დღეს, 25 ნოემბერს ევროპარლამენტში პაატა ბურჭულაძისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური პატიმრების შესახებ რეზოლუციას განიხილავენ. კენჭისყრა ხვალ, 26 ნოემბერს არის დაგეგმილი.
პარლამენტში რეზოლუციის 6 პროექტია წარდგენილი ექვსი პოლიტიკური ჯგუფის სახელით: ევროპის სახალხო პარტია (EPP), სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D), განახლებული ევროპა (Renew Europe), მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსი (Verts/ALE), ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR) და სუვერენული ერების ევროპა (ESN).
რა წერია რეზოლუციის პროექტებში
დოკუმენტებში საუბარია 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზე, როდესაც თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართა. ბურჭულაძეს 2026 წლის მაისში შვიდწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
პროექტების ავტორები ბურჭულაძის საქმეს უფრო ფართო პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავენ და ყურადღებას ამახვილებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სამართლებრივ დევნაზე.
„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) გმობს ბურჭულაძის პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს. კერძოდ, მოთხოვნილია ყველა იმ პირის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება, რომლებიც მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობისთვის არიან დაკავებული, მათ შორის პოლიტიკური პარტიების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების.
რეზოლუციით ასევე მოთხოვნილია, რომ ნასამართლეობის ჩანაწერები გაუუქმდეთ იმ ახალგარდდებს, რომლებიც პოლიტიკური დევნის მსხვერპლები გახდნენ. ასევე, ევროპარლამენტარებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებს პოლიტპატიმრებთან შეუზღუდავი წვდომა ჰქონდეთ, ხოლო პატიმრობის პირობები ადამიანის ღირსებას პატივს სცემდეს.
პროექტში ასევე საუბარია სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაზე, ახალგაზრდების განათლებისა და დასაქმების უფლებებზე და დაკავებულებისთვის სამედიცინო დახმარებისა და ოჯახის წევრებთან კონტაქტის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. ჯგუფი ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები, მათ შორის სავიზო აკრძალვები და აქტივების გაყინვა. სანქციების შესაძლო სამიზნეებად დასახელებული არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე.
„სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ (S&D) პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობს, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ჯგუფი ბურჭულაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას გმობს და მისი საქმის საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით ხელახლა განხილვას მოითხოვს. ასევე, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდველი კანონები. ევროკავშირისგან კი იმ ქართველი თანამდებობის პირებისთვის სავიზო აკრძალვის დაწესებას მოითხოვს, რომლებიც დემოკრატიის უკუსვლასა და რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელი. ამასთან, ჯგუფი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და აკადემიური წრეების მხარდაჭერის გაზრდას მოითხოვს.
„მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსი“ (Verts/ALE) პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. პროექტში ნათქვამია, რომ მის წინააღმდეგ წარდგენილი მტკიცებულებები დანაშაულს გონივრულ ეჭვს მიღმა არ ადასტურებს და სასამართლო პროცესზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ნიშნები იკვეთება. ჯგუფი ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, დააწესონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ.
ასევე ამ პროექტით სანქციების დაწესებაა მოთხოვნილი მოსამართლეებისა და პროკურორების: ნინო სახელაშვილის, გიორგი გელაშვილის, ვაჟა თოდუას, გიორგი გაბიტაშვილისა და ირაკლი ხუსკივაძის მიმართ. რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, პასუხისმგებელი იქნება ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შეუძლებლობაზე.
„განაახლე ევროპა“ (Renew Europe) განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბურჭულაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პატიმრობის პირობებსა და სასამართლო პროცესის სამართლიანობაზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბურჭულაძე 71 წლისაა, საქართველოსა და ავსტრიის ორმაგი მოქალაქეა და პატიმრობაში ყოფნისას იზოლაციისა და გარე სამყაროსთან შეზღუდული კონტაქტის პირობებში იმყოფება. ჯგუფი მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, ოჯახთან რეგულარულ კონტაქტსა და საკონსულო წვდომას.
რეზოლუციის პროექტით ასევე მოთხოვნილია დამოუკიდებელი გამოძიება აქციების დროს ძალის გადამეტებისა და დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. სანქციების საკითხზე პოლიტიკური ჯგუფი ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების კოორდინირებულ რეაგირებას უჭერს მხარს.
„ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი“ (ECR) ბურჭულაძის საქმის გარდა, ყურადღებას ამახვილებს საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვაზე, პოლიტიკური პატიმრების რაოდენობასა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის გავლენის გაძლიერებაზე.
პროექტში მითითებულია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონაცემებით, საქართველოში 91 პოლიტპატიმარია.
ჯგუფი ბურჭულაძისა და მისი თანამოპასუხეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული საფუძვლებით გათავისუფლებასა და საზღვარგარეთ სპეციალიზებული მკურნალობის შესაძლებლობას მოითხოვს. ასევე, მოითხოვს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობის შეწყვეტას, მშვიდობიანი პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებას და ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პასუხისმგებელი პირებისთვის ევროკავშირის მასშტაბით სანქციების დაწესებას.
ცალკე ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ასევე დაგმობილია რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეთანხმება.
განსხვავებული პოზიცია აქვს მემარჯვენე-პოპულისტურ და ევროსკეპტიკურ პოლიტიკურ ჯგუფს „სუვერენული ერების ევროპა“ (ESN) – ეს პარტია „საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ევროკავშირის ჩარევის“ წინააღმდეგ გამოდის. ჯგუფი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს სუვერენული იურისდიქცია სასამართლო პროცესებზე და დემოკრატიაში ხელისუფლების გადაცემა არჩევნების გზით უნდა ხდებოდეს. პროექტის ავტორები გმობენ ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას, თუმცა ამავე დროს ხაზს უსვამენ მშვიდობიანი შეკრებისა და პოლიტიკური ოპოზიციის უფლებას.
„სუვერენული ერების ევროპა“ ევროკავშირს მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს დემოკრატიულ პროცესებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს და თავი შეიკავოს პოლიტიკური ზეწოლისა და სანქციებისგან. მათი შეფასებით, საქართველოს წინააღმდეგ სანქციები და შიდა საქმეებში ჩარევა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მდგრადი ეკონომიკური, სავაჭრო და პოლიტიკური პარტნიორობის ჩამოყალიბებას ხელს შეუშლის.