საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელი განხილვა გრძელდება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პარლამენტის 88 წევრის სარჩელს განიხილავს, რომელიც მიემართება 5 ოპოზიციური კოალიციისა და პარტიის აკრძალვას. ესენია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო–ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“.
„ქართული ოცნების“ წარომადგენლები აცხადებენ, რომ პარტიების საქმიანობა ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და მათი საქმიანობა არაკონსტიტუციურია. სარჩელი ძირითადად ეყრდნობა 2025 წელს შექმნილი წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნას და განხილულია 2008 წლის ომის მოვლენებიც. აღნიშნული სარჩელით „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ოკუპაციას შეუწყო ხელი. ოპოზიციურმა პარტიებმა წულუკიანის კომისიის დასკვნის მტკიცებულებად დაუშვებლობის შუამდგომლობა სარჩელის განხილვის პირველივე დააყენეს. მათი თქმით, ეს წულუკიანის კომისიის დასკვნა პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და დაუსაბუთებელ ჭორაობას ჰგავს. პლენუმმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ოპოზიცია მიიჩნევს, პარტიების აკრძალვა ისახავს ოპოზიციის განადგურებას ისახავს და ამ პროცესს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
29 ოქტომბერს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ მსჯავრდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია ციხიდან საავადმყოფოში ეტლით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ორგანიზაციის განცხადებით, ხოშტარია პოლიტიკური პატიმარია და ის საპატიმროში მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ არ შეეგუა უსამართლობას და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის. განცხადებაშ აღნიშნულია, რომ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსს ხერხემლის ანთებითი დაავადება აქვს და მისი 1.5-წლიანი პატიმრობა არაპროპორციული და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებელია.
კადრების გავრცელების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ საპატიმროდან წერილი გაავრცელა. ის აღნიშნავს, რომ ძირითადად ჯოხით დადის, დიდ დისტანციებზე კი ეტლს იყენებს, თუმცა თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ექიმებს. ხოშტარიას თქმით, ციხის ადმინისტრაციასთან პრეტენზია არ აქვს, რადგან მისი ჯანმრთელობისთვის ყველაფერს აკეთებენ, პასუხისმგებლობას კი „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილს აკისრებს.
„ასავალ–დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სააპელაციომ გირაოთი გაათავისუფლა
სააპელაციო სასამართლომ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ადვოკატი ჩუბინიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, რაც მოსამართლე მაია კვირიკაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ჩუბინიძე პოლიტიკური პატიმარია და ისტორიაში არ მომხდარა, რომ ჟურნალისტი რესპონდენტთან ინტერვიუს გამო დაეკავებინათ.
პროკურატურამ დიტო ჩუბინიძე 22 ოქტომბერს სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა. უწყების განმარტებით, ის 2026 წლის თებერვლიდან სისტემატურად ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს პრემიერ-მინისტრმა საიდუმლო შეთანხმებით აზერბაიჯანს დავით გარეჯის ნაწილი გადასცა.
პროკურატურის თქმითვე, ამ ამბის რეალურობის შესაქმნელად ჩუბინიძემ თავისი რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება „არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ– მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით“.
იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ ფეიქრიშვილი საკანში „მარტო არ იყო“
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დაადასტურა, რომ მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან საკანში სხვა პირები შეასახლეს, თუმცა, მისი თქმით, მათი ვინაობა, შესახლების მიზეზები და პასუხისმგებელი პირები გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სალიას თქმით, მსგავსი ძალადობრივი შემთხვევებისგან არცერთი სისტემა არ არის დაზღვეული.
ფეიქრიშვილის ცემის შესახებ ცნობები 19 ოქტომბერს გავრცელდა, რაც პენიტენციურმა სამსახურმა თავდაპირველად უარყო. მოგვიანებით, ფეიქრიშვილის ადვოკატმა დაადასტურა, რომ 16 ოქტომბერს საკანში ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და კიდევ სამი პირი შეასახლეს, რომლებიც ფეიქრიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და თან ტელეფონის კოდს სთხოვდნენ.
19 ოქტომბერს მრავლობითი დაზიანებებით „ვივამედში“ გადაყვანილი ბრალდებული კლინიკიდან იმავე დღეს დააბრუნეს პენიტენციურში და მეორედ ის 20 ოქტომბერს ხელზე მიყენებული ჭრილობით, თვითდაზიანებით მიიყვანეს.
ფეიქრიშვილის ბრალდებები უარყო ვატო ყიფიანმა და განაცხადა, რომ მას პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეხვედრია. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
ამ ხნის განმავლობაში ოჯახი მოითხოვდა, რომ პენტიენციური სამსახურის უფროსს გიორგი პატარიძეს თანამდებობა დაეტოვებინა. 26 ოქტომბერს გიორგი პატარიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას მიმართა.
ფარცხალაძე რუსეთში „რუსებისა და ქართველების ერთობის ფონდის“ პრეზენტაციას დაესწერო
28 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ მრგვალ მაგიდაზე „ქართველებისა და რუსების ერთობის“ ფონდის პრეზენტაცია მოეწყო, რომლის თანადამფუძნებლები ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პრორუსი პოლიტიკოსი მამუკა ფიფია და აშშ–ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე არიან.
რუსული მედიის ცნობით, ხელი მოეწერა დოკუმენტს, სადაც ვლადიმირ პუტინისა და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურიერთობების გარღმავდეს. ინიციატივა ითვალისწინებს რუსეთ–საქართველოს უნივერსიტეტის შექმნას, რუსული ენის პოპულარიზაციასა და საეკლესიო ღვთისმსახურების და მომლოცველობის შესაძლებლობის აღდგენას.
ფონდის თანადამფუძნებელ მამუკა ფიფიას დიდმა ბრიტანეთმა სანქციები 1 ოქტომბერს დაუწესა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელთან შეხვედრისა და რუსული დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელების გამო. ოთარ ფარცხალაძეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ მოხალისეთა დანაყოფ „გეორგიევსკის“ ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა, აშშ–მა სანქციები ეფ–ეს–ბე–სთან თანამშრომლობისა და ქართულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის გამო დააკისრა. ამასთან, ყოფილი გენპროკურორი ბრალდებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებასა და ე.წ. ქოლცენტრების საქმეში.
რუს პროპაგანდისტზე დაწერილი კომენტარის გამო თორნიკე რაზმაძე 3000 ლარით დააჯარიმეს
მოსამართლე ნინო ენუქიძემ თორნიკე რაზმაძე საჯარო სივრცეში ლანძღვა–გინების ბრალდებით 3000 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება 2026 წლის 18 აგვისტოს Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც რაზმაძე რუსი პროპაგანდისტების, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სოლოვიოვის განცხადებებს მიმოიხილავდა, კომენტარში კი დაწერა: „ამათი დედას შევე*ი „ნა კალენიახ“.
თორნიკე რაზმაძის განმარტებით, გინება უშუალოდ სიმონიანს მიემართებოდა, რომელმაც თქვა, თითქოს ერეკლე II-ის მსგავსად საქართველო მათთან მუხლდაჩოქილი მივიდოდა, რის გამოც კომენტარში თავად სიმონიანის ფრაზა გამოიყენა.
შსს–ს წარმომადგენლის, მარიამ კერესელიძის თქმით კი, პოსტის კონტექსტისა და შინაარსის გაანალიზებით ნათელი იყო, რომ კომენტარი არა სიმონიანს, არამედ „სახელისუფლებო გუნდს“ მიემართებოდა. უწყების განმარტებით, ვინაიდან 173¹⁶ მუხლი კონკრეტული პირის დასახელებას მოითხოვს, წარმოება 166-ე მუხლით დაიწყეს, რომელიც საჯარო სივრცეში ლანძღვა–გინებას ითვალისწინებს და ადრესატის კონკრეტულ იდენტიფიცირებას არ საჭიროებს.
მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. შეთანხმების მიხედვით, მათ 3 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, საიდანაც რეალურად 1 წელსა და 1 თვეს მოიხდიან, ხოლო 2 წელი პირობით მსჯავრად ჩაეთვლებათ.
შედეგად, ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ, ჩხვირკია 6 ნოემბერს, ხოლო ჟვანია, 16 ნოემბერს.
Amnesty International და „საია“ ციხეებში პატიმართა წამებასა და ანგარიშსწორებაზე ეხმაურებიან
Amnesty International და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ციხეებში პატიმართა მიმართ წამების, სექსუალური ძალადობის, ცემისა და მუქარის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე, ასევე იმ პატიმრების მიმართ ანგარიშსწორებაზე, რომლებიც ძალადობაზე საუბრობენ ან სოლიდარობას უცხადებენ სხვა პატიმრებს.
უფლებადამცველი ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ რამდენიმე კონკრეტულ ფაქტზე: რუსთავის №6 დაწესებულებაში გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალურ ძალადობასა და შემდგომ შესაძლო ანგარიშსწორებაზე; ლაითურის №1 დაწესებულებაში ციხის თანამშრომლის მიერ პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებასა და გლდანის №8 დაწესებულებაში დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე.
ორგანიზაციების შეფასებით, შეშფოთებას იწვევს როგორც თავად ბრალდებები, ისე ხელისუფლების არასათანადო რეაგირება. პენიტენციურმა სამსახურმა ფეიქრიშვილის ცემა თავდაპირველად უარყო, ხოლო დავითაძის საქმეზე გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა, რაც გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა დაიცვას პატიმრები ძალადობისა და ანგარიშსწორებისგან, გამოიძიოს არასათანადო მოპყრობის ყველა სარწმუნო ბრალდება და პასუხისმგებელი პირები სასამართლოს წინაშე წარადგინოს.
უცხოეთი
ოკუპირებულ ოლეშკიში ჰუმანიტარული მისია დაიწყო – უკრაინისა რუსეთის ომის კვირის ამბების მიმოხილვა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში საბრძოლო მოქმედებები მესამე დღეა შეჩერებულია. 30 ოქტომბერს ჰუმანიტარული მისია დაიწყო, რომლის მიზანი ადგილობრივებისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება და ევაკუაციაა. მისიას კოორდინაციას უწევს უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი და რუსეთის უფლებადამცველი იანა ლანტრატოვა. ისინი ერთმანეთს ოკუპირებულ ყირიმში შეხვდნენ და მედიასთან ერთად გამოჩნდნენ. საორგანიზაციო შეხვედრის შემდეგ ორივე ქვეყნის უფლებადამცველები ავტოკოლონით ოკუპირებული ოლეშკისკენ გაემართნენ. ევაკუაციისთვის მზადაა 25 ავტობუსი და მწოლიარე პაციენტებისთვის სასწრაფო დახმარების მანქანები.
პარალელურად, რუსეთის ძალებმა უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანეს. რუსული თავდასხმის შედეგად კიევში 30 ოქტომბერს, გამთენიისას, ერთი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა მაღაზიები, საწყობები, საცხოვრებელი სახლები და ენერგოსისტემა, რის გამოც კიევის ნაწილს ელექტროენერგია სრულად გაეთიშა. თავდასხმის შედეგად ენერგოობიექტები დაზიანდა დნეპროპეტროვსკის ოლქშიც, სადაც შეწყდა ელექტროტრანსპორტის მუშაობა და დაშავდა სულ მცირე 13 ადამიანი.
29 ოქტომბერს რუსები რეაქტიული დრონით თავს დაესხნენ ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურის პლატფორმას, დაიღუპა 14 ადამიანი. თავდასხმები იყო ჩერნიჰივსა და კრემენჩუკშიც, სადაც საცხოვრებელ სახლებზე დარტყმების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის მოზარდები დაიღუპნენ.
საპასუხოდ, უკრაინამ უპილოტო აპარატებით შეტევა განახორციელა რუსეთის რეგიონებზეც. ქალაქ ნოვომოსკოვსკში, ქიმიურ ქარხანა „აზოტში“ ხანძარი გაჩნდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ხოლო სამარის ოლქში ხანძარი გაუჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
უკრაინის სამხედრო–ზღვაოსნო ძალებმა „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებით ვოლგოგრადის ოლქში სამხედრო აეროდრომზე რუსული Su-34 ტიპის ორი ბომბდამშენი და „ისკანდერის“ სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურეს. უკრაინულმა ძალებმა ასევე იერიში მიიტანეს ბრიანსკის ოლქში მდებარე რუსულ „დრონების პორტზე“, სადაც დრონების საწყობი და საწვავის ბაზა დააზიანეს.
30 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ–ში, ქალაქ ატლანტაში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიიღოს „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რისთვისაც მას სპეციალური დროებითი ნებართვა მიეცა.
სერბეთში არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციის, „სტუდენტური სიის“ ისტორიული გამარჯვებით დასრულდა. შედეგებს მოქალაქეები მთელიქ ქვეყნის მასშტაბით ზეიმონდნენ.
Ipsos/CeSID-ისა და არჩევნების ეროვნული კომისიის მონაცემებით, ორ წელზე ნაკლები ხნის წინ შექმნილმა სტუდენტურმა მოძრაობამ ხმათა 52.9% მიიღო, ხოლო ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულმა პარტიამ“ 38.8%. ამ შედეგით 250-ადგილიან პარლამენტში „სტუდენტური სია“ 141 ადგილს დაიკავებს, მმართველი პარტია103-ს, ხოლო დარჩენილი 6 მანდატი ოთხ სხვა პარტიაზე გადანაწილდება.
„სტუდენტური სია“ ძირითადად აკადემიური წრეებისა და პოლიტიკისგან დისტანცირებული პირებისგან შედგებოდა.
ალექსანდრ ვუჩიჩმა, რომელიც სერბეთს 14 წლის განმავლობაში მართავდა, დამარცხება არჩევნების დღესვე აღიარა და თქვა, რომ ოპოზიციამ deep state-ის ჩარევით გაიმარჯვა.
ვუჩიჩმა ვადამდელი არჩევნები ორწლიანი მასშტაბური საპროტესტო ტალღის შემდეგ დანიშნა, რომელიც ნოვი–სადის რკინიგზის სადგურზე ტრაგედიასა და 16 ადამიანის დაღუპვას მოჰყვა.
რუსული მედიაგამოცემა „ნოვაია გაზეთა“ იძულებული გახდა მუშაობა შეწყვიტოს
„9 ნოემბერს ჩვენ ჩავაქრობთ შუქს სახლში, სადაც 30 წელი ვიცხოვრეთ, გამოვრთავთ სერვერებს და წავალთ. გაზეთი აღარ არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ და რუსეთის სპეცსამსახურებმა რედაქცია აიძულეს, შეეწყვიტა მუშაობა“, – წერია რუსულ მედიაგამოცემა „ნოვაია გაზეთას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი თქმით, 30-წლიანი მოღვაწეობა ქუჩაში, არსებობისთვის საჭირო სახსრების გარეშე და მუდმივი რეპრესიების საფრთხის ქვეშ სრულდება.
რედაქციას მოსკოვის ცენტრში მდებარე შენობის მესაკუთრემ ოფისის დაცლა 9 ოქტომბერს მოსთხოვა. ამასთან, გაითიშა დონაციების სისტემაც, რამაც „ნოვაია გაზეთა“ ფინანსური წყაროების გარეშე დატოვა.
რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში დარჩენილ დამოუკიდებელ მედიებზე ცენზურა გააძლიერა. „ნოვაია გაზეთას“ ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა დიმიტრი მურატოვმა 2021 წელს სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო, რის შემდეგაც ხელისუფლებამ მას მედიალიცენზია ჩამოართვა და „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა.
რედაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია იმ რთულ გზასა და რეპრესიებზე, რომელიც „ნოვაია გაზეთას“ ჟურნალისტებმა გაიარეს, ნახსენებია მოკლული კოლეგები და რედაქციის ასამდე ჟურნალისტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადეს.