კახა კალაძის თქმით, განახლებულ რუსთაველის გამზირზე კონკრეტული მიმართულებებით ავტომობილების გადაადგილება გამარტივდება. კერძოდ, სანაპიროდან შესაძლებელი იქნება პირდაპირ მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლა და უკუმიმართულებით, პირდაპირ სანაპიროზე ჩასვლა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„ახალი სატრანსპორტო სქემით კონკრეტული მიმართულებებით ავტომობილების გადაადგილება გამარტივდება. შუქნიშნით რეგულირებული ახალი სატრანსპორტო კვანძების მოწყობის შემდეგ, რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზეც შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევა, რის შედეგადაც მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მიმავალ მძღოლებს აღარ მოუწევთ გამზირის ტრანზიტულად გავლა და ზეთისხილის ხესთან მოტრიალება. სანაპიროდან შესაძლებელი იქნება პირდაპირ მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლა და უკუმიმართულებით პირდაპირ სანაპიროზე ჩასვლა. ასევე მთაწმინდის ზედა ქუჩებიდან ჩამოსვლისას მძღოლებს აღარ მოუწევთ თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება და მარცხნივ მოხვევით, პირდაპირ გავლენ კოსტავას ქუჩის მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ახალი სატრანსპორტო კავშირების მოწყობის შედეგად, რუსთაველის გამზირზე გადაადგილების საჭიროება შემცირდება. მისივე თქმით, ავტომობილების 30% რუსთაველზე ტრანზიტულად გადაადგილდებოდა.
„არსებული სატრანსპორტო სქემის პირობებში, ჩვენი მონაცემებით, ავტომობილების, დაახლოებით, 30%-ს რუსთაველის გამზირზე ტრანზიტულად გადაადგილება უწევდა. ახალი კავშირების მოწყობის შედეგად, ამ გადაადგილების საჭიროება მნიშვნელოვნად შემცირდება. მაგალითად, ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან პირდაპირ მოძრაობით შესაძლებელი იქნება მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის (ყოფილი ელბაქიძის აღმართის) მიმართულებით გადაადგილება და პირიქით. თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიის მიმართულებით მოძრაობისას კი, მარცხნივ მოხვევით, შესაძლებელი გახდება კაკაბაძეების ქუჩაზე ასვლა. იქ, სადაც აქამდე მძღოლებს ზედმეტი მანძილის გავლა და შემოვლითი მარშრუტებით სარგებლობა უწევდათ, გაჩნდება პირდაპირი სატრანსპორტო კავშირები. სწორედ ეს არის მოძრაობის ახალი სქემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა – ზედმეტი გადაადგილების შემცირება და სატრანსპორტო ნაკადების უკეთ ორგანიზება“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძე ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წლის პერიოდში, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი იქნება, რუსთაველის გამზირი ცოტა მოგვიანებით დაიხაზება და შუქნიშნებიც შემდგომ ჩაირთვება.
მერის თქმით, მომავალ წელს რესპუბლიკის მოედნის განახლებაც იგეგმება. კერძოდ, მოეწყობა 200 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი. ასევე, დაგეგმილია თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-განახლება.
კალაძის განცხადებით, მთაწმინდის ქუჩებზე მოძრაობის ოპტიმალური სქემების შემუშავებას აპირებენ. ვიწრო ქუჩების გათვალისწინებით, დაამუშავებენ ყველაზე მისაღებ ვარიანტებს, რომლებიც რუსთაველის გამზირის ახალ სატრანსპორტო სქემასთან თავსებადი იქნება.