როდესაც პროცესი თავად არის სასჯელი — წერილი აზერბაიჯანის ციხიდან 

პუბლიკა

ავტორი: ულვია ალი

„სხდომა გადაიდო“, „სასამართლო პროცესი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო“, „მოსამართლეთა კოლეგია შეიცვალა“, „მოსამართლე შვებულებაში გადის“ – ყველა ეს შემთხვევა ლოგიკურ კითხვას აჩენს: გაურკვევლობა სისხლის სამართლის გამოძიების გარდაუვალი შედეგია თუ თავად იქცა პროცესის ნაწილად?

რატომ ჭიანურდება აზერბაიჯანში სისხლისსამართლებრივი დევნა – წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა თვეობით? თუ ადამიანის ბრალეულობა დადგენილი არ არის, რამდენად სწორია მისი პატიმრობაში დატოვება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც შვებულებაში გავიდა, სხვა ინსტანციის სასამართლოში დაინიშნა, ბევრი საქმე აქვს განსახილველი ან საქმეს ახალი პირები დაემატნენ?

თუ ეს დამქანცველი, საღეჭი რეზინივით გაწელილი პროცესი ადამიანს განაჩენის გამოტანამდე სჯის, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენ წელს მიუსჯის მას სასამართლო?

სასჯელი განაჩენამდე

სისხლის სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური და ელემენტარული პრინციპი უდანაშაულობის პრეზუმფციაა. როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ხანგრძლივი დროით გამოიყენება, ქაღალდზე არსებული ეს პრინციპი რეალურ ცხოვრებაში ადამიანის გამოცდილებას სცილდება.

სისხლის სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური და ელემენტარული პრინციპი უდანაშაულობის პრეზუმფციაა. როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ხანგრძლივი დროით გამოიყენება, ფურცელზე დაწერილი პრინციპი რეალურ ცხოვრებაში არსებულ ვითარებას შორდება.

მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, ოჯახის წევრებთან ხანგრძლივი პაემნები ჰქონდეთ, ისარგებლონ ვიდეოზარებით და რამდენიმე თვეში ერთხელ ოჯახის წევრებთან სამდღიანი პაემნითაც კი. მათ ასევე აქვთ ციხის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ სეირნობისა და მუშაობის უფლება.

წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ადამიანების ყოველდღიური შესაძლებლობები განსხვავებულია. მეტიც, კანონით გათვალისწინებული უფლებები პრაქტიკაში ყოველთვის არ სრულდება: კვირაში ერთხელ ერთსაათიანი დახურული პაემანი (თუმცა, პატიმრების რაოდენობის გამო, ბადრაგები ამ დროს 30 წუთამდე ამცირებენ), კვირაში ორჯერ 15-წუთიანი სატელეფონო საუბარი და დღის უდიდესი ნაწილის ერთსა და იმავე საკანში, ჩაკეტილ პირობებში გატარება.

თქვენ თავისუფალი არ ხართ. არ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ დროს შეხვდეთ იმ ადამიანებს, ვისთან შეხვედრაც გინდათ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვერ ირჩევთ ექიმს, რომელიც გაგსინჯავთ – საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო შემოწმების მიღებაც კი არ შეგიძლიათ. ზოგიერთ შემთხვევაში იმასაც ვერ ირჩევ, ვისთან ერთად იცხოვრებ საკანში. სახელმწიფო სრულად იღებს კონტროლს თქვენს სხეულზე, მის მართვასა და შინაგან მოთხოვნილებებზეც კი.

როგორც ბრალდებულს, არ გაქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად განსაზღვროთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ან საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღოთ. თუმცა, სამართლებრივად თქვენ არ ხართ „მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის“ – თქვენ ხართ ბრალდებული, რომლის ბრალეულობაც დამტკიცებული არ არის.

ჩემს წინა სტატიაში აღვწერე, როგორ ცვლის ციხე ყოველდღიური ცხოვრების რიტმსა და მიმართულებას. ამას ახლა სისხლის სამართლის პროცესის ხანგრძლივობაც უნდა დავამატოთ. ადამიანი მხოლოდ დროის შეგრძნებას კი არ კარგავს, არამედ ისიც არ იცის, როდის დასრულდება ეს მდგომარეობა.

„მოქალაქეთა უფლებების ინსტიტუტის“ დაპატიმრებულმა ხელმძღვანელმა, ბაშირ სულეიმანლიმ 30 ივლისის სასამართლო სხდომაზე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ის იმყოფება, ახლობლებთან ღია პაემნების უფლებას არ აძლევენ და სასამართლო სხდომები ჭიანურდება:

„სასამართლო პროცესის გაჭიანურებით ფაქტობრივად კვლავაც ჩაკეტილ პირობებში მამყოფებენ. წელიწადნახევარია, დახურულ პირობებში ვარ. მიმაჩნია, რომ ამას მიკერძოებულობის გამო აკეთებენ. ამიტომ ვაპროტესტებ პროცესის გაჭიანურებას და მსურს, სხდომები სწრაფად ჩატარდეს“, – თქვა მან.

სულეიმანლის პროტესტის მიუხედავად, მომდევნო სხდომა პირველ ოქტომბერს, ზუსტად ორი თვის შემდეგ დაინიშნა.

შემთხვევითი არ არის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) სწორედ ამ ლოგიკას ეფუძნება. მუხლის თანახმად, დაკავებულ ადამიანს უფლება აქვს, მისი საქმე გონივრულ ვადაში განიხილონ ან სასამართლო პროცესის დასრულებამდე გაათავისუფლონ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2026 წლის თებერვალში განახლებული მე-5 მუხლის გზამკვლევიც მკაფიოდ განმარტავს, რომ პატიმრობის გაგრძელების დასაბუთება აბსტრაქტულად ვერ შეფასდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თითოეული საქმის კონკრეტული გარემოებები და უნდა არსებობდეს რეალური და საკმარისი საფუძვლები, რომლებიც თავისუფლების შეზღუდვას გაამართლებს. დროის გასვლასთან ერთად, მხოლოდ თავდაპირველი ეჭვის არსებობა პატიმრობის საკმარის საფუძვლად აღარ მიიჩნევა. სახელმწიფო ორგანოებმა უნდა განიხილონ აღკვეთის ღონისძიების ალტერნატიული ზომებიც, მაგალითად, შინაპატიმრობა ან გირაო.

აზერბაიჯანულ პრაქტიკაში, განსაკუთრებით კი პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების დროს, ვხედავთ, რომ სახელმწიფო ჯერ ადამიანს აკავებს, შემდეგ გაჭიანურებული გამოძიებისა და სასამართლო პროცესის განმავლობაში პატიმრობაში ტოვებს, თავად ადამიანი კი მთელ ამ დროს გისოსებს მიღმა ატარებს და ფიქრობს, რა დაემართა უდანაშაულობის პრეზუმფციას.

აზერბაიჯანის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი წინასწარ გამოძიებას უვადო პროცესად არ განიხილავს. კოდექსის 218-ე მუხლი განსაზღვრავს წინასწარი გამოძიების ვადებსა და მათ მაქსიმალურ ხანგრძლივობას დანაშაულის სიმძიმის მიხედვით. მძიმე დანაშაულებისთვის წინასწარი გამოძიების მაქსიმალური ვადა 13 თვეა, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის შესაძლოა 19 თვემდე გაიზარდოს. ამასთან, წინასწარი გამოძიების ვადა და პატიმრობის ვადა ერთი და იგივე არ არის – აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაგრძელება ცალკე უნდა დასაბუთდეს.

არც ის ფაქტი, რომ კანონი მაქსიმალურ ვადას ადგენს, ნიშნავს იმას, რომ ყველა საქმე ზუსტად ამ ზღვრამდე უნდა მივიდეს. ამის წერისას არ გამოვრიცხავ რთული სისხლის სამართლის საქმეების არსებობას. შესაძლოა ჩატარდეს სხვადასხვა სასამართლო ექსპერტიზა, სამართლებრივი დახმარების მოთხოვნები გაიგზავნოს უცხო სახელმწიფოებში, დაიკითხოს ასობით მოწმე. გონივრულია ისიც, რომ საქმეს, რომელშიც ერთსა და იმავე დანაშაულში ათეულობით ადამიანია ბრალდებული, მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ორ პირთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეს.

თუმცა ამ დასაბუთებას მეორე მხარეც აქვს. თუ საქმის „სირთულე“ უმეტესწილად ხელოვნურად იქმნება – გამოძიების მიერ მასში თვეების განმავლობაში ახალი ბრალდებულებისა და ახალი ბრალდებების დამატებით – მაშინ ვისი ტვირთია ამ სირთულის ზიდვა?

Meydan TV-ის საქმე

ამგვარი გაჭიანურების ყველაზე ნათელი მაგალითი „Meydan TV-ის“ საქმეა. პირველი დაკავებები (აინურ ელგუნეში, ნათიგ ჯავადლი, აისელ უმუდოვა, რამინ დეკო, ულვი თაჰიროვი, ხაიალა აღაევა და აიტაჯ ტაპდიგი) 2024 წლის 6 დეკემბერს მოხდა. შემდეგ, 2025 წლის 5 თებერვალს დააკავეს შამშად აღა; 20 თებერვალს – ნურლან გაჰრამანლი; 28 თებერვალს – ფატიმა მოვლამლი; 6 მაისს – მე – ულვია ალი (გულიევა); ხოლო 27 აგვისტოს – აჰმად მუხთარი. 28 აგვისტოს ბრალდებები გაიზარდა. პირველი მოსამზადებელი სხდომა 2025 წლის 12 დეკემბერს გაიმართა.

სახელმწიფო ამტკიცებს, რომ სისხლის სამართლის საქმე რთულია და შესაბამისად, დროს მოითხოვს. პროცესზე დაკვირვებისას პარადოქსი აშკარაა. საბოლოო ჯამში, საქმის სირთულის დიდი ნაწილი სწორედ იმიტომ გაჩნდა, რომ სახელმწიფომ იგი გააფართოვა, უფრო ზუსტად კი – ხელოვნურად გაბერა. გამოძიება თვითკვებავ ორგანიზმად იქცა: იმისთვის, რომ იარსებოს, ის ახალ ბრალდებულებს, ახალ მასალებსა და ახალ ბრალდებებს პოულობს.

დავუშვათ, გამოძიებამ თვეები საქმის სირთულის საბაბით გამოიყენა. თითქოს მტკიცებულებები შეაგროვა, საბრალდებო დასკვნა შეადგინა და საქმე სასამართლოში გადააგზავნა. წესით, აქედან პროცესი უნდა დაჩქარდეს, რადგან სახელმწიფოს ხელში ბრალდების დასრულებული ვერსია უჭირავს.

2026 წლის ნოემბრისთვის Meydan TV-ის საქმეზე სულ 20 სასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული. მათგან ხუთი საბრალდებო დასკვნის წაკითხვას დაეთმო (ჩვენი შუამდგომლობა, რომ დასკვნა წაკითხულად ჩათვლილიყო, არ დაკმაყოფილდა), ხოლო ექვსი სხდომა გადაიდო (მათგან მხოლოდ ერთი მოხდა ბრალდებულთა მიზეზით, რადგან შამშად აღა სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდა). წარმოიდგინეთ: პირველი ბრალდებულის ჩვენების მიცემიდან (2026 წლის 13 მარტი) ბოლო ბრალდებულის ჩვენების მიცემამდე (2026 წლის 28 სექტემბერი) ექვს-ნახევარი თვე გავიდა.

ამ პერიოდში სასამართლოს შემადგენლობაც შეიცვალა: 26 მაისს თავმჯდომარე მოსამართლე აიტან ალიევა ბაქოს სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა. სტატიის წერის მომენტისთვის, 2026 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, Meydan TV-ის საქმეზე დაკავებულ პირველ შვიდ ადამიანს თავისუფლება უკვე 700 დღეზე მეტია აღკვეთილი აქვს, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი კი ჯერაც არ არსებობს.

თუ სასამართლო პროცესის გაჭიანურებაში ბრალდებული დამნაშავე არ არის, რა ბრალი მიუძღვის მას მოსამართლეების შეცვლაში, სხდომების გადადებაში ან სახელმწიფოს ორგანიზაციულ პრობლემებში? რატომ უნდა აკლდებოდეს ბრალდებულის თავისუფლებას სახელმწიფოს მიერ დაშვებული ყოველი შეფერხების საფასური?

პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებში შედეგი წინასწარ ცნობილია – გამამართლებელ განაჩენზე საუბარი შეუძლებელია. არც ერთი პოლიტპატიმარი არ მინახავს, რომელსაც ამის იმედი ჰქონდეს. ყველა სამართლიანობის აღდგენას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეძებს, თუმცა იქაც გადაწყვეტილებები სწრაფად არ მიიღება. ამას ემატება ისიც, რომ ბოლო წლებში აზერბაიჯანი, დიდწილად, არც კი ასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

თუ ინდივიდუალური კომპენსაციის საქმეებში მინიჭებულ თანხებს პატიმრობაში გატარებული დღეების რაოდენობაზე გავყოფთ, საათობრივად უკიდურესად მცირე თანხას მივიღებთ. აზერბაიჯანის მთავრობა უსამართლო პატიმრობის ერთ საათს 1-დან 2 მანათამდე (0.60-1.20 დოლარი) აფასებს. შაჰინ ნოვრუზლუსთვის უსამართლო პატიმრობაში გატარებული 589 დღის გამო მინიჭებული კომპენსაციის საათობრივი ეკვივალენტი დაახლოებით 1.41 მანათია (0.80 დოლარი), ხოლო მამედ აზიზოვისთვის 1 106 დღის გამო დაკისრებული კომპენსაციისა – დაახლოებით 2.51 მანათი (1.50 დოლარი).

სამი საქმე, ერთნაირად ხანგრძლივი პროცესი

აზერბაიჯანის კანონმდებლობაში სასამართლო განხილვის ეტაპზე პატიმრობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული სამართლებრივი გაურკვევლობა წლებია, განხილვის საგანია. თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამ პრობლემას მარტივად უდგება. კონვენციის მიზნებისთვის, გასათვალისწინებელი პატიმრობის ვადა იწყება იმ დღიდან, როდესაც პირი დააკავეს და გრძელდება იმ დღემდე, ვიდრე პირველი ინსტანციის სასამართლო მის ბრალეულობაზე იმსჯელებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფოს არ შეუძლია თქვას: „წინასწარი გამოძიება დასრულდა, ამიტომ ძველი წამზომი გავანულეთ და თავიდან ჩავრთეთ“. ადამიანის თავისუფლება კვლავ შეზღუდულია.

სწორედ ეს არის განსხვავება კანონს შორის, რომელიც ადამიანს უყურებს, და ბიუროკრატიას შორის, რომელიც დოკუმენტს უყურებს. დოკუმენტში სამართალწარმოების ეტაპის დასახელება შეიძლება შეიცვალოს. ადამიანისთვის კი არაფერი იცვლება: კარი კვლავ გარედან არის ჩაკეტილი, ხელბორკილები კი ისევ მაჯებზე ადევს.

ბოლო წლებში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ აღძრული სხვა მასშტაბური სისხლის სამართლის საქმეების კალენდრის გადახედვაც იმავე სურათს გვაჩვენებს. Abzas Media-ს საქმეში პირველი დაკავებებიდან განაჩენის გამოტანამდე 578 დღე (დაახლოებით 19 თვე) გავიდა. „ტოპლუმ TV-ის“ საქმეში კი პროცესი, რომელიც 2024 წლის 6 მარტის დაკავებების შემდეგ დაიწყო, 2026 წლის 27 ივლისს დასრულდა. ანუ პირველი დაკავებებიდან განაჩენამდე 873 დღე (28 თვეზე მეტი) გავიდა.

სამი მსხვილი დამოუკიდებელი მედიის საქმის მაგალითზე ერთი და იმავე საპროცესო მანიპულაციის გამეორება, რომლის შედეგადაც ჟურნალისტები განაჩენის გარეშე ხანგრძლივად რჩებიან პატიმრობაში, შემთხვევითი ვერ იქნება. ეს პერიოდები მხოლოდ რიცხვები არ არის – ეს ადამიანების ცხოვრებაა, რომელიც თავისუფლება წართმეული აქვს.

Abzas Media-სთვის მიცემულ ინტერვიუში „არჩევნების დაკვირვების ალიანსის“ დაპატიმრებული დირექტორი, მამად ალფაი ამბობს, რომ 2026 წლის თებერვლიდან ოჯახის წევრებთან ღია პაემნების უფლება ჩამორთმეული აქვს:

„ჩემ წინააღმდეგ გამოძიება 10 თვეს გაგრძელდა. წინასწარი პატიმრობის ოთხთვიანი ვადა შემეფარდა. მოგვიანებით ეს ვადა, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ჯერ სამი თვით, შემდეგ კი კიდევ სამი თვით გამიგრძელეს. გამოძიების პერიოდში ღია პაემნების აკრძალვა, გარკვეულწილად, გასაგებია. მაგრამ სასამართლო სამართლებრივი პაექრობის ადგილია; ანუ შენთან დაკავშირებული ყველა საგამოძიებო მოქმედება უკვე დასრულებულია. ამის მიუხედავად, ჩემი უფლება არც სასამართლო განხილვის პერიოდში ყოფილა უზრუნველყოფილი და თვეებია, ოჯახთან ღია პაემანი არ მქონია“.

პროცესი თავად არის სასჯელი

1979 წელს ამერიკელმა სოციოლოგმა მალკოლმ ფეილიმ წიგნს, რომელშიც აშშ-ის ქვედა ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოების მუშაობას იკვლევდა, „პროცესი თავად არის სასჯელი“ (The Process Is the Punishment) უწოდა.

პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოების შესწავლისას ფეილიმ აჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანი ჯერ კიდევ ფორმალური განაჩენით განსაზღვრულ სასჯელამდე იხდის იმ მატერიალურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ ფასს, რომელსაც თავად სასამართლო პროცესი აკისრებს. მოგვიანებით გამოქვეყნებულმა ნაშრომებმა წიგნის მთავარი დაკვირვება ასე შეაჯამა: პროცესის განმავლობაში ადამიანის მიერ განცდილი ტვირთი ზოგჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე საბოლოოდ მისთვის დაკისრებული ოფიციალური სასჯელი.

მოსაზრება, რომ „პროცესი თავად არის სასჯელი“, დღეს აზერბაიჯანში არსებული პრაქტიკის ასახსნელადაც მნიშვნელოვან თეორიულ ჩარჩოს გვთავაზობს. საბოლოოდ რომც გაგამართლონ, სახელმწიფო ვერ დაგიბრუნებს იმ 15 თვეს, რომელიც უკვე გავიდა – აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამის არანაირი სურვილი არ გაქვს.

ზოგჯერ, ციხეში ყოფნისას, როცა ჩემს კატებზე ვფიქრობ, მახსენდება, რომ ჩემი დაკავების დროს ერთი მათგანი სამი წლის იყო, მეორე კი – ხუთის. კატის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, მათი ცხოვრების რომელ ეტაპზე შევძლებ დაბრუნებას. სახელმწიფო ვერ შეძლებს, ეს წლები ან ციხეში დაკარგული ჯანმრთელობა სიტყვა „გამართლებაში“ მოაქციოს და უკან დამიბრუნოს. სწორედ ამიტომ შეიძლება პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, სასჯელის ერთგვარ მცირე ვერსიად მივიჩნიოთ.

საკანში, სადაც პატიმრები სასამართლო დარბაზში შეყვანამდე ელოდებიან, თითქმის ყველა მათგანი პროცესის გაჭიანურებაზე ჩივის:

„ამბობენ, მოსამართლეს დატვირთული გრაფიკი აქვს და დრო არ არისო. ჩემი ბოლო სხდომა ორი თვის წინ გაიმართა, სასამართლო პროცესი კი უკვე შვიდი თვეა მიმდინარეობს და უმეტესად გადაიდება ხოლმე. არ ვიცი, როდის დასრულდება. მე რა შუაში ვარ? უაზროდ დაგვატარებენ წინ და უკან, ყოველგვარი შედეგის გარეშე. მთელი დღე ჩაკეტილ სივრცეში ყოფნით ჭკუიდან ვიშლები“, – ამბობს ერთი ქალი პატიმარი.

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სირთულე მხოლოდ თავისუფლების შეზღუდვა კი არა, ისიც არის, რომ ადამიანმა არ იცის, როდის დასრულდება ეს მდგომარეობა. სწორედ აქ იწყება სამართლებრივი პროცედურის ფსიქოლოგიური ზემოქმედება. კვლევები აჩვენებს, რომ პატიმრობაში მყოფ ადამიანებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები უფრო მეტად არის გავრცელებული, ვიდრე ზოგად მოსახლეობაში. განსაკუთრებით მათთვის, ვინც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ოჯახისგან და გარემოსგან იზოლაცია, ასევე მომავლის გაურკვევლობა სტრესის დამატებითი წყაროა. სახელმწიფო არც ახალ სტატუსს განიჭებს და არც ძველ მდგომარეობაში დაბრუნების საშუალებას გაძლევს. ანუ გაურკვევლობაში, ერთგვარ შუალედურ მდგომარეობაში გამყოფებს.

სისხლის სამართლის პროცესის უსაფუძვლო გაჭიანურება უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც „სასამართლოების გადატვირთულობის“ ან „სისხლის სამართლის საქმის სირთულის“ საკითხი, არამედ როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზეზიც.

„ტოპლუმ TV-ის“ საქმეზე დაკავებული რამილ ბაბაევი და ალი ზეინალი გამოძიების გაჭიანურებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს ციხიდან დაწერილ სტატიაში შეეხნენ:

„ადამიანები ზოგჯერ სამი-ოთხი წლის განმავლობაში იმყოფებიან დახურულ იზოლატორებში, სპორტის, სეირნობისა და სხვა უფლებების გარეშე, ფაქტობრივად, მკაცრი რეჟიმის პირობებში. მიგვაჩნია, რომ უნდა გამოიკვლიონ ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებსაც 8-დან 16 კვადრატულ მეტრამდე ოთახებში მრავალი წლის გატარება იწვევს. პატიმრები ყველაზე ხშირად გულ-სისხლძარღვთა პრობლემების გაჩენასა და შორ მანძილზე მხედველობის გაუარესებაზე ჩივიან“.

პატიმრობის პოლიტიკა და ალტერნატივები

ევროპის საბჭოს 2025 წლის 31 იანვრის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, აზერბაიჯანის პენიტენციური სისტემა იმ სისტემებს შორისაა, რომლებიც თითქმის სრულად ან სრულად არის დატვირთული. შესაბამისად, პრობლემა მხოლოდ პოლიტპატიმრების მიმართ გამოყენებული სასჯელი არ არის. აზერბაიჯანის ხელისუფლება თავისუფლების აღკვეთის პოლიტიკას ზოგადად იყენებს.

ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანის პენიტენციურ დაწესებულებებში 27 673 ადამიანი იმყოფება. დატვირთულობა 98.3%-ია. იმავე წლის მონაცემებით, აზერბაიჯანში პრობაციის ზედამხედველობის ქვეშ 13,901 პირია. ეს ნიშნავს, რომ თავისუფლების აღკვეთის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ალტერნატიული ზომების გამოყენების მაჩვენებელს.

7 ოქტომბერს ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრმა ფარიდ აჰმედოვმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი პენიტენციური დაწესებულებები აშენდება. მისი თქმით, ციხეები, რომელთა ექსპლუატაციაში შესვლა 2030 წლისთვის იგეგმება, ჯამში 11 000 მსჯავრდებულზე იქნება გათვლილი.

ევროპის საბჭო კი რეკომენდაციებში მიუთითებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ციხეების გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად სხვა გზების გამოყენებაც შეუძლია, მაგალითად, სასჯელის ალტერნატიული ზომების დანერგვა. თუმცა, ალტერნატიული სასჯელების განხილვის, დანაშაულის პრევენციის, სხვადასხვა ზომის გამოყენებისა და განმეორებითი დანაშაულის აღმოფხვრის ნაცვლად, აზერბაიჯანის სახელმწიფო გამოსავალს ახალი ციხეების მშენებლობაში ხედავს.

გადადებული ცხოვრება

სამართლიანი სასამართლო მხოლოდ მოსამართლის მიუკერძოებლობას, ადვოკატთან წვდომასა და მტკიცებულებების განხილვას არ გულისხმობს. მასში დროის ფაქტორიც მნიშვნელოვანია.

სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს, რომ სისხლისსამართლებრივი ბრალდება დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ გონივრულ ვადაში განიხილოს.

თავისუფლებააღკვეთილი ადამიანისთვის ამას კონვენციით გათვალისწინებული თავისუფლების დაცვის უფრო მკაცრი გარანტიაც ემატება. ხუთი წლის შემდეგ გამოტანილ სამართლიან გადაწყვეტილებას და ხუთი თვის შემდეგ გამოტანილ სამართლიან გადაწყვეტილებას ერთი და იგივე შედეგი არ მოაქვს. პატიმრობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება სამ კითხვას უნდა პასუხობდეს: რა არ გაკეთებულა? რატომ არ გაკეთებულა ეს აქამდე? რატომ არის აუცილებელი, რომ ბრალდებული ამ საპროცესო მოქმედების შესრულებამდე პატიმრობაში დარჩეს?

აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები, ერთი მხრივ, პრესასთან გაკეთებულ განცხადებებში მრავალჯერ არღვევენ პოლიტპატიმრების უდანაშაულობის პრეზუმფციას, მეორე მხრივ კი, მათი გათავისუფლების შესახებ საერთაშორისო მოწოდებებს პასუხობენ, რომ „სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს“. რა სამართლიან განაჩენზე შეიძლება საუბარი იმ სასამართლოებში, სადაც მართლმსაჯულების განხორციელების ყველაზე საბაზისო ელემენტებსაც კი მნიშვნელობა არ ენიჭება?

ყველა ამ მაგალითიდან ჩანს, რომ ფრაზა „სასამართლო პროცესი მიმდინარეობს“ უბრალოდ მანიპულაციაა. ეს არის პროცესი, რომლის გაჭიანურებითაც სახელმწიფო დანაშაულის დაუმტკიცებლად ციხეში გამოკეტილი ადამიანების პატიმრობას სასჯელად აქცევს.

თუ სახელმწიფო ადამიანის ბრალეულობას ვერ ამტკიცებს, ის უნდა გაათავისუფლოს. ადამიანის თვეობით დატოვება გაურკვევლობაში, ფრაზებს შორის: „გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, „მომდევნო სხდომაზე“, „მოსამართლე შეიცვალა“ – მართლმსაჯულების განხორციელება არ არის.

თავისუფლებააღკვეთილი ადამიანისთვის სასამართლო სხდომა კი არა, მისი ცხოვრება იდება.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.