ციხის ჩანაწერები: ხდება თუ არა რეაბილიტაცია აზერბაიჯანის საპატიმროებში

პუბლიკა

დაპატიმრებული ჟურნალისტი ულვია ალი განიხილავს რეციდივიზმს (დანაშაულის განმეორებადობას) აზერბაიჯანში და ირწმუნება, რომ ავტორიტარული სახელმწიფოსთვის რეაბილიტაცია პრიორიტეტი არ არის.

ეს სტატია OC Media-სთვის ციხეში დაწერა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ულვია ალიმ (გულიევა). ალი 2025 წლის 6 მაისს დააკავეს, როგორც ეჭვმიტანილი დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედია „მეიდან ტვ-ის“ (Meydan TV) წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში. ის ამ მედიასთან თანამშრომლობას უარყოფს.

ავტორი: ულვია ალი

ევროპის საბჭოს 2025 წლის ანგარიშის თანახმად, პატიმართა რაოდენობით აზერბაიჯანი ევროპის 51 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, აზერბაიჯანი იმ ქვეყნების სიაშია, რომელთა ციხეებიც „თითქმის ბოალომდეა შევსებული“.

ამ მეტრიკაში არ არის გათვალისწინებული ერთზე მეტჯერ დაპატიმრებულ პირთა რაოდენობა – მაჩვენებელი, რომელიც იმდენად მაღალია, რომ მისი უგულებელყოფა შეუძლებელია.

ამ ფენომენს რეციდივიზმი ეწოდება, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი სჩადის დანაშაულს, იხდის სასჯელს და შემდეგ კვლავ სჩადის დანაშაულს. თუმცა, ამ ფენომენის მხოლოდ ინდივიდის „გაფუჭებულობისთვის“ მიწერა გზას უხსნის სახელმწიფოს, თავი აარიდოს საკუთარ პასუხისმგებლობას.

ისეთი კითხვები, როგორიცაა: „არის თუ არა ციხე წარმატებული მოდელი გამოსწორებისთვის?“ და „იღებს თუ არა სახელმწიფო საკმარის ზომებს ამის თავიდან ასაცილებლად?“, – გვაიძულებს, საკითხზე სერიოზულად დავფიქრდეთ.

მრავალშრიანი პრობლემა

კვლევების თანახმად, რეციდივიზმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი განათლების ნაკლებობა და სახსრების არქონაა (სიღარიბე). რეციდივისტი პატიმრების უმრავლესობა, რომლებსაც ვესაუბრე, თავის მდგომარეობას ასევე სიღარიბეს უკავშირებს:

„ვერაფრით ვიშოვე სამსახური. ბოლოს სიმსივნით დაავადებულ პაციენტებზე უკანონოდ ვყიდდი ფსიქოტროპულ ნივთიერებებს და დამაკავეს. აქ ერთხელ თუ მოხვდები, ეს ადგილი შავი ხვრელივით ისევ და ისევ გითრევს“, – ამბობს კაცი პატიმარი, რომელიც სასჯელს მეორედ იხდის.

რეციდივიზმის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ციხე უფრო დასჯის საშუალებად გამოიყენება, ვიდრე რეაბილიტაციის. საერთაშორისო ანგარიშებიც მიუთითებს, რომ აზერბაიჯანის ციხეებში პატიმრების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა არ არსებობს და არ ადგენენ ყველაზე მორგებულ სარეაბილიტაციო გეგმას.

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) 2022 წელს ჩატარებული მონიტორინგის დროს დაადგინა, რომ აზერბაიჯანში ეს მექანიზმი არ არსებობს. იგივე პრობლემა გამოვლინდა 2020 წელს ჩატარებული მონიტორინგის დროსაც.

2022 წლის ანგარიშში ნათქვამია:

„მონიტორინგის დელეგაციამ განაცხადა, რომ წინა ინსპექტირების მსგავსად, პატიმრების მიმართ მიდგომა ეფუძნებოდა დასჯის გეგმებს და არა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და რისკების შეფასებას, ხოლო გათავისუფლებისთვის მომზადება თითქმის ნულოვან დონეზე იყო“. 

წინასწარი დაკავების იზოლატორების შინაგანაწესის 5.10 მუხლის თანახმად, დაკავებულები საკნებში ასაკის, სქესის, წინა ნასამართლობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა განაწილდნენ.

ამავე წესების 5.11.3 მუხლში აღნიშნულია, რომ პირები, რომლებმაც დანაშაული პირველად ჩაიდინეს, განცალკევებით უნდა იმყოფებოდნენ მათგან, ვისაც წარსულში უკვე მოხდილი აქვს სასჯელი საპატიმროში.

თუმცა, პრაქტიკაში ეს დებულებები არ სრულდება. მეტი ყურადღება ექცევა პატიმრის ეკონომიკურ მაჩვენებლებს და იმას, მიიღებენ თუ არა მას სხვა პატიმრები საკანში. ესეც ინდივიდუალური მიდგომის არარსებობაზე მიუთითებს.

რეციდივიზმის კიდევ ერთი მიზეზი გათავისუფლების შემდეგ ცხოვრებასთან ადაპტაციის სირთულიდან გამომდინარეობს.

„ეს ჩემი მესამე პატიმრობაა და ციხეს ჩემი რეაბილიტაცია საერთოდ არ მოუხდენია. პირიქით, დანაშაულისკენ კიდევ უფრო მიდრეკილი გამხადა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ყველაფერი ძალიან რთული მეჩვენებოდა. ნათესავებთან საერთო ენა ვერ გამოვნახე; ხელს სადმე რომ ვკიდებდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს არასწორად ვკიდებდი“, – ამბობს კაცი პატიმარი. 

მსოფლიოში ცნობილი ფსიქოლოგი და სოციალური დასწავლის თეორიის ფუძემდებელი ალბერტ ბანდურა აღნიშნავს, რომ ადამიანის ქცევა დიდწილად სოციალური გარემოს გავლენით ყალიბდება. მისი კონცეფციიდან გამომდინარე, იმ ადამიანისთვის, რომელიც მჭიდრო კავშირშია ციხის კრიმინალურ სუბკულტურასთან, ნორმების აღქმა იცვლება. გათავისუფლების შემდეგ ისინი ხშირად ბრუნდებიან იმავე გარემოში, რადგან სხვა გარემო უბრალოდ არ გააჩნიათ.

„თავისუფლებაზე ყოფნისას ვისაც არ უნდა დავლაპარაკებოდი, ვერავისთან ვპოულობდი საერთო ენას. ციხეში დიდხანი ვიყავი და გამოსვლის შემდეგ კრიმინალური სამყაროს წესებით დავიწყე ცხოვრება. გარეთ არავის ესმოდა ჩემი, მაგრამ ციხეში ჩემნაირი ბევრი იყო. მათ შორის გარკვეული ავტორიტეტი მქონდა. თავისუფლებისას კი საკუთარ ადგილს ვერ ვპოულობ“, – ამბობს კაცი პატიმარი, რომელიც მესამე სასჯელს იხდის.

„რვა წელი და ექვსი თვე გავატარე ციხეში. როცა გავთავისუფლდი, ყველასთვის უცხო ადამიანი ვიყავი. ჩემი თანატოლები ცხოვრებაში წინ წავიდნენ, მე კი ერთ ადგილს ვტკეპნიდი. საზოგადოება თითქოს უცხო სხეულივით მიშორებდა. დიდხანს ვერ გავუძელი და ისევ ციხეში დავბრუნდი“, – ამბობს კიდევ ერთი კაცი პატიმარი, რომელიც სასჯელს მეორედ იხდის.

კრიმინოლოგიაში გათავისუფლებიდან პირველი ექვსი თვე რეციდივის ყველაზე მაღალი რისკის პერიოდად ითვლება.

თუ ამ პერიოდში ადამიანს ექნება საცხოვრებელი ადგილი, სამსახური, სოციალური მხარდაჭერა და ფსიქოლოგიური დახმარება, დანაშაულის განმეორების ალბათობა მკვეთრად მცირდება. თუმცა, აზერბაიჯანში ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა არ არსებობს. ციხიდან გამოსული ადამიანი ბედის ანაბარაა მიტოვებული.

„გარეთ საცხოვრებელი სახლი არ მაქვს; ოჯახიდან მხოლოდ ძმა მყავს ცოცხალი. ციხეში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. გარეთ ყოფნა ტანჯვაა, ფული უნდა იშოვო, ჩემი ნასამართლობით კი ეს შეუძლებელია. ციხეში უფრო ადვილად გავიტან თავს, აქ ყველაფერი ნაცნობია ჩემთვის“, – ამბობს 54 წლის კაცი პატიმარი, რომელმაც ცხოვრების 26 წელი ციხეში გაატარა.

ამას ემატება წამება და არასათანადო მოპყრობა – ფაქტორთა კიდევ ერთი ერთობლიობა, რომელიც რეაბილიტაციას შეუძლებელს ხდის. პატიმრები ამგვარ მოპყრობას შეიძლება დაექვემდებარონ პოლიციის განყოფილებებში დაჭერის პირველივე დღიდან, ციხე კი ამ ჯაჭვს ასრულებს. დაუსჯელობის გარემო საკმარისი და, შესაძლოა, ყველაზე გადამწყვეტი მიზეზიც კია სარეაბილიტაციო ციკლის დასარღვევად.

ადამიანის ღირსების მუდმივი შელახვა ანადგურებს ინდივიდში ცვლილების ყოველგვარ სურვილს.

მართლმსაჯულების სისტემის გაუარესება

„მეორედ სრულიად უდანაშაულოდ დამაკავეს. მაგრამ ერთხელ თუ იმავე მუხლით დაგარეგისტრირეს, ეს იარლიყი თითქოს სამუდამოდ გრჩება. მეორედ იმავე დანაშაულში დადანაშაულებისას, თუნდაც უდანაშაულო იყო, ვერავის დაარწმუნებ“, – ამბობს ქალი პატიმარი, რომელიც ამჟამად სასჯელს მეორედ იხდის.

რეციდივისტთა შორის ბევრია ისეთი, ვინც აცხადებს, რომ მათ დამატებითი ბრალდებები „მიაწერეს“  (ცრუ ბრალდებები წაუყენეს). ზოგი წარსულ დანაშაულს აღიარებს, თუმცა ამჟამინდელ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. საბრალდებო დასკვნების შესწავლისას პროცედურული დარღვევების სიმრავლე ამ შესაძლებლობას გარკვეულ სარწმუნოებას სძენს.

ადამიანები, რომლებიც ციხეში ხვდებიან, არა მხოლოდ საზოგადოების მხრიდან განიცდიან სტიგმატიზაციას, არამედ სამართალდამცავი ორგანოების „შავ სიაშიც“ ხვდებიან. ისეთ ქვეყნებში, როგორიც აზერბაიჯანია, სადაც სამართლებრივი გარანტიები სუსტია, ასეთი პირები იდეალურ „განტევების ვაცებად“ იქცევიან. 

„ხშირად მესმოდა, რომ როდესაც ვინმე პოლიციის ხელში ვარდება, მას სთხოვენ: „მოგვეცი კაცი“ (ჩაუშვი ვინმე). თუ ამას გააკეთებ, საკუთარ თავს დაკავებისგან იხსნი. ეს პირი კი მდიდარი უნდა ყოფილიყო, რომ პოლიციას მისგან ფული გამოეძალა“, – ამბობს კაცი პატიმარი, რომელიც მეოთხე საპატიმრო სასჯელს იხდის.

იგი დასძენს, რომ თავადაც ერთ-ერთი ასეთი პირი გახდა:

„ოჯახის წევრებით მემუქრებოდნენ, რომ აღიარებითი ვიდეო ჩამეწერა. ვერ შევძელი ადამიანის გაწირვა, ვინმეს გაყიდვა“.

ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „უდანაშაულო ვარ, ამას სასამართლოში დავამტკიცებ და გამამართლებენ“, ან „ვეცდები, აქ აღარასოდეს მოვხვდე“, იშვიათია აზერბაიჯანის ციხეებში. გასული წლის განმავლობაში პატიმრებთან საუბრისას მხოლოდ ამ შინაარსის სიტყვებს ვხვდებოდი: „საქმის მოსაგვარებლად გჭირდება „ბროკერი ადვოკატი“ და „კარგი მოსამართლე““.

„ბროკერი ადვოკატი“ არის „დამცველი“, რომელიც აგვარებს ფულის (ქრთამის) საკითხს, რათა კლიენტის საქმეზე მოსამართლესთან აწარმოოს მოლაპარაკება. არასწორად ნუ გაიგებთ გამოთქმას „კარგი მოსამართლე“. ეს არ ნიშნავს მოსამართლეს, რომელიც სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს. ეს ნიშნავს მოსამართლეს, რომელიც გარიგებაზე მიდის და ისეთ თანხას ასახელებს, რომლის მოსმენაზეც ადამიანს „ტუჩები არ დაეწვება“ – ანუ არა ასტრონომიულად დიდი თანხა არ არის.

ქრთამი იხარჯება სასჯელის მაქსიმალურად შესამსუბუქებლად, ბრალდების უფრო მსუბუქ მუხლზე გადასაკვალიფიცირებლად ან ისეთი შესაძლებლობების მოსაპოვებლად, როგორიცაა პირობითი მსჯავრი ან შინაპატიმრობა.

პრაქტიკაში გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იშვიათი მოვლენაა. ეს დიდწილად განპირობებულია იმით, რომ ავტორიტარულ რეჟიმებში სამართალდამცავი ორგანოების შეცდომების აღიარება არღვევს „დიქტატურის პერფექციონიზმს“.

თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, ის რეაბილიტაციაზე არ ფიქრობს. მთელი მისი ყურადღება ფულის შოვნაზე, „კარგი მოსამართლისა“ და „ბროკერი ადვოკატის“ ძიებაზეა მიმართული. საინტერესო დეტალი ისაა, რომ ამ „ბროკერი ადვოკატების“ ნომრების პოვნა თითქმის ყველა დაკავებული პირის ტელეფონების წიგნაკშია შესაძლებელი. პატიმრები მათ საკონტაქტო მონაცემებს ერთმანეთს გადასცემენ.

შესაძლებელია თუ არა სხვაგვარი მიდგომა?

აზერბაიჯანში რეციდივიზმის შესახებ გამჭვირვალე სტატისტიკა არ არსებობს. მთელ მსოფლიოში მხოლოდ 33 ქვეყანას აქვს რეციდივიზმის მონაცემთა ბაზა, ამის არარსებობა კი შეუძლებელს ხდის ამ ფენომენთან ბრძოლას.

ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვის, პატიმრობის ნაცვლად, რეკომენდებულია ჯარიმების, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის, პირობითი მსჯავრის და, განსაკუთრებით ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის ჩამდენ პირთა რეაბილიტაცია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხილულ საქმეებში (როგორიცაა „ფარჰად ალიევი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, „ალახვერდიევი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ და „ანარ მამედლის ჯგუფი“) აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში წინასწარი პატიმრობის ღონისძიებები ზედმეტად ინტენსიურად გამოიყენება. ევროპული სასამართლო ასევე რეკომენდაციას უწევს უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებას, რადგან პატიმრობა უკიდურესი ზომა უნდა იყოს.

ნორვეგია, შვეიცარია და ფინეთი ის ქვეყნებია, სადაც რეციდივიზმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ამ ქვეყნების მოდელი საფუძვლად ადამიანის ღირსებას იღებს. ამ ქვეყნების მოდელი ადამიანის ღირსებას ეფუძნება. იქ მოქმედებს სისტემა, რომელიც მსჯავრდებულს თავისუფლებაში დაბრუნებისთვის ამზადებს მცირე ჯგუფების მეშვეობით, ავითარებს მის პროფესიულ და სოციალურ უნარებს და ცდილობს, საზოგადოებაში მისი რეინტეგრაცია უზრუნველყოს.

აზერბაიჯანში კი, მიუხედავად იმისა, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლება, შეწყალება, ამნისტია და პრობაციის სისტემა რეციდივიზმთან ბრძოლის მექანიზმებად არის წარმოდგენილი, ამ სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები ცხადყოფს, რომ სისტემას სერიოზული ხარვეზები აქვს.

კრიმინოლოგები ასევე აღნიშნავენ, რომ დანაშაულთან დაკავშირებული მთავარი კითხვა არ უნდა იყოს: „რა სასჯელი უნდა დაეკისროს დამნაშავეს?“ მთავარი კითხვა უნდა იყოს: „რა დაზიანდა და როგორ შეიძლება მისი აღდგენა?“ 

აზერბაიჯანის ციხეები არა მხოლოდ ვერ ახერხებენ რეაბილიტაციას, არამედ ახალი დანაშაულების ჩადენის საფუძველსაც ქმნიან, რადგან ამ ქვეყნის სასჯელაღსრულების სისტემა დასჯის ლოგიკაზეა აგებული. ეს მიდგომა სრულიად უცხოა რეაბილიტაციის ფილოსოფიისთვის.

ციხეში გაკეთებული ჩვენი დაკვირვებები აჩვენებს, რომ ავტორიტარული სახელმწიფოსთვის ადამიანის რეაბილიტაცია პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ნასამართლობის მქონე პირები საზოგადოებისთვის უკვე უსარგებლოდ მიიჩნევიან. და შესაძლოა, ეს მიზანმიმართულადაც ხდება, რადგან ავტორიტარულ რეჟიმებს შორის უფრო ადვილია გატეხილი, დამორჩილებული ადამიანების მართვა, რომელთა პიროვნებაც განადგურებულია.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.