2024 წლის ზამთრის მასშტაბური აქციებიდან ორი წელი გავიდა – 28 ნოემბრიდან, 10-დღიან ინტერვალში, საპოლიციო ძალებმა მანიფესტაცია 7-ჯერ დაარბიეს:
28-29 ნოემბრის,
29-30 ნოემბრის,
30 ნოემბერი-1დეკემბრის,
1-2 დეკემბრის,
2-3 დეკემბრის,
3-4 დეკემბრისა და
6-7 დეკემბრის ღამეებში.
დარბევების დროს პროტესტის ასობით მონაწილე საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა.
რა მასშტაბი ჰქონდა დემონსტრანტების მიმართ ძალადობასა და არასათანადო მოპყრობას, მათ შორის ცემასა და წამებას?
ჰქონდა თუ არა ამ ქმედებებს სისტემური ხასიათი და რა მიანიშნებს იმაზე, რომ სამართალდამცველთა სავარაუდო დანაშაულებრივი მოქმედებები პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ წინასწარ იყო დაგეგმილი?
სახალხო დამცველის მიერ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით იზოლატორებსა და საავადმყოფებში მონახულებული 318 პირიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 220 (69%), 170 მათგანს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.
„28 ნოემბრიდან 3-4 დეკემბრისა და 6-7 დეკემბრის ჩათვლით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წევრების მხრიდან სავარაუდო წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას დაექვემდებარა თითქმის ყველა დაკავებული“, – წერს სახალხო დამცველი და 2024 წლის ანგარიშს ურთავს ცხრილს, რომელშიც დღეების მიხედვითაა აღნიშნული, მონახულებული აქციის მონაწილეებიდან რამდენი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე და რამდენს ეტყობოდა ხილული დაზიანებები.

აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები სისტემური და, სავარაუდოდ, წინასწარ დაგეგმილი იყო – რატომ?
სახალხო დამცველი ანგარიშში წერს, რომ აქციებზე სავარაუდო არასათანადო მოპყრობა, მათ შორის, წამება და არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა, როგორც გაზაფხულის, ასევე, ზამთრის აქციების მონაწილეთა მიმართ იყო სისტემური და ცალკეულ შემთხვევებში – მასშტაბური.
სისტემურობაზე მეტყველებს შემდეგი გარემოებები:
მსხვერპლები სპეცრაზმის მხრიდან ერთნაირი ხერხებისა და მეთოდების გამოყენებაზე საუბრობდნენ;
მსხვერპლთა მონათხრობიდან იკვეთება გდდ-ის ქმედებებისთვის დამახასიათებელი ერთგვაროვანი ხელწერა, რაც, უფლებადამცველების შეფასებით, მიუთითებდა, რომ ეს მეთოდები წინასწარ იყო შემუშავებული.
- ჯგუფური ცემა იწყებოდა დაკავების მომენტიდან და უფრო ხანგრძლივად და ინტენსიურად გრძელდებოდა ჟურნალისტებისა და კამერებისგან მოფარებულ ადგილებში – პოლიციის კორდონსა თუ შსს-ის სადამსჯელო მიკროავტობუსებში.
- როგორც წესი, სპეცრაზმელები მიზანმიმართულად ურტყამდნენ დემონსტრანტებს თავისა და სახის არეში.
„დაკავებულები აღნიშნავდნენ დაკავებისას ძირს დაგდებას (მათ შორის, დარტყმით), დაგდებულის/წაქცეულის წრეში მოქცევასა და დერეფნებში გატარებას, რა დროსაც ჯგუფურად, ხელებით და ფეხებით მრავალჯერად დარტყმებს აყენებდნენ და მიკროავტობუსები, სადაც გრძელდებოდა სასტიკი ძალადობა, მიზანმიმართული დაზიანებების მიყენება სახისა და თავის არეში, რაც, ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლს ვიზუალურადაც ემჩნეოდა.
ეს გარემოებები შეიძლება მიუთითებდეს, რომ არასათანადო მოპყრობის ერთნაირი მეთოდები წინასწარ იყო შემუშავებული“, – წერს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დაკავებულების გადმოცემით, არასათანადო მოპყრობას ჩადიოდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წევრები (მათ მოიხსენიებდნენ სპეცრაზმელებად, რობოკოპებად, შავნიღბიანებად და ა.შ.), თუმცა საჩივრები შესულია არასათანადო მოპყრობაზე სამინისტროს სხვა დანაყოფების მხრიდანაც.
„გდდ-ის წევრები დაკავებულებს ფიზიკურად, ჯგუფურად და სასტიკად უსწორდებოდნენ მიკროავტობუსებში: ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს.
მიკროავტობუსში ყოველი ახალი დაკავებულის შეყვანისას ყველას სცემდნენ და ეს რამდენჯერმე მეორდებოდა; რამდენიმე დაკავებული აღნიშნავს, რომ მიკროავტობუსში შეასხეს წიწაკის სპრეი და კარი დაუხურეს“.
რესპონდენტები აღწერენ, რომ ამ მანქანებს არ ჰქონდა სავარძლები და ფანჯრები; კიდეებზე, შიდა მხარეს, დამაგრებული იყო გრძელი სკამი, ხოლო მძღოლის ადგილი გამოყოფილი იყო ტიხრით, რომელსაც გისოსებიანი ფანჯარა ჰქონდა.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იზოლატორსა და კლინიკაში მონახულებულ მომიტინგეებს აღენიშნებოდათ მრავლობითი დაზიანებები, განსაკუთრებით, სახისა და თავის არეში. არაერთი დაკავებულის ტანსაცმელი ძალადობის შედეგად სისხლიანი იყო.
„სახალხო დამცველის რწმუნებული კლინიკაში ვერ გაესაუბრა 2 პირს, რადგან ექიმის განმარტებით, მათივე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, არ იყო რეკომენდებული პაციენტებთან გასაუბრება, ხოლო ერთი პირი ისეთ სტრესში იყო, გამართულად ვერ საუბრობდა.
სხვადასხვა დროს კლინიკაში მონახულებული პირებიდან ერთ-ერთი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა, თავი და სახე ჰქონდა შეხვეული და ეტლში იჯდა, ქვედა კიდურებს ვერ ამოძრავებდა. ასევე, 21 წლის ბიჭს ჩაუტარდა ოპერაცია მრავლობითი დაზიანებით, პაციენტი არ იყო კონტაქტური და რამდენიმე დღე ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
დაკავებულთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, გამოყენებული მეთოდებისა და ხერხების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევა, რომლის ფარგლებშიც 117 ადამიანი გამოიკითხა.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ არსებული მტკიცებულებები და ძალადობის მსხვერპლთა ჩვენებები მიანიშნებს სისტემურ წამებაზე – აქციის მონაწილეთა დასაშინებლად და დასასჯელად გამოყენებულ სასტიკ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.
ძალადობის მასშტაბი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის კოორდინირებული ქცევა, წამების მსხვერპლთა ჩვენებების თანხვედრა, სხვადასხვა თარიღში ჩადენილი იდენტური ქმედებები, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაზე რეაგირების არარსებობა და ზოგ შემთხვევაში მისი წახალისება მიუთითებს წამების სისტემურობასა და ამ დანაშაულის ორგანიზებულ ხასიათზე.
მთავარ მიგნებებთან ერთად, კვლევაში ვკითხულობთ მსხვერპლთა ისტორიებს:
დაზარალებული 52 წლის მამაკაცი
„მიკროავტობუსში უკვე ორი ადამიანი იყო. ორივე სრულიად დასისხლიანებული და კვნესოდნენ. იდგა საშინელი სუნი – ალბათ, სისხლის – და გუბეები. ორივე მთლიანად სისხლით იყო მოსვრილი“.
დაზარალებული 45 წლის მამაკაცი:
„როცა მიხვდნენ, რომ ხელის აფარების გამო, სახეში ძალიან არ მხვდებოდა, როგორც ბურთს ურტყამენ, ისე გამოიქნია ფეხი გვერდიდან ერთმა და მომარტყა შუბლში, საიდანაც მთელ სიგრძეზე სისხლი წამომივიდა. მერე ნეკნში დამარტყეს. ნეკნი რომ გამიტყდა, ისეთ ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი… რომ მეუბნებოდნენ, ადექიო, ვერ ვდგებოდი და, ამის გამო, კიდევ უფრო ძლიერად მირტყამდნენ“.
დაზარალებული 21 წლის მამაკაცი
„პოლიციელებს ვყავდი გაკავებული და სახეს ვერაფრით ვერ ვიცავდი. ვინც შემხვდებოდა, ყველა მირტყამდა. 4-5 ადამიანი მომყვებოდა და ისინიც გამუდმებით მირტყამდნენ. შემხვედრმა რობოკოპმა სახეში წიხლი ამომარტყა. ცხვირი უკვე გატეხილი მქონდა. მთლიანად სისხლში ვიყავი ამოსვრილი“.
გამოძიება:
ზუსტად რამდენმა პირმა მიმართა საგამოძიებო უწყებებს გამოძიების მოთხოვნით, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით უცნობია, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ არასათანადო მოპყრობის ყველა მსხვერპლს არ მიუმართავს – სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას არაერთმა პირმა მიუთითა არასათანადო მოპყრობის შესახებ, თუმცა არ ისურვა სამართლებრივი რეაგირება. მათ საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინებაზე უარის მიზეზად გამოძიებისადმი უნდობლობა დაასახელეს.
გამოიკვეთა ისეთი შემთხვევებიც, როცა დაკავებულები პრეტენზიას არ აცხადებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ არ ახსოვდათ, სად და როდის მიიღეს დაზიანება.
„ცალკე გამოვყოფთ ერთ-ერთ დაკავებულს, რომელსაც სახეზე ფაქტობრივად არ ჰქონია დაუზიანებელი [ადგილი]; ცხვირიც გახეთქილი ჰქონდა, თუმცა აცხადებდა, რომ დაზიანებები დაცემის შედეგად მიიღო“. – წერს სახალხო დამცველი.
გამოძიების მიმართ უნდობლობის მიუხედავად, არასათანადო მოპყრობის შესახებ საგამოძიებო უწყებებს განცხადებით ათეულობით მსხვერპლმა მიმართა. პროკურატურისა და სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, ზამთრის აქციების მონაწილე 105 დემონსტრანტს აქვს დაზარალებულის სტატუსი, თუმცა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით, კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ 3 საქმეზე გამოიკვეთა:
- გურამ როგავა;
- ზვიად მაისაშვილი;
- ლევან ხაბეიშვილი.
თუმცა გურამ როგავა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ თავდამსხმელი სხვა პირია. ამასთანავე, უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, სასამართლო პროცესები გაუმჭვირვალედ წარიმართა და განხილვის პროცესში დაზარალებულთა უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
საქმეების დროული და ეფექტიანი გამოძიების არარსებობასთან ერთად, პრობლემაა კვალიფიკაცია – გამოძიება არ მიმდინარეობს წამების, წამების მუქარის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლებით.
„გამოძიება აქციების ეპიზოდებზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლებით მიმდინარეობს, რაც სათანადოდ არ ასახავს გავრცელებული არასათანადო მოპყრობის ინტენსივობასა და სიმძიმეს“, – წერს სახალხო დამცველი.