2023 წლის გაზაფხულიდან, ე.წ. პირველი რუსული კანონის დაინიცირებიდან დღემდე, საქართველო აგრესიული ავტოკრატიზაციის ფაზაშია. ამ პერიოდში შეიზღუდა დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფუნქციონირება, მკაცრად შეიზღუდა შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებები, საჯარო სამსახური დიდწილად გაიწმინდა „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეებისგან, ემიგრანტებს ჩამოერთვათ უცხოეთიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლება, 2024 წლის პარლამენტის არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა, მოხდა საპროტესტო აქციების ბრუტალურად დარბევა და ათობით მოქალაქე პოლიტიკური ნიშნით იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, რომ აღარაფერი ვთქვათ ათასობით ადმინისტრაციული ჯარიმასა და პატიმრობაზე.
ამასთან, ამჟამად სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად ციხეშია არაერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ნაწილი დევნილობაშია, ნაწილი კი ე.წ. საბოტაჟის საქმის ფარგლებში შეიძლება მალე პატიმრობაში აღმოჩნდეს. პარალელურად განიხილება „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი ოთხი პროდასავლური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით.
საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა და ავტორიტარიზმის დამყარება, მკაფიოდ აისახება სხვადასხვა საერთაშორისო ავტორიტეტულ ინდექსშიც. მაგალითად, V-Dem-ის ინდექსში საქართველო 2024 წელს არჩევითი დემოკრატიის რანგიდან, სადაც რეგიონის ქვეყნებიდან სომხეთთან ერთად მხოლოდ საქართველო ფიგურირებდა, არჩევით ავტოკრატიამდე ჩამოქვეითდა, კატეგორიაში სადაც რეგიონის ისეთი ავტორიტარული ქვეყნები გვხვდება როგორებიცაა, რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქეთი; ბელარუსი კი ჩინეთთან, სპარსეთის ყურის მონარქიებთან, ავღანეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და კიდე დაახლოებით 25 ქვეყანასთან ერთად დახურულ ავტოკრატიად განიხილება.
მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების გლობალურ კონტექსტში განხილვაც. დარგის ლიტერატურა 1920-40 წლებისა და 1960-70 იანი წლების ავტოკრატიზაციის ტალღების შემდეგ, 1990-იანი წლების შუიდან ახალ, ავტოკრატიზაციის მესამე ტალღას აღწერს. ავტოკრატიზაციის წინა ტალღებისგან განსხვავებით, როდესაც დემოკრატიული მმართველობა სხვადასხვა ქვეყანაში ძალადობრივად, ძირითადად სამხედრო გადატრიალებების გზით ემხობოდა, ავტოკრატიზაციის მიმდინარე, მესამე ტალღას დემოკრატიის არაპირდაპირი გზებითა და ნაბიჯ–ნაბიჯ, ინსტიტუციების მეთოდური ეროზირებით განადგურება ახასიათებს.
თანამედროვე ავტოკრატიები ანადგურებენ დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო საბაზისო კომპონენტებსაც კი, როგორებიცაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები, თავისუფალი მედია, შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები. თუმცა, ამავდროულად, ახალი ავტოკრატიული რეჟიმები, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ნორმების განადგურების პარალელურად, ინარჩუნებენ დემოკრატიულობის ფასადს რეგულარული არჩევნების გამართვითა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ფუნქციონირების ფორმალური პროცედურების დაცვით.
ამ საერთო მახასიათებლების მიუხედავად, თანამედროვე ავტორიტარიზმები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. რეჟიმები შესაძლოა განსხვავდებოდნენ იმის მიხედვით, თუ რამდენად ღრმაა დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია, რამდენად თავისუფალი და სამართლიანია არჩევნები, რამდენად დამორჩილებულია სასამართლო და ა.შ.
განსხვავებაა უშუალოდ მმართველი რეჟიმის ტიპებშიც. ზოგიერთი ავტორიტარული რეჟიმი პერსონალისტურია და ერთი ლიდერის გარშემოა ჩამოყალიბებული, ზოგში კი ძალაუფლება პარტიას უპყრია ხელთ. ზოგ ავტორიტარიტარულ რეჟიმს მკაფიო იდეოლოგიური მახასიათებლები აქვს და საზოგადოების ძირეულ გარდაქმნას ისახავს მიზნად, ზოგი კი იდეოლოგიური და ფასეულობრივი ცნებების მიმართ დიდწილად ნიჰილისტურია და მხოლოდ რეჟიმის მმართველი ელიტის მატერიალური კეთილდღეობისა და ძალაუფლების შენარჩუნებაზეა მომართული. ზემოთ აღნიშნული კატეგორიები, დიდ წილად თეორიულ იდეალურ ტიპებს წარმოადგენს და რეალობაში სუფთა სახით ნაკლებად გვხვდება.
თუმცა, სხვადასხვა მახასიათებლებიდან გამომდინარე, განსხვავებულია რეჟიმების განვითარების ტრაექტორია, მათი სუსტი და ძლიერი მხარეები და აქედან გამომდინარე დემოკრატიზაციის პერსპექტივებიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გავიგოთ, ზუსტად რა ტიპის მმართველობასთან გვაქვს საქმე საქართველოში და რა მსგავსებები და განსხვავებებია „ქართული ოცნების“ მმართველობასა და სხვა თანამედროვე ავტორიტარიზმებს შორის. ამ საკითხებთან დაკავშირებით დარგის ექსპერტებს გია ნოდიას (პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ლევან კახიშვილს (პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მკვლევარი, შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი, ციურიხი (ETH Zurich)) და ვახუშტი მენაბდეს (ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრი) გავესაუბრეთ.
სტატია მიზნად არ ისახავს საქართველოში არსებული რეჟიმის საბოლოო აკადემიურ კლასიფიკაციას. მისი მიზანია განსხვავებული პოლიტიკური და თეორიული პერსპექტივის მეშვეობით გამოიკვეთოს ის მექანიზმები და მიზეზები, რომლებიც საქართველოში ავტორიტარული ტრანსფორმაციის მიმდინარე პროცესს განსაზღვრავს.
დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, საქართველოში პოლიტიკური სისტემა სხვადასხვა დროს კლასიფიცირებული იყო როგორც არჩევითი დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და შეჯიბრებითი ავტორიტარიზმი. რა სახის მმართველობასთან გვაქვს საქმე ამ მომენტისთვის საქართველოში და რა ისტორიულ და სტრუქტურულ ახსნებს ეფუძნება თქვენი პასუხი?
პროფესორ გია ნოდიას აზრით, ქვეყანა გარდამავალ ეტაპზეა ე.წ.. ჰიბრიდული რეჟიმიდან სრულ ავტორიტარიზმზე. მისი აზრით ამისთვის ფორმალური საკანონმდებლო ჩარჩო უკვე ფაქტობრივად შექმნილია: „[..] შეჯიბრებითი ავტორიტარიზმის, ჰიბრიდული რეჟიმის თავისებურება ის არის რომ საკანონმდებლო დონეზე პრინციპში დემოკრატიაა, ანუ კანონმდებლობა არსებითად შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს, მაგრამ პოლიტიკური პრაქტიკები და ჩვევები არ შეესაბამება [ამ სტანდარტს] და უფრო ავტორიტარულია. ჩვენ იმ ეტაპზე ვართ როდესაც ხელისუფლებამაც ხელი აიღო დემოკრატიული ნორმების თუნდაც ზედაპირულ დაცვაზე, [და] ამავე დროს ძირითადად შეცვალა ის საკანონმდებლო ზღუდეები, რომლებიც სრულ ავტორიტარიზმს აკავებდა.“
თუმცა, პოლიტოლოგის აზრით, სრულ ავტორიტარიზმზე გადასვლის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის, რადგან მისი თქმით, თავისუფალი საზოგადოების ის ინსტიტუტები, რომელთა არსებობაც სრული ავტორიტარიზმს აკავებს, ბოლომდე ჯერ კიდევ არ განადგურებულა და ისინი ბრძოლას კვლავ აგრძელებენ. პროფესორ ნოდიას აზრით, იმისდა მიუხედავად რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინსტიტუციური დემოკრატიის ჩამოყალიბება მმართველობისა და პოლიტიკური პრაქტიკების დონეზე ვერ მოხდა, ქართული საზოგადოება არსებითად თავისუფალი საზოგადოებაა. ქართული საზოგადოება ამ პერიოდის განმავლობაში თავისუფლებას შეეჩვია: „ეს გარდატეხა არ მომხდარა, საზოგადოება არ გამტყდარა ბოლომდე და არ შეგუებია სრულ ავტორიტარიზმს.“
გია ნოდიას აზრით, იმის მაჩვენებელი რომ ქვეყანაში სრული ავტორიტარიზმი დამყარდა, ხელისუფლებისადმი რეალური პოლიტიკური გამოწვევის გაქრობა იქნება. მისი თქმით, სახელმწიფოსგან ფორმალურად დამოუკიდებელი აქტორებმა სრული ავტორიტარიზმის შემთხვევაშიც შესაძლოა იარსებონ, მაგრამ მათი არსებობა ხელისუფლებისთვის სერიოზული გამოწვევა არ იქნება. ბელარუსში, რუსეთსა და აზერბაიჯანში, მმართველი პარტიის გარდა, ფორმალურად ოპოზიციური პარტიებიც არსებობს, მაგრამ საზოგადოებას აღარ აქვს იმედი, რომ საარჩევნო პოლიტიკური ბრძოლით პოლიტიკური ცვლილების მიღწევა შეიძლება.
ბელარუსში, რუსეთსა და აზერბაიჯანში არსებული სიტუაციისგან განსხვავებით, პროფესორ ნოდიას აზრით, საქართველოში ბოლო, 2024 წლის პარლამენტის არჩევნებში არსებობდა ნამდვილად ოპოზიციური პარტიები და საარჩევნო კონკურენცია და როგორც პარტიებში, ისე საზოგადოებაში არსებობდა იმედი, რომ ოპოზიციურ ძალებს ხელისუფლების დამარცხება შეეძლოთ. მისი თქმით, მართალია 2024 წლის არჩევნებში ხელისუფლება გამარჯვებულად გამოცხადდა, მაგრამ ეს გამარჯვება არ იყო უპირობო: „თვითონ ხელისუფლების მიერ დაანონსებული კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდა, ანუ იყო რეალური პოლიტიკური კონკურენცია“.
ავტორიტარიზმის პირობებში თავისუფალი მედიის ბედს რაც შეეხება, პროფესორი ნოდიას აზრით, ციფრული მედიებისა და ინტერნეტის ეპოქაში დამოუკიდებელი მედიის სრული გაუქმება ძნელია, თუმცა რუსეთსა და ბელარუსში, სადაც დამოუკიდებელი გადაცემები ინტერნეტის მეშვეობით მაუწყებლობენ, მათი წვდომა მცირეა. ისინი მხოლოდ ვიწრო ჯგუფებისთვის საინტერესო მედიებად რჩება და მცირე გავლენა აქვთ ფართო საზოგადოებაზე. პროფესორ ნოდიას აზრით, ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში დამოუკიდებელი მედია ჯერ კიდევ ინარჩუნებს წვდომას საზოგადოების დიდ ნაწილზე, რაც დადებითი ფაქტორია.
პოლიტოლოგი ლევან კახიშვილი აღწერს, რომ საქართველო სხვადასხვა ინდექსების მიხედვით არასდროს ყოფილა მიჩნეული როგორც დემოკრატიული სისტემა. ქვეყანა ყოველთვის დემოკრატიულ და ავტორიტარულ სისტემებს შორის მერყეობდა. ლევან კახიშვილის აზრით, 2023 წლიდან მოყოლებული იკვეთება ცხადი ავტორიტარული ტენდენცია, დაწყებული შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებებითა და რეპრესიებით, დასრულებული პოლიტიკური ოპოზიციის ფაქტობრივად აკრძალვით. პროფესორ ნოდიას მსგავსად, ლევან კახიშვილიც მიიჩნევს, რომ საქართველო ჰიბრიდული რეჟიმისა და ავტორიტარული რეჟიმის ზღვარზეა, თუმცა დახურულ ავტორიტარიზმში ქვეყანა ჯერ არ გადასულა. მისი თქმით, ფორმალურად არჩევნების ჯერ კიდევ არსებობა და მომავალი 2028 წლის პარლამენტის არჩევნების მოსალოდნელი მრავალპარტიულობა საქართველოს უფრო ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიას მიაკუთვნებს: „[..] დახურული სისტემები დახურული იმიტომ არის, რომ იქ აღარ შეგიძლია დაარეგისტრირო პარტია […] არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და კონკურენცია გაუწიო [მმართველ ძალას]. თუმცა, საქართველოში შესაძლებელია, რომ მართალია, უსამართლო, მაგრამ მაინც ფორმალური კონკურენცია გაუწიო არსებულ რეჟიმს. [..] თუ დავუშვებთ რომ „ქართულმა ოცნებამ“ მართლა გადაწყვიტა პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა, ამას არ ექნება დიქტატურის, ტოტალიტარული მმართველობის ან დახურული ავტორიტარიზმის [ფორმა], სადაც მხოლოდ ერთი პარტია არსებობს და მეტი არჩევანი არ გაქვს.“ ლევან კახიშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად შეიქმნება ხელოვნური მრავალპარტიულობა, სხვადასხვა, „ქართული ოცნების“ წიაღიდან ამოზრდილი სატელიტი პარტიის დახმარებით, რომლის მაგალითიც, მისი თქმით, დღეს უკვე სახეზეა. პოლიტოლოგის აზრით, თუკი პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მართლაც მოხდა, ეს დახურული ავტორიტარიზმის საწყისი ეტაპი იქნება, მაგრამ მისი თქმით, ამ კატეგორიაშიც არსებობს გრადაციები და ყველა დახრული ტიპის ავტორიტარიზმს ერთნაირი მახასიათებლები არ აქვს. თუმცა, ლევან კახიშვილის აზრით, იმისდა მიუხედავად რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ჯერ მხოლოდ ინიციატივის ეტაპზეა, თვითონ ამ აზრის არსებობაც კი მნიშვნელოვანი ინდიკატორია იმისა, თუ რა ტრაექტორიით მიემართება პოლიტიკური სისტემა. მისი თქმით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საქართველო შესაძლოა დახურულ ავტორიტარიზმშიც გადავიდეს: „[..]პირადად ჩემთვის როგორც ქართველისთვის, როგორც მოქალაქისთვის, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ჰიბრიდულ რეჟიმს დავარქმევთ თუ თუნდაც არჩევით დემოკრატიას, მთავარი ის არის თუ რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში და ეს პროცესები არაფერი სახარბიელო არ არის. თუკი რამე დემოკრატიის ნიშანი გვქონდა, პრაქტიკულად ყველა ინსტიტუტს, წესს თუ ნორმას, ყველას ძირს უთხრის ეს პროცესები […] ამიტომ ცალსახა დინამიკა გვაქვს.“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ვახუშტი მენაბდისთვის ავტორიტარიზმი ისეთი მმართველობაა, სადაც პიროვნება ან ჯგუფი მისი ნების მიხედვით მართავს ქვეყანას და მოქალაქეებს მმართველობაში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევს. ვახუშტი მენაბდისთვის, არსებული ავტორიტარული რეჟიმის კლასიფიკაციის კრიტერიუმი არა არჩევნების კონკურენტულობისა, თუ მედიის თავისუფლების ხარისხია, არამედ ის თუ რა მიზნებისთვის იყენებს ძალადობრივ ინსტრუმენტებს მმართველი ძალა. მისთვის მნიშვნელოვანი განსხვავება ძალადობრივი ინსტრუმენტების გამოყენების ლოგიკაშია, ანუ ის კონკრეტული ოპონენტებისა და მოვლენების წინააღმდეგ გამოიყენება, თუ როგორც „მმართველობის მთავარი ინსტრუმენტი“. ამ კრიტერიუმზე დაყრდნობით, ის ავტორიტარული მმართველობების რბილი და უხეში ძალის ავტორიტარიზმებად დაყოფას ანიჭებს უპირატესობას. ვახუშტი მენაბდის აზრით, რბილი ძალის ავტორიტარიზმი ქვეყნის სამართავად, ძირითადად მანიპულაციასა და მიტაცებული ინსტიტუტების გამოყენებას ეყრდნობა, ძალადობრივი ინსტრუმენტები კი, თუ ისინი გამოიყენება, კონკრეტულ პირებს მიემართება ან კონკრეტული მოვლენებისას, კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ემსახურება და ამდენად, ის მასობრივი გამოყენების შემთხვევაშიც კი არა სისტემური, არამედ სპორადულია. ამის საპირისპიროდ, უხეში ძალის ავტორიტარიზმი ძალადობრივი მექანიზმების მასობრივი და სისტემური გამოყენებით ხასიათდება, სადაც უხეში ძალა არა ერთ კონკრეტულ პირს თუ პირთა ჯგუფს, ან რომელიმე კონკრეტულ მოვლენას, არამედ რეჟიმის ყველა ოპონენტს მიმართება.
ვახუშტი მენაბდის მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ავტორიტარულ სისტემად ჩამოყალიბება 2016 წლიდან დაიწყო, 2020 წელს კი ეს ტენდენცია კიდევ უფრო გამოიკვეთა. მისი თქმით, 2016 წლიდან 2023 წლამდე, ე.წ. პირველი აგენტების კანონის დაინიცირებამდე „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმი რბილი ძალის ავტორიტარიზმად რჩებოდა. ამ პერიოდში ქართული ოცნება უგულებელყოფდა განსხვავებულ აზრს, მოქალაქეებს და პოლიტიკურ ძალებს არ ჰქონდათ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, თუმცა მმართველი ძალა უხეშ ძალას მასობრივად არ იყენებდა.
კონსტიტუციოლოგის აზრით, 2023 წლის შემდეგ ქართული ოცნება არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის შემობრუნებას, არამედ რბილი ძალის ავტორიტარიზმიდან უხეში ძალის ავტორიტარიზმში გადასვლას იწყებს. 2023 წლის შემდეგ მმართველმა ძალამ გააცნობიერა, რომ მას მხოლოდ მიტაცებული ინსტიტუტებით და მანიპულაციით მართვა აღარ შეეძლო. რბილი ძალის ავტორიტარიზმი ვეღარ მუშაობდა ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების საპასუხოდ წამოსული საზოგადოებრივი რეაქციის გასაკონტროლებლად. შედეგად, რეჟიმმა გააცნობიერა, რომ მას სტაბილურობის უზრუნველსაყოფად უხეში ძალაც სჭირდებოდა. თუმცა, კონსტიტუციოლოგის თქმით, უხეში ძალის გამოყენებაზე გადასვლა არ ნიშნავს, რომ რბილი ძალის ავტორიტარიზმის ინსტრუმენტები ქრება. პირიქით, ვახუშტი მენაბდის მიხედვით ეს ინსტრუმენტებიც, როგორიცაა მაგ. პროპაგანდა, პარალელურად ძლიერდება. თუმცა, მმართველი ძალა ავტორიტარული მიზნების მისაღწევად მხოლოდ რბილი ძალის მეთოდებით აღარ შემოიფარგლება და ისეთი მკაცრი და უხეში ინსტიტუციური მექანიზმების გამოყენებაზე გადადის, როგორებიცაა კანონმდებლობის გამკაცრება, დაპატიმრება და პოლიტპატიმრების მასობრივად აყვანა. პარალელურად, რეპრესიული მექანიზმები არა მხოლოდ კონკრეტულ ოპოზიციურ ძალებს, არამედ ზოგადად მოწინააღმდეგეს მიემართება. უხეში ძალის ავტორიტარიზმის ფაზაში, ნებისმიერ იმ ადამიანზე, ვინც „ქართული ოცნების“ ოპონენტია, უკვე აღარ ვრცელდება დემოკრატიული და ადამიანის უფლებების მინიმალური გარანტიებიც კი.
ვახუშტი მენაბდის აზრით, ამ პერიოდში ქართული ოცნების მიერ ჩამოყალიბებული საკანონმდებლო სისტემა ზოგადია და ამჯერად ყველა ოპონენტს მონიშნავს სამიზნედ, განსხვავებით წინარე პერიოდისგან, როდესაც „ქართული ოცნების“ უხეში ძალა კონკრეტული ადრესატების მიმართ იყო მიმართული.
კონსტიტუციოლოგი რბილი და უხეში ძალის ავტორიტარიზმის ფაზებში, ძალადობრივი მექანიზმების გამოყენების ლოგიკის განსხვავებების საილუსტრაციოდ გავრილოვის ღამისა და 2024 წლის დეკემბრის მოვლენებს ადარებს: „[..]მაგალითად ავიღოთ გავრილოვის ღამე, როდესაც [ქართულმა ოცნებამ] უხეში ძალა გამოიყენა, მაგრამ ეს უხეში ძალა იყო იმ კონკრეტული შემთხვევისთვის დამახასიათებელი, იმ კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად რაც იმ კონკრეტულ ღამეს დაუდგა ქართულ ოცნებას. განსხვავებით მაგ. 2024 წლის დეკემბრისგან, სადაც „ქართული ოცნება“ უხეშ ძალას იყენებდა, მაგრამ ეს უხეში ძალა იმ კონკრეტული ღამის გამოწვევების აღმოსაფხვრელად კი არ იყო გამოყენებული, არამედ ის იყო იმ მმართველობის ლოგიკის ნაწილი, რომელიც დღეს საქართველოშია. დეკემბრის მოვლენების დროს ძალის გამოყენების ამოცანა და მისი ადრესატი იყო არამხოლოდ იმ ღამეს იქ მყოფი დემონსტრანტები, არამედ ზოგადად ოპონენტების აზრი და ის ადამიანები ვინც არ ეთანხმებოდნენ „ქართულ ოცნებას“. ამ მეთოდებით „ქართული ოცნება“ ცდილობდა საკუთარი ძალაუფლების ჩვენებას, ანუ დეკემბრის დარბევების დროს დამატებითი ამოცანა ჩნდება, რომ ჩაინერგოს შიში საზოგადოებაში. ამდენად, ჩემთვის გავრილოვის ღამე და დეკემბრის ამბები პოლიტიკური თვალსაზრისით იმით განსხვავდება რომ გავრილოვის ღამის ამოცანა იმ ამოცანების გადაჭრაა რომლებიც იმ ღამეს და იმ ტერიტორიაზე უდგას „ქართულ ოცნებას“, იმ კონკრეტულ ურბანულ არეალში, სადაც ეს დემონსტრაცია მიმდინარეობს, ხოლო მეორე შემთხვევაში მისი ამოცანა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და მას ასევე აქვს პოლიტიკური და პროპაგანდისტული მიზნები. ამიტომ ვამბობ რომ პირველ შემთხვევაში ეს არის სპორადული და მეორე შემთხვევაში ეს არის უხეში ავტორიტარიზმის შემადგენელი ნაწილი.“
ვახუშტი მენაბდის აზრით, უხეში ძალის გამოყენების გაცხადებულობა მნიშვნელოვანია, რადგან „ქართული ოცნების“ მსგავსი რეჟიმები მაქსიმალური მოგების კაპიტალისტური ლოგიკით მოქმედებენ, ანუ ცდილობენ ძალისა და რესურსების ეკონომიას და მინიმალური რესურსებით მაქსიმალური შედეგის მიღწევას: „[..] თუ წინააღმდეგობას მუქარით არ შეამცირებს რეჟიმი, ანუ მუქარით რომელმაც შემდეგ თვითცენზურა უნდა წაახალისოს, მაშინ მას მოუწევს კიდევ უფრო მეტი ძალის და შესაბამისად რესურსის დახარჯვა ჩვენზე, ვინც წინააღმდეგობას ვუწევთ მას, ამიტომ ის ჯერ იმუქრება და მუქარას აძლევს თავისი ეფექტების განხორციელების შესაძლებლობას, ვიღაცეებისთვის ეს მუქარა საკმარისია, [იმისთვის] რომ გაჩერდეს, [წინააღმდეგობა] შემცირდეს, დისტანცირდეს და ა.შ. და ამით იზოგება რესურსი სახელმწიფოსი. და ის მცირე ნაწილი, ვინც რჩება წინააღმდეგობაში, იმათზე უკვე შიშველი ძალის გამოყენებას არც იმდენი რესურსი სჭირდება.„
კონსტიტუციოლოგის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგი მიმართული კანონმდებლობა (ე.წ. აგენტების კანონი, ფარა და ა.შ.), რომლებიც პრაქტიკაში დიდწილად არ აღსრულდა, სწორედ დაშინებისა და თვითცენზურის გამოწვევის მიზნებს ემსახურება.
რა იყო ქართული ოცნებისთვის ავტორიტარული შემობრუნების მოტივი, რატომ გახდა საჭირო ავტორიტარული შემობრუნება 2012-2016 წლების მეტ–ნაკლებად დემოკრატიული მმართველობის შემდეგ?
პროფესორ გია ნოდიასთვის, ისეთ ვითარებაში რომელშიც სისტემა ლიდერზეა დამოკიდებული, გამაწყვეტ როლს ლიდერის ბუნება და ლიდერის ჩანაფიქრები თამაშობს. მისი თქმით, როგორც ედუარდ შევარდნაძის, ისე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური იდენტობა დასავლეთთან კავშირებს უკავშირდებოდა და ისინი დასავლეთში საკუთარ პოლიტიკურ იმიჯს უფრთხილდებოდნენ. ამიტომ, იმისდა მიუხედავად, რომ მათი მმართველობის პრაქტიკა არ იყო სრულყოფილად დემოკრატიული, დასავლური ნორმების დაცვის აუცილებლობა აკავებდა მათ ავტორიტარულ ინსტინქტებს. გია ნოდიას აზრით, ამ მხრივ ბიძინა ივანიშვილი განსხვავებული ფიგურაა — მას არ აქვს ღრმა კავშირები დასავლეთთან და მისი პოლიტიკური იდენტობა არ უკავშირდება დასავლეთსა და ევროპას. მისი აზრით, ივანიშვილი პოლიტიკური იდეების განხორციელების დროს უფრო პრაგმატულად, ბიზნესმენივით ფიქრობს: „[..]როდესაც ის დასაწყისში მოვიდა ხელისუფლებაში თვლიდა, რომ როგორც ადგილობრივი საზოგადოების განწყობა ისევე საერთაშორისო ვითარება ისეთი იყო, რომ მას ანგარიში უნდა გაეწია დასავლეთისთვის და გონივრული გზა იყო მისთვის მეტ–ნაკლებად დასავლური ნორმების დაცვა. მერე შვეიცარიული ბანკის ამბავი მოხდა და ჩამოუყალიბდა ნელ–ნელა ეს აზრი რომ ერთი, დასავლელები მტრები არიან და მეორე, დასავლეთი არც ისე ძლიერია და მასთან შეიძლება მეტი გაუვიდეს, ვიდრე ეს შეიძლება თავიდან ეგონა. ჩემი აზრით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთსა და რუსეთს შორის ლავირება უფრო რთული გახდა, მის წინაშე დადგა საჭიროება რომ აერჩია მხარე.“
ლევან კახიშვილის აზრით არ არის აუცილებელი რომ 2016 იდან 2023 წლამდე და 2023 წლიდან დღემდე, ქართული ოცნების ავტორიტარიზმის ტალღები ერთი და იგივე პროცესის ნაწილი იყოს და ერთი და იგივე ამხსნელი ჰქონდეს მოვლენების ამ ორ ციკლს. პოლიტოლოგისთვის 2016-2023 წლებში ქართული ოცნების შედარებით რბილ ავტორიტარულ ტენდენციას ერთგვარი ძალაუფლების „თავში ავარდნა“ და ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი ხსნის. კახიშვილის თქმით საქართველოსნაირ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური ძალების განგრძობითობა არ არსებობს, ზედიზედ ორი არჩევნების მოგება (2012, 2016) პოლიტიკურ ძალას იმის საშუალებას აძლევს რომ თვითკმაყოფილებაში ჩავარდეს, რაც „გათამამების“ პროცესს აძლევს დასაწყისს, პოლიტიკურ ძალას „თავში უვარდება“ ძალაუფლება და მის ძალაუფლებაზე არსებული შეზღუდვები და კონტროლი აღარ მოსწონს. ლევან კახიშვილის თქმით, ეს პროცესი „ქართული ოცნების“ მეორედ გამარჯვებიდან (2016 წლის პარლამენტის არჩევნები) იწყება, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვა. ლევან კახიშვილის თქმით, ამ პერიოდში „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის დანატოვარის გადმობარების პროცესშია, მათ შორის, საარჩევნო და სხვა არაფორმალური ქსელების, მაგ. კოორდინატორების ინსტუტიტის, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა, შემდეგ კი „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა და კიდევ უფრო დახვეწა.
2022-2023 წლის შემდეგ მიმდინარე ავტორიტარიზმის უფრო მწვავე ფაზას რაც შეეხება, ლევან კახიშვილის აზრით, აქ მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უკავია. მისი თქმით როდესაც ცხადი გახდა რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში წევრობის განაცხადს შეიტანდნენ, ქართულმა ოცნებამ საფრთხე იგრძნო: „[..]რაც უფრო ახალ ეტაპზე გადადის ქვეყანა ევროკავშირთან ურთიერთობაში, მით უფრო მეტი ვალდებულებები ექმნება, მით უფრო მეტი პირობები უნდა დააკმაყოფილოს და ევროკავშირიც მით უფრო მკაცრი ხდება ამ პირობების შეფასებისას. ამ პირობების შეფასება კი რას ნიშნავს?! – სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს, მედია თავისუფალი უნდა იყოს, ოპოზიციას სათანადო პირობები უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ კონკურენცია გაგიწიოს და ნიშნავს იმას რომ უკვე როდესაც სამი არჩევნები მოიგე ავად თუ კარგად და ახლა უცბად გთხოვენ რომ მართლა დაამყარო დემოკრატია, ამას თუ მართლა გააკეთებ, ძალიან დიდი შანსია რომ შემდეგი [არჩევნები] ვეღარ მოიგო. ამიტომ ეს გახდა ძალიან რეალური საფრთხე ძალაუფლების შენარჩუნების რეალური მიზნებისთვის.“
ლევან კახიშვილის აზრით, სწორედ ამით აიხსნება „ქართული ოცნების“ მიერ ამ პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულება: ჯერ განაცხადის შეტანაზე უარი, შემდეგ საზოგადოებრივი ზეწოლის გამო განაცხადის შეტანა, მაგრამ პარალელურად საზოგადოებრივი მოლოდინების მართვა განცხადებებით რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ სჭირდებოდა. ლევან კახიშვილის აზრით, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება გააგრძელებდა ევროკავშირთან დაახლოებას, მას მოუწევდა ისეთი რეფორმების გატარება, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიდა მის ძალაუფლებას.
პოლიტოლოგის აზრით, არსებობს მესამე კომპონენტიც, რუსეთიდან დაკვეთის თეორია, მაგრამ ის ამ თეორიას ვერც გამორიცხავს და ვერც ბოლომდე იზიარებს, რადგან მისი თქმით, ეს სერიოზული ბრალდებაა და მსგავსი ბრალდების მხოლოდ გარემოებით არგუმენტებზე დაყრდნობით გაჟღერება არამართებულია.
ლევან კახიშვილის აზრით, საქართველო რეგიონის სხვა ავტორიტარული რეჟიმებს, როგორებიცაა ბელარუსი, რუსეთი თუ აზერბაიჯანი არ ჰგავს, რადგან საქართველოში არაფორმალური მმართველობაა, სადაც ქვეყნის რეალური მმართველი არანაირ ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებს. პოლიტოლოგის აზრით, ეს ვითარება რეჟიმს კრიზისულ სიტუაციებში შედარებით უპირატესობას და მოქნილობას აძლევს.
აღნიშნულ საკითხზე ვახუშტი მენაბდე ფიქრობს, რომ მმართველი ძალის მოტივებს ის პოლიტიკური რეალობა განაპირობებს, რომელშიც ის თავის თავს პოულობს. მისი თქმით ძალაუფლებას ჰეგემონური ბუნება ახასიათებს, ის ყოველთვის ცდილობს გაიზარდოს თუ მას რაღაცამ ხელი არ შეუშალა, თუ რაღაც წინააღმდეგობა არ შეხვდა: „[..]ლიბერალურ პარადიგმაში იმისთვის რომ ძალაუფლება დაბალანსდეს საჭიროა რომ ერთმა ელიტამ მეორე გააკონტროლოს, ან ელიტის შიდა კლანებმა ერთმანეთი გააკონტროლონ. კრიტიკულ თეორიაში კი ეს [კონტროლის მექანიზმი] არის ხალხი.“
მისი თქმით, 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შექმნილი ვითარება, „ქართულ ოცნებას“ გარკვეული დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას აიძულებდა. საჭირო იყო წინა რეჟიმთან მიმართებაში განსხვავების ჩვენება, რათა ხალხისგან უკურეაქცია არ მიეღო. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ საზოგადოება ნაციონალური მოძრაობის ავტორიტარიზმის დასრულების შემდეგ აქტიური იყო და დემოკრატიისა და მისგან წარმოქმნილი შესაძლებლობების გამოყენების სურვილი ჰქონდა.
მენაბდის აზრით, 2012-2016 წლების ქართული ოცნების მმართველობის შედარებით დემოკრატიული ბუნების განმაპირობებელი კიდევ ერთი ფაქტორი, „ქართული ოცნების“ კოალიციურობა იყო. მისი აზრით, პირველ წლებში კოალიციურობა საჭიროდ ჩაითვალა, რადგან ბიძინა ივანიშვილმა სავარაუდოდ ჩათვალა, რომ კოალიციის გარეშე ნაციონალურ მოძრაობას ვერ დაამარცხებდა. იმისდა მიუხედავად რომ კოალიციაში „ქართული ოცნება“ წამყვანი ძალა იყო, სხვა პოლიტიკური სუბიექტების არსებობა კოალიციის შიგნით, საკუთარ თავში მინიმალურ დემოკრატიულ პროცედურას და მართვის პრაქტიკებს გულისხმობდა. თუმცა ვახუშტი მენაბდის აზრით ნელ–ნელა „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების კონსოლიდაცია დაიწყო, რასაც 2016 წლის არჩევნების შემდეგ ფაქტობრივად მიაღწია. ამგავარად, „ქართული ოცნება“ თავიდან არ მიმართავდა უხეში ძალის ავტორიტარიზმს რადგან მას ეს არ ესაჭიროებოდა, ის მართვის სხვა ინსტრუმენტებით ახერხებდა ქვეყნის მართვას, მაგრამ მოგვიანებით, როგორც კი ამის საჭიროება დაუდგა, მან უხეში ძალის ავტორიტარიზმსაც მიმართა.
თქვენი აზრით, რა ინსტიტუციური თუ სხვა მექანიზმები ვერ აღუდგა წინ ავტორიტარიზმის დამყარებას და რატომ? მით უფრო, რომ საქართველო ბოლო წლებში დემოკრატიის ინსტიტუციონალიზებისა და ევროპეიზაციის აქტიურ პროცესს გადიოდა და რეგიონში წარმატებულ და მზარდ დემოკრატიადაც ითვლებოდა?
პროფესორ გია ნოდიას აზრით, ინსტიტუციური კუთხით, ქვეყნის კონსტიტუციური სისტემა არსებითად შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს. მისი აზრით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში ინსტიტუციური ქცევები და დამკვიდრებული პრაქტიკები არასდროს ყოფილა დემოკრატიული. მისი აზრით, ქართული პოლიტიკური სისტემა ე.წ. დომინანტური ძალის სისტემაა და ესაა პოლიტიკური სისტემის მთავარი ავტორიტარული მახასიათებელი: „[..]ჩვენთან ყოველთვის იყო ერთი დომინანატი პოლიტიკური ჯგუფი, ერთი ლიდერით და მას საპირწონე შიგნით არ ჰყოლია, რომ შეეკავებინა მისი სურვილები. ხშირად დისკუსია იმაზეა, ესა თუ ის ლიდერი კარგი ადამიანია თუ ცუდი, მაგრამ ყველაზე ‘კარგ’ დომინანტ ლიდერსაც არ უნდა რომ ის ვინმემ შეაკავოს. ეს ბუნებრივი ადამიანური სურვილია, ამიტომ არ უნდა ველოდოთ, რომ ვინც არ უნდა იყოს დომინანტი ლიდერი, ის ანგარიშს გაუწევს ვინმეს, თუ მას შეუძლია რომ ანგარიში არ გაუწიოს.“
პოლიტოლოგის აზრით, ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარების საფრთხე ყოველთვის იდგა, არსებობდა ავტორიტარიზმის დამკვიდრების სტრუქტურული წინაპირობა, რაც შემკავებელი ინსტიტუტების არარსებობით იყო განპირობებული. მისი აზრით ამ შემაკავებლებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია: დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიები, რომელსაც შიდა კონტროლისა და შეკავების მექანიზმები გააჩნია და დამოუკიდებელი სასამართლო. მისი აზრით, მნიშვნელობით შემდეგ მოდის ისეთი სამოქალაქო ასოციაციების არსებობა, რომლებიც გარე დაფინანსებაზე არ იქნება დამოკიდებული და ადგილობრივ სამოქალაქო მობილიზაციას დაეყრდნობა.
მისი აზრით, ამ ინსტიტუტების არარსებობის პირობებში, გადამწყვეტი მაინც უშუალოდ ლიდერის მსოფლმხედველობაა. პროფესორ ნოდიას აზრით, როგორც ედუარდ შევარდნაძე, ისე მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მეტ–ნაკლებად ევროპული დემოკრატიის ფარგლებში ხედავდნენ, რაც მათ ავტორიტარულ ინსტინქტებს აკავებდა, ბიძინა ივანიშვილმა კი ამ შემაკავებლისგან თავი გაითავისუფლა.
პოლიტოლოგ ლევან კახიშვილის აზრით, კითხვის წინაპირობა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩენილი მოლოდინი, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნები აუცილებლად დემოკრატიულ მმართველობაზე გადავიდოდნენ, მცდარია. მისი თქმით, საქართველოსნაირ ქვეყნებში ცვლილების, ე.წ. ტრანსფორმაციის პროცესი ხანგრძლივია და არ არის აუცილებელი, რომ დემოკრატიით დასრულდეს. ის იზიარებს ჰენრი ჰეილის პოზიციას, რომ პოსტ–კომუნისტურ სახელმწიფოებში პოლიტიკური სისტემა არა სწორხაზოვნად, არამედ ციკლურად ვითარდება. როგორც ლევან კახიშვილი გვიამბობს, ამ მოცემულობას, ჰენრი ჰეილის თეორიის მიხედვით, პოსტკომუნისტური სახელმწიფოების რამდენიმე თავისებურება განაპირობებს, როგორებიცაა პატრონ–კლიენტური ურთიერთობების არსებობა, საპრეზიდენტო მმართველობის მოდელი და „გამარჯვებული იღებს ყველაფერს“ საარჩევნო სისტემები. პოლიტოლოგის თქმით, ასეთი სისტემები პრეზიდენტის ხელში დიდი ოდენობით ძალაუფლების კონცენტრაციას უწყობენ ხელს, სადაც პრეზიდენტები პატრონ–კლიენტური ქსელების სათავეში ექცევიან. ამასთანავე, ლევან კახიშვილის თქმით, პოსტკომუნისტური ქვეყნები შეზღუდული საარჩევნო კონკურენციითა და პოლიტიკაში საზოგადოების ფართო მასების შეზღუდული მონაწილეობით ხასიათდება. მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში მყოფ პარტიებს შორის ამ ქვეყნებში მკვეთრი დისბალანსი შეიმჩნევა, სადაც მმართველი პარტიები სხვა პარტიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში იმყოფებიან საარჩევნო კონკურენციისას. ლევან კახიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო 2013 წლის შემდეგ საპარლამენტო მმართველობის ქვეყანაა და ამ მხრივ მოცემული თეორიის საქართველოზე მორგება გადახედვას საჭიროებს, თუმცა, მისი თქმით თეორიის სხვა დებულებები საქართველოს შემთხვევაში ძალაში რჩება. მისი თქმით, საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლამ და პროპორციულ საარჩევნო სისტემის დანერგვამ სისტემა უფრო მოქნილიც კი გახადა. პოლიტოლოგის თქმით, არაფორმალური მმართველობა, სადაც ქვეყნის რეალურ მმართველს არანაირი საჯარო პოლიტიკური პოზიცია არ უჭირავს, ართულებს პროტესტის რეალური მმართველის წინააღმდეგ მიმართვას, რომელიც პირადად ფიზიკურად ვერ გადადგება რაიმე პოზიციიდან, თუმცა ამავდროულად მას შეუძლია თანამდებობიდან გადააყენოს და ჩაანაცვლოს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები, როგორებიცაა პრემიერ მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე და ამით შექმნას ერთგვარი ილუზია რომ პოლიტიკური სისტემა საჯარო პროტესტზე რეაგირებს. მისი თქმით, ამით აიხსნება დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ქვეყანაში ავტორიტარიზმისა და შედარებით მაღალი ხარისხის დემოკრატიის მონაცვლეობა და განვითარების ამგვარი პროცესი. პოლიტოლოგის აზრით, წინა წლებში განსხვავებული დემოკრატიზაციის მოდელის არჩევის შემთხვევაშიც კი იარსებებდა საფრთხე, რომ დღეს ქვეყანაში მაინც იგივე ავტორიტარული მმართველობა ჩამოყალიბებულიყო. მისი თქმით, ახლა საქართველო იმ ფაზაშია, სადაც ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ იხრება, მაგრამ ეს პროცესიც მიაღწევს თავის პიკს და შემდეგ კვლავ დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყება. იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ მომავალი დემოკრატიზაციის ფაზის შემდეგ ავტორიტარული შემობრუნება გამოირიცხოს, კახიშვილი აღნიშნავს, რომ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მაგრამ მისი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი განათლებაა. პოლიტოლოგის თქმით, დემოკრატია არ უნდა იყოს უბრალო იდეა ფიქსი, საჭიროა რომ მოქალაქეებს დემოკრატიის არსი ესმოდეთ. დემოკრატიული განათლების კუთხით ლევან კახიშვილი კრიტიკულია დამკვიდრებული მიდგომების მიმართ, რომელთა ფარგლებშიც 1. დემოკრატიული განათლების სახელით, სხვადასხვა დონორები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თუ საჯარო უწყებები მოსახლეობის ზემოდან ქვემოთ მეთოდებით განათლებას ისახავდნენ მიზნად და 2. დემოკრატიზაციის მცდელობები ძირითადად სხვა ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკების საქართველოში პირდაპირ გადმოტანას ეყრდნობოდა. პოლიტოლოგის აზრით, ზემოდან ქვემოთ წამოსული მიდგომების ნაცვლად, მნიშვნელოვანია დელიბერაციული პროცესები, სადაც მოქალაქეები მონაწილეობას მიიღებენ საჯარო განხილვებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. მისი თქმით, როგორც დემოკრატიზაციის პროცესში, ისე დღეს, მნიშვნელოვანია რომ ის აქტორები რომლებიც დემოკრატიის განვითარებით არიან დაინტერესებული, ესაუბრონ ადამიანებს არა ავტორიტარულად და ზემოდან ქვემოთ მიდგომით, არამედ საზოგადოების უშუალო მონაწილეობით.
ვახუშტი მენაბდის აზრით, დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე არასდროს ყოფილა ისეთი სისტემის შექმნის მცდელობა, რომელიც ძალაუფლების კონსოლიდაციას ხელს შეუშლიდა. მისი თქმით, ლიბერალური დემოკრატიის კონცეფციის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ არსებულ მოცემულობას, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენიდან მაჟორიტარული სისტემაა, სადაც ყველაფერი გამარჯვებულს მიაქვს და დამარცხებულს არაფერი რჩება. მისი აზრით, სწორედ ეს მახასიათებელი გამორიცხავს თავისთავად პლურალიზმსა და დემოკრატიის მინიმალურ სტანდარტებსაც კი. მისი თქმით, ასეთი სისტემა ლოგიკურად მიდის არსებულ მდგომარეობამდე. კონსტიტუციური სამართლის ექსპერტის თქმით, არსებული ავტორიტარული და ოლიგარქიული რეჟიმი არა გამონაკლისი, არამედ იმ ინსტიტუციური სისტემის ლოგიკური შედეგია, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შენდება: „არც არაფერი არ შეაკავებდა ამას [ავტორიტარიზმს]ცხადია, იმიტომ რომ არც არაფერი შექმნილა ამის შესაკავებლად.“
ლიბერალური კონცეფციის მიღმა, კრიტიკული პერსპექტივიდან სიტუაციის განხილვისას, ვახუშტი მენაბდის აზრით, სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა, რადგან საქართველოში პოლიტიკა ყოველთვის განიხილებოდა როგორც ელიტების საქმედ და ხალხი არ განიხილებოდა როგორც პოლიტიკის სუბიექტი. მოქალაქის მონაწილეობა დაყვანილი იყო მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობაზე: „[..]თან ამას ემატება ის რომ არჩევნები პრინციპში საქართველოში არასდროს ჩატარებულა მანიპულაციების გარეშე, ისე რომ მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონოდა საკუთარი ნება ზეწოლის გარეშე გამოეხატა, რომ აღარაფერი ვთქვათ გაყალბების მეთოდებზე. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რამ გახადა შესაძლებელი ავტორიტარიზმი საქართველოში, პასუხი ასეთია: ეს სინამდვილეში ასეთი სისტემაა. ანუ ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, ახლა რა რეჟიმშიც ვცხოვრობთ, ეს რეჟიმი არ არის გამონაკლისი, ეს რეჟიმი უბრალოდ არის რადიკალური გამოხატულება იმისა, იმ ლოგიკისა, რა ლოგიკაზეც არის აწყობილი ქართული პოლიტიკური სისტემა.“