2012 წელს „ქართული ოცნება“ მემარჯვენე, ცენტრისტული და, მათ შორის, მემარცხენე ძალების ფართო კოალიციას წარმოადგენდა. კოალიციაში თანაარსებობდა როგორც მემარჯვენე ეთნონაციონალისტური პოპულიზმი, ისე მემარცხენე ტიპის სოციალური პოლიტიკა და პროდასავლური რიტორიკა. „ქართული ოცნების“ არსებობის პირველი წლების დაპირებები „ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტარული რეჟიმის დასრულების, დემოკრატიული მმართველობის დამყარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის შესახებ, ბოლო წლებში მაპოლარიზებელმა ე.წ. არალიბერალური მოძრაობებისთვის დამახასიათებელმა პოპულისტურმა დისკურსმა ჩაანაცვლა. „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს ორ ნაწილად ჰყოფს – „ქართული ოცნება“ და მისი მხარდამჭერები წარმოჩნდებიან, როგორც ნამდვილი პატრიოტები, სუვერენიტეტის, ტრადიციების, ქრისტიანობისა და მშვიდობის დამცველები, მოწინააღმდეგეები კი „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად“, უცხოეთის აგენტებად ან, საუკეთესო შემთხვევაში, „სასარგებლო იდიოტებად“ წარმოჩინდებიან. მოსახლეობის დაყოფისა და გახლეჩის პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა სასამართლო და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები, მიიღო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შემზღუდავი ათეულობით ახალი კანონი, შეაჩერა ევროინტეგრაცია და რადიკალურად შეცვალა ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსი.
„ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის კრიზისისა და განგრძობითი პოლიტიკური პროტესტის პარალელურად, ბოლო პერიოდის განმავლობაში სულ უფრო ხშირდება სოციალური უკმაყოფილება კორუფციის, მზარდი კრიმინალის, ემიგრაციისა და დემოგრაფიული პრობლემის, განათლების სისტემაში უხეში ჩარევის, მაღალი ფასების, გაზრდილი ტარიფებისა და სოციალური პოლიტიკის გაუარესების გარშემოც. თუმცა, არსებული უკმაყოფილების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ რეჟიმი ჯერჯერობით კვლავ მყარად გამოიყურება. იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური თანხმობის კრიტიკული ნიშნულის გარეშე, სახელმწიფოს მხოლოდ რეპრესიის იარაღით მართვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ისმის კითხვა: რა სოციალური კოალიცია უმაგრებს ზურგს „ქართულ ოცნებას“? ქართული საზოგადოების რა ტრავმებსა და მოწყვლადობას იყენებს მმართველი გუნდის პროპაგანდა? როგორია „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ბუნება, როგორ შეიცვალა იგი დროში და უფრო ზოგადად, რა პოლიტიკურ ფენომენთან გვაქვს საქმე, რომელიც შიდა და გარე გამოწვევებისა და მრავალი არაპოპულარული პოლიტიკის გატარების მიუხედავად, კვლავ ინარჩუნებს ძალაუფლების სადავეებს? იკვეთება თუ არა „ქართული ოცნების“ ავტორიტარული რეჟიმის მიმართ უცხოური ავტორიტარული რეჟიმების დახმარება, რაც პარტიის ძალაუფლების სტაბილურობას განაპირობებს?
ამ და სხვა თემების შესახებ იაგო კაჭკაჭიშვილს (სოციოლოგი, პროფესორი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), თამარ ცხადაძეს (ფილოსოფოსი, ასოცირებული პროფესორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ნუცა ბათიაშვილს (ანთროპოლოგი, პროფესორი – თავისუფალი უნივერსიტეტი) და ზაზა აბაშიძეს (ჟურნალისტი, გამოცემა რეალპოლიტიკის მთავარი რედაქტორი) გავესაუბრეთ.
რა არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მთავარი მახასიათებელი?
იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით, „ქართული ოცნების“ მოქმედი მხარდამჭერების ერთი–ერთი მთავარი მახასიათებელი, კონფორმიზმია. სოციოლოგის თქმით, როდესაც პირადი სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა ხელისუფლების მიმართ ლოიალობაზე გადის, საზოგადოების ნაწილი პირადი სოციალურ კეთილდღეობის დასაცავად კონფორმიზმს ირჩევს. მისი თქმით, კონფორმიზმი ერთგვაროვანი არ არის, იკვეთება გარკვეული გრადაციები ენთუზიაზმის ხარისხისა და კონფორმიზმის ინტენსივობის მიხედვით.
როგორც იაგო კაჭკაჭიშვილი აღნიშნავს, ადამიანებს ხშირად უჭირთ, აღიარონ თავიანთი კონფორმიზმი და ამ შემთხვევებში ისინი პირად, კონფორმიზმით განპირობებულ გადაწყვეტილებებს „მაღალ მატერიებზე“ აპელირებით ნიღბავენ:
„[‘ქართული ოცნების’ ამომრჩეველი] გეტყვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობა შეგვინარჩუნა და ის, რომ საქართველოში ბომბები არ ცვივა, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ან, მაგალითად, გეტყვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ზრუნვა ტრადიციებზე, რელიგიაზე, სუვერენულობაზე, დამოუკიდებლობასა და ასე შემდეგ. ანუ ცდილობს, თავისი კონფორმიზმი შეფუთოს რაღაც ღირებულებებში, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ არც მშვიდობა გვაქვს, არც უსაფრთხოება და ეს ტრადიციებზე ზრუნვაც თითიდან გამოწოვილი პროპაგანდაა. შემდეგ ეს ადამიანები შიშვლდებიან…“
თუმცა, როგორც იაგო კაჭკაჭიშვილი გვიამბობს, უამრავი რეპრესიული თუ სხვა მეთოდის გამოყენებისა და საზოგადოების ნაწილში კონფორმიზმის გაღვივების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მაინც ვერ შეძლო საზოგადოებრივი აზრის თავის სასარგებლოდ შემობრუნება:
„სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში ცნობილი თეზისია, რომ ავტორიტარიზმი იწყება რეპრესიებით, მაგრამ მყარდება, ბეტონდება ლოიალობით. […] მიუხედავად უამრავი ხერხის გამოყენებისა, იქნება ეს პროპაგანდა, იქნება ეს დაშინება, იქნება ეს რეპრესიები, პრაქტიკულად, ყველა მექანიზმს იყენებს „ქართული ოცნება“ საიმისოდ, რომ საზოგადოებრივი აზრი თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს […] მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ეს მან ვერ შეძლო […] „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებრივი აზრი ვერ შემოატრიალა თავის სასარგებლოდ. […] „ქართული ოცნება“ პირველ ფაზაშია უკვე ბევრი წელია, ანუ ის რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს, მაგრამ ვერ შეძლო ამ რეპრესიული მექანიზმების კონვერტირება […] საზოგადოების უმრავლესობის ლოიალობაში მის მიმართ. კი ბატონო, მან შეძლო ხალხის დაშინება, გარკვეული ნაწილის, შესაძლოა მნიშვნელოვანი ნაწილის, მაგრამ ვერ გააღვიძა მათში სიმპათია და სანამ […] ამ ლოიალურობისთვის არ მიუღწევია „ქართულ ოცნებას“, მისი ავტორიტარიზმი მაინც მყიფეა. […]„ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ავტორიტარიზმი ვერ დაასრულა […] ანუ საზოგადოების უმრავლესობა ვერ აქცია მის მიმართ ლოიალურად, ვერ აქცია საზოგადოების უმრავლესობა კონფორმისტად. ამას ახლა კვლევებიც აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კი არ იზრდება, არამედ ერთ ნიშნულზეა გაჩერებული ან იკლებს.“
იაგო კაჭკაჭიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მოტივაციის სამ კატეგორიად დაყოფას გვთავაზობს: გულწრფელი ანუ ენთუზიაზმით მხარდაჭერა; კონფორმიზმით, ანუ საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მხარდაჭერა და შიშით გამოწვეული თანამშრომლობა. სოციოლოგის აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე დიდ წარმარტებას სწორედ მოსახლეობის დაშინებით მიაღწია. მისი თქმით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებებმა, რითაც საჯარო მოხელეების გათავისუფლება გამარტივდა, საჯარო სექტორში დასაქმებულები კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში ჩააყენა და გააადვილა მათი დაშინება. იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, დაშინებისგან არც კომერციული სექტორია დაცული. სოციოლოგი აღნიშნავს, რომ ბიზნესის დაშინების მრავალი ხერხი არსებობს და როგორც ჩანს, მცირე ბიზნესიც, რომლის წილიც ქვეყანაში ყველაზე დიდია, გარკვეულწილად, დაშინებულია. თუმცა აღნიშნავს:
„კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ფაქტორი არსებობს, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ეს არ არის გადამწყვეტი, რადგან, როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები გვიჩვენებს, საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს. ამას აჩვენებს საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვა. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ხალხის დაშინება, შეძლო რაღაცა ტიპის კონფორმისტული მისწრაფებების გაღრმავება, მაგრამ საზოგადოებას თავი ვერ მოაწონა, ანუ ვერ აჩვენა საზოგადოებას, რომ ის არის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფოს მართვაში ყოფნას იმსახურებს“.
პროფესორის თქმით, კვლევების მიხედვით, დღეის მდგომარეობით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 30-35%-ს შორის მერყეობს. ამათგან, სოციოლოგის ვარაუდით, მხოლოდ, დაახლოებით, 10% შეიძლება ჩაითვალოს „ქართული ოცნების“ გულწრფელი მხარდამჭერად, რაც, მისივე თქმით, რეჟიმის სერიოზულ ჩავარდნაზე მიუთითებს.
ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ რიტორიკა გაჯერებულია ომის საფრთხეზე, სუვერენიტეტზე, ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებზე აპელირებითა და ლიბერალიზმის როგორც პარადიგმის კრიტიკით. რა კოლექტიურ მეხსიერებებსა და ტრავმებს ეჭიდება და როგორ მუშაობს „ქართული ოცნების“ პროპაგანდა?
იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, იმისდა მიუხედევად, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან ქართულმა საზოგადოებამ ადამიანის უფლებების, სეკულარიზმის მიმღებლობისა და მომიჯნავე ლიბერალური ღირებულებების კუთხით არსებითი, „რევოლუციური“ ცვლილებები განიცადა, საზოგადოების ნაწილი ბოლომდე კვლავ არ იზიარებს გარკვეულ ლიბერალ–დემოკრატიულ ღირებულებებს, როგორებიცაა, მაგალითად, ლგბტქი ადამიანების და უფლებების მიმართ მიმღებლობა და სეკულარიზმი. ეს განწყობები ნაწილობრივ წინააღმდეგობაში მოდის ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობის გაცხადებულ პროდასავლურ გეოპოლიტიკურ არჩევანთან. სოციოლოგის აზრით, სწორედ ამ ქართული საზოგადოების შიგნით არსებულ წინააღმდეგობებს ეჭიდება „ქართული ოცნება“ თავის პროპაგანდაში.
თუმცა, პროფესორის აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ არსებით წარმატებას ვერც ამ მიმართულებით მიაღწია. ამ წარუმატებლობის მიზეზი კი, მისი თქმით, ისაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატული ღირებულებების წინ წამოწევას ლიბერალური ღირებულებების სრული განადგურების ხარჯზე ცდილობს. იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით, ეს რუსული გზაა. ევროპაში კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი ერთმანეთთან თანამშრომლობენ და ადამიანის უფლებების დაცვის პარალელურად დაცულია გარკვეული ტრადიციული ღირებულებებიც. რუსეთში კი ეს ორი პოლიტიკური ტრადიცია ერთგვარ დიქოტომიურ წყვილს წარმოადგენს. იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით, ლიბერალური ღირებულებების სრული ნიველირების გზა, გარკვეული წარმატებების მიუხედავად (ანტილგბტ კამპანია, ეკლესიის მიმართ ერთგულების დემონსტრირება), მცდარი გზაა, რომელმაც ქართულ საზოგადოებაში დასავლეთთან ინტეგრაციის იდეას ვერ აჯობა.
პროფესორის აზრით, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ნაკადის გაძლიერებით, „ქართულმა ოცნებამ“ ფსონი მემარჯვენე იდეოლოგიის გლობალურად აღმავალ ტალღაზე დადო. პარტია იმედოვნებოდა რომ ლიბერალიზმი საბოლოოდ დამარცხდებოდა. არსებობდა იმედი, რომ როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ისე უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურებში ულტრამემარჯვენე კონსერვატორული ძალები მოვიდოდნენ მართვის სადავეებში. „ქართული ოცნება“ აქ მთავარ იმედს უნგრეთზე, ორბანსა და ტრამპზე ამყარებდა, თუმცა ორბანი დამარცხდა, ტრამპის პოლიტიკა კი საქართველოსთან მიმართებაში კვლავაც ბუნდოვანია. იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ კვლავ იმედოვნებს, რომ გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ულტრამემარჯვენე ძალები გაიმარჯვებენ. 2024 წელს „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ მას სურდა ევროკავშირში გაწევრება, ოღონდ არა ლიბერალურ, არამედ კონსერვატიულ ევროკავშირში. „ქართული ოცნების“ მიხედვით, ის აჩერებდა გაწევრების მოლაპარაკებებს, რათა 2030 წლისთვის ქვეყანა „ღირსებით შესულიყო“ უკვე კონსერვატიული ძალებით გაჯერებულ ევროკავშირში, თუმცა ასე არ მოხდა. მოცემული მომენტისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ძალთა თანაფარდობა კვლავ ლიბერალური ძალების სასარგებლოდაა. სოციოლოგის თქმით, სწორედ ამიტომ გახდა „ქართული ოცნება“ იძულებული თუნდაც კონსერვატორულ დასავლეთთან ღირსეული თანამშრომლობის იდეაც კი მიეტოვებინა:
„თუ დააკვირდებით „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან აღარც არის ლაპარაკი იმაზე, რომ თუნდაც 2030 წელს შევალთ ევროკავშირში, რომ იქ კონსერვატორული ძალები გაიმარჯვებენ […] ახლა უკვე ხდება ევროკავშირის ნებისმიერი კონფიგურაციის დისკრედიტაცია. [შალვა] პაპუაშვილმა ბოლო პერიოდში განაცხადა, რომ ევროკავშირი არის უსარგებლო საქართველოსთვის. მართალია, ანტიდასავლური რიტორიკა ახალი არაა, მაგრამ ეს პირველად ითქვა, რომ ჩვენ არ გვინდა არანაირი კონფიგურაციის ევროკავშირი, ანუ ეს არის სრული სვლა რუსეთთან თანამშრომლობისკენ და რუსული პოლიტიკის პირდაპირ გადმოტანა საქართველოში. ოღონდ, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ „ქართული ოცნება“ იძულებული იყო, ასე ეთქვა იმიტომ, რომ უკვე კარიკატურულად გამოიყურებოდა მისი განცხადებები კონსერვატორულ ევროპასთან შეერთებაზე.“
თუმცა იაგო კაჭკაჭიშვილს სჯერა, რომ ეს გამოხატულად ანტიევროპული გეზი და ფსონის სრულად რუსეთზე განთავსება „ქართულ ოცნებას“ წარმატებას არ მოუტანს. მისი თქმით, ბოლო კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრების იდეას მოსახლეობის 71% უჭერს მხარს, რაც უწინდელ 80%-ზე ნაკლებია, მაგრამ კვლავ საზოგადოებრივი აზრის დიდ უმრავლესობას წარმოადგენს. როგორც სოციოლოგი გვიამბობს, კვლევების მიხედვით, ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირში გაწევრების იდეის პოპულარობას, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის, ხელფასების, პენსიების, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობებთან ერთად, უსაფრთხოების ფაქტორიც განაპირობებს. საზოგადოების დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ საქართველო მოწყვლადია რუსეთის მიმართ და რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე მისი დაარსებიდან ომი არ ყოფილა. შესაბამისად, ევროკავშირი ერთგვარ „უსაფრთხოების კარიბჭედ“ აღიქმება.
იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების ნაწილის თვალში დასავლეთის დისკრეტიდაციის კუთხით გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ვერ შეძლო რუსეთის მიმართ არსებული უარყოფითი განწყობების შესუსტება. მისი თქმით, საზოგადოებრივი აზრის კვლევებში რუსეთი კვლავ ქვეყნის ნომერ პირველ მტრად სახელდება და ეს კვლავ მეინსტრიმულ განწყობას წარმოადგენს. პროფესორის აზრით, ამას უკავშირდება ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. რუსოფობიის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ანტირუსულ განწყობებს რუსოფობიად ნათლავს.
ნუცა ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ქართული ნაციონალური ნარატივის ლოგიკაზეა დაშენებული, ანუ ის ქართული საზოგადოებისთვის საყოველთაო მეხსიერებებსა და ნარატივს იყენებს:
„ეს [არის] თარგი ნაციონალური იდენტობის, რომელიც ყოველთვის თავის თავში გულისხმობს გარე მტრისა და შიდა არეულობის, შიდა დაპირისპირების საფრთხეს, რომელშიც არსებობენ ქვეყნის მოღალატეები და დამცველები და ის მოქმედების ორნაირ სცენარს [მოიცავს], ანუ თუ რას აკეთებენ ქართველები ამ საფრთხის პირისპირ. ერთი სცენარის მიხედვით, არის დრო, როდესაც ისინი [ქართველები] ამოიღებენ ხმალს, აჯანყდებიან, გაერთიანდებიან და იბრძოლებენ სისხლის ბოლო წვეთამდე. [მეორე სცენარის მიხედვით] არის დრო, როცა უნდა დაოკდე და შეიძლება მტერს კოჭიც გაუგორო.“
ანთროპოლოგის მიხედვით, ქართულ ისტორიულ პარადიგმაში საფრთხეზე პასუხის ეს ორივე სცენარი თანაარსებობს. ეს ნარატივები განსაზღვრავს, თუ რა არის სწორი ქცევა ამა თუ იმ კონკრეტულ მოცემულობაში, თუმცა ის, თუ რის მიხედვით ხდება ამ სცენარებისა და ნარატიული ჩარჩოების არჩევა და აწმყოზე მორგება, ანუ აჯანყებისა და ბრძოლის დროა თუ დაოკებისა და „მტრისთვის კოჭის გაგორების“ და ის, თუ რომელ მხარეს მოხვდებიან ესა თუ ის ადამიანები, ნუცა ბათიაშვილის აზრით, დღევანდელ რეალობაში საინფორმაციო ომითა და მედიასაშუალებებზე წვდომითაა განპირობებეული. ეს უკანასკნელნი, ანთროპოლოგის აზრით, ქვეყანაში საზოგადოების ე.წ. კონტრპუბლიკებად დაყოფის რადიკალურად ახალ პარადიგმას ქმნის.
რაც შეეხება უშუალოდ „ქართული ოცნების“ პროპაგანდის შინაარსს, ნუცა ბათიაშვილის აზრით, ის ზემოაღნიშნული ნარატივების ლოგიკაში ჯდება. „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ჯერ ომისა და მშვიდობის შეპირისპირების ნარატივს ააქტიურებს და თესავს შიშს, იმ ემოციებსა და მეხსიერებებს, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის საყოველთაოა, როგორებიცაა 1990-წლების სამოქალაქო დაპირისპირებისა და 2008 წლის ომის ტრავმები, შემდეგ კი პროპაგანდის საშუალებით, მოცემულ რეალობაზე საპასუხოდ, მეორე, ე.წ. დაოკებისა და „მტრისთვის კოჭის გაგორების“ ნარატივს აღვივებს.
ანთროპოლოგის თქმით, 1990-იანი წლების ტრავმა, არაღიარებული, მაგრამ აქტიური ტრავმაა ქართული საზოგადოებისთვის. შიშის გარდა, 1990-წლების ტრავმა, ნუცა ბათიაშვილის თქმით, სირცხვილთანაცაა დაკავშირებული. დანაშაულის გრძნობა და სირცხვილი ის ემოციებია, რომლებიც სამოქალაქო ომის გამოცდილების გარშემო არსებობს. მისი თქმით, ეს თავად ნაციონალიზმის პარადიგმის არსითაა გამოწვეული, რომელიც ერის ერთობის შესახებ დათქმას ეფუძნება. სამოქალაქო ომი კი ყველაზე დიდი ნაპრალია, რომელიც შეიძლება ერის იდენტობაში გაჩნდეს. იგი აჩენს ეჭვს თავთან და იდენტობასთან მიმართებით და შიშს „რომ არ ქნა ისეთი რამ, რომელიც ასეთ რამეს [სამოქალაქო დაპირისპირებას] გამოიწვევს“. 1990-წლების მეხსიერება, ნუცა ბათიაშვილის თქმით, ქმედითუნარიანი მეხსიერებაა, ქმედითუნარიანი შიშია, რომელიც ადამიანს აკავებს და უმოქმედოს ხდის:
„გ[ვ]ეშინია, რომ დავერევით და დავხოცავთ ერთმანეთს და პროპაგანდა ამაზე აპელირებს მუდმივად, ასევე 2008 წლის ომზე[…]“.
„ქართული ოცნების“ პროპაგანდასთან დაკავშირებით, ნუცა ბათიაშვილი აღნიშნავს, რომ ის ყოველთვის სახალხო ნარატივებზე აპელირებს, ანუ ხალხში ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებებსა და შეხედულებებზე და საკუთარი პროპაგანდის მიზნებისთვის ამ მოარულ ნარატივებს, ლექსიკასა და სქემებს იყენებს, თუმცა, ანთროპოლოგი აღნიშნავს, რომ ამ სქემებს პროპაგანდა მხოლოდ ინსტრუმენტულად იყენებს და რეალურად არანაირ არსობრივ მიმართებაში არაა „ქართული ოცნების“ ქმედებებთან. ნუცა ბათიაშვილს მაგალითისთვის მოჰყავს განათლების რეფორმის გარშემო გამართული დისკუსია, რომლის საშუალებითაც მრავალმხრივ დამაზიანებელი რეფორმა მოსახლეობას მიეწოდა, როგორც პასუხი საზოგადოებაში მრავალი წლის განმავლობაში ფართოდ გავრცელებულ წუხილზე განათლების სისტემასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ნაციონალისტური რიტორიკისა და სუვერენიტეტის დაცვის დისკურსის შეუთავსებლობას პარტიის მიერ 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებასთან, ნუცა ბათიაშვილი გვიამბობს, რომ პრორუსული ან სახელმწიფოებრიობისთვის დამაზიანებელი ნარატივი არ არის სრულად შეუთავსებელი გარკვეული ფორმის კულტურულ სუვერენიტეტზე აპელირებასთან. ანთროპოლოგის თქმით, არსებობს საბჭოთა მეხსიერებით ფორმირებული გარკვეული ნაციონალური შეხედულებები, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფო ფორმით არარსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლოა გარკვეული სახის კულტურულ სუვერენულ ერთეულად ყოფნა:
„ქართველებმა მაინც მოახერხეს, რომ შეინარჩუნეს იდენტობა და კულტურა – ამას გვეუბნება ჩვენი მეხსიერების ნარატივი […] ამაზე აპელირებს, რომ ეს არის ახლა მთავარი და დასავლეთი რასაც ერჩის, არის ეგ კულტურული სუვერენობა და ეს უარესი ჭირია ქართულ […] ნაციონალურ წარმოსახვაში, ვიდრე სახელმწიფოებრიობის დაკარგვა იმიტომ, რომ […] საქართველოს ისტორიის უფრო დიდი ნაწილი არის სახელმწიფოებრიობის გარეშე ისტორია. რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ქართველი ქართველად რჩება არის ამ კულტურის [შენარჩუნების შედეგი] და ბევრი ამას ეთნოგრაფიულ ერთეულად შენარჩუნებას ეძახის.“
ნუცა ბათიაშვილის აზრით, კიდე ერთი მეთოდი, რასაც „ქართული ოცნების“ პროპაგანდა იყენებს საინფორმაციო ველის გადატვირთვაა. მისი თქმით, ეს ორი მიზეზით კეთდება: ერთი მხრივ, საინფორმაციო ველის დიდი რაოდენობის ინფორმაციით გადატვირთვა განსხვავებულ პუბლიკებს საშუალებას აძლევს ისეთი ინფორმაცია მოიპოვონ, რომელიც მათ განწყობას მიესადაგება. ანთროპოლოგის თქმით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანებს ურჩევნიათ, იფიქრონ, რომ თავად მოიპოვეს ესა თუ ის ინფორამაცია და თავად მივიდნენ ამა თუ იმ დასკვნამდე, ვიდრე მათ სიტყვა–სიტყვით უკარნახონ და წინასწარ გამზადებული აზრები მიაწოდონ ამა თუ იმ თემასთან დაკავშრებით. მეორე მხრივ, საინფორმაციო ველის გადატვირთვა, ოპოზიციური ველის ფრაგმენტაციას და პოლარიზაციის გამძაფრებას ემსახურება. ნუცა ბათიაშვილს ამის მაგალითად ისეთი ნარატივები მოჰყავს, რომლებიც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ერთმანეთზე აბსურდული წარმოდგენებს შექმნას ემსახურება (მაგ. „კაცის რძის ნარატივი“) და ამით პოლარიზაციას აღვივებს.
ანთროპოლოგი ამერიკელი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, ენ ეფლბაუმის, ბოლოდროინდელი ინტერვიუს იხსენებს და მრავალ პარალელს ხედავს „ქართული ოცნების“ მმართველობასა და ამერიკელი ავტორის მიერ აღწერილ, მსოფლიოს სხვადასხვა ავტორიტარული რეჟიმის მოქმედების მეთოდებში:
„როგორც ჩანს, რაღაცნაირი შაბლონი არსებობს, რომელსაც სხვადასხვა ავტოკრატიული რეჟიმი მიჰყვება. ერთი ის არის, რომ უმეტესობა ხელისუფლებაში არა გადატრიალებით ან სამხედრო ჩარევით, არამედ ლეგიტიმური დემოკრატიული არჩევნებითაა მოსული. ამ ლეგიტიმური დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლის გამოა ზუსტად, რომ მას სჭირდება, შეინარჩუნოს ილუზია, რომ ხალხის დიდი ნაწილი მის მხარესაა, რადგან, ვთქვათ, კლასიკურად სუფთად ავტოკრატიასა და ავტორიტარიზმს […] საერთოდ არ სჭირდება, რომ ხალხის აზრი მის მხარეს იყოს, მაგრამ ამ ახალ ავტოკრატიებს ეს სჭირდებათ; ამ ილუზიის მუდმივად გამყარება“.
ნუცა ბათიაშვილის თქმით, ის რაც თანამედროვე ავტორიტარულ პროპაგანდას, კლასიკური, მაგ. საბჭოთა პროპაგანდისგან გამოარჩევს, ნიჰილიზმია. თუ საბჭოთა პროპაგანდა ტყუილებისა და ინფორმაციის შერჩევით მიწოდების პარალელურად, მოსახლეობას ერთგვარ უტოპიურ მომავალსაც ჰპირდებოდა, ანთროპოლოგის თქმით, თანამედროვე ავტორიტარული პროპაგანდა უკეთესი მომავლის იდეაზე არ აპელირებს. ის ცდილობს, მოსახლეობაში დანერგოს უსუსურობისა და ფატალიზმის განცდა, რომ აღარაფერს აქვს აზრი. პროფესორის თქმით, ამის გამოა, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მუდმივად აპელირებს მსოფლიო გეოპოლიტიკურ გადალაგებაზე, ევროპის დაღმასვლასა და დასავლეთის გაურკვეველ მომავალზე: „ანუ სამყარო არეულია და ახალი კონფიგურაცია ლაგდება. ასეთ გადალაგებაში ახლა ჩვენ პატარა ერმა რა უნდა ვქნათ? გვაქვს ომის საფრთხე და ახლა მშვიდობა ნიშნავს [ზემოთ ხსენებულ] […] დაოკებასა და გაჩერებას, რომ არ ავრიოთ ყველაფერი… მაინც ვერაფერს ვერ გავუმკლავდებით“.
ნუცა ბათიაშვილის აზრით, იმ ხალხის უმეტესობა, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლად მიიჩნევა, არაცნობიერად სწორედ ამ მდგომარეობაშია:
„ანუ ნიჰილიზმი არა როგორც გრძნობა, რომელიც შენ ცნობიერად გაქვს, რომ ხელები გაქვს ჩაქნეული, არამედ როგორც […] ეგზისტენციური მდგომარეობა, რომ რაც არ უნდა იყოს, ახლა მე ვერაფერს ვიზამ და რამე რომ ვქნა, უარესი შეიძლება მოვიწიო. მაგალითად, ოპოზიციას ხმა რომ მივცე და ოპოზიციამ გაიმარჯვოს ან გამოვიდე აქციაზე და რაღაც სანქცია დაწესდეს…“
თამარ ცხადაძე პროპაგანდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას უსვამს ხაზს, რომელიც თავისი მხარდამჭერების პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით, არგუმენტებითა და რაციონალიზაციებით აღჭურვაზე გადის. ფილოსოფოსის თქმით, ამგვარად „ქართული ოცნება“ თავის მხარდამჭერებს თავიანთი პოლიტიკური პოზიციის საკუთარ თავთან გამართლებაში, ისე ახალი პოლიტიკური განვითარების ანალიზისას „ქართული ოცნების“ სასარგებლო დასკვნების გამოტანასა და ოპოზიციის მხარდამჭერთა არგუმენტების განეიტრალებაში ეხმარება.
ამასთანავე, თამარ ცხადაძე ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ, შედარებით ახალ პროპაგანდისტულ ნარატივზე, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებს დემოკრატიას, როგორც ასეთს, როგორც მმართველობის ფორმას. ეს პროპაგანდისტული ნარატივი ყურადღებას დემოკრატიული მმართველობისთვის რიგ შემთხვევებში დამახასიათებელ სისუსტეებზე ამახვილებს, როგორებიცაა: გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების ნელი ტემპი და მმართველობის არეფექტიანობა. ეს ნარატივი დემოკრატიის ალტერნატივად ე.წ. ავტორიტარულ ველფეარიზმს სახავს. ავტორიტარული ველფეარიზი მმართველობის ფორმაა, სადაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ხალხის დემოკრატიული მონაწილეობა მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა სანაცვლოდ „უფრო ეფექტიანი ავტორიტარული სახელმწიფო სისტემა“ მოქალაქეებს გარკვეული სახის სოციო–ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სახელმწიფო დახმარებებს სთავაზობს. ფილოსოფოსის თქმით, ამ არგუმენტს ბოლო ათწლეულებში ჩინეთის ეკონომიკური წარმატება და გეოპოლიტიკური აღმასვლაც უმაგრეს ზურგს. თამარ ცხადაძე მიიჩნევს, რომ ამ ნიუანსური ნარატივის წინააღმდეგ ზედაპირული და ე.წ. „კლიშე“ არგუმენტები საკმარისი არ არის. მისი თქმით: „საპასუხო პროდემოკრატიული არგუმენტები ჩვენ საჯარო სივრცეში საერთოდ აღარ არტიკულირდება […] დემოკრატია „ბაზვორდადაა“ [შაბლონური, შინაარსისგან დაცლილი სიტყვა — რედ.] ქცეული […] როცა შინაარსი აღარა აქვს დემოკრატიას, ძალიან იოლია საწინააღმდეგო არგუმენტიდან თქვა […] რად გვინდა ეს დემოკრატია, ბოლოს და ბოლოს, თუ კარგად ვიქნებით თუ სტაბილურობა გვექნება და კეთილდღეობა…“.
რა იყო ოპოზიციისა და ზოგადად „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების შეცდომები „ქართული ოცნების“ პროპაგანდასთან დაპირისპირების პროცესში?
„ქართული ოცნების“ პროპაგანდის ეფექტიანობაზე საუბრისას თამარ ცხადაძე კრიტიკულად აფასებს ფართო გაგებით ოპოზიციური ფლანგის ქმედებებსაც. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ფლანგის ნიერ გულწრფელობის ნაკლებობა და ნახევარ–სიმართლეების გამოყენება, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხმას წყალს. ნახევარ–სიმართლეების მხილება „ქართული ოცნების“ პროპაგანდას როგორც უშუალოდ არსებული მოვლენების შესახებ მისთვის სასარგებლო აზრის ფორმირებაში, ისე „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებული ჯგუფების დისკრედიტაციაში ეხმარება.
ფილოსოფოსი აღნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ გეოპოლიტიკური და თავდაცვითი მოწყვლადობა ფაქტობრივი მოცემულობაა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური გადალაგება მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო მეტ არასტაბილურობასა და მომავლის შიშს ბადებს. თამარ ცხადაძის თქმით, სწორედ ამ გარემოებას ეყრდნობა „ქართული ოცნების“ მიერ პრაგმატისტულად წარმოჩენილი საგარეო პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც, არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ რეალობაში მრავალმხრივი საგარეო პოლიტიკის წარმოებაა მნიშვნელოვანი, რომლის დროსაც საქართველო თავისი ინტერესების მიხედვით გააკეთებს მანევრირებას როგორც რუსეთის, ისე ევროკავშირის, ცენტრალური აზიისა თუ რეგიონების ქვეყნებს შორის. ფილოსოფოსის აზრით, ეს რიტორიკა, თვალსაჩინო კონტრადიქციულობისდა მიუხედავად [მაგ. „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება, რაც ამ ლოგიკას ეწინააღმდეგება — რედ.], უფრო ნიუანსური და დამაჯერებელია, ვიდრე ოპოზიციური პარტიების ნახევარ–სიმართლეებით გაჯერებული ნარატივი, რომელიც ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას საქართველოს გეოპოლიტიკური დილემების გადაჭრის ზედმეტად მარტივ და არადამაჯერებელ არგუმენტებს სთავაზობს. თამარ ცხადაძის თქმით, „ქართული ოცნების“ შედარებით ნიუანსური საინფორმაციო ნაკადი მოსახლეობის ნაწილის მიერ უფრო სერიოზულად აღიქმება, ვიდრე ოპოზიციური ფლანგის მიერ შეთავაზებული ზედმეტად გამარტივებული გეოპოლიტიკური არგუმენტები.
რა არის ავტოკრატების საერთაშორისო ქსელები და გვაქვს თუ არა იმის მანიშნებლები, რომ „ქართული ოცნება“ ამ ქსელებთან თანამშრომლობს?
გამოცემა „რეალპოლიტიკის“ მთავარი რედაქტორი, ზაზა აბაშიძე გვიზიარებს, რომ წარსული პერიოდისგან განსხვავებით, თანამედროვე ავტოკრატიები, მათ შორის არსებული გეოგრაფიული დისტანციის, პოლიტიკური, საზოგადოებრივი, რელიგიური თუ სხვა სახის განსხვავებების მიუხედავად, მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ჟურნალისტის თქმით, ავტოკრატიები ერთმანეთს ბევრი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება ეხმარებოდნენ. ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ძალაუფლების შენარჩუნებაა. რაც უფრო ბევრი ავტოკრატიული რეჟიმია მსოფლიოში, ქსელურობის ლოგიკით, მით უფრო მეტი რესურსით სარგებლობის საშუალება ეძლევათ არსებულ თუ პოტენციურ ავტოკრატებს. ამასთან, ავტოკრატიული რეჟიმების მომრავლება, მათ დემოკრატიული მმართველობის მქონე სახელმწიფოების წინააღმდეგ პოზიციონირებისას დამატებით შესაძლებლობებსაც ანიჭებს.
ჟურნალისტის თქმით, ასეთი თანამშრომლობა პირველ რიგში იმ ცოდნისა და შესაძლებლობების გაზიარებას მოიცავს, რომლებიც ავტოკრატიული რეჟიმის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციისთვისაა აუცილებელი. ავტოკრატული რეჟიმები, ასევე, ერთმანეთს ეხმარებიან სანქციების თავიდან არიდებაში, უწევენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ დახმარებას და მათი სპეციალური სამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან: „იმავე ბელარუსისა და რუსეთის მაგალითი შეგვიძლია, ავიღოთ — 2020 წელს რუსეთის საიდუმლო და სამხედრო სამსახურების დახმარებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ლუკაშენკოს ხელისუფლებაში დარჩენას“.
ზაზა აბაშიძის აზრით, საქართველოს შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა ავტორიტარული რეჟიმის ხელწერის ამოცნობა, როგორებიცაა რუსეთი, აზერბაიჯანი და თურქეთიც კი. ჟურნალისტის თქმით, რთულია პირდაპირი მტკიცებულების ქონა, თუმცა ზედაპირული დაკვირვებითაც ჩანს მსგავსი დახმარების გარკვეული მაგალითები:
„ხშირად არის შემთხვევა, როდესაც გარკვეული მესიჯი გაიჟღერებს ან მოსკოვში, ან თუნდაც ევროპაში იმ ძალების მიერ, რომლებიც იდეოლოგიური მოკავშირეები არიან „ქართული ოცნების“ და მეორე ან მესამე დღეს ვხედავთ იმავე გზავნილს „იმედის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „რუსთავი 2-ის“ ეთერებსა და „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ პოდკასტებში, ბლოგებსა თუ სხვა ინტერნეტგამოცემებში.“
ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს ანტიდასავლური პოზიციის დასავლელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მოწვევის ფენომენზეც, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ქართული პროსახელისუფლებლო ტელევიზიების ეთერებს და შეფარულად „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო გზავნილებს ავრცელებენ:
„ამ ადამიანებს შეხვდებით ბუდაპეშტში, მოსკოვში, კარაკასში; ამ ადამიანებს წარსულში შეხვდებოდით სირიაშიც. მარტივად რომ ვთქვათ, თითქოს ჩამოტარებაზე არიან ეს ადამიანები და გეგონება, რაღაც სერვისია [მათი ინტერვიუები], რომელსაც რაღაცის სანაცვლოდ აკეთებენ. მე არ მაქვს არანაირი ფაქტურა, რომ მათ ფულს უხდიან, მაგრამ თითქოს ხელის გულზე ჩანს ეს ყველაფერი“.
ზაზა აბაშიძის თქმით, საქართველოს კონტექსტში ასევე ვხვდებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობასაც. პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითად მოჰყავს „ქართული ოცნების“ მჭიდრო ურთიერთობა ვიქტორ ორბანის ხელისუფლებასთან. „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ჰქონდა და კვლავ აქვს აღიარებისა და მათ შორის საერთაშორისო ლეგიტიმაციის პრობლემა. ჟურნალისტის თქმით, ვიქტორ ორბანი ის ერთადერთი ევროპელი ლიდერი იყო, რომელიც საქართველოს ხშირად სტუმრობდა, მიზეზი კი, საქართველოსა და უნგრეთს შორის განსაკუთრებული ეკონომიკური თუ ისტორიული კავშირების არარსებობის პირობებში, სხვა არაფერი შეიძლება ყოფილიყო თუ არა ერთი ავტოკრატის მიერ მეორე ავტოკრატისთვის დახმარების ხელის გაწვდენის სურვილი.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო რეგიონის ერთ–ერთი ყველაზე სუსტი ქვეყანაა, რა საფრთხეებს შეიცავს სახელმწიფოსთვის ავტოკრატიული ქვეყნების მიერ „ქართული ოცნებისთვის“ გაწეული დახმარება? რა საფასურის სანაცვლოდ შეიძლება ხდებოდეს ეს?
ზაზა აბაშიძის აზრით, პარადოქსია, რომ, რასაც „ქართული ოცნება“ ევროკავშირის წინააღმდეგ ე.წ. სუვერენიტეტის დაცვის რიტორიკაში აჟღერებს, რეალურად ქვეყანას „ქართული ოცნების“ პარტნიორ ავტოკრატიულ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში ეხმარება. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლამ და დასუსტებამ, არაფორმალური გავლენების გაძლიერებამ, მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთოებების არაინსტიტუციონალურ ჩარჩოებში გადაყვანამ და სახელმწიფო აპარატის ერთი ადამიანის ინტერესებზე მორგებამ, საქართველო მოწყვლად მდგომარეობაში ჩააყენა. „რეალპოლიტიკის“ მთავარი რედაქტორის თქმით, საქართველოს მოწყვლადობა ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა დასავლეთთან გაფუჭებულმა ურთიერთობებმა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფთხოების ერთ–ერთი მთავარი საყრდენი იყო.
ჟურნალისტის თქმით, ერთმანეთის გაძლიერების პარალელურად, როცა ეს მათ ინტერესშია, ავტოკრატიული რეჟიმები და დიქტატურები, ევროკავშირისგან განსხვავებით, არა ღირებულებებზე დაფუძნებით, არამედ შიშველი ძალით ურთიერთობენ. შესაბამისად, საქართველოს მეზობელი ავტოკრატიების მიმართ მოწყვლადობა, კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეიცავს. მსგავსი მოწყვლადობის მაგალითად, აზერბაიჯანის საქართველოს არჩევნებში ჩარევის შესახებ ინფორმაციები და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებისა და ასევე ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოს მიერ აზერბაიჯანისთვის გადაცემის საქმეები მოჰყავს, სადაც მეორე შემთხვევაში საქართველომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიება უგულებელჰყო:
„ეს ყველაზე კარგი გამოხატულებაა იმისა, თუ როგორი სუსტი და მოწყვლადია სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ამ არაფორმალურ ზეწოლას ვერ უძლებენ და ასეთი დამამცირებელი და ყველაფრის გამთელავი ნაბიჯების გადადგმა უწევთ […] მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ იმავე მუხთარლისა და სადიგოვის გადაცემა იყო პირდაპირ ბაქოდან მოთხოვნა, რომელზეც უარი ვერ თქვა [„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ]. […] სუვერენიტეტის ამაზე მეტად დამცრობა მე არ ვიცი, რა არის. ამ სიტყვას სპეციალურად ვიყენებ იმიტომ, რომ ეს გვესმის 24 საათი ტელევიზიებიდან…“
ჟურნალისტი კრიტიკულია „ქართული ოცნების“ დეკლარირებული ე.წ. მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის მიმართაც და მას ფსევდომულტივექტორულად ახასიათებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის დისკურსი მხოლოდ პროპაგანდისთვისაა შექმნილი, რადგან დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მსგავს საგარეო პოლიტიკასთან, საქართველოს რეგიონული ჰეგემონების, რუსეთის, ირანისა და სხვა სახელმწიფოების გეოპოლიტიკურ სივრცეში კეტავს და ქვეყანას რუსეთის პირისპირ, მოკავშირეების გარეშე ტოვებს. ამასთან ერთად, ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერც ჩინეთის დაინტერესება შეძლო პირდაპირი ინვესტიციების კუთხით, რის გამოც ჩინური ინვესტიციების წილი ჯამურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში უმცირესია. შესაბამისად, როგორც ეკონომიკური ისე უსაფრთხოების კუთხით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო დასავლეთის სხვა ალტერნატიული მოკავშირეებით სრულფასოვნად ჩანაცვლება, რაც ქვეყანას არა მარტო უსაფრთხოებითი კუთხით, არამედ ეკონომიკურადაც აზიანებს. ამასთან ერთად, ზაზა აბაშიძე აღნიშნავს, რომ ე.წ. შუა დერეფნის პროექტის ქვეყნის მთავარ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ იმედად წარმოჩენაც არამართებულია. მისი თქმით, საქართველოს შუა დერეფნის პროექტში ერთ–ერთი ალტერნატიული მარშრუტის როლი აქვს და მასზე გადამეტებული იმედების დამყარება არაფრის მომცემია.
დასავლეთთან ურთიერთობების გაყინვა ახსენეთ. რას კარგავს საქართველო დასავლეთთან დაშორებითა და ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერებით, რაც, სავარაუდოდ, ევროკავშირის შემდეგი გაფართოების ციკლისას საქართველოს ბლოკში გაწევრებას გამორიცხავს?
ზაზა აბაშიძის აზრით, ევროკავშირი საქართველოსთვის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის სფერო არ არის. ევროკავშირთან ახლო ურთიერთობები ქვეყნის შიდა პოლიტიკაზეც მნიშვნელოვნად აირეკლება. ჟურნალისტის თქმით, საქართველო ეკონომიკური დ პოლიტიკური ტრანსფორმაციის შანსს კარგავს, რომელიც დადებითად აისახებოდა როგორც მოსახლეობის ეკონომიკურ ყოფაზე, ისე დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებაზე. ჟურნალისტის აზრით, ქვეყანაში ამ მომენტისთვის საპირისპირო განვითარება, „ქვეყნის საბოლოო გადაკეთება“ მიმდინარეობს. მიმდინარე ავტოკრატიზაციის ფონზე მოქალაქეები კარგავენ სამოქალაქო უფლებებს, ნადგურდება პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორი:
„ეს არის უბრალოდ თავისუფალი სივრცეებისა და თავისუფალი აზროვნების გაუქმების მცდელობა. ევროკავშირი ჩემთვის შიდა პოლიტიკის ნაწილი უფროა, ვიდრე საგარეო პოლიტიკის, რადგან, როდესაც მომხმარებელი არის დაცული, როდესაც ქვეყანაში მეტი ინვესტიციაა, როდესაც ვიღაცა არ გატყუებს, ან სახლი არ ინგრევა, ან არ გწამლავენ, ან რომელიღაც ინფრასტრუქტურული პროექტი მეორე დღეს წყობიდან არ გამოდის — ამ შანსს ვკარგავთ რეალურად; აი, ეს არის ყველაზე ტრაგიკული […] კლეპტოკრატიული სახელმწიფო ვხდებით თავისი ოლიგოპოლიებითა და კრონი კაპიტალიზმის ძალიან მკაფიო ნიშნებით“.
ბოლოს, ზაზა აბაშიძე აღნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობის სიმძიმის მიუხედავად, მოცემული რეალობა ჯერ კიდევ არ არის ყველაზე ცუდი სცენარი იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ავტოკრატიზაციის პროცესები არ შეჩერდება.