევაში წერია. ორგანიზაციის თქმით, 2026 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ჩატარებული 16 222 სახელმწიფო ტენდერიდან თითქმის ნახევარში (45%) მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა.
„უკონკურენტო გარემოს გამო ხელშეკრულებები ბიუჯეტს დაახლოებით 150 მილიონი ლარით ძვირი დაუჯდა, ვიდრე რეალური კონკურენციის პირობებში დაჯდებოდა. მეტიც, 572 მილიონი ლარის ღირებულების 2 883 ტენდერში საწყისი ფასი საერთოდ არ შემცირებულა და სახელმწიფომ ერთი თეთრიც ვერ დაზოგა” – წერია კვლევაში.
კვლევის თანახმად, ყველაზე მსხვილი უკონკურენტო შემსყიდველი პენიტენციური სამსახურია 203.7 მილიონი ლარით. მას შემდეგ, რაც ციხეებში საკვების ხარისხზე სკანდალი ატყდა, უწყებამ პატიმრების კვებაზე 152.4 მილიონი ლარის კონტრაქტი კონკურენციის გარეშე გაუფორმა გამოუცდელ კომპანია „გიორგი 2020“-ს. ზუსტად ტენდერის გამოცხადების დღეს, 3 აპრილს, კომპანიის 33%-იანი წილი უსასყიდლოდ გადაეცა სუსის ყოფილ თანამშრომელს, ირაკლი ლეთოდიანს.
ორგანიზაციის თქმით, რამდენიმე სექტორში განსაკუთრების მაღალია ერთპრეტენდენტიანი უკონკურენტო ტენდერები, ესენია:
სატრანსპორტო მომსახურება – 85%
პროგრამული უზრუნველყოფა და საინფორმაციო სისტემები – 81%
სარემონტო და ტექნიკური მომსახურება – 78%
სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები – 59%
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” თქმით, მუნიციპალიტეტებში, მერიებისა და მათ მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების ჩათვლით ტენდერების 43% უკონკურენტო იყო, ცენტრალურ და სხვა სახელმწიფო უწყებებში კი – 48%.
ავტორების თქმით, მუნიციპალიტეტებმა კონკურენციის გარეშე 625 მილიონი ლარი დახარჯეს. თანხის მოცულობით თბილისი – 277 მილიონი ლარითა და ბათუმი – 63 მილიონი ლარით ლიდერობენ. რაც შეეხება უკონკურენტო ტენდერების წილის – ამბროლაური (61%), თერჯოლა (59%) და ხულო (55%).
კვლევის მიხედვით, კონკურენციას ხშირად კონკრეტულ კომპანიებზე მორგებული მოთხოვნები აქრობს, როგორიცაა ბათუმის მერიის მოთხოვნა 30 კილომეტრის რადიუსში ასფალტის ქარხნის ფლობაზე ან რკინიგზის მიერ მოთხოვნილი 20 წლიანი გამოცდილება, რომლითაც თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის კომპანიამ გაიმარჯვა. ყველაზე მეტი თანხა უკონკურენტოდ სამშენებლო სფეროში გაიცა (517.9 მილიონი ლარი).
როგორც TI-საქართველო წერს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ანგარიშებში „კონკურენციის ზრდაზე“ საუბრობს, 2019 წლიდან დღემდე არცერთ წლიურ ანგარიშში არ ამბობს მთავარს, რომ ტენდერების თითქმის ნახევარში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობს.