წითელა, ყივანახველა, ტუბერკულიოზი, პოლიომიელიტი, ქოლერა — ეს ის ინფექციური დაავადაბებია, რომელთა ნაწილი 2020 წლის პანდემიამდე ბევრ ქვეყანაში მივიწყებულად ითვლებოდა, თუმცა კორონავირუსის შემდეგ კვლავ გაახსენა ადამიანებს თავი.
მეცნიერების შეფასებით ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის კი ყველაზე ძლიერი ამ დაავადებების მიმართ ადამიანების ყურადღების მოდუნება და მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინაციის მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნაა.
„წლამდე ყველა აცრა გაკეთებული აქვს ჩემს გოგოს და ახლა წლის აცრა უწვეს. ძალიან ცუდი ინფორმაციები ვრცელდება აცრებზე და აღარ ვიცი რა ვქნა. აუცრელობისაც მეშინია და აცრისაც უკვე”, — არაერთ ასეთ პოსტს შეხვდებით ფეისბუქის დახურულ ჯგუფებში, სადაც მშობლები ცდილობენ ერთმანეთთან დაადგინონ ვაქცინაციის ავ-კარგიანობა.
პასუხად კი, როგორც წესი, პროფესიონალების ან საკითხში კარგად გათვიცნობიერებული ადამიანების ნაცვლად, უმეტესად ვაქცინების მიმართ სქეპტიკურად განწყობილი ხალხის განმარტებას იღებენ. მართალია ამ მოპასუხეებს კონკრეტული ფაქტებით გამყარებული არგუმენტები არ აქვთ, თუმცა ამტკიცებენ, რომ ვაქცინა საშიში და საზიანოა.
„გაცილებით უფრო აქტიურები და მობილიზებულები არიან ანტივაქსერები, ვიდრე ის ხალხი, ვინც უნდა უზრუნველყოფდეს საწინააღმდეგოს”, — ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ქეთევან ჩხატარაშვილი „პუბლიკასთან”.
ძირითადად სწორედ დეზინფორმაციის წინააღმდეგ არასაკმარის საინფორმაციო კამპანიებს უკავშირებენ ექსპერტები იმას, რომ მსოფლიოში ათწლეულების განმავლობაში მივიწყებული ეპიდემიოლოგიური აფეთქებები ბრუნდება და თუ ვაქცინაციის დონე კლებას განაგრძობს, მათი შეფასებით 5-10 წელიწადში შესაძლოა ამან კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოიტანოს.
კითხვები, მითები და დეზინფორმაცია
შეკითხვები, რომელიც აცრას შეეხება ყოველთვის დიდ დისკუსიას იწვევს სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი მშობლების ჯგუფებში, სადაც ათობით ათასი ადამიანია გაწევრიანებული.
ნაწილი ამტკიცებს, რომ აცრა აუტიზმს იწვევს, ნაწილი ეწინააღმდეგება და ამის საბუთს სთხოვს. ნაწილი ცდილობს ახსნას, რეალურად როგორ მუშაობს ვაქცინაცია, ნაწილი შეთქმულების თეორიებშია და მიიჩნევსა, რომ ეს ყველაფერი „უბრალო ადამიანების წინააღმდეგ მიმართული გასაიდუმლოებული გეგმის ნაწილია”.
„მე როგორც ვიცი, ბავშვობაში ჩვენ რა აცრებსაც გვიკეთებდნენ, ეს ის ვაქცინები აღარაა, შეცვლილია შემადგებლობა”, — წერს ერთ-ერთ ჯგუფში ანონიმური მომხმარებელი პოსტზე, სადაც მშობელი ითხოვს დასაბუთებას, ნამდვილად იწვევს თუ არა აცრა აუტიზმს. ამ პოსტს 108 კომენტარი აქვს.
„ძალიან რთული საკითხიაა, იწვევს არ იწვევს 50% და 50%”, — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი, თუმცა სხვა მომხმარებლის შეკითხვას, საიდან იცის ეს რიცხვები, აღარ პასუხობს.
რეალურად კი აცრასა და აუტიზმს შორის კავშირი მეცნიერულად დადასტურებული არ არის. თუმცა ამ საკითხზე ასობით კვლევაა ჩატარებული.
მითიც, აუტიზმსა და წითელას აცრას შორის კავშირზე ერთ-ერთი კვლევიდან მოდის, რომელიც ამტკიცებდა, რომ MMR [წითელა-წითურა-ყბაყურის] ვაქცინები აუტიზმს იწვევდა. სტატია, სადაც ამ შესაძლო კავშირზე იყო საუბარი, მხოლოდ 12 ბავშვის მონაცემებს ეფუძნებოდა.
ეს დასკვნა მალევე გახდა პოპულარული თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ მისმა ავტორმა ენდრიუ უეიკფილდმა მონაცემები განზრახ გააყალბა, ასევე ჩაატარა არაეთიკური სამედიცინო პროცედურები და ამასთან, თავად მუშაობდა კონკურენტ ვაქცინაზე და ფარულად ცდილობდა პატენტიდან ფინანსური სარგებლის მიღებას.
სტატია, სადაც ის შესაძლო კავშირზე საუბრობდა, 1998 წელს გამოქვეყნდა. მოგვიანებით, 2004 წელს ამ კვლევას გაემიჯნა 10 თანაავტორიც. უეიკფილდს ექიმის ლიცენზია ჩამოართვეს, ხოლო ჟურნალმა „ლანცეტმა” მანამდე გამოქვეყნებული სტატია უკან გაიწვია.
მას შემდეგ არერთმა მეცნიერმა აწარმოა დაკვირვება MMR ვაქცინასა და აუტიზმს შორის კავშირის დასადგენად ასობით ათას ბავშვზე, თუმცა ამ ორს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დადგინდა.
ერთ-ერთი ასეთია, მაგალითად, 2019 წელს გამოქვეყნებული კვლევა, რომლის ავტორებმაც 1999-2010 წლებში დანიაში დაბადებული 657 461 ბავშვის მონაცემები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ “MMR ვაქცინაცია არ ზრდის აუტიზმის განვითარების რისკს, არ იწვევს აუტიზმის გამოვლენას აუტიზმისადმი მიდრეკილ ბავშვებში და ვაქცინაციის შემდეგ აუტიზმის შემთხვევების ზრდა არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული“.
მიუხედავად ამ კვლევებისა, უეიკფილდის გამოქვეყნებული ფალსიფიცირებული სტატიის შედეგებს დღემდე ფართოდ აქვს ფესვები გამდგარი როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ვაქცინის სქეტიკოსებსა და ანტივაქსერებში, რის გამოც მას მედიცინის ისტორიაში ყველაზე დამაზიანებელ დეზინფორმაციადაც მიიჩნევენ.
როგორ მუშაობს ვაქცინა რეალურად
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების გარშემო მრავალი კითხვა და დეზინფორმაცია არსებობს, მეცნიერები განმარტავენ, რომ მისი მუშაობის მექანიზმი ასეთი რთული სულაც არაა.
არსებობს რამდენიმე ტიპის ვაქცინა, თანამედროვე მედიცინაში კი მათი ორი ძირითადი მიმართულება გამოიყენება: ტრადიციული და ახალი თაობის მ-რნმ (mRNA).
საქართველოში კალენდარული ანუ გეგმიური აცრებისთვის, ასევე გრიპის ვირუსის წინააღმდეგ, გამოიყენება მხოლოდ ტრადიციული ვაქცინები. ხოლო mRNA, რომელიც მედიცინაში შედარებით ახალი სიტყვაა, ჩვენს რეალობაში კორონავირუსის პანდემიის დროს შემოვიდა, ასეთი იყო მაგალითად Pfizer-ის და Moderna-ს წარმოების ვაქცინები.
ორივე მეთოდით შექმნილი ვაქცინა ორგანიზმს ავარჯიშებს და ასწავლის, როგორ უნდა ებრძოლოს კონკრეტულ დაავადებას. მაშინ რა განსხვავებაა მათ შორის?
მარტივად რომ ვთქვათ:
- ტრადიციული ვაქცინაციისას, როგორიცაა მაგალითად წითელა-წითურა-ყბაყურას აცრა, ორგანიზმში შეჰყავთ მკვდარი ან ძალიან დასუსტებული ვირუსი, ისე, რომ ისინი ორგანიზმისთვის საშიში არაა. თუმცა ადამიანის იმუნურმა სისტემამ ეს არ იცის და ისე ექცევა მათ, როგორც დაავადებას — თავს ესხმის და ცდილბოს მათ განადგურებას, ამ პროცესში კი წარმოქმნის ანტისხეულებს, რომელიც ზუსტად ერგება კონკრეტული დაავადების გამომწვევ ვირუსსა თუ ბაქტერიას.საფრთხის განადგურების შემდეგ, სხეულში რჩება ეს „მეხსიერების უჯრედები”. თუ იგივე ბაქტერია ან ვირუსი, მაგალითად წითელას ინფექცია, კვლავ შეუტევს ორგანიზმს, მას უკვე აქვს გამოცდილება და მზა რეცეპტი, ამიტომ უმარტივდება მათი დამარცხება.
- ხოლო mRNA ვაქცინა ორგანიზმისთვის ერთგვარი ინსტრუქციაა — ის იმუნურ სისტემას ასწავლის, გააკეთოს ის, რასაც ჩვეულებრივ გააკეთებდა კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ, ოღონდ უფრო სწრაფად და ეფექტიანად. კერძოდ, აცრის გაკეთების შემდეგ ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილი ვაქცინა ჩვენსავე უჯრედებს აძლევს ერთგვარ „რეცეპტს”, თუ როგორ დაამზადონ ვირუსისთვის დამახასიათებელი ერთი უსაფრთხო ცილა. იმუნური სისტემა ამ ცილას უცხოდ აღიქვამს და იწყებს მასთან ბრძოლას, რა დროსაც სწავლობს, თუ როგორ უნდა გაანადგუროს კონკრეტული დაავადება.
ამ ტიპის, ანუ mRNA ვაქცინაცია საქართველოში ამ ეტაპზე ფართოდ არ გამოიყენება და ის მსოფლიოსთვისაც დაავადებებთან ბრძოლის შედარებით ახალი მეთოდია. მისი ფართო გამოყენება სწორედ კორონავირუსის პანდემიისას დაიწყო. სულ რაღაც ერთი თვის წინ კი აშშ-ის წამლისა და საკვების სააგენტომ mRNA ვაქცინა გრიპის (ინფლუენცას) წინააღმდეგ გამოსაყენებელად ოფიციალურად დაამტკიცა.
ვაქცინაციის ეს ახალი მეთოდი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მეცნიერები მათ პოტენციალს სიმსივნური დაავადებების მკურნალობაში ხედავენ.
შეიძლება ვაქცინას ჰქონდეს გვერდითი ეფექტები?
ისევე, როგორც ყველა მედიკამენტს, ვაქცინასაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა როგორც საუკუნეების განმავლობაში ვაქცინებზე დაკვირვებამ აჩვენა, სერიოზული გართულებები უკიდურესად იშვიათია და „აცრა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ავად გახდომა”. როგორც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის [CDC] ვებგვერდზე ვკითხულობთ, ვაქცინების უსაფრთხოებას მუდმივად აკვირდებიან და შესწავლილია ის შესაძლო გვერდითი მოვლენებიც, რაც შეიძლება კონკრეტულ ვაქცინას მოჰყვეს.
“თუმცა ბავშვის აცრაზე უარის თქმაც დაკავშირებულია რისკთან და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას როგორც თავად ბავშვს, ისე იმ ადამიანებს, რომლებთანაც მას აქვს კონტაქტი — მათ შესაძლოა გადაედოთ პოტენციურად სასიკვდილო დაავადება”, — განმარტავს CDC.
დაავადებები, რომელიც ვაქცინამ სრულად გააქრო ან ნაწილობრივ აღმოფხვრა
სწორედ ვაქცინაციის წყალობით თითქმის სრულად აღმოფხვრილია პოლიომიელიტი — მისი შემთხვევები გვხდება მხოლოდ ავღანეთსა და პაკისტანში, თუმცა ჯერ კიდევ 40 წლის წინ მსოფლიოს 125 ქვეყანაში 350 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდებოდა. 2021 წელს კი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 6 შემთხვევა დაფიქსირდა.
ვაქცინაციამ მკვეთრად შეამცირა ისეთი მძიმე დაავადებების სიხშირე, როგორიცაა წითელა, დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ყბაყურა და წითურა. ისინი მხოლოდ იქ იჩენენ თავს, სადაც ადამიანები ვაქცინაციაზე უარს ამბობენ.
ვაქცინაციის წყალობით ასევე სრულად გაქრა ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი — ყვავილის დაავადება, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ყვავილის პირველი შემთხვევაში ისტორიაში ჯერ კიდევ 3 000 წლის წინ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1350 წელს ფიქსირდება.
ამ დაავადებით ყოველი მესამე ინფიცირებული იღუპებოდა, ხოლო მათი ნაწილი ვინც ყვავილს გადაურჩებოდა მის სხვადასხვა გართულებას ებრძოდა, მათ შორის რიგ შემთხვევებში დროებით, ან სამუდამოდ ბრამვდებოდა. ერთ-ერთი ასეთი იყო ცნობილი კომპოზიტორი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, რომელიც დაავადების გადატანის შემდეგ 9 დღე ვერაფერს ხედავდა. ინფექცია ასევე იწვევდა უშვილობასაც.
ვაქცინების, მათ შორის მისი წინამორბედის — ვარიოლაციის გამოგონებაც სწორედ ყვავილის დაავადებას უკავშირდება. ამ მეთოდს საქართველოში მეთვრამეტე საუკუნეში მიმართა მეფე ერეკლე მეორემაც, როდესაც საკუთარი შვილი, როგორც მაშინ ვარიოლაციას უწოდებდნენ, ყვავილზე “აჭრა”.
როგორ შეიქმნა ვაქცინა და მასთან ერთად ანტივაქსერული მოძრაობები
იმას, რომ ჩვენი სხეული კონკრეტული დაავადებების მიმართ იმუნიტეტს ამ დაავადებებთან გაცნობის შემდეგ გამოიმუშავებს, ადამიანები ვაქცინის გამოგონებამდე ბევრად უფრო ადრე მიხვდნენ.
ზოგიერთი წყაროს თანახმად, ვარიოლაციის, ანუ პირველი ხელოვნური იმუნიზაციის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 200 წლით ადრე გვხვდება.
ისტორიულ წყაროებში აღწერილია, თუ როგორ გამოიყენებდნენ ვარიოლაციას ინდოეთსა და ჩინეთში საუკუნეების წინ.
მაგალითად ინდოეთში, ლანცეტის ან ნემსის გამოყენებით ყვავილის ბუშტუკებიდან აღებული მასალა ჯანმრთელი ბავშვის კანში შეჰყავდათ.
ხოლო ჩინეთში ყვავილისგან გამოწვეული გამონაყარის ქერქს აშრობდნენ, ფქვავდნენ და სპეციალური მილის საშუალებით ფხვნილს ჯანმრთელი ადამიანის ნესტოში ათავსებდნენ.
ორივე მეთოდის შედეგად ადამიანი ავადდებოდა ყვავილის შედარებით უფრო მსუბუქი ფორმით, სანაცვლოდ, გამოჯანმრთელების შემდეგ დაავადების მიმართ მუდმივი იმუნიტეტი უვითარდებოდა. ამ გზით შეყრილი ყვავილი ბევრად ნაკლებ მსხვერპლს იწვევდა.
ამ მეთოდს ევროპა და ამერიკა ფართოდ 1720-ანი წლებიდან გაეცნო, რასაც მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, დიდ ბრიტანეთში ვაქცინის გამოგონებაც მოჰყვა.
პირველი ვაქცინა ექიმმა ედვარდ ჯენერმა შექმნა და გამოსცადა 1796 წელს. ის ვარიოლაციის მსგავს პრინციპს იყენებდა, თუმცა ადამიანის ორგანიზმში უფრო ნაკლებად საშიში — ძროხის ყვავილის ვირუსი შეჰყავდა.
ჯენერმა ვაქცინა პირველად 8 წლის ჯეიმს ფიპსზე გამოსცადა — მას ადგილობრივი მერძევე ქალის, სარა ნელმსის, ძროხის ყვავილის წყლულიდან აღებული მასალა შეუყვანა. ბიჭს რამდენიმე დღე მსუბუქი რეაქცია ჰქონდა, თუმცა მალევე გამოჯანმრთელდა.
ორი თვის შემდეგ ჯენერმა მას ადამიანის ყვავილის მასალა შეუყვანა, თუმცა ბიჭს რეაქცია აღარ ჰქონია. ასე გახდა ჯეიმს ფიპსი პირველი ადამიანი, ვინც ყვავილის წინააღმდეგ აიცრა.
სწორედ ამ დროიდან იწყება პირველი ანტივაქსერული მოძრაობებიც.
ვაქცინის მიმართ სქეპტიკურად განწყობილ მოსახლეობის ნაწილს სჯეროდა, რომ ჯენერის გამოგონება აცრილებს ძროხებად გადააქცევდა.
თუმცა ვაქცინამ ადამიანები ძროხებადაც არ გადააქცია და მას შემდეგ ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეც იხსნა.
1980 წლიდან კი ყვავილი, რომლისთვისაც ზოგადად ვაქცინაცია შეიქმნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სრულად აღმოფხვრილად გამოაცხადა და მას შემდეგ ბუნებაში მისი შემთხვევები აღარც დაფიქსირებულა.
მოგვიანებით, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ ლუი პასტერმა პირველი ლაბორატორიულად შექმნილი, ხელოვნურად დასუსტებული ვაქცინები შეიმუშავა. მან აჩვენა, რომ დაავადების გამომწვევი მიკრობების დასუსტებით შესაძლებელი იყო იმუნიტეტის გამომუშავება დაავადების გამოწვევის გარეშე.
1885 წელს პასტერმა ცოფის ვაქცინა შექმნა, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე იხსნა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ცოფის აცრას ყოველწლიურად 29 მილიონი ადამიანი იკეთებს.
მიუხედავად ამ და სხვა წარმატებული მაგალითებისა, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დღემდე არსებობს კითხვები, მითები და მრავალი დეზინფორმაცია.
რა მდგომარეობაა საქართველოსა და მსოფლიოში
ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის გამართულობის ერთ-ერთ ინდიკატორად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წითელას აცრას მოიაზრებს. თუ კონკრეტულ წელს სამიზნე პოპულაციის 95%-ზე მეტი აიცრა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ე.წ. მწვანე ზონაშია, ანუ არსებობს კოლექტიური იმუნიტეტი და მოსახლეობა სრულად დაცულია.
ხოლო წითელ ზონაში მოაიაზრება ქვეყანა, თუ ეს მაჩვენებელი 85%-ს ჩამოცდა. ეს ნიშნავს, რომ დარღვეულია კოლექტიური იმუნიტეტი და ქვეყანა ეპიდემიის დაწყების რისკის ქვეშაა. ეს კი თავის მხრივ ჯანდაცვის სისტემაში ჩავარდანზე მიუთითებს — ან ვაქცინების მიწოდებაა შეფერხებული ან მოსახლეობა საკმარისად არ არის ინფორმირებული.
საქართველოში იმუნიზაციის მოცვის ზოგადმა მაჩვენებელმა განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის შემდეგ იკლო და ბოლო 5 წლის განმავლობაში თითქმის ყოველწლიურად წითელ ზონაშია. ამის ძირითად მიზეზად სფეროს ექსპერტები პანდემიისას გაძლიერებულ ანტივაქსერულ მოძრაობებს ასახელებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, თუ 2019 წელს MMR ვაქცინით მოცვა ქვეყანაში პირველ დოზაზე 100%, ხოლო მეორეზე 97% იყო, 2025 წელს ეს მაჩვენებლები პირველი აცრის შემთხვევაში 86%-მდე, მეორე დოზისთვის კი 80%-მდე დაეცა.
ექსპერტები საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენბელების გამოსწორებას განსაკუთრებით მნიშვნელოვანად მიიჩნევენ იმის ფონზეც, რომ იმუნიზაციის დონე იკლებს მსოფლიოშიც, რასაც სხვადასხვა ინფექციური დაავადების აფეთქებაც მოჰყვა, მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც, სადაც კონკრეტული დაავადებების შიდა გავრცელების შემთხვევები საერთოდ აღარ ფიქსირდებოდა.
გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წითელას ეპიდემიური აფეთქებები 100-ზე მეტ ქვეყანას შეეხო, სადაც მსოფლიოს ბავშვების დაახლოებით სამი მეოთხედი ცხოვრობს.
მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატებიც, სადაც 2000 წლიდან წითელა აღმოფხვრილად ითვლებოდა.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, მსოფლიოში წითელას ყველაზე მასშტაბური ეპიდემიური აფეთქებაა ბაგლადეშში, სადაც ბოლო 6 თვეში წითელასთან დაკავშირებული 1000-მდე საეჭვო და დადასტურებული გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. Reuters-ის თანახმად, ეს უკავშირდება 2024-2025 წლებში გეგმიური იმუნიზაციის შეფერხებას, როდესაც ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში იყო. თუმცა, მანამდე ქვეყანა წითელას აღმოფხვრის ზღვარზე იყო და წლების განმავლობაში ვაქცინაციის მაჩვენებელი 90%-ზე, ხშირად კი 95%-ზე მაღალიც იყო.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, 2025 წელს წითელას ვაქცინის პირველი დოზა მსოფლიოში სამიზნე პოპულაციის 84%-მა გაიკეთა, მეორე კი 76%-მა, რაც დაცვისთვის საჭირო მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია. 13.5 მილიონზე მეტ ბავშვს კი არც ერთი ვაქცინაცია არ გაუკეთებია. ხოლო წითელას ვაქცინა 21 მილიონამდე ბავშვს არ გაუკეთეს.
წითელას შედეგად მსოფლიოში ყოველ საათში 12 ადამიანი იღუპება, მათი უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია.
წითელა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გადამდები დაავადებაა, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი გავრცელება როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის მასშტაბითაც.
წითელას აფეთქება პანდემიის შემდეგ დაფიქსირდა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთშიც.
რეგიონში ამ დაავადებას ყველაზე კარგად სომხეთი მართავს. თუმცა 2023-2024 წლებში წითელას აფეთქება სომხეთშიც დაფიქსირდა, რასაც ექსპერტები კორონავირუსის პანდემიისას გაძლიერებული ანტივაქსერული კამპანიების შედეგად აფასებენ.
თუმცა მეზობლებისგან განსხვავებით სომხეთმა ყველაზე კარგად შეძლო კოვიდ-19-ის შემდეგ ჩვილთა ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლის შენარჩუნება პანდემიამდელ ნიშნულზე.
2026 წლის თებერვალში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეცენზირებადმა ჟურნალმა Emerging Infectious Diseases-მა სომხეთში 2023 წელს წითელას აფეთქების დეტალური კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევის თანახმად, 287 ინფიცირებულს შორის 75% აუცრელი იყო, 10%-ს ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა ჰქონდა მიღებული.
კვლევაში ასევე განმარტებულია, თუ როგორ მოახერხა სომხეთმა ის, რომ 14 წლის განმავლობაში წითელას შემთხვევები ქვეყანაში ყველაზე უარეს შემთხვევაში რამდენიმე ათეულს არ აღემატებოდა.
სომხეთში 2004-2005 წლებში წითელას მასშტაბური აფეთქება მოხდა, რის საპასუხოდაც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ იმუნიზაციის კამპანია ჩაატარა და 6-27 წლის ასაკის 1.2 მილიონი ადმიანი აცრა ერთი დოზით. შედეგად 2008-2022 წლებში სომხეთში დაავადების გავრცელების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ერთ შემთხვევაზე ნაკლები იყო. ქვეყანაში 2009-2019 წლებში სამიზნე ჯგუფებში MMR ვაქცინის ორი დოზით ეროვნული მოცვის მაჩვენებელი მუდმივად აღემატებოდა ჯანმოს მიერ რეკომენდირებულ 95%-ს.
თუმცა სხვა ქევყნების მსგავსად ეს მაჩვენებელი 2020 წელს შეიცვალა, შედეგად კი 2023-2024 წლებში ქვეყანაში წითელას შემთხვევები რამდენიმე ასეულს გასცდა და ვითარება ეპიდაეფთქებად შეფასდა.
საპასუხოდ NCDC-მ ეპიდემიის შემსწვალელი ჯგუფი შექმნა, რომელმაც:
- გამოიკვლია შემთხვევები და გადაცემის ჯაჭვები და დაადგინა, სად და როგორ ვრცელდებოდა ინფექცია;
- MMR ვაქცინაცია შესთავაზა არასრულად აცრილ ახლო კონტაქტებს;
- დამატებით 33 385 ადამიანი აცრა, მათ შორის 6 693 ჯანდაცვის მუშაკი;
- ჩაატარა საინფორმაციო კამპანიები მოსახლეობისა და საზღვარგარეთ მოგზაურებისთვის;
- რეკომენდაცია გასცა, რომ წითელას აღმოფხვრის ეროვნულ სტრატეგიაში პირველ ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის პერსონალის სავალდებულო იმუნიზაცია შეეტანათ;
- ასევე, გააძლიერა რეკომენდაციები კონკრეტულ თემებსა და ჯგუფებში ვაქცინაციის მოცვის მონიტორინგზე, რადგან მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით მაღალი მაჩვენებელი საკმარისი არ აღმოჩნდა.
შედეგად, 2023 წელს ვაქცინაციის მაჩვენებელი კვლავ გადასცდა 95%-იან ნიშნულს. 2025 წლისთვის წითელას შემთხვევები ქვეყანაში 12-ჯერ შემცირდა.
სომხეთის მოდელი ეფუძნება ცენტრალიზებულ და სისტემურ იმუნიზაციას: ვაქცინაციის მოცვა რეგულარულად, მათ შორის კონკრეტული ექიმებისა და თემების დონეზე, კონტროლდება; არსებობს 95%-იანი სამიზნე მაჩვენებელი; გამოტოვებული აცრების მქონე ბავშვების იდენტიფიცირებისთვის ელექტრონული სისტემები და მობილური ვაქცინაციის ჯგუფები გამოიყენება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დაბალი მოცვის მქონე თემებს, ჯანდაცვის მუშაკების გადამზადებასა და ვაქცინების მიმართ ნდობის გაზრდას.
სომხეთი ახერხებდა შენარჩუნებას მაშინც კი, როცა საქართველოსა და მსოფლიოში დაავადებების დიდი აფეთქებები ხდებოდა.
“პუბლიკა” დაუკავშირდა სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც იმის დასადგენად, თუ რამ იმუშავა ყველაზე მეტად წლების განმავლობაში, რამდენს ხარჯავენ იმუნიზაციაზე და როგორია ბოლოდროინდელი შედეგები. ჩვენ მათ წერილობით მივმართეთ. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.
რატომ აღარ სჯერათ ვაქცინაციის
იმაზე, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ უფრო მეტი მშობელი უყურებს ვაქცინაციას უფრო სქეპტიკურად, „პუბლიკას” პედიატრი ნანა რურუაც ესაუბრა.
„არ ვიცი ზუსტად უკავშირდება თუ არა კორონას, მაგრამ ამ პერიოდიდან უფრო დაიწყო ვაქცინების მიმართ სკეპტიციზმი. ფაქტია, რომ ძალიან მომატებულია შეკითხვები. ის ხალხიც კი, ვინც არასდროს სვამდა კითხვის ნიშნას, აეცრა თუ არა შვილი, ახლა კითხულობს. პრაქტიკულად, რომ გადახედო, ყველა პაციენტი სვამს შეკითხვას ახლა — იქნებ არ ავცრა?”, — გვიყვება ის.
სოციალურ ქსელებში მშობლების ჯგუფების დაკვრივებამაც გვაჩვენა, რომ მშობლების ნაწილი, ვინც პირველ შვილს ან შვილებს ვაქცინაცია გაუკეთა, ახლა საფრთხეს ხედავს და 1 წლამდე ბავშვის აცრას აღარ აპირებს.
„აცრების მეშინია. ათას რაღაცას იწვევსო. მიუხედავად იმისა, რომ უფროს შვილებს ყველა აცრა გავუკეთე, პატარა ერთი წლის სრულდება და თავს ვიკავებ აცრებზე”, — წერს ერთ-ერთი მშობელი სოციალურ ქსელში.
ნანა რურუაც გვიყვება, რომ მასთან მისულ მშობლებსაც უმეტესად ეს სკეპტიციზმი სოციალურ ქსელებში წაკითხული სხვადასხვა წყაროს, მათ შორის სხვა მშობლების მიერ გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაციის შედეგად უჩნდებათ.
„მეცნიერებაში რამის დადასტურებას ხშირად ათწლეულები სჭირდება, უბრალო მითის გავრცელება კი მარტივია. ასეთი დეზინფორმაციები უმეტესად ეფუძნება შიშს, და რადგან ევოლუციურად ადამიანის ტვინიც ასეა მოწყობილი, რომ გადარჩენისთვის უარყოფით ინფორამციის დამახსოვრება უფრო მნიშვნელოვანია, შიშზე დაფუძნებული დეზინფორმაციები უფრო კარგად ვრცელდება.
მეორე მხრივ, მშობელი მარტო არ უნდა დავტოვოთ ექიმებმა არასამეცნიერო, არასანდო წყაროებიდან მოტანილ ინფორმაციასთან. ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ მშობლებს მოვუწოდოთ, არ დაგვისვან შეკითხვები, ან ვუთხრათ, რომ სისულელეს ამბობენ. ყველას უნდა საკუთარი შვილი დაიცვას და უკეთესი გააკეთოს მისთვის, ამიტომ ჩემი აზრით შეუძლებელია, მშობელს კარგად აუხსნას პედიატრმა, რა რისკებს შეიცავს ვაქცინებზე უარის თქმა და მას არ მოუნდეს შვილის აცრა”, — ამბობს რურუა.
ვაქცინაციის კლების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ამ რისკების გაუაზრებლობას ასახელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ ალხანიშვილი.
მისი თქმით, ვისაც არ უნახავს ის დაავადებები და მათი შედეგები, რაზეც კალენდარული ვაქცინაცია არსებობს, სათანადოდ ვერ აღიქვამს რისკებს, რაც თან სდევს მათ — სიკვდილიანობა და ის გართულებები, რაც უშუალოდ ამ დაავადებების გადატანის შემდეგ წლების განმავლობაში რჩებათ ადამიანებს.
ამის მიზეზია სისტემის მიმართ უნდობლობა და რისკების სათანადოდ ვერ შეფასებაა.
„ჯანდაცვის სექტორს თავისი პრობლემები აქვს ამ ეტაპზე და პირველ რგიში ეს არის კომუნიკაციის პრობლემა. როდესაც ექიმები არიან გადაღლილები, ვერ უთმობენ საკმარის დროს პაციენტებს. ამ ადამიანებს კი აქვთ შეკითხვები, რომელთაც სჭირდება პასუხები და როცა ექიმისგან ვერ იღებენ ამას, რჩება სივრცე, სადაც შეიძლება მიიღონ ეს პასუხი, რომლის მოსმენაც შეიძლება უნდოდეთ ან გამართლებას უძებნიდნენ თავიანთ ქცევას”, — განმარტავს ის.
ალხანიშვილის თქმით, ამ სივრცეს კი ავსებენ კონკრეტული ინტერესების მქონე ადამიანები, ვისაც აწყობს დეზინფორმაციის გავრცელება, ძირითადად შემდეგი მიზეზების გამო:
- „კომერციული ინტერესები — მათ შორის შარლატანი ექიმები, რომლებიც საკუთარ პროდუქტებს ყიდიან და კლინიკური მედიცინის მიმართ ეჭვების გაჩენით მომხმარებლების მოზიდვა აწყობთ.
- პოლიტიკური ინტერესები — მტრულ სახელმწიფოთა მხრიდან დეზინფორმაცია შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის დაზიანებას ემსახურებოდეს. ეს კი, თავის მხრივ, ამცირებს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ნდობას — განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯანდაცვის კრიზისი საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს.
…და თუ ადამიანია ამ ალგორითმების საინფორმაციო ნაკადში ერთხელ მოხვდა, მუდმივად მისი მსგავსი შინაარსის მასალებს სთავაზობს, რაც ამ ადამიანების ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს”, — განმარტავს ის.
რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ
საქართველოში თუ ვაქცინაციის დონემ არ აიწია, ქვეყანა შეიძლება სერიოზული ეპიდემიოლოგიური გამოწვევების წინაშე დადგეს. ამაზე თანხმდებიან როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირები, ასევე პედიატრები და სფეროს დამოუკიდებელი ექსპერტები.
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი „პუბლიკასთან” განმარტავს, რომ როგორც წესი კალენდარული ვაქცინაციის მოცვის კლების შემდეგ კონკრეტულმა ინფექციურმა დაავადებებმა შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ იფეთქოს.
„მაგალითად აშშ-ში, სადაც წითელა თითქმის აღმოფხვრილი იყო, მოადუნეს ყურადღება აცრებზე ჯერ კიდევ პანდემიამდე და ეპიდემიააც იფეთქა. ამას დაერთო ანტივაქსერული მოძრაობების სერიოზული გაძლიერება და ახლა იქ უკვე ასულობით შემთხვევაა.
ამ ეტაპზე საქართველოში ეს მონაცემები კრიტიკული არ არის, თუმცა ძალიან საყურადღებოა და განგაშის სიგნალი უნდა იყოს ანთებული”, — ეუბნება გამყრელიძე “პუბლიკას”.
ის იხსენებს 2004-2005 წლების წითელას აფეთქებას, როდესაც ქვეყანაში 8 391 შემთხვევა აღირიცხა და დაავადებას, რომლის პრევენციაც ვაქცინაციით შესაძლებელია 9 ადამიანი ემსხვერპლა.
მაშინ საქართველომ მნიშვნელოვნად გააძლიერა ვაქცინაციის კამპანია, როგორც საინფორმაციო, ასევე ჯანდაცვის პირველადი რგოლის გაძლიერების მიმართულებით, რის შედეგადაც ვაქცინაციის დონემ მკვეთრად აიწია.
„ამ აფეთქების მიზეზი 90-იანი წლების იმუნიზაციის ჩავარდნა იყო. როცა ჩვენ არ გვქონდა ვაქცინები და მოწოდების ჯაჭვი იყო შეწყვეტილი — ეს აფეთქებაც სწორედ იმ ადამიანებში გვქონდა, ვინც მაშინ დაიბადა.
ამიტომ 10-იან წლებში ჩვენ ძალიან აქტიური ვაქცინაცია ვაწარმოეთ მოზრდილებში, დამატებით გავაკეთეთ 200 000-ზე მეტი ვაქცინა და ეპიდაეფთქება გავაჩერეთ”, — იხსენებს ის.
მისი თქმით, საქართველოს აქვს გეგმა, თუმცა ასევე სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერაც, რაც ადრე ჰქონდა, თუმცა ახლა „მთელი რიგი მიზეზების გამო” ეს მხარდაჭერა „მოდუნებულია”.
ამ მიზეზებზე „პუბლიკას” საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ქეთევან ჩხატარაშვილი ესაუბრა.
მისი განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 2010-2014 წლებში შეწყვიტეს, რადგან ჩათვალეს, რომ ეს სისტემა იმდენად გამართული იყო და სახელმწიფოს ისეთი პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული, რომ დამატებით ფინანსურ დახმარებას აღარ საჭიროებდა.
„მოლოდინი იყო რომ საქართველო გახდებოდა ევროკავშირის წევრი და შესაბამისად, ევროკავშირი აიღებდა პასუხისმგებლობას ამ ყველაფრის დაფინანსებაზე, რაც არ მოხდა. შესაბამისად, გაჩერდა USAID-ის პროგრამები, არ არის ევროკავშირის დაფინანსება, ამასობაში მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით ქვეყანამ შემოსავლის დონე გამოიცვალა და აღარ ეკუთვნის GAVI-ს (ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი) დამატებითი დაფინანსება მსგავსი სახის ღონისძიებების ჩასატარებლად”, — განმარტავს ის.
მისი შეფასებით, საერთაშორისო მხარდაჭერის საჭიროება დადგა, ამის მოლოდინი ახლა არ არის რეალისტური, „შესაბამისად ქვეყანამ თავად უნდა იზრუნოს, რომ გამოყოს თანხები და პრიორიტეზაცია უნდა მოხდეს იმუნიზაციის”, რადგან მისი თქმით, პირველადი ჯანდაცვის უმთავრესი მიზანი სწორედ ვაქცინაციის მოცვის გაუმჯობესება და უზrუნველყოფაა.
2026 წლისთვის ბიუჯეტში იმუნიზაციისთვის და ეპიდზედამხედველობისთვის ჯამში 34 მილიონ ლარია განსაზღვრული. ამ თანხაში სხვა ხარჯებთან ერთად შედის როგორც ვაქცინების შეძენა (რასაც წლებია უკვე საქართველო დახამრების გარეშე აკეთებს) ასევე საინფორმაციო კამპანიაც და ვაქცინაციის დონის გასაზრდელად საჭირო სხვა გასატარებელი ღონისძიებებისთვის საჭირო თანხები.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ამ დროისთვის იმუნიზაციასთან დაკავშირებით ვითარება კონტროლირებადია, გარკვეული მიმართულებით კი პროგრესიც არის.
მან გაგვაცნო NCDC-ის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის შედეგადაც ქვეყანაში იმუნიზაციის მოცვა უნდა გაიზარდოს.
მისი ძირითადი მიმართულებებია:
- სამედიცინო პერსონალის გადამზადება — პრაქტიკული იმუნიზაციის საკითხებზე ტრენინგები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისთვის, NCDC-ისთვის, სამინისტროსა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებისთვის.
- გამოტოვებული ბავშვების აქტიური მოძიება — ვაქცინირებული, აუცრელი და არასრულად აცრილი ბავშვების გამოვლენა, მათ ოჯახებთან დაკავშირება და აცრაზე მიყვანის ხელშეწყობა. ამ მექანიზმით მაჩვენებელი ბოლო ორ წელში დაახლოებით 5%-ით გაიზარდა, თუმცა NCDC-ის შეფასებით, ეს საკმარისი არ არის.
- შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება — პირველადი ჯანდაცვის პროგრამებში იმუნიზაციის მაჩვენებლების ინდიკატორებად გათვალისწინება. მათ შორის, MMR-ის მეორე და ჰექსავალენტური ვაქცინის მესამე დოზით აცრის მაჩვენებლები.
- იმუნიზაციის პოპულარიზაცია — შეხვედრები სკოლებსა და ბაღებში მშობლებთან, მასწავლებლებთან, აღმზრდელებსა და მომვლელებთან, ასევე საინფორმაციო კამპანიები და ავტორიტეტული ექიმების ჩართვა მედიაში.
- ელექტრონული აღრიცხვის გაძლიერება — თითოეული ბავშვის ვაქცინაციის სტატუსის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვისა და მონიტორინგის გაუმჯობესება.
- პროგრამის მუდმივი მონიტორინგი — სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან და პროვაიდერებთან ონლაინ შეხვედრები და ტრენინგები.
- ვაქცინაციის სტატუსის შემოწმება ექიმთან ვიზიტისას — დაწესებულებებში შიდა რეგულაციების დანერგვა, რომლის მიხედვითაც ექიმმა პაციენტის ვიზიტისას უნდა გადაამოწმოს ბავშვის ვაქცინაციის სტატუსი და საჭიროების შემთხვევაში აცრა რეკომენდაცია გაუწიოს.
- 6 თვიდან 2 წლამდე აუცრელი ბავშვების მიზნობრივი მოძიება — განსაკუთრებით იმ ბავშვების, რომლებსაც ვაქცინის დოზა საერთოდ არ მიუღიათ ან გამოტოვებული აქვთ, და მათი იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვა.
პაატა იმნაძის თქმით, აღნიშნულმა გეგმის შედეგად იმუნიზაციის ვარდნა „“მაქსიმალურად შეჩერდა”, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა იმისთვის, რომ პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდეს.