აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის სტრატეგიაში

პუბლიკა

რუსეთსაქართველოს ომიდან თვრამეტი წლის თავზე 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. თექვსმეტი მუხლისგან შემდგარი ხელშეკრულება საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციას, კანონმდებლობების ჰარმონიზაციასა და სხვა მიმართულებებსაც ეხება. თუმცა მთავარი ყურადღება მეორე მუხლმა მიიქცია, რომელიც ორივე მხარის მოქალაქეთა სახელმწიფო და მუნიციპალურ სამსახურში დასაქმების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა, ხოლო მის ადგილას დეფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი შეუდგა. მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის მეთაურად თავისი კანდიდატი ფაქტობრივად პირდაპირი წესით დანიშნა, რაც კრემლისთვის ახალ პრაქტიკას წარმოადგენს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს მოვლენა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაზე გააკრიტიკა და ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. იგივე შეფასება გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრასა და შეხვედრის შემდეგაც. თუმცა, არც პარლამენტსა და არც მთავრობას არ მიუღია სპეციალური ოფიციალური გადაწყვეტილებები ამ თემაზე.

ცხინვალის პარალელურად, ბოლო ორი წლის განმავლობაში აფხაზეთში რუსული მხარის პოლიტიკური აქტიურობაც თვალშისაცემია. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რომელიც საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონს კურირებს, თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით აფხაზეთში ხშირად ჩადის, აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.

ამგვარი ხელშეკრულებები და აქტიურობა მიანიშნებს, რომ ბოლო წლებში რუსეთის პოლიტიკა ორივე რეგიონის მიმართ შეიცვალა. თუმცა, აშკარა განსხვავება ჩანს თავად სოხუმისა და ცხინვალის მიმართ მოსკოვის მიდგომებში. აფხაზეთში რუსეთთან ჰარმონიზაციის პროცესი ადგილობრივ წინააღმდეგობას აწყდება, ხოლო ამის პარალელურად, მოსკოვი ცხინვალის რეგიონის მეთაურის პირდაპირ დანიშვნას პრაქტიკულად ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ახერხებს.

სოხუმისა და ცხინვალის მოსკოვისადმი დამოკიდებულებებში სხვაობა სიახლე არ არის. მართალია ორივე რეგიონი, როგორც პოლიტიკური სუბიექტი საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა და ადმინისტრაციულად ისინი თბილისს ექვემდებარებოდნენ ოსური და აფხაზური იდენტობები, მათი ნაციონალური პოლიტიკური პროექტები განსხვავდებიან.

ისტორიკოს დავით ჯიშკარიანის თქმით იოსებ სტალინი იყო ერთერთი პირველი, რომელმაც ოსურ ნაციონალიზმს ყურადღება მიაქცია. მან თავის ყველაზე ცნობილ წერილშიმარქსიზმი და ნაციონალური საკითხებიაღნიშნა, რომ ოსების ასიმილაცია ქართულ ნაციონალიზმში ხდებოდა და რომ მათი იდენტობა დასაცავი იყო. მოგვიანებით, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო წინამორბედი ხელისუფლების, ანუ ქართული სოციალდემოკრატიული რესპუბლიკის მარგინალიზაცია, ერთერთ ბრალდებად ასახელებდნენ, რომ ქართველმა მენშევიკებმა ოსებთან მიმართებაში ნაციონალური საკითხები ვერ მოაგვარეს. სწორედ ამ დამოკიდებულებების საფუძველზე შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.

განსხვავებული ვითარება იყო აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით. 1922 წელს შექმნილ ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციაში აფხაზეთი საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსს ატარებს, თუმცა ის საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ნაწილია ხელშეკრულების საფუძველზე. მოგვიანებით, 1931 წელს აფხაზეთის სტატუსი დაქვეითდა და ის ავტონომიური რესპუბლიკა გახდა. იმ დროს აფხაზეთის მთავრობას ნესტორ ლაკობა და მისი გუნდი წარმოადგენს, თუმცა მათ სტატუსის ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუხატავთ.

აფხაზურ და ოსურ ნაციონალიზმში სხვაობა მომდევნო ათწლეულებშიც იგრძნობოდა. მაგალითად 1940-იან წლებში ენის რეფორმების დროს სამხრეთ ოსეთში ქართული ანბანის გამოყენებაზე გადასვლას არანაირი პროტესტი არ გამოუწვევია. როგორც დავით ჯიშკარიანი აღნიშნავს, იმ პერიოდში მოსკოვიდან ჩამოსული სხვადასხვა კომისიები აღნიშნავდნენ, რომ სამხრეთ ოსეთში ადგილობრივი ოსები ინტეგრირებულები იყვნენ ქართულ ნაციონალიზმში. ეს ჩანს იმაშიც, რომ ცხინვალში მუდმივად სიმშვიდეა. რეგიონში ნაციონალური ნიშნით გამოსვლები არ ჩანს სანამ 80-იან წლებში სსრკის რღვევის პროცესი არ დაიწყო. ამ მხრივაც კი ოსების ამბიცია არა ცალკე სახელმწიფოს შექმნა, არამედ ავტონომიური ოლქის სტატუსის ამაღლება იყო.

აფხაზური ნაციონალიზმი კი ძირითადად თბილისთან ბრძოლის ნაციონალიზმად შეიძლება დახასიათდეს. საბჭოთა პერიოდში მოსკოვში გაგზავნილ წერილებში აფხაზები როგორც წესი თბილისის გავლენის შემცირებას ან კულტურული დამოუკიდებლობის მიღწევას ცდილობდნენ. ყველაზე ცნობილი 1989 წლის ლიხნის შეკრების შემდეგ გამოქვეყნებულ წერილში კი ჩნდება შემდეგი მოთხოვააფხაზეთის სტატუსი ავტონომიურიდან მოკავშირე რესპუბლიკის დონემდე უნდა ამაღლებულიყო. მსგავსი მოთხოვნა ან ამბიცია ოსურ ნაციონალიზმში არ ყოფილა.

სწორედ ამ პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეა ოსურ ნაციონალიზმში დომინანტური არასდროს ყოფილა. აფხაზებთან კი ეს იდეები არსებობდა. ამიტომაც თანამედროვე ოსური და აფხაზური საზოგადოების რუსულ მართველობასთან წინააღმდეგობა თუ მიმღებლობა დიდწილად სწორედ ამ გამოცდილებითა და წარმოდგენებით არის ნაკარნახევი.

იმპერიალისტური იდენტობა და რეგიონული ჰეგემონობის ამბიცია

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ რუსეთის პოლიტიკის გასაგებად საჭიროა თავად რუსეთის თვითაღქმისა და სტრატეგიული მიზნების გამოკვეთა. მოსკოვის პოლიტიკაზე დიდ გავლენას ახდენს იმის გაცნობიერება, თუ რა სახის სახელმწიფო ან მოთამაშეა თავად. ამ განზომილებაში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები მეორეხარისხოვანი ობიექტები არიან და მთავარი ყურადღება კავკასიის რეგიონში მის ინტერესებზე და მისიაზე უნდა იყოს გადატანილი. ამავდროულად ეს პროცესები გლობალური პოლიტიკის ნაწილად არის დასანახი.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, თორნიკე ზურაბაშვილის აზრით,  რუსეთი საკუთარ თავს საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე ზესახელმწიფოდ და თავს სამხრეთ კავკასიის უპირობო ჰეგემონად აღიქვამს. საბჭოთა წარმოდგენით, სამხრეთ კავკასია იყო ახლო აღმოსავლეთში, თურქეთზე და თბილი წყლებისკენ გასასვლელი რეგიონი. ეს წარმოდგენა და ხედვები რუსეთმა მემკვიდრეობით მიიღო.

უშუალოდ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის უმთავრესი ამოცანა სხვა, ალტერნატიული ძალის არდაშვებაა. ბოლო 30-35 წლის მანძილზე მოსკოვი ამ რეგიონს მარტო მართავდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს პირველობა დაკარგა, თუმცა მალევე კვლავ ჩამოყალიბდა როგორც უპირობო ჰეგემონი. ამდენად, რეგიონში თავისი დომინანტური როლის შენარჩუნება რუსეთის პოლიტიკის ერთერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია.

ამასთანავე სამხრეთ კავკასია შავ ზღვაში დასავლეთთან შეხების ვრცელი რეგიონია. ამიტომაც დასავლეთთან კონკურენციისთვის ამ რეგიონის კონტროლი აუცილებელია. შესაბამიად, აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში დასავლურ ძალებთან დაპირისპირების ელემენტები ასევე განაპირობებს რუსეთის პოლიტიკის თავისებურებებს.

ამ გლობალურ განზომილებებს ემატება თავად რუსეთის შიდა პოლიტიკური მოტივებიც. რუსეთი აკონტროლებს ჩრდილოეთ კავკასიას და მისი გადმოსახედიდან, რაც ხდება სამხრეთ კავკასიაში გავლენას ახდენს ჩრდილოეთ კავკასიაზე. შავი ზღვის სანაპირო ერთდროულად ჩრდილოეთ კავკასიასთან და დასავლეთთან შეხების წერტილია, ამიტომაც ამ რეგიონის კონტროლი მოსკოვის უსაფრთხოების ამოცანების ნაწილიცაა.

მიზნების მისაღწევად მოსკოვის სამოქმედო არსენალში რამდენიმე იარაღია: რელიგიური და კულტურული ფაქტორები, ეკონომიკა. თუმცა მთავარი საშუალება ძალის პროექციაა. ამ საშუალებების გამოყენებით რუსეთი ცდილობს ზოგიერთი ტერიტორიის კონტროლს, ზოგზე გავლენის მოხდენას, რათა ეს ტერიტორიები მორჩილებაში ყავდეს. იქ კი, სადაც მორჩილებას ვერ ახერხებს,მისი პოლიტიკის მთავარი მიზანი ვითარების კონტროლი ხდება.

კიდევ ერთი რამ რაც რუსეთის პოლიტიკას ახასიათებს არის ის, რომ მას არ სურს რეგიონში ძლიერი, შემდგარი სახელმწიფოს არსებობის დაშვება. დემოკრატიული სახელმწიფოები კიდევ უფრო მიუღებელია მისთვის. რუსეთი მუდმივად აჩვენებს რომ ის რეგიონის ძალებზე ძლიერია. რეგიონული კონფლიქტები როგორც წესი მისი ან პროვოცირებული, ან მხარდაჭერილია. ესკალაციის დროს კი ის მედიატორად გვევლინება. მეტი არეულობა მისთვის მეტი შესაძლებლობაა.

2012-2016 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი ხაზს უსვამს, რომ მოსკოვისოხუმის ან მოსკოვიცხინვალის ურთიერთობებზე საუბრისას ცენტრალური ადგილი რუსულქართულ ურთიერთობებს უკავია. მოსკოვისთვის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მეორადი ამოცანები და მხოლოდ ინსტრუმენტებია საქართველოსა და მთლიანად რეგიონზე გავლენის შესანარჩუნებლად. მისი შეფასებით, რუსეთს ამოძრავებს წმინდა იმპერიული ინტერესები, რაც გულისხმობს ტერიტორიულ გაფართოებას და გავლენის სფეროების არდაკარგვას, ამიტომ კრემლისთვის არც ამ რეგიონების და არც თავად საქართველოს მომავალს მნიშვნელობა არ აქვსმთავარია, რომ პროცესები რუსეთის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად წარიმართოს. ზაქარეიშვილი ხაზს უსვამს, რომ სანამ საქართველო მოსკოვისთვისსადავო ტერიტორიაა“, ეს ორი რეგიონი გამოიყენება თბილისის დასაბმელად, დასაშინებლად ან დასამუქრებლად, რათა ქვეყანა საბოლოოდ არ დაადგეს ევროკავშირისა და ნატოს გზას. ამასთანავე თბილისზე ზეწოლით ის მთლიანად სამხრეთ კავკასიურ პოლიტიკაზე ზემოქმედების კიდევ ერთ ბერკეტს ინარჩუნებს.

კონფლიქტი როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი

საქართველოსთან მიმართებაში ზურაბაშვილი გამოყოფს რუსეთის მინიმალურ და მაქსიმალურ მიზნებს: მინიმალური ამოცანა ბოლო 35 წლის განმავლობაში ქვეყანაში მართული კრიზისის შენარჩუნებაა, ხოლო მაქსიმალურისაქართველოს საგარეო პოლიტიკაზე სრული კონტროლის დამყარება იმ დონეზე, რომ ქვეყანამ, როგორც დამოუკიდებელმა საერთაშორისო აქტორმა, არსებობა შეწყვიტოს.

ამ დიდ ამოცანაში ოკუპირებული რეგიონები განიხილება როგორც ზეწოლის ინსტრუმენტები: აფხაზეთი თავისი გრძელი სანაპირო ზოლით შავ ზღვაზე დასავლეთის შესაკავებლად, ხოლო ცხინვალითბილისთან სიახლოვისა და სტრატეგიული მაგისტრალების კონტროლის გამო.

ერთი შეხედვით აფხაზეთიცა და ცხინვალის რეგიონიც საერთო რუსული სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენენ. თუმცა მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ საერთო სტრატეგიის ფონზეც კი რუსეთი ამ რეგიონებისადმი განსხვავებულ მიდგომებს იყენებდა. უფრო მეტიც, ეს განსხვავებული მიდგომები წლების განმავლობაში იცვლებოდა.

ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე ჩვენ შეგვიძლია რუსული პოლიტიკის ორ ძირითად ეტაპზე ვისაუბროთ. მათ შორის წყალგამყოფი 2008 წლის ომი და მის შედეგად დამდგარი ახალი რეალობებია. 1990-იანი და 2010-იანი წლების რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუმცა შუალედურ წლებში კარგად იკვეთება თუ როგორ განიცდის ეს პოლიტიკა გრადაციას და ცვლილებას.

მკვლევარი მამუკა კომახია მიიჩნევს, რომ 1990-იან წლებში, „ცხელი ფაზისდასრულების შემდეგ, რუსეთის პოლიტიკა ორიენტირებული იყო ნეიტრალური მხარის როლის თამაშზე. მოსკოვი ღიად არ ერეოდა კონფლიქტებში, ამტკიცებდა, რომ დაპირისპირებასთან კავშირი არ ჰქონდა და მხარეებს მოლაპარაკებებისთვის სივრცეს უქმნიდა, რისი მაგალითიც იყო 1997 წელს სერგეი პრიმაკოვის მიერ ვლადისლავ არძინბას თბილისში ჩამოყვანა. კომახია აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში რუსეთი შეუერთდა დსთს სანქციებსა და აფხაზეთის ბლოკადას, რასაც გარკვეულწილად იცავდა კიდეც. ბორის ელცინის ადმინისტრაცია ცდილობდა საერთაშორისო საზოგადოების თვალში მშვიდობისმყოფელის სახე შეენარჩუნებინა. ამ პერიოდში რუსეთის მიდგომა ორივე რეგიონისადმი პრინციპულად ერთნაირი იყო, თუმცა ადგილობრივ სპეციფიკებს ითვალისწინებდა.

თორნიკე ზურაბაშვილი 90-იან წლებს ახასიათებს როგორცმართული კრიზისისპერიოდს, სადაც რუსეთი პროცესებით თამაშობდა და არცერთ მხარეზე არ დებდა საბოლოო ფსონს. მისი თქმით, მოსკოვის მთავარი ამოცანა იყო დესტაბილიზაციის შექმნა, რათა რეგიონზე კონტროლი შეენარჩუნებინა და ადგილზე სამხედრო ყოფნის ლეგიტიმაცია მოეხდინა. მან ეს სამშვიდობო ძალების სახით შეძლო. ზურაბაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 1996-2002 წლების პერიოდზე, როდესაც ჩეჩნეთის ომის გამო რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტებისგაყინვაამჯობინა. ამ დროს მოსკოვი თბილისის მიმართ ლოიალურ ნაბიჯებსაც კი დგამდა (მაგალითად, აფხაზეთის ბლოკადის მხარდაჭერა), რათა საქართველო ჩეჩნურ წინააღმდეგობას არ დახმარებოდა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მოსკოვსა და თბილისს შორის ერთიერთი მთავარი სხვაობა ის არის, რომ თბილისი ორივე რეგიონს ერთიანობაში განიხილავს. რუსეთს კი ყოველთვის ესმოდა სხვაობა ამ რეგიონებს შორის. საქართველოს შემთხვევაში შევარდნაძეს ესმოდა ეს განსხვავება და ცდილობდა ეს სათავისოდ გამოეყენებინა. მის შემდგომ ლიდერებში კი ეს ცოდნა და დამოკიდებულება გაქრა და თბილისი დღემდე ამ რეგიონებს მარტივად რუსეთსაქართველოს ერთიან კონფლიქტად აღიარებს და არ ცდილობს ამ განსხვავებების გამოყენებას.  1990-იან წლებზე საუბრისას ისიც ხაზს უსვამს, რომ მოსკოვი ზემოქმედებდა კონფლიქტებზე, თუმცა როგორც მხარე ღიად არ მოქმედებდა და უფრო მეტად შუამავლის, მშვიდობისმყოფელის როლს თამაშობდა. ეს პოლიტიკა მას მეტი ლავირების საშუალებას აძლევდა.

პოლიტიკის ცვლილება: „ნეიტრალური მედიატორიდანაქტიურ ინტეგრაციამდე

ვითარება თვისობრივად იცვლება ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, რაც ექსპერტების მიერ გარდამტეხ მომენტად ფასდება. თორნიკე ზურაბაშვილი და მამუკა კომახია თანხმდებიან, რომ 2002 წელი იყო გადამწყვეტი ნიშნული, როდესაც რუსეთმა დაიწყო მასობრივი პასპორტიზაციის პროცესი. ზურაბაშვილის აზრით, ეს იყო მკაფიო სიგნალი იმისა, რომ რუსეთის მანამდელი მცდელობა, საერთაშორისო დონეზე ნეიტრალურ მხარედ წარმოჩენილიყო, საბოლოოდ დასრულდა. ამავე პერიოდში დაიწყო აფხაზეთის რკინიგზის ეტაპობრივი რეაბილიტაციაც, რაც რეგიონის რუსულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციას ემსახურებოდა.

2003-2004 წლებში საქართველოში მომხდარმა ხელისუფლების ცვლილებამ და თბილისის მცდელობამ, შეეცვალა არსებული სტატუს კვო, რუსეთის პოლიტიკა კიდევ უფრო აგრესიული გახადა. მამუკა კომახია აღნიშნავს, რომ აჭარის კრიზისის მოგვარების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ შემდეგი სამიზნე ცხინვალის რეგიონი იქნებოდა, რის საპასუხოდაც რუსეთმა ადგილზე პირდაპირი მმართველობის პრაქტიკა დანერგა. რუსეთმა 2004 წლიდან დაიწყო საკვანძო პოზიციებზე, მათ შორის გენშტაბის უფროსებად და უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელებად, საკუთარი ჩინოვნიკებისა და ოფიცრების დანიშვნა. განსაკუთრებით თვალსაჩინო ეს ცხინვალის რეგიონში იყო, სადაც ადგილობრივი საზოგადოება რუსეთის მართვის პირდაპირ წესს უფრო მიმღებლურად უყურებდა.

2004-2008 წლებში ჩამოყალიბდა ერთგვარიახალი წესრიგი“, სადაც რუსეთი აღარ მალავდა თავის როლს და ღიად უპირისპირდებოდა საქართველოს მისწრაფებებს. მამუკა კომახია ამ პროცესში დამატებით ფაქტორად კოსოვოს აღიარების პრეცედენტს ასახელებს, რაც პუტინმა საპასუხო ნაბიჯებისთვის მუქარის საფუძვლად გამოიყენა. ამრიგად, 2008 წლამდე პერიოდი იყო ეტაპობრივი გადასვლა მართული არასტაბილურობიდან რეგიონების სრულ სამხედრო და ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაზე.

განსხვავებული ხედვა აქვს პაატა ზაქარეიშვილს. მისი დაკვირვებით, რუსეთის პოლიტიკა საქართველოსადმი იცვლება არა რუსეთში ხელისუფლების ცვლილებისას, არამედსაქართველოში ხელისუფლების ცვლილებისას. ის აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში იგივე ელცინის პრეზიდენტობისას რუსეთი სულ სხვაგვარად იქცეოდა ზვიად გამსახურდიასთან და სხვაგვარადედუარდ შევარდნაძესთან. მაგალითად ცხინვალის შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოში დაბრუნებულმა შევარდნაძემ დაგომისის ხელშეკრულებით რამდენიმე თვეში დაასრულა. ვლადიმერ პუტინის მოსვლის დროსაც არ იცვლება რუსეთის პოლიტიკა. ის ცვლილებას იწყებს მაშინ, როდესაც 2003 წელს თბილისში იცვლება ხელისუფლება და ახალი ხელისუფლება ახალი პოლიტიკის გატარებას იწყებს. ამ მიდგომის მიხედვით, რუსეთის პოლიტიკა ორივე რეგიონისადმი რეაქციულია და განპირობებულია საქართველოს ქცევით.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც რეგიონებისდამოუკიდებლობისაღიარებით, მათი ფინანსური დოტაციითა და სამხედრო ანექსიის გაღრმავებით ხასიათდება. ამ პერიოდიდან მოსკოვმა დაიწყო ორივე რეგიონის ბიუჯეტების პირდაპირი შევსება, რაც ცხინვალის შემთხვევაში 90%-ს აჭარბებს, ხოლო აფხაზეთში ნახევარს შეადგენს.

პაატა ზაქარეიშვილის ხედვით, 2008 წლის ომმა და აღიარებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ რუსეთი ამ ტერიტორიებს საკუთარი იმპერიული მიზნებისთვის, კერძოდ, სამხედრო ბაზების განსათავსებლად და უსაფრთხოების კონტროლისთვის იყენებს.

თორნიკე ზურაბაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 2010-იან წლებში თბილისმა რუსეთთან ურთიერთობებში ოკუპაციის თემა გვერდზე გაწია და ყურადღება მოსკოვთან და ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადაიტანა. ამ მიდგომამ კი რუსეთს ორივე რეგიონის შიდა შთანთქმისთვის მეტი თავისუფლება მისცა..

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთის პოლიტიკა ამ ორი რეგიონის მიმართ თითქოს კარგავს მსგავსებას და უფრო მეტ ყურადღებას ინდივიდუალურ მიდგომებს ანიჭებს.

რუსეთის მიდგომები ამ ორ რეგიონთან მიმართებაში მკაფიოდ გაიმიჯნა 2014-2015 წლების ხელშეკრულებებით, სადაც მოსკოვმა ცხინვალის მიმართინტეგრაციის“, ხოლო აფხაზეთის მიმართპარტნიორობისა და მოკავშირეობისტერმინოლოგია გამოიყენა. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ეს განსხვავება რუსეთის ამბიციებსა და თავად რეგიონების განსხვავებას ასახავს.

ცხინვალის შემთხვევაში, ოსური საზოგადოება რუსეთის მართვის პირდაპირ წესს მიმღებლურად უყურებს, რადგან მათთვის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთთან შეერთების შუალედური ეტაპი იყო. ამის საპირისპიროდ, აფხაზეთში სუვერენიტეტის იდეა ცენტრალურია და რუსეთი იძულებულია ანგარიში გაუწიოს ადგილობრივეთნოდემოკრატიასდა წინააღმდეგობას, რომელიც განსაკუთრებით რუსული კაპიტალის ექსპანსიისა და მიწების გასხვისების საკითხებში ვლინდება.

თორნიკე ზურაბაშვილის ანალიზით, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ ამჟამად თვისობრივად ახალ ფაზაში იმყოფება, რომელსაც იგინელი შერწყმაშეთვისებისპროცესს უწოდებს. ამ სტრატეგიის ფარგლებში მოსკოვი განიხილავს ორ ძირითად მოდელს, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონების საბოლოო ინტეგრაციას რუსულ სახელმწიფოებრივ სისტემაში: ფედერალური სუბიექტის სტატუსსა და სამოკავშირეო სახელმწიფოს მოდელს. ის აღნიშნავს, რომ ამ ტენდენციის პირველი მკაფიო ნიშნები სწორედ 2014-2015 წლების ხელშეკრულებებში გამოჩნდა, სადაც რუსეთმა აჩვენა, რომ მისი მიზანია ამ ტერიტორიების ან ავტონომიურ რესპუბლიკებად ქცევა, ან მათი პირდაპირი დაქვემდებარება ფედერალური ცენტრისადმი.

ფედერალური სუბიექტის მოდელზე საუბრისას, ზურაბაშვილი განასხვავებს ორ ქვემოდელს: ჩრდილოეთ კავკასიის ტიპის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კრასნოდარის მხარის მსგავს ფედერალურ ერთეულს. კრასნოდარის მხარის მოდელი გულისხმობს მართვის ყველაზე მკაცრ და ცენტრალიზებულ ფორმას, სადაც რეგიონული ხელმძღვანელების (გუბერნატორების) დანიშვნა მოსკოვიდან როტაციის პრინციპით ხდება. ექსპერტის შეფასებით, მარატ კამბოლოვის დანიშვნა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერად სწორედ ამ მოდელის პრაქტიკული რეალიზაციაა. ამ ნაბიჯით რუსეთმა ცხინვალი ფაქტობრივად ფედერალური სუბიექტის დონეზე გადაიყვანა, მაშინ როდესაც მანამდე არსებული სისტემა უფრო ჩრდილოეთ კავკასიური ავტონომიებისთვის დამახასიათებელ მოდელს ჰგავდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი აღარ კმაყოფილდება ადგილობრივი ელიტების მართვით და პირდაპირ ადმინისტრაციულ კონტროლზე გადადის.

მეორე მოდელი სამოკავშირეო სახელმწიფოს სტრატეგიაა. ზურაბაშვილი მიუთითებს, რომ რუსეთს სურს შექმნას ისეთი ტიპის დიდი გაერთიანება, როგორიც მას ბელორუსთან აქვს გაფორმებული. ეს მოდელი გულისხმობს უფრო ფართო ინტეგრაციას, სადაც შენარჩუნებულია ფორმალური სუვერენიტეტის ნიშნები, თუმცა რეალური პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მართვა სრულად არის ცენტრალიზებული მოსკოვში. ეს მოდელი სავარაუდოდ აფხაზეთისთვის არის გამზადებული, რადგან რეგიონი ამ ეტაპზე რუსეთთან ფედერალური დაქვემდებარების მოდელისთვის მზად არ არის. რუსეთი შეიძლება დაელოდოს აფხაზეთში რამე დიდ იმედგაცრუებას ან დესტაბილიზაციას, რათა შემდეგ ჩაერიოს და ეს რეგიონიც ფედერალური დაქვემდებარების ან სამოკავშირეო სახელმწიფოს მოდელში მოაქციოს. ზურაბაშილის მოსაზრებით, მოსკოვი ამჟამად იმყოფება გარდამავალ ეტაპზე. საბოლოო გადაწყვეტილება ორ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული: უკრაინის ომის დასრულებასა და თავად აფხაზეთში დესტაბილიზაციაზე ან არსებული ხელისუფლებისადმი დიდ იმედგაცრუებაზე. ზურაბაშვილი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელ მოდელს აირჩევს კრემლი, სტრატეგიული გადაწყვეტილება ორივე რეგიონის შთანთქმის შესახებ უკვე მიღებულია და ეს მხოლოდ დროის საკითხია. მისი მტკიცებით, რუსეთისთვის ბუნებრივია ძალაუფლების მაქსიმალური ცენტრალიზება, რაც თავად რუსეთის შიგნითაც მიმდინარეობს, და აფხაზეთისთვის გამონაკლისს არავინ დაუშვებს.

პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის ამჟამინდელ პოლიტიკაში საქართველოს როლზე აკეთებს აქცენტს. ის მიიჩნევს, რომ ამჟამად მიმდინარე რუსული პოლიტიკის მთავარი სამიზნე არა სოხუმი, ან ცხინვალია, არამედთბილისი.

ამჟამინდელ ვითარებაში რუსეთი ცდილობს ორივე რეგიონის საკუთარ სისტემასთან სრულ სამართლებრივ და ეკონომიკურ ჰარმონიზაციას. ეს პროცესი მოიცავს რუსული კანონმდებლობის იმპორტს და ადგილობრივი ეკონომიკების ისეთ მიბმას რუსეთზე, რომ მათ სხვა ალტერნატივა არ დარჩეთ. ექსპერტი აღნიშნავს, რომ მოსკოვის სტრატეგიული ამოცანაა არა იმდენად ამ ხალხების რუსეთთან ინტეგრაცია, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ისინი სხვასთან (პირველ რიგში საქართველოსთან) არ იყვნენ ინტეგრირებულნი. რუსეთმა მოახერხა საკუთარი თავის უპირობო სუბიექტად დამკვიდრება, ხოლო რეგიონებს აძლევს გარკვეულ შიდა თავისუფლებას იმ პირობით, რომ მათი საგარეო კურსი კრემლთან იქნება შეთანხმებული და არ იქნება ანტირუსული. მას შემდეგ, რაც რუსეთი ნელნელა კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიის სხვა ნაწილებზე, აფხაზეთი და ცხინვალი დარჩა ის ერთადერთი წერტილები, სადაც მას ფეხი მყარად უდგას რეგიონზე ზემოქმედებისთვის.

ზაქარეიშვილის აზრით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება პოლიტიკით მართვას ძალაუფლების შენარჩუნებას ამჯობინებს, რის გამოც აფხაზურ და ოსურ თემებს იოლად უთმობს რუსეთს. ეს ქმნის ვითარებას, სადაც რუსეთს ეძლევა მეტი სივრცენელი ანექსიისპოლიტიკისთვის, რადგან თბილისმა ოკუპაციის თემა საერთაშორისო დღის წესრიგიდან პრაქტიკულად ჩააჩოჩა და აქცენტი მხოლოდ ეკონომიკურ კავშირებზე გადაიტანა.

ამჟამინდელ პროცესებში ექსპერტი მკვეთრად განასხვავებს ცხინვალისა და სოხუმის მდგომარეობას. მისი შეფასებით, ცხინვალის რეგიონისრულად ჩაბარდარუსეთს, მათ არ გააჩნიათ დამოუკიდებელი ინტერესი და მხოლოდ მოსკოვიდან წამოსულ დირექტივებს ერგებიან. აფხაზეთში კი ვითარება უფრო რთულია, რადგან იქ ნარჩუნდება შიდა პოლიტიკური კონკურენცია დაეთნოდემოკრატია“, რაც რუსეთს აიძულებს უფრო მოქნილი და განსხვავებული პოლიტიკა აწარმოოს. საბოლოო ჯამში, რუსეთი ცდილობს ამ რეგიონების მუდმივ კონსერვაციას, რათა ისინი მუდამ მზადყოფნაში ჰყავდეს საქართველოს წინააღმდეგ ბერკეტად გამოსაყენებლად.

მამუკა კომახია მიიჩნევს, რომ ცხინვალის რეგიონის ანექსიის მუქარა რუსეთისთვის საქართველოზე ზეწოლის მექანიზმია: თუ თბილისის პოლიტიკა კრემლისთვის არასასურველი იქნება, ანექსია შეიძლება რეალობად იქცეს.

აფხაზეთის შემთხვევაში ვითარება უფრო სპეციფიკურია, რადგან რეგიონს პრაქტიკული ღირებულებაც გააჩნია, ის არის საინტერესო საკურორტო ზონა და სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი ოჩამჩირის პორტისა და რკინიგზის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში არსებობს შიში რუსული კაპიტალის მიერ მიწების დაპატრონების გამო, კომახია ვარაუდობს, რომ ძლიერ რუსულ ფინანსურ და პოლიტიკურ წნეხს აფხაზური საზოგადოება დიდხანს ვერ გაუძლებს.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა როგორც პოლიტიკის ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორი

რეგიონების მიმართ რუსულ პოლიტიკაზე თავად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გეოგრაფია და იქ არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაც ახდენს გავლენას. სწორედ ინფრასტრუქტურა და გეორგაფია ანიჭებენ ამ რეგიონებს დამატებით ღირებულებებს. იგივე ფაქტორები ამავე დროს თავად ცხინვალისა და სოხუმის რუსეთისადმი პოლიტიკაზეც ახდენენ გავლენას.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული მასალების მიხედვით, აფხაზეთში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა წარმოდგენილია საავტომობილო გზებით, რკინიგზით, პორტებითა და აეროპორტებით. ეს თავისთავად აფხაზეთის პოლიტიკური აქტივია, რადგან ამით რეგიონს ეკონომიკის შექმნისა და ფუნქციონირების პოტენციალი გააჩნია. პაატა ცაგარეიშვილის განმარტებით, ვითარება აფხაზეთში 2010-2012 წლებში შეიცვალა, როდესაც რუსეთმა 2 მილიარდი რუბლის ოდენობისექსპორტის კრედიტიგამოყო ფსოუსოხუმის 104 კმიანი მონაკვეთის აღსადგენად. მიუხედავად ამისა, რკინიგზა დღემდეჩიხურმდგომარეობაშია და მისი დამოუკიდებელი, მომგებიანი ფუნქციონირებისთვის საჭიროა წლიურად მინიმუმ 3.5-4.0 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა, მაშინ როცა არსებული მაჩვენებელი მხოლოდ 1 მლნ ტონას შეადგენს. რეგიონის საზღვაო ინფრასტრუქტურაში ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალის ამოქმედებაა, რომლის მშენებლობაზეც 800 მლნ რუბლი დაიხარჯა. ტერმინალი განთავსებულია 12.5 ჰექტარზე და გათვლილია 1200 კონტეინერის შენახვაზე. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებით, რუსეთი ცდილობს აფხაზეთის გავლით შექმნას სტაბილური სატრანზიტო დერეფანი, სადაც ოჩამჩირის ნავსადგური და აფხაზეთის რკინიგზა ერთიან სქემაში იქნება ჩართული. თუმცა, აღნიშნული დერეფნის კონკურენტუნარიანობა ბაქოთბილისიყარსის მაგისტრალთან მიმართებით მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი და მოკლებულია ეკონომიკურ ლოგიკას.

აფხაზების პოლიტიკურ ამბიციებს სხვა ფაქტორებთან ერთად განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ზღვაზე გასასვლელიც განაპირობებს. სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, აეროპორტი, რკინიგზა და საზღვაო პორტები დამოუკიდებელი ეკონომიკის პოტენციალს ქმნის, რაც თავის მხრივ რუსეთთან მეტი პოლიტიკური ვაჭრობის საშუალებას აჩენს. დღევანდელი მდგომარეობით ეს სატრანსპორტო და ეკონომიკური პოტენციალი რუსეთს სრულად ათვისებული არ აქვს. სრული კონტროლია რკინიგზასა და საჰაერო მიმოსვლაზე. ტურიზმი და სოფლის მეურნეობაც რუსეთზეა დიდწილად დამოკიდებული, მაგრამ აფხაზები ამ დარგებში თავიანთი პოზიციების სრულ დათმობას არ აპირებენ. ამის გამოძახილია გასულ წლებში ე.. აპარტამენტების შესახებ კანონპროექტების ჩავარდნა, მიწასა და საკუთრებებზე რუსეთის მოქალაქეებისთვის უფლებების შეზღუდვა. აფხაზების ამოცანა რუსეთთან ისედაც არსებული ეკონომიკური ინტეგრაციის სათავისოდ გამოყენება და კონტროლის მექანიზმების მაქსიმალური შენარჩუნებაა. სწორედ ამ მეთოდით ცდილობენ ისინი სამომავლოდ მაინც დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების შანსების შენარჩუნებას.

აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონის სატრანსპორტო პოტენციალი თითქმის მთლიანად საავტომობილო მიმოსვლაზეა დამოკიდებული და ისიც სრულად რუსეთისგან იმართება. რუსეთი აქტიურად განიხილავს როკის გვირაბის გავლით ტრანსკავკასიური მაგისტრალის სრულფასოვან ამოქმედებას. პაატა ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზემო ლარსის გადატვირთული გამშვები პუნქტის ალტერნატივის შექმნა, რისთვისაც განიხილება მამისონის უღელტეხილის მიმართულების აღდგენაც. მამისონის გზა, რომელიც ამჟამად მიტოვებულია და ასფალტის საფარის გარეშეა, რუსეთიდან დასავლეთ საქართველოს ნავსადგურებამდე მანძილს დაახლოებით 300 კმით შეამცირებდა. ამგვარი პროექტები და ხედვები ადგილობრივი ოსური პოლიტიკური წრეებიდან არ მომდინარეობს. ეკონომიკურად ღარიბი და პოტენციალის არმქონე რეგიონში ნაკლები რესურსია, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიონ. ამას ემატება დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მკაფიო პოლიტიკური ამბიციის არქონა. შესაბამისად ცხინვალი მუდმივად პასიურ, მოპასუხე პოზიციაში იყო და მისი მთავარი როლი რუსეთის მიერ შემოთავაზებულ პოლიტიკაზე უპირობო თანხმობის მიცემაა.

შეჯამებისთვის

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ რუსეთის პოლიტიკის სამიზნე არა სოხუმი ან ცხინვალი, არამედთბილისია. მოსკოვის სტრატეგიული ამოცანაა უზრუნველყოს, რომ ეს რეგიონები არასოდეს გაერთიანდნენ საქართველოსთან, რისთვისაც ახდენს რუსული კანონმდებლობის იმპორტს და ადგილობრივი ეკონომიკების ისეთ მიბმას რუსეთზე, რომ სხვა ალტერნატივა აღარ დარჩეს. ამავე დროს ორივე რეგიონის ფორმალური ანექსიისგან თავის შეკავებით ის თბილისზე ზეწოლისა და ზემოქმედების მექანიზმებს მუდმივად ინარჩუნებს. ამგვარგაურკვევლობაშიყოფნით თბილისზე ერთდროულად ზეწოლა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედების შენარჩუნებაც შესაძლებელი ხდება.

2008 წელს რუსეთის მიერ ორივე რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებით თბილისს მოქმედების თავისუფლება და პერსპექტივები მნიშვნელოვნად შეეზღუდა. რუსეთის პოლიტიკა, როგორი ინტეგრაციულიც არ უნდა იყოს ისთბილისისთვის ტერიტორიული მთლიანობის ამოცანას მაინც ღია და დაუსრულებელ საკითხად ინარჩუნებს.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის სამომავლო თვისებრივი სხვაობა მხოლოდ იმით განისაზღვრება დაქვემდებარების თუ როგორ მოდელს აირჩევს რუსეთი; რა ხარისხის შიდა პოლიტიკურ სივრცესა და ავტონომიას დაუტოვებს მათ. ცხინვალის შემთხვევაში უკვე ჩანს, რომ რეგიონის პრაქტიკულად სრული აბსორბცია დაწყებულია. მთავარი გაურკვევლობა ის არის, თუ რა სახის ურთიერთობები ჩამოყალიბდება მოსკოვსა და ცხინვალს შორის. მოხდება ოფიციალური ანექსია, თუ სამხრეთ ოსეთს ფორმალურ დონეზე მაინც ცალკე პოლიტიკური სუბიექტის სტატუსი შეუნარჩუნდება.

აფხაზეთის შემთხვევაში რუსეთთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესი წლებია დაწყებულია. ბოლო წლებში რუსეთი უკვე ღიად მონაწილეობს აფხაზეთის შიდა პოლიტიკაშიც, მაგრამ ამ პროცესმა აფხაზების წინააღმდეგობის ამბიცია და რესურსებიც აჩვენა. აფხაზების მთავარი მიზანი შიდა პოლიტიკური ავტონომიურობის და რუსეთისგანვე მიცემული სუვერენიტეტის ნიშნების შენარჩუნება იქნება.

ახალი ეტაპის დასაწყებად რუსეთი შეიძლება უკრაინის ომის დასასრულს დაელოდოს, ან ამ ომის პარალელურად წინსწრებით დაიწყოს თავისი გეგმების განხორციელება.

ამ პროცესების პარალელურად კი ქართულმა ოცნებამ პრიორიტეტად ძალაუფლების შენარჩუნება და რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე ფოკუსირება აირჩია, რითაც ოკუპაციის თემა საერთაშორისო დღის წესრიგიდან პრაქტიკულად ჩახსნა. რუსეთმა ეს შესაძლებლობანელი ანექსიისპოლიტიკის გასაძლიერებლად გამოიყენა. თუკი არ შეიცვლება გეოპოლიტიკური რეალობა ან თბილისის სტრატეგიული მიდგომა ამ რეგიონების სრული შთანთქმა მხოლოდ დროის საკითხია, რადგან წინააღმდეგობის ხანგრძლივად გაწევის რესურსი არც სოხუმში არსებობს, ხოლო ეს რესურსი ცხადად ჩანს, რომ ცხინვალში უკვე ამოწურულია.