ტაბატაძე: „PISA-ს კვლევის შედეგებს თუ შევხედავთ 10-წლიან პერსპექტივაში, ზრდა ფაქტობრივად არ გვაქვს, მინიმალურია“

პუბლიკა

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევის – PISA-ს შედეგები გამოქვეყნდა. PISA-ს კვლევის ფარგლებში 15 წლის მოსწავლეთა კომპეტენციები ფასდება კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

როგორც კვლევის ძირითადი მიგნებები აჩვენებს, 2022 წელთან შედარებით საქართველოში ყველა ძირითად სფეროში მოსწავლეთა მიღწევები გაუმჯობესდა. აღნიშნული პროგრესი კი, ძირითადად, დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილის შემცირებას უკავშირდება. 

მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, საქართველოს შედეგები კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის საშუალო მაჩვენებლებს. განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება კითხვის სფერო. ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევები იკვეთება PISA-ს ახალ მიმართულებაში – პრობლემების გამოთვლითი მეთოდებით გადაჭრაში.

კვლევის მიგნებებში ასევე აღნიშნულია, რომ გენდერული განსხვავებები კვლავ თვალსაჩინოა,- ბიჭები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან გოგონებს კითხვაში. გოგონები, ასევე, საშუალოდ უკეთეს შედეგებს აჩვენებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

სკოლებს შორის განსხვავებები ბოლო დეკადის განმავლობაში შემცირდა, თუმცა კვლავ შენარჩუნებულია კერძო და საჯარო, ასევე ქართულ და აზერბაიჯანულენოვან სკოლებს შორის მიღწევების მნიშვნელოვანი სხვაობა.

როგორც განათლების საკითხების მკვლევარი შალვა ტაბატაძე „პუბლიკასთან“ საუბრისას განმარტავს, 2025 წლის PISA-ს შედეგები 2022 წელთან შედარებით, რომელიც კოვიდპანდემიის ფონზე ჩატარდა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

„მკვეთრი ზრდა 2022 წლის შედეგებთან შედარებით დაფიქსირებულია… პოზიტიური ფაქტია, სამწლიან დინამიკაში ეს ცვლილება ჩანს. განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, სადაც შედეგი 38 ქულით გაიზარდა, მათემატიკის მიმართულებით კი – 26 ქულით.“

მისი თქმით, ეს მაჩვენებლები PISA-ში მონაწილე ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ საქართველო მოწინავე პოზიციაზე გადავიდა.

როგორც შალვა ტაბატაძე განმარტავს, დაბალი საწყისი შედეგის მქონე ქვეყნებს გაუმჯობესების მეტი პოტენციალი აქვთ. შესაბამისად, შედეგების ზრდა თავისთავად არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ საგანში ქვეყანამ მაღალი პოზიცია დაიკავა.

„მეორე საკითხია, გვაქვს თუ არა რეალურად ის საგანმანათლებლო ცვლილებები, რომლებიც იმავე PISA-ს კვლევის თანახმად, რეალურად იწვევს აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას? მაგალითისთვის, ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა, ისევე, როგორც სკოლამდელი და სასკოლო განათლების ინტეგრირება. ამ თვალსაზრისით, რაიმე ტიპის გარღვევა არ გვქონია.

ასევე ცნობილი ფაქტორია ისიც, რომ სწავლის ხანგრძლივობა რაც მეტია, შედეგი მით უკეთესია კონკრეტულ საგნებში. აქ იგულისხმება სასწავლო წლის კვირები, ასევე საათობრივი დატვირთვა საგნებში. ამ თვალსაზრისით, ცვლილებები არ ყოფილა – პირიქით, სწავლას ვამცირებთ წლების განმავლობაში“,- ამბობს შალვა ტაბატაძე და განმარტავს, რომ ანალოგიური შეგვიძლია ვთქვათ იმ კომპონენტებზე, რომლებიც უკავშირდება მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა კვალიფიკაციას და აქედან გამომდინარე, მათ ავტონომიურობას, რომელიც თავის მხრივ დადებითად აისახება სწავლის შედეგებზე.

„ანუ პოლიტიკა უნდა ყოფილიყო მასწავლებლების კოჰორტის გაძლიერება, სკოლის დირექტორების გაძლიერება, მეტი ავტონომიის მინიჭება და ანგარიშვალდებულების მექანიზმების ამუშავება. არცერთი ეს პარამეტრი არ გაძლიერებულა, პირიქით. სკოლის დირექტორები გყავს პოლიტიკური ნიშნით დანიშნული, მასწავლებელთა კოჰორტა არ იცვლება და მათ პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, ისევ პრობლემები გვაქვს.

რაც შეეხება ავტონომიურობას – ვნახეთ, რომ „ახალი სკოლის მოდელში“ ერთი ხელით თითქოს მიანიჭეს სკოლებს ავტონომიურობა, მაგრამ მეორე ხელით ეს ავტონომიურობა ნულამდე იყო დაყვანილი… ანუ ყველა იმ პარამეტრთან მიმართებით, რაც სკოლებში სწავლის ხარისხს გააუმჯობესებდა, სისტემაში არ გატარებულა საგანმანათლებლო ინტერვენციები, ამიტომ სამწლიან პერიოდში ამ ტიპის ზრდა ცოტა უცნაურია“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

უფრო მეტიც, მკვლევრისთვის შეკითხვებს ბადებს შემდეგი ფაქტიც: თუკი ასეთი ხელშესახები პროგრესი გქონდა ბოლო სამი წლის განმავლობაში რომელიც საგანმანათლებლო ცვლილებებს ემყარებოდა, თუკი სისტემა პოზიტიურ გზას ადგას, რატომ ამბობს მთავრობა, რომ ყველაზე კრიზისული მდგომარეობა სწორედ განათლებაში გვქონდა და ახლა ყველაფერი შემოთავაზებული რეფორმით უნდა შევცვალოთ?

როგორც შალვა ტაბატაძე ამბობს, კვლევის საბოლოო ტექნიკური ანგარიშების გამოქვეყნების შემდეგ უფრო ნათელი გახდება, კვლევაში მონაწილეთა შერჩევისა და შეფასების პროცესი და თუ რა კონკრეტულმა ინტერვენციებმა გამოიწვია, 9ასეთების არსებობის შემთხვევაში) შედეგების მკვეთრი გაუმჯობესება.

მკვლევარი ამბობს, რომ თუ PISA-ს შედეგებს 10-15-წლიან ჭრილში შევხედავთ, საქართველოს განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ ჩანს.

მისი შეფასებით, არსებული ტემპით საქართველოს OECD-ის საშუალო მაჩვენებელთან მიახლოებას მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დაახლოებით 50-60 წელი დასჭირდება. წიგნიერების მიმართულებით კი შესაძლოა უფრო მეტი დროც გახდეს საჭირო. ამასთან, შედეგების გაუმჯობესებასთან ერთად ზრდის ტემპი კიდევ უფრო შენელდება.

„ამიტომ ამით კმაყოფილება არის წარმოუდგენელი. ვართ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და ვპროგრესირებთ ძალიან ნელა.“

მისივე თქმით, არსებული მდგომარეობა განათლების სისტემის ძირეული რეფორმების დაჩქარების აუცილებლობაზე მიუთითებს. PISA ყველა იმ უნარს ვერ ზომავს, რომელსაც სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს, თუმცა ის განათლების სისტემის აკადემიური შედეგებისა და განვითარების ტემპის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით. 2025 წელს ამ კვლევაში 91-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.

2025 წლის შეფასება რიგით მეცხრე ციკლია. ისტორიულად PISA ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. 2025 წლიდან PISA-ს ციკლის ხანგრძლივობა 4 წლამდე გაიზარდა. საქართველო კვლევაში პირველად 2010 წელს ჩაერთო.

2025 წლის შეფასებაში საქართველოდან მონაწილეობდა 265 სკოლის 6855 მოსწავლე. აგრეთვე კონტექსტუალური კითხვარები შეავსეს მოსწავლეთა მშობლებმა, სკოლის დირექტორებმა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლებმა (1350 პედაგოგი).

რა იციან და რა შეუძლიათ ქართველ მოსწავლეებს PISA-ს კვლევის მიხედვით? – კვლევის მიგნებები

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საბაზო საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს შეუძლიათ ნაცნობი საბუნებისმეტყველო მოვლენების ახსნა და მიღებული ცოდნის გამოყენება მარტივ სიტუაციებში, მათ შორის მონაცემებზე დაფუძნებული დასკვნების მართებულობის შესაფასებლად.

საქართველოში სულ მცირე ამ საფეხურს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა 55%-მა მიაღწია (OECD-ის ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 74%-ს შეადგენს).

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ყველაზე მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეებს  შეუძლიათ შემოქმედებითად და დამოუკიდებლად გამოიყენონ თავიანთი ცოდნა მრავალფეროვან, მათ შორის მათთვის მანამდე უცნობ სიტუაციებში. საქართველოში ამ საფეხურს მოსწავლეთა მხოლოდ 1% აღწევს (OECD ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 7%-ს შეადგენს).

  • მათემატიკა

მათემატიკაში საბაზო საფეხურზე მოსწავლეებს შეუძლიათ პირდაპირი მითითებების გარეშე გააანალიზონ და ამოიცნონ, როგორ შეიძლება მარტივი, რეალური სიტუაციის მათემატიკურად წარმოდგენა.

საქართველოში, მათემატიკაში მიღწევის სულ მცირე საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა 47% იმყოფება (OECD ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 65%-ს შეადგენს).

მათემატიკაში ყველაზე მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეებს (ბოლო ორი საფეხური) შეუძლიათ რთული სიტუაციების მათემატიკური მოდელირება, ასევე, მათი გადაჭრისთვის შესაფერისი სტრატეგიების შერჩევა, შედარება და შეფასება. საქართველოში, მოსწავლეთა დაახლოებით 2% ამ კატეგორიაში ექცევა (OECD ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 8%-ს შეადგენს).

  • კითხვა

კითხვაში საბაზო საფეხურზე მოსწავლეებს შეუძლიათ საშუალო მოცულობის ტექსტში მთავარი აზრის ამოცნობა, მკაფიო კრიტერიუმების საფუძველზე ინფორმაციის მოძიება და, ასევე, ტექსტის მიზნისა და ფორმის გააზრება, როდესაც პირობა ამას მკაფიოდ მოითხოვს.

საქართველოში, კითხვაში მიღწევის სულ მცირე საბაზო საფეხურს მოსწავლეთა მხოლოდ 39%-მა მიაღწია (OECD ქვეყნებში საშუალო მაჩვენებელი 69%-ს შეადგენს).

ყველაზე მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეებს (მიღწევის ბოლო ორი საფეხური) შეუძლიათ გრძელი ტექსტების გააზრება, აბსტრაქტულ ან განყენებულ ცნებებთან მუშაობა, ასევე, ინფორმაციის შინაარსთან ან წყაროსთან დაკავშირებულ არაპირდაპირ მინიშნებებზე დაყრდნობით ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთისგან გარჩევა.

საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება (OECD-ის ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 6%-ს შეადგენს).