კვირის დაიჯესტი - ამბები მოკლედ (15/11/26 - 20/11/26)

პუბლიკა

19 ნოემბრის დილა თბილისში უმძიმესი ამბით დაიწყო – ქვემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანია გადაყვანილი. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბოჭორიშვილის და ლავროვის მოადგილეები მინსკში ერთმანეთს შეხვდნენ

19 ნოემბერს მინსკში ბოჭორიშვილის მოადგილე და კობახიძის სპეციალური წარმომადგენელი გიორგი ზურაბაშვილი ლავროვის მოადგილეს, მიხეილ გალუზინს შეხვდა. რუსეთის საგარეოს ცნობით, მხარეებმა „განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში“ სავაჭრო-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და რეგიონულ უსაფრთხოების საკითხები ისაუბრეს და კონტაქტების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ქართველი დიპლომატები ამ ნაბიჯს სახიფათოდ მიიჩნევენ და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის რისკზე საუბრობენ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მინსკში გამართულ შეხვედრას „სამარცხვინოს“ უწოდებს და, მისი თქმით, მინსკში შეხვედრა მოსკოვში ჩასვლის ტოლფასია.

პატრიარქმა მოსკოვში სასულიერო პირების დელეგაცია გაგზავნა

რუსეთის პატრიარქ კირილეს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით შიო III-მ მოსკოვში სასულიერო პირების დელეგაცია გაგზავნა. დელეგაციაში პატრიარქის ქორეპისკოპოსი, სინოდის 3 წევრი და პროტოპრესვიტერი შედიან.

მოქალაქეების ცემის საქმეზე 3 პოლიციელს 6-6 წლით პატიმრობა მიესაჯა

2022 წელს ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ სამ პოლიციელს 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამოძიების თანახმად, მათ მოქალაქეებს ძარცვის აღიარების მიზნით სცემეს. პოლიციელების მიერ გადაღებული ცემის ამსახველი კადრები IT-სპეციალისტმა გიორგი კვიცარიძემ მოიპოვა და გაასაჯაროვა. თავად კვიცარიძე კადრების გასაჯაროების შემდეგ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და 17 წელი მიუსაჯეს. ოჯახი ამტკიცებს, რომ IT სპეციალისტს ნარკოტიკი შურისძიების მიზნით „ჩაუდეს“.

სხვა სიახლეები მოკლედ:

  • საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა გრძელდება, რომლითაც „ოცნება“ 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
  • სასამართლომ ჟურნალისტი ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კილაძე ბრალს არ აღიარებს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
  • თბილისის მეტროს ვაგონების რემონტის ტენდერებიდან 41 მილიონზე მეტი ლარის მითვისების ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
  • ყოფილ პოლიციელს, ირაკლი მუხადგვერდელს, რომელსაც ქუჩაში იარაღიდან სროლისთვის ბრალი ჰქონდა წარდგენილი, საპროცესო შეთანხმებით 2-წლიანი პირობითი და 10 000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა. შეგახსენებთ, რომ მუხადგვერდელს აქციების დროს დაკავებულმა ანასტასია ზინოვკინამ გაუპატიურების მუქარაში დასდო ბრალი.
  • ჟურნალისტი ვახო სანაია 30-დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. მას პატიმრობა შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით ორი Facebook-სტატუსისა და ერთი ვიდეოს გამო ჰქონდა შეფარდებული.
  • ცხოველთა თავშესაფრის დაცვაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დავით ზანდუკელი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
  • „ოლე-ოლას“ სიმღერის გამო, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, ანა ბდეიანი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურის წარმომადგენელი ანა ყურაშვილი 3000 ლარით დაჯარიმდნენ.
  • თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე ცივი იარაღით 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანი მოკლეს, შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის საქმეზე სავარაუდო ბრალდებული დააკავეს.
  • მიხეილ ყაველაშვილის ცოლის, თამარ ბაგრატიონის შეურაცხყოფის საბაბით ირინა სარიშვილი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
  • მიტროპოლიტ იობის გინების გამო სასამართლომ „ოცნების“ პროპაგანდისტი ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან საჯარო დისკუსია მოითხოვეს, თუმცა მინისტრი დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა, რის გამოც სამინისტროსთან აქცია გაიმართა.

უცხოეთი

 

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ

ფოტო: Win McNamee/Pool via REUTERSჩინეთში გამართული სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი სი ძინპინსა და ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ტრამპის თქმით, ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე შეთანხმების მიღწევა რთულია, ხოლო უკრაინის ომი აშშ-ს პირდაპირ არ ეხება და ამერიკა ევროკავშირისთვის იარაღის ფასდაკლებების გარეშე მიყიდვით „დიდ ფულს შოულობს“.

 

უკრაინამ ყირიმის ხიდი დაბომბა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 17 ნოემბრის ღამეს უკრაინული წარმოების დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანეს ყირიმის  ხიდზე. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ძლიერი აფეთქებების შედეგად ხიდის საავტომობილო ნაწილის თაღი ჩამოინგრა, სარკინიგზო მონაკვეთი კი დაზიანდა. პუტინი უკრაინის მიერ ყირიმის ხიდის აფეთქების გამო „შურისძიებით“ დაიმუქრა.

რუსეთმა უკრაინაზე 20 ნოემბრის ღამეს მასშტაბური იერიში მიიტანა

პუტინის მუქარიდან მეორე დღეს, 20 ნოემბრის დილით რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა. თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით დაშავდა. დაზიანდა ენერგომომარაგების ინფრასტრუქტურა და კიევის სამი ხიდი. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა 84 ფრთოსანი რაკეტა და 404 დრონი გაუშვა, რომელთა უმეტესობა უკრაინამ გაანეიტრალა.

ამავდროულად, 20 ნოემბრის ღამეს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს, პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტა და ერთი დრონი ჩამოვარდა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, თავდასხმის დრო შესაძლოა განზრახ შეირჩა, რადგან პოლონეთში ბრიტანელი და ფრანგი სამხედროების მონაწილეობით „მსურველთა კოალიციის“ სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.

წინა დღეების უკრაინა-რუსეთის საომარი მოვლენები:

  • 20 ნოემბრის დილით უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსეთის სმოლენსკის ოლქში მდებარე ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანეს.
  • 19 ნოემბერს დილით რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ალმეტიევსკთან მდებარე „ტრანსნეფტის“ ნავთობის საქაჩ სადგურზე უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა
  • 18 ნოემბერს რუსეთის კრასნოდარის მხარეში უკრაინული დრონების შეტევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და ორ საწარმოში ხანძარი გაჩნდა
  • 18 ნოემბერს რუსეთის მიერ ოდესის ცენტრზე მიტანილ იერიშს ოთხი ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი ტელეარხის ჟურნალისტი ქალი ემსხვერპლა.

 

რუსეთი პოლონეთში დივერსიას ამზადებდა

Wojtek Radwanski/AFP/Getty Images

პოლონური მედიის ცნობით, ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში რუსეთის სპეცსამსახურები კალინინგრადის ოლქთან ახლოს დივერსიას გეგმავდნენ, რათა პასუხისმგებლობა უკრაინისთვის დაეკისრებინათ და პოლონეთს უკრაინისთვის დახმარება შეეწყვიტა; პროვოკაცია პოლონეთის სპეცსამსახურებმა და არმიამ პარტნიორი ქვეყნების გაფრთხილებით აღკვეთეს.

 

 

ესტონეთი რუსეთთან საზღვარს კეტავს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურების მტრული ქმედებებისა და ესტონეთში თავდაცვითი საწარმოსთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობის საპასუხოდ, ესტონეთი რუსეთთან ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს 1 დეკემბრიდან დახურავს.

უცხოეთის სხვა სიახლეები უფრო მოკლედ

  • 15 ნოემბერს ბაჰრეინის თავდაცვამ ირანის მიერ გაშვებული დრონები ჩამოაგდო. ირანმა დაადასტურა, რომ შეტევის სამიზნე რიფაში მდებარე აშშ-ის ვერტმფრენების ბაზა იყო.
  • 17 ნოემბერს კი ირანის ხელისუფლების ცნობით, აშშ-მა ირანის სამხრეთით, ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულ ქეშმზე რამდენიმე იერიში მიიტანა.
  • 15 ნოემბერს პრაღაში 350–400 ათასამდე ადამიანი გამოვიდა კანონპროექტის გასაპროტესტებლად, რომელიც საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოსთვის მოქალაქეების სავალდებულო სააბონენტო გადასახადის გაუქმებასა და მათ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე გადაყვანას ითვალისწინებს. პროტესტის მონაწლეები შიშობენ, რომ დაფინანსება შეიძლება იქცეს სახელმწიფოს მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის ბერკეტად.
  • უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთი უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების ბოლო ორი კლასტერის გახსნაზე ვეტოს მოხსნის.
  • ისრაელის პარლამენტმა ახალ სპიკერად ბენიამინ ნეთანიაჰუს მოწინაღმდეგე, ოპოზიციონერი მათან კაჰანა აირჩია.

ჩვენი რეკომენდაცია:

როგორ მოვედით აქამდე? ქართული ავტორიტარიზმის ლოგიკა

“ხანძრები” გაუქმებული თეატრის მიღმა

დიპლომატები ზურაბაშვილი-გალუზნის შეხვედრაზე: საგარეო კურსის ცვლილების კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა