Rapporteur: კალასმა სირიასთან არაერთხელ დააყენა ოკუპირებული ტერიტორიების გაუქმების საკითხი

პუბლიკა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი სირიასთან ურთიერთობების განახლების მოლაპარაკებების ფარგლებში დამასკოსგან მოითხოვს, გააუქმოს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპირებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ევროკავშირი სირიასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას სწორედ ამ საკითხის გათვალისწინებით გეგმავს.

ევროკავშირი სირიასთან ურთიერთობების აღდგენას 2024 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ცდილობს. ამ პროცესს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) ხელმძღვანელობს, რომელსაც კაია კალასი უდგას სათავეში.

გასულ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილეს 2008 წელს მოლაპარაკებული, თუმცა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო დღემდე არარატიფიცირებული „ასოცირების შეთანხმების“ ხელმოწერის შესაძლებლობა.

შემდეგი ეტაპი ევროკავშირისთვის მანდატის მიღება იქნება, რათა სირიასთან ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით მოდერნიზებული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. ეს პროცესი, შესაძლოა, უკვე მომავალი წლიდან დაიწყოს.

ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ სირიამ გააუქმოს საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, სანაცვლოდ კი ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები განავითაროს.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა გამოცემა Rapporteur-ს განუცხადა, რომ კალასმა ეს საკითხი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ასაად ალ-შაიბანისთან არაერთხელ დააყენა. საკითხზე მან პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთანაც ისაუბრა, მათ შორის ოქტომბერში სირიაში ვიზიტის დროს.

ევროკომისიის კიდევ ერთი წარმომადგენლის ინფორმაციით, იგივე საკითხი დამასკოში გასულ კვირას ვიზიტისას ხმელთაშუა ზღვის საკითხებში ევროკომისარმა დუბრავკა შუიცამაც წამოჭრა.

„ჩვენ ასევე უნდა მოვითხოვოთ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, რომლებიც მათ ასადის რეჟიმის დროს აღიარეს, ასევე სხვა საკითხები, რომლებიც წევრმა სახელმწიფოებმა შემოგვთავაზეს“, – განაცხადა კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ წინადადებას განიხილავენ.

ოქტომბერში დამასკოში ვიზიტისას კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მოლოდინებს შორის რუსეთის გავლენის, მათ შორის სირიაში მისი სამხედრო წარმომადგენლობის შემცირებაც იქნება.

რომელი ტერიტორიების აღიარების გაუქმებას ითხოვს ევროკავშირი?

ევროკავშირის მოთხოვნა ოთხ ტერიტორიას აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს (სამხრეთ ოსეთს), ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს ეხება.

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს სეპარატისტული რეგიონებია, რომლებიც თბილისის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება. რუსეთმა ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წელს, საქართველოსთან ომის შემდეგ აღიარა. ამ გადაწყვეტილებით მოსკოვი საკუთარი სამხედრო ჩარევის ლეგიტიმაციასა და სხვა ქვეყნების მხრიდან ანალოგიური ნაბიჯის გადადგმის წახალისებას ცდილობდა.

თუმცა რუსეთის მცდელობა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების თვალსაზრისით დიდწილად წარუმატებელი აღმოჩნდა. მოსკოვის გადაწყვეტილებას მხოლოდ ნიკარაგუა, ვენესუელა და სირია შეუერთდნენ. ნაურუმ, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2009 წელს აღიარა, ეს გადაწყვეტილება 2026 წლის ივლისში გააუქმა.

ევროკავშირის მოთხოვნას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა. გასულ კვირას რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირი „პოლიტიკურ შანტაჟში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სირიასთან ურთიერთობების შენარჩუნებასა და გაფართოებას აპირებს.

რაც შეეხება უკრაინას, ევროკავშირის მოთხოვნა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების გაუქმებასაც გულისხმობს. ეს სეპარატისტული წარმონაქმნები 2014 წელს, რუსეთის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში შეიქმნა.

სირიამ დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობა 2022 წლის 29 ივნისს აღიარა, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე რუსეთი ამ ტერიტორიების ანექსიას ოფიციალურად გამოაცხადებდა.