ბრიუსელში, “სიტროენის” გიგანტურ ავტოფარეხში, თანამედროვე სამუზეუმო სივრცე გაიხსნა

დავით ბუხრიკიძე

ვიდრე საქართველოს ხელისუფლება “ბრიუსელის ბიუროკრატიასთან” ბრძოლაშია ჩაბმული, ბელგიის დედაქალაქმა გადაწყვიტა “გაღატაკებული და ტრადიციადაკარგული” სულიერება თანამედროვე არტით გადაირჩინოს: 28 ნოემბერს ბრიუსელში გაიხსნა Kanal–Centre Pompidou (თანამედროვე ხელოვნების ახალი და ევროპაში ყველაზე მასშტაბური მუზეუმი), რომელიც “სიტროენის” ყოფილ და  გიგანტურ ავტოფარეხში განთავსდა.

40 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის შენობა, რომელიც წლების განმავლობაში ინდუსტრიულ საგამოფენო სივრცესა და ავტოსახელოსნოს წარმოადგენდა, ევროპის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ სივრცედ გარდაიქმნა. მასში გაერთიანდება ვიზუალური ხელოვნება, არქიტექტურა, კინო და საგამოფენო დარბაზები, მუსიკისა და პერფორმანსისთვის განკუთვნილი ადგილები. აღსანიშნავია, რომ ბრიუსელს აქამდე არ ჰქონდა თანამედროვე ხელოვნების ამგვარი მასშტაბის ეროვნული ან მუნიციპალური მუზეუმი.

ეს არის 21-ე საუკუნის ევროპაში უმსხვილესი კულტურული სივრცის შექმნის მაგალითი, რომელიც ფართობით პარიზის ახალ ფილარმონიასა და ჰამბურგის “ელბფილარმონიას” ერთად აღებულს აღემატება. ამავე დროს, ეს არის ამბიციური პროექტი, რომელიც ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქს თანამედროვე ხელოვნების ცენტრადაც აქცევს.

მუზეუმი მდებარეობს შარლერუას არხის სანაპიროზე, ინდუსტრიულ და სოციალურად ჭრელ უბანში. შენობის ნახევარი (დაახლოებით 20 ათასი კვადრატული მეტრი) უფასო იქნება და ნებისმიერი ვიზიტორისთვის (ბიბლიოთეკა, საბავშვო მოედნები, საცხობი, არტ–სახელოსნოები) ასევე ხელმისაწვდომი. ეს მიზნად ისახავს ქალაქის სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებასა და „ღია სახლის“ (Open House) სოციალური კონცეფციის დანერგვას. მით უფრო, რომ ბრიუსელის ეს უბანი ისტორიულად ბურჟუაზიულად ითვლება.

იმის გათვალისწინებით, რომ პარიზის პომპიდუს ცენტრი მასშტაბური რეკონსტრუქციის გამო მალე დაიხურება, ბრიუსელის ახალი მუზეუმი 2031 წლამდე მისი უნიკალური კოლექციის ერთ–ერთ მთავარ პლატფორმად იქცევა. ინდუსტრიული მოდერნიზმის სტილის შენობას, რომელიც 1934 წელს ინჟინერისა და მრეწველის, ანდრე სიტროენის დაკვეთით აიგო, თავის დროზე „ავტომობილების ტაძარი“ (Cathedral for cars) უწოდეს. ნაგებობა გამოირჩევა ფოლადის კარკასით, ბეტონითა და 21-მეტრიანი მონუმენტური მინის ფასადით, რომელიც ბუნებრივი სინათლის მაქსიმალურ მიღებაზეა გათვლილი.

ავტოფარეხის რეკონსტრუქციისას არქიტექტორებმა შეინარჩუნეს შენობის ისტორიული და ინდუსტრიული იერსახე – ლითონის კონსტრუქციები და მინის შოურუმი, ხოლო შიდა სივრცეში ჩააშენეს სამი სრულიად ახალი, კლიმატ–კონტროლირებადი მოცულობა მუზეუმის დარბაზების, არქიტექტურის ცენტრისა და აუდიტორიებისთვის.

კომპლექსის ნახევარი ქალაქის ქუჩის გაგრძელებას წარმოადგენს. ვიზიტორებს შეუძლიათ ბილეთის შეძენის გარეშე ისეირნონ შიდა გამჭოლ სივრცეებში, იმუშაონ, დაისვენონ, ან დაესწრონ სხვადასხვა ღონისძიებებს.

პირველივე დღეებიდან მუზეუმის კალენდარი აქტიურ საგამოფენო, საშემსრულებლო და საგანმანათლებლო პროგრამას მოიცავს. პირველ რიგში ეს არის გამოფენა სახელწოდებით A Truly Immense Journey (“ნამდვილად უზარმაზარი მოგზაურობა”), რომელიც 28 ნოემბერს გაიხსნება და ორ წელი გაგრძელდება.

წარმოდგენილი იქნება 400-ზე მეტი ნამუშევრი. პარიზის პომპიდუს ცენტრიდან მეოცე საუკუნის მხატვრები და მოქანდაკეები (პაბლო პიკასო, ანრი მატისი, ალბერტო ჯაკომეტი, პიტ მონდრიანი, სონია დელონე, ლიჟია კლარკი) და თანამედროვე ბელგიური ვიზუალური ხელოვნება (ლუკ ტუიმანსი, სემი ბალოჯი, ედიტ დეკინდტი).

ბრიუსელის ახალმა სამუზეუმო სივრცემ ასევე დააანონსა მომავალი გამოფენების სერია “ფოტოგრაფიის რეტროსპექტივები”, რომლებიც მეოცე საუკუნის ლეგენდარულ ფოტოგრაფებს, რობერტ ფრანკს (Robert Frank) და ბრასაის (Brassaï) ეძღვნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია სწორედ ბრასაის ფოტოგამოფენა, რომლის ნამდვილი სახელია დიულა ჰალასი; უნგრული წარმოშობის ფრანგი ფოტოგრაფი, მოქანდაკე, მწერალი და კინორეჟისორი. საერთაშორისო აღიარება მან პარიზში გადაღებული ფილმებითა და ფოტონამუშევრებით მოიპოვა, რის გამოც მწერალმა ჰენრი მილერმა „პარიზის თვალი“ უწოდა.