გიყვართ ბრამსი?.. იქნებ მუსორგსკი, ან სულაც შოსონი

დავით ბუხრიკიძე

თავის ახალ რომანში ნახსენები უბრალო ფრაზა – „გიყვართ ბრამსი?“, რომლითაც 40 წელს მიღწეული და წარმატებული პარიზელი დიზაინერი ქალი, სახელად პოლი, თავისზე ბევრად ახალგაზრდა საყვარელს, სიმონს კომპოზიტორ ბრამსის ნაწარმოებების კონცერტზე ეპატიჟება, 50-იანი წლების ბოლოს უკვე პოპულარულმა მწერალმა, ფრანსუაზა საგანმა ლამის  საკულტო სათაურად აქცია.

შემდეგ ამ ფრაზამ სახეცვლილი ფორმით ამერიკულ ეკრანიზაციაშიც გადაინაცვლა (რეჟისორი ანატოლ ლიტვაკი, მთავარ როლებშიინგრიდ ბერგმანი, ენტონი პერკინსი, ივ მონტანი), რომელშიც ბრამსის პირველი და მესამე სიმფონები ჟღერს. რამაც სხვათა შორის, ბრამსის მუსიკის პოპულარობა ბევრად უფრო გაზარდა.

სიმფონიები არა, მაგრამ ბრამსის კამერული მუსიკა გასული წლების მსგავსად, წელსაც ხშირად ჟღერს წინანდლის მუსიკალურ ფესტივალზე. ერთი ასეთი საღამო ორ სიმებიან სექსტეტს დაეთმო (No1 სიბემოლ მაჟორი, თხზ. 18 და No 2 სოლ მაჟორი, თხზ. 36). შეიძლება ითქვა, რომ კამერული მუსიკის დარბაზში გამართული ეს კონცერტი ფესტივალის ერთერთ გამორჩეულ მოვლენად იქცა.

კამერული მუსიკის ამ ორ შედევრში ერთმანეთს შეხვდნენ ცოცხალი ლეგენდა, მევიოლინე პინჰას ცუკერმანი (რომელმაც წინა დღეებში ბრწყინვალედ და რაფინირებული ჟღერადობით შეასრულა ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტი პანკავასიურ ორკესტრთან და დირიჟორ ჯანანდრეა ნოზედასთან ერთად) და კლასიკური მუსიკის თანამედროვე და შედარებით ახალგაზრდა ვარსკვლავებივირტუოზი ჩელისტი, ირანული წარმოშობის ავსტრიელი მუსიკოსი, კიან სოლტანი და პაგანინის სახელობის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, იაპონელი მევიოლინე, საიაკა შოჯი. რამაც კონცერტს განსაკუთრებული სიღრმე, დინამიკა და ახალგაზრდული ენერგია შესძინა.

ბრამსის სექსტეტების ლამის სიმფონიური მასშტაბი და დატვირთული მუსიკალური პარტიტურა შემსრულებლებს ურთულესი ამოცანების წინაშე აყენებს: მოძებნონ იდეალური ბალანსი კამერული მუსიკისთვის დამახასიათებელ ინტიმურობასა და ფსიქოლოგიური ნიუანსებით დატვირთულ ჟღერადობას შორის, რომელსაც ორი ვიოლინოს, ორი ალტისა და ორი ჩელოს კომბინაცია მოითხოვს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ მართლაც ვარსკვლავურ სექსტეტში ახალგაზრდა ქართველი ალტისტი, გიორგი მარდალეიშვილიც უკრავდა. სექსტეტის სრული შემადგენლობა კი ასეთია: პინჰას ცუკერმანი (ვიოლინო), საიაკა შოჯი (ვიოლინო), გიორგი მარდალეიშვილი (ალტი), ორი კამი (ალტი), დანიელ ბლენდულფი (ჩელო), კიან სოლტანი (ჩელო).

რამდენიმე საინტერესო დეტალი, რომლითაც ბრამსის სიმებიანი სექსტეტები კინემატოგრაფს უკავშირდება: ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი მაინც ფრანგულიახალი ტალღისერთერთი ლიდერის, ლუის მალის ფილმისაყვარლებია”(1958), რომელშიც ბრამსის N1 სექსტეტის მეორე ნაწილი ლამის მთავარ ლაიტმოტივად ჟღერს. ფილმში მუსიკა საოცარი სიზუსტით და მგრძნობელობით ერითმება მთავარი გმირის (ჟანა მორო) შინაგან განცდებს. კიდევ ერთო ცნობილი რეჟისორი, რომელმაც უკვე ბრამსის N2 სექსტეტი გამოიყენა, ესაა ბერტრან ბლიე, რომელმაც ფილმშიცივი საუზმეშავი და აბსურდული იუმორი ბრამსის სექსტეტის მეორე ნაწილთან (Allegro non troppo) მღელვარე რომანტიზმით გააზავა.

მთავარ საფესტივალო სივრცეში, ამფითეატრში შესრულდა მოდესტ მუსორგსკის მონუმენტური და საპროგრამო შედევრი სურათები გამოფენიდან” (მორის რაველის ცნობილი საორკესტრო ვერსია). პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, რიმლის ენერგიულმა და ოსტატურმა დირიჟორობამ ნაწარმოებს განსაკუთრებული დინამიკა და მასშტაბი შესძინა.

სხვადასხვა ქვეყნის ნიჭიერი ახალგაზრდებისგან შემდგარმა პანკავკასიურმა ორკესტრმა გარკვეულწილად შეძლო მიძინებული მრისხანე ძალა, დრამატული საწყისი და ნაწილობრივ, მისტიკური შრეებიც წარმოეჩინა, რომელიც მუსორგსკიმ თავის მუსიკაში ჩააქსოვა (კომპოზიტორმასურათები გამოფენიდან გარდაცვლილი მეგობრის, მხატვარ ვიქტორ ჰარტმანის გამოფენის შთაგონებით შექმნა).

მთავარი, რითაც ეს კონცერტი ალბათ არასოდეს დაავიწყდება მსმენელს, ჭექაქუხილი და ელვა აღმოჩნდა, რის გამო დირიჟორმა და ორკესტრმა შესრულება დროებით შეწყვიტეს. დარჩენილი ნაწილების – “კატაკომბების” “ბაბაიაგასდაკიევის დიდი ჭიშკრისშესრულება 20 წუთის შემდეგ გაგრძელდა და ორკესტრის ჟღერადობა მთელს ამფითეატრში კიდევ უფრო შთამბეჭდავად გაიშალა. იმ საღამოს ლამის ფიზიკურად შეიგრძნობოდა მუსიკის სიმძლავრე, რის გამოც პუბლიკამ მქუხარე ოვაციებითა დააჯილდოვა მაესტრო ნოზედაც და ახალგაზრდული ორკესტრის წევრებიც.

კიდევ ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი კონცერტი, რომელიც ამფითეატრში გაიმართა, ფრანგი რომანტიკოსის, ერნესტ შოსონის კონცერტს ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და სიმებიანი კვარტეტისთვის (თხზ. 21) უკავშირდება. ის ხშირად მოიხსენიება როგორც კამერული მუსიკის იშვიათი შედევრი, რომელიც აერთიანებს სიმებიანი კვარტეტის ინტიმურობას, ვიოლინოს პარტიის ლირიკულ საწყისს და ფორტეპიანოს ბრწყინვალებას. სცენაზე ამჯერადაც ვარსკვლავურმა შემადგენლობამ მოიყარა თავი: ლიზა ბათიაშვილი (ვიოლინო), მარკანდრე ჰამელენი (ფორტეპიანო), შუმანის კვარტეტი (Schumann Quartet).

ორიოდე სიტყვით შუმანის ცნობილი კვარტეტის შესახებ: დაარსდა 2007 წელს ქალაქ კიოლნში. აღსანიშნავია, რომ ანსამბლს სახელი არა კომპოზიტორ რობერტ შუმანის, არამედ მისი დამფუძნებელი სამი ძმის გვარის (ერიკ, კენ და მარკ შუმანების) საპატივცემულოდ ჰქვია. ეს კვარტეტი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთერთი ყველაზე გამორჩეული და თანამედროვე კამერული ანსამბლი, რომელიც 2026 წლის სექტემბერში წინანდლის მუსიკალურ ფესტივალს პირველად ეწვია და რამდენიმე კონცერტი გამართა.

შოსონის ეს ნაწარმოები ცვალებად ემოციურ დატვირთვას, კამერული მუსიკის სინატიფეს და ფრანგული რომანტიზმისთვის დამახასიათებელ ლირიკულ ფერებს მოითხოვს. კონცერტმა მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და წინანდლის საფესტივალო ცხოვრების ერთერთ  დასამახსოვრებელ მოვლენად იქცა. ისევე როგორც, პროგრამის კამერული ნაწილის ნამდვილი ბრილიანტილუდვიგ ვან ბეთჰოვენის სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის (თხზ. 12, N3, მი ბემოლმაჟორი), რომელიც კომპოზიტორმა ანტონიო სალიერის ხსოვნას მიუძღვნა. ლიზა ბათიაშვილისა და მარკანდრე ჰამელენის დუეტი აქაც დახვეწილობით, ელეგანტურობით და განსაკუთრებული ჟღერადობით გამოირჩეოდა.